2024 წლის 14 მარტს, ყირგიზეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი უცხოური დაფინანსების მიმღები არაკომერციულ ორგანიზაციებისთვის, რათა დარეგისტრირდნენ როგორც „უცხო ქვეყნის წარმომადგენლები.“
IDFI ესაუბრა პარტნიორს, ელმირა ნოგოიბაევას, ყირგიზეთში დაარსებული სადისკუსიო და კვლევითი ცენტრის, Esimde-ს დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს იმის შესახებ, რას მოუტანს ეს კანონი ქვეყანას, როგორ გაგრძელდება მათი საქმიანობა და რას ფიქრობს საქართველოში ანალოგიური კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.
რა საქმიანობით არის დაკავებული Esimde? როდის შეიქმნა, რა იყო მისი მიზნები და რა საქმიანობით არის დაკავებული ის ყირგიზეთსა და მის ფარგლებს გარეთ?
- კვლევითი ფორუმი Esimde. ეს არის მეხსიერების კვლევის მუდმივად განვითარებადი სამეცნიერო მიმართულება, თუმცა მკვეთრად აკადემიური მიმართულებისგან განსხვავებით, ის დაკავებულია სამოქალაქო აქტივიზმითაც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვიკვლევთ, არამედ კითხვებსაც ვსვამთ. მაგალითად, “ქვეყნის ისტორიის შავბნელი ფურცლების” შესახებ, კონკრეტული მოვლენების აქტუალიზებას ვცდილობთ, სხვადასხვა პოზიციაზე დაყრდნობით დისკუსიებს ვმართავთ, ვინახავთ ზეპირ, ადგილობრივ ისტორიებს და ბოლოს, რა თქმა უნდა, კვლევებსაც ვაწარმოებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავარკვიოთ და სრულად გავიგოთ, რა ხდებოდა ყირგიზეთსა და ცენტრალურ აზიაში ადრე, ვნახოთ მედლის ორივე მხარე. სწორედ ამის გამო შევქმენით ამ მიმართულების ჩვენეული ანალოგი სემანტიკურად და ეთნიკურად გასაგებ ენაზე. სწორედ ასე გაჩნდა Esimde, რაც თურქულ ენათა ოჯახის თითქმის ყველა ენიდან ითარგმნება როგორც “მე მახსოვს”.
როგორ ახორციელებს “ესიმდე” საქმიანობას? საიდან მოიპოვებს რესურსებს?
- წელიწადზე მეტი ეს იყო ენთუზიაზმი, თუმცა, ჩვენ ირგვლივ შეგროვდა თანამოაზრეთა წრე და საზოგადოებისგან დიდი მოთხოვნა ვიგრძენით. გვწერდნენ წერილებს, მოჰქონდათ საოჯახო არქივები, მემუარები, ისტორიები. შემდეგ დავიწყეთ რესურსების მოძიება ისევე, როგორც ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკეთებენ დამოუკიდებელი ინსტიტუტები. დავიწყეთ საგრანტო განაცხადების შევსება, კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობა. მოვიპოვეთ რეპუტაცია, რამდენიმე ფონდმა კი მხარი დაგვიჭირა.
ჩვენს რამდენიმე ინიციატივას მხარი დაუჭირეს ყირგიზეთის მოქალაქეებმა. წიგნის გამოცემა კრაუდფანდინგით, შემოწირულებებით შევძელით, რასაც აშარი დავარქვით - ეს ჩვენი ერის ერთგვარი ტრადიციაა, როდესაც ხალხი ერთიანდება რაღაც მნიშვნელოვნის ირგვლივ. ხშირად ჩვენი ინიციატივები ამგვარად პოვებს მხარდაჭერას.
“უცხო ქვეყნის აგენტთა” კანონის მიღებამდე, ყირგიზეთი დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვის კუთხით, პოსტსაბჭოთა ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებულად ითვლებოდა. თქვენი აზრით, როგორ შეცვლის კანონი ამ სიტუაციას? რამდენ ორგანიზაციასა და პიროვნებას შეეხება ის?
- დიახ, ადრე ჩვენი ქვეყნის იმიჯი უკეთესი იყო. ახლა კანონი მიღებული და დანერგილია. იურიდიული და ლოგიკური გადმოსახედიდან ის ძალიან პარადოქსული და მოღალატეობრივია, მათ შორის ყირგიზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასთან მიმართებითაც. მისი ინტერპრეტირება რთულია და, ამავდროულად, ამის კეთება უსასრულოდ შეიძლება. ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ მისმა მიმღებმა პირებმა აქამდე საერთოდ არაფერი იცოდნენ მსოფლიოსა და ყირგიზეთში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში არსებულ სიტუაციაზე. თუ ვინმე იცავდა რეგისტრაციისა და გადასახადების წესებს, ეს, პირველ რიგში, არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რასაც მარტივი მიზეზი აქვს - დონორი უმცირესი თანხის მოცემის შემთხვევაშიც ამოწმებს ყველა დანახარჯს და ამას პროექტის მთელი პროცესის განმავლობაშიც აკეთებს. ყირგიზეთში არასამთავრობო ორგანიზაციები შეგვიძლია სოციალურ და კულტურულ ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელ ინსტანციებადაც ჩავთვალოთ როგორც, მაგალითად, ჯანდაცვის, ისე ლიტერატურის, მეცნიერების, სამშვიდობო პროცესებისა და სამოქალაქო ინიციატივების კუთხით. კანონი ძალაში ჯერ ისევ არ შესულა, ვნახოთ, რა იქნება მომავალში, თუმცა თავად ფაქტი შიშისმომგვრელია.
