ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში: IDFI-იმ კვლევის პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 მაისი 2018

საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით მთავარი გამოწვევა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების არარსებობაა. სწორედ ამ პრობლემის გამო, მწირია იმ მონაცემების ჩამონათვალი, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები ღია და დამუშავებად ფორმატში აქვეყნებენ. მართალია, არსებობს ღია მონაცემების ერთიანი სახელმწიფო პორტალი, მაგრამ საჯარო დაწესებულებები კანონმდებლობით ვალდებულნი არ არიან ცალკეული მონაცემები ამ პორტალზე გამოაქვეყნონ და ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული.

 

29 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კვლევა გაასაჯაროვა, რომელიც საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებს მოიცავს.

 

ღონისძიებას საჯარო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კვლევა მომზადდა IDFI-ის მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის თანაავტორები არიან KohoVolit.eu (ჩეხეთი და სლოვაკეთი), K-Monitor Public Benefit Association (უნგრეთი) და Stanczyk Institute of Civic Thought Foundation (პოლონეთი).

 

ღონისძიება გახსნა IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა. მან ფართოდ ისაუბრა იმ მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ რაც კვლევის შედეგად გამოიკვეთა ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში, ჩეხეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში.

 

„სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა, შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენეს ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვნად განპირობებულია ამ ქვეყნებში საკანონმდებლო დონეზე ღია მონაცემების განმარტებისა და გამოქვეყნების სტანდარტების არსებობით. ამიტომაც, აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ და იუსტიციის სამინისტრომ დააჩქარონ პარლამენტში - ინფორმაციის თავისუფლების შესახებ - ახალი კანონპროექტის წარდგენა, სადაც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ღია მონაცემთა გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის საკითხები,“ აღნიშნა ლევან ავალიშვილმა.


IDFI-ის ელექტრონული მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ტურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ანალიტიკური სტატიების კონკურსის შედეგებისა და გამარჯვებულების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ.


„კონკურსის მიზანი იყო, საზოგადოებაში ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური სტატიების მომზადების წახალისება. საკონკურსო სტატიების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, კონკურსმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამასთან, მონაწილეებმა ღია მონაცემებთან მუშაობის საკმაოდ კარგი პრაქტიკა აჩვენეს, რამაც გაართულა 60-მდე ნაშრომიდან 3 საუკეთესოს შერჩევის პროცესი. მონაწილეებმა საკუთარ ნაშრომებში აქტიურად გამოიყენეს www.DataLab.ge -ზე განთავსებული ღია მონაცემები, საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების არგუმენტირებული ანალიზისათვის. საკონკურსო სტატიების უმრავლესობა ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს როგორიცაა, ოჯახში ძალადობა, შშმ პირების უფლებები, ავტოსაგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა და სხვა“, აღნიშნა თეონა ტურაშვილმა.

 

ღონისძიების დასასრულს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იოჰანეს დაუმამ გამარჯვებული კონკურსანტები დააჯილდოვა:

 

- I ადგილი (1,600 ლარი) - გივი მომცელიძე - სტატია თემაზე: უცხოელი მოქალაქეები საქართველოში: მითები და სინამდვილე

 

- II ადგილი (1,200 ლარი) - გიორგი დუნდუა - სტატია თემაზე: ძალადობა, ფემიციდი და მშვიდობის მშენებლობა რიცხვებში და რიცხვებს მიღმა

 

- III ადგილი (900 ლარი) – ნინო ტალიკაძე - სტატია თემზე: უმუშევრობასა და დანაშაულს შორის კორელაციურ-რეგრესიული ანალიზი გენდერულ ჭრილში

 

საკონკურსო ნაშრომების ხარისხიდან გამომდინარე, ჟიურიმ ერთხმად გადაწყვიტა, რომ კიდევ 2 საინტერესო ნაშრომის ავტორი დაეჯილდოვებინა ტექნიკის მაღაზია "ალტაოქეის“ 300 ლარიანი სასაჩუქრე ბარათებით. ესენი არიან:

 

- ანა ქათამაძე - სტატია თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი

 

-ნინო ლობჯანიძე და ნინო ჩოჩია - სტატია თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის უფლების ცალკეული ასპექტები საქართველოში

 

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს მონაწილეების ბიზნეს კავშირები

23.05.2024

პანელური დისკუსია - “ფართომასშტაბიანი აქციები სომხეთსა და საქართველოში: რა ხდება?”

22.05.2024

რუსული კანონის რეპრესიული ეფექტები

20.05.2024

ინტერვიუ “ესიმდე”-ს დამფუძნებელთან ყირგიზეთში “უცხოეთის აგენტების” კანონის შესახებ

20.05.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023