ხედავთ თუ არა ყირგიზეთში კანონის ინიციირებასა და ამოქმედებაში კრემლის კვალს?
- ყირგიზეთში ეს არ არის პირველი “სექენდ-ჰენდ” კანონი იქიდან. მსგავსი ინერცია და ლოიალობა საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არსებობს. კანონის ნორმები შორია რეალობისა და იდეალისგან, ისინი გათვლილია შიშსა და სახელმწიფოს უპირობო ძალაუფლებაზე. მაგრამ პოლიტიკის კანონების აღქმით, ცხადი ხდება, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მხოლოდ ამძიმებს სიტუაციას, განსაკუთრებით ისეთ მობილურ და პატარა სახელმწიფოში, როგორიც ყირგიზეთის რესპუბლიკაა. უახლესი ისტორიის გამოცდილებამ ეს ხშირად გვაჩვენა.
როგორ იმოქმედებს კანონი კონკრეტულად Esimde-ს საქმიანობაზე? მაგალითად, მიუთითებთ თუ არა ტექსტებში, როგორც ეს რუსეთში ხდება, რომ “მასალა (ინფორმაცია) წარმოებული და/ან გავრცელებულია უცხო ქვეყნის აგენტის მიერ”? რა იქნება ფინანსების შემთხვევაში? როგორც იცით, სოროსის ფონდმა ქვეყანა უკვე დატოვა…
- კანონი უკვე ბევრ ადამიანს შეეხო. იხურება არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და დონორებიც მიდიან. შესაძლებლობები ძალიან შემცირდა. ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, დაგვხურავენ, და რა მოხდება ამით? ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საკუთარი თავის, წარსულისა და კულტურის შეცნობის მცდელობაა… ეს გარდაუვალი პროცესია მთელ პოსტსაბჭოთა და პოსტკოლონიურ სივრცეში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ადამიანებს სურთ იცოდნენ - ვინ არიან, ვინ იყვნენ მათი მამები და “კომუნიზმის დიადი იდეის” გარდა რისთვის ცხოვრობდნენ. ადამიანებს სურთ ილაპარაკონ და სრულყონ საკუთარი სახელმწიფო ენა და დაიბრუნონ მარგინალიზებული კულტურა და ისტორია. ეს არ ეხება მოსკოვსა და დასავლეთს, ეს თავად ჩვენს იდენტობას ეხება. ეს ბუნებრივი პროცესია. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ტექნოლოგიურ ცვლილებებს - სოციალურ ქსელებს, ინტერნეტს, კომუნიკაციებს… ამის შეჩერება შეუძლებელია. ჩვენს ქვეყანაში ტიკტოკი აკრძალეს, მაგრამ მთელი ქვეყანა VPN-ის გამოყენებაზე გადავიდა. რაც ყველაზე მთავარია, ეს ხელოვნური, გამოგონილი ნოსტალგია საბჭოთა კავშირს ვერ დააბრუნებს. პირიქით, ყოფილი მეტროპოლიის ეს ძალისმიერი მოქმედებები საპირისპიროდ მოქმედებს. ეს ცალსახაა თავად რუსეთშიც. შესაბამისად, ეს კანონები მხოლოდ უკანასკნელი, განწირული შეტევაა, თუნდაც დაგვხურონ, თუმცა პროცესი შეუჩერებელია.
თქვენი აზრით, ყირგიზეთის ახლანდელი ხელისუფლება გამოიყენებს თუ არა ამ კანონს 2026 წლის არჩევნებზე და გამოთიშავს თუ არა მონიტორინგის პროცესიდან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას?
- ყირგიზეთის პოლიტიკური პროცესები იმაზე მეტად არაპროგნოზირებადია, ვიდრე რეგიონის რომელიმე სხვა ქვეყანაში. საარჩევნო ციკლები უფრო მერყევია, პარტიები კი სიტუაციური, თუმცა განსაზღვრულ მომენტებში ადამიანების მობილიზაცია ნამდვილად შთამბეჭდავია. ძალისმიერი მანევრები ვიღაცებს აშინებს, თუმცა ბევრს აბრაზებს. ქვეყანაში რესურსების გადანაწილება არ შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს. პირიქით - ისინი ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალეები არიან და ასევე, მათი ფინანსები არა სესხები, არამედ გრანტებია. რაც შეეხებათ ბიზნესს, სხვა ელიტებსა და კლანებს… აქ ყველაფერი უფრო რთულადაა. ვნახავთ, რა იქნება.
საქართველოს მთავრობამ ანალოგიური კანონი რამდენიმე დღის წინ მიიღო, რასაც გასული 30 წლის განმავლობაში ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ახლაც გრძელდება. მადლობას გიხდით გამოხატული მხარდაჭერისთვის… როგორი იყო სიტუაცია ყირგიზეთში, როგორ შეხვდა ყირგიზი ერი ამ კანონს?
- ჩვენ საოცარ სიამაყეს განვიცდიდით იმის ხილვისას, რაც საქართველოში ხდებოდა აქციებზე. ქართველების, ჩვენი დებისა და ძმების მხრიდან საკუთარი ადამიანური, ეროვნული ღირსების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
ფარ-ხმალი არ დაყაროთ, ეს მარიონეტული კანონი მხოლოდ ლაკმუსის ქაღალდია. თბილისში მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ ის მხოლოდ დაბალი ხარისხის იაფფასიანი ქიმიაა და ხალხს ეს ესმის. შესაბამისად, ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება. მთავარი ის არის, რომ ამ ქარიშხლიანმა პროცესმა შიში არათუ ხალხს, არამედ ამ კანონის მომხრეებს ჩაუნერგა. ეს სინერგიის ძალიან დიდი ნაკადი იყო, რომელშიც უამრავი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
საუბრობს თუ არა ყირგიზეთის მთავრობა შეთქმულების თეორიებზე, მაგალითად, “გლობალურ ომის პარტიაზე”, რომელსაც ქვეყნის ომში ჩაბმა სურს? მათ შორის ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაზე?
- ჩვენები ბევრს არ საუბრობენ, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. ჩვენთან ისინი ბავშვებივით სწორხაზოვნები არიან - ყველაფერი, რაც ხელისუფლების წინააღმდეგაა ცუდია, კანონი გაუგებარია, თუმცა საჭიროა. ჩვენი მთავრობა ჯერ ასეთი გამოცდილი არაა პროპაგანდაში, თუმცა ისინი მალე სწავლობენ.
როგორ მიმდინარეობს დისკუსიები ყირგიზეთის მეხსიერებასა და დეკოლონიზაციის თემებზე რეგიონში? ცენტრალური აზიის ქვეყნებში: ყაზახეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში.
ჩვენ მეხსიერებაზე ვმუშაობთ, ჩვენი ერის გასულ 100 წელიწადში არსებული ცოდნისა და გაგების აღდგენაზე. ამ კუთხით, ჩვენი მეზობლები ბევრად წინ წავიდნენ. უზბეკეთში პრეზიდენტი პირადად აჟღერებს რეაბილიტირებული ჯადიდების (ისლამური მოდერნიზმის იდეოლოგიური მიმდინარეობა, რომლის წევრების უმეტესობა სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა) სიებს. მათი, ვისი დემონიზება და მარგინალიზებაც საბჭოთა დროში ხდებოდა. ყაზახეთში 29-30 მაისს ოფიციალურად აღინიშნება შიმშილისა და რეპრესიების დღე. ყირგიზეთისგან განსხვავებით, იქ პროცესები სრულად, სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობს. დიახ, იქ ნამდვილად არის პრობლემები თავისუფლების კუთხით, თუმცა თუ ვსაუბრობთ წარსულის და, შესაბამისად, მომავლის შეფასებაზე, მაშინ ვნახავთ, რომ იქ უკვე შეუძლებელია რამის აკრძალვა, ეს ერის მშენებლობის პროცესია.
დასასრულს, გაქვთ თუ არა რაიმე სახის სურვილი და, ზოგადად, როგორ ხედავთ სამომავლო განვითარებას თქვენთან და ჩვენთან?
- პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა პროცესს აქვს ერთი და იგივე საფუძველი - დეკოლონიური. ხალხი, ერები, სახელმწიფოები - წინააღმდეგობას ცდილობენ. ინსტრუმენტი სხვადასხვაა, თუმცა შინაარსი ერთი - ხალხს სურს აშენოს საკუთარი ცხოვრება. ეროვნული და პირადი ღირსება - ეს ყველგან საჯილდაო ქვაა.
საქართველო მოწინავე იყო, ვინც გაიარა პროცესი, რომელიც შეეხებოდა წარსულის გახსნასა და მონანიებას. ჩვენ ამას ვხედავდით აბულაძისა და დანელიას მეტაფორებში ეკრანებიდან. ეს იყო შიშისა და ფარდის მიღმა ცხოვრების პერიოდი. დღეს გაიზარდა თაობა, რომელიც დაიბადა თავისუფალ სახელმწიფოში, ისინი აღარ არიან პიონერები, ისინი ივლიან წინ…
-
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.