ქალთა მონაწილეობა საქართველოს მომპოვებელ მრეწველობაში

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | სტატია 17 ნოემბერი 2021

ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა თანამედროვე მსოფლიოში დიდ გამოწვევას წარმოადგენს და, შესაბამისად, საჭიროებს ეფექტიან, შედეგზე ორიენტირებულ და პოზიტიურ ქმედებებს როგორც სახელმწიფოს, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) თანახმად პანდემიის პირობებში გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი გაიზარდა, მათ შორის, საქართველოში და დემოკრატიული განვითარების გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სწორედ ქალთა უფლებების დაცვის საკითხი რჩება. 

 

გენდერული თანასწორობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვა, ქალთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ქალთა გააქტიურების ხელშეწყობა უნდა წარმოადგენდეს.

 

გენდერული უთანასწოროა განსაკუთრებით იჩენს თავს ისეთ სექტორში, როგორიცაა მოპოვებითი მრეწველობა. მოპოვებითი მრეწველობის სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ზემოქმედება ხშირად განსხვავებულად ზემოქმედებს კაცებსა და ქალებზე. ქალები უფრო დაუცველები არიან მოპოვებითი მრეწველობის საქმიანობის ნეგატიური ზეგავლენის მიმართ და ნაკლები გავლენა აქვთ აღნიშნული საქმიანობის მართვაზე. მაგალითად, თემში მოპოვებითი მრეწველობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის შესახებ კონსულტაციებზე ქალებს იშვიათად იწვევენ. მათ მცირე წვდომა აქვთ სამუშაო ადგილებზეც.

 

მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მოპოვებითი მრეწველობიდან მიღებული სარგებელი მამაკაცებსა და ქალებზე არათანაბრად ნაწილდება. ხშირ შემთხვევაში, მამაკაცებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი სარგებელზე, რაც დაკავშირებულია დასაქმებასა და შემოსავლის მიღებასთან მაშინ, როდესაც ქალები, ერთი მხრივ, უფრო მეტად ზარალდებიან სოციალური და ბუნებრივი გარემოს გაუარესების გამო, რამდენადაც მათთვის მიკუთვნებული საქმიანობის განსახორცილებელად (როგორიცაა სახლზე, ბავშვებზე, მოხუცებზე ზრუნვა), მათ ყოველდღიურად სჭირდებათ ისეთი საქმიანობის განხორციელება, როგორიცაა, წყლის მოტანა; ახლომახლო წყლის დაბინძურების გამო კი შესაძლოა, ყოველდღიურად უფრო შორი მანძილის გავლა უწევდეთ და ა.შ. მეორე მხრივ კი, ქალების ჩართულობა მოპოვებითი მრეწველობის პროექტებში მინიმალურია და, შესაბამისად, ამ დარგიდან მათ მიერ მიღებული სარგებელიც ძალიან მცირეა. მოპოვებითი მრეწველობის ზემოქმედების ქვეშ მყოფ თემებში სამთო პროექტებიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელი (ფულადი შემოსავლები) და სოციალური განვითარება მამაკაცებზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთზე წვდომა შეიძლება ქალებს ჰქონდეთ და ისინი ამუშავებდნენ, კომპანიებთან გარიგებებს კაცები დებენ და სარგებელსაც ისინი იღებენ, რაც კავშირშია მიწაზე საკუთრების უფლების საკითხთანაც. აღსანიშნავია, რომ მოპოვებით მრეწველობაში დასაქმებულ ქალთა ოდენობა მხოლოდ 10%-ს შეადგენს, ხოლო სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ზემოქმედების ქვეშ მყოფ თემებში ქალების უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 87%-ია. 

 

აღნიშნული სტატისტიკის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) თანახმად, მუშახელში გენდერული უთანასწორობის 50%-ით შემცირების საფუძველზე 2030 წლისთვის შესაძლებელია წევრი სახელმწიფოების მშპ-ს 6%-ით გაზრდა, უთანასწორობის მთლიანად აღმოფხვრის შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებლის დამატებით 6%-ით გაუმჯობესება. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქალებში ინვესტირება და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი ინდივიდუალური, არამედ თემის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. ამასთან, ქალთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა დადებითად აისახება როგორც უშუალოდ ბიზნესის, ისე ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითარებაზე. 

 

მოპოვებით ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობის განმტკიცებისთვის სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია. თუმცა, არანაკლები როლი აქვთ თავად კომპანიებს, რომლებიც აღნიშნული ტიპის საქმიანობას ეწევიან. მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ქალების ინფორმირებულობის დონის ზრდას, მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და დასაქმებას. Mckinsey-ის მიერ 1000-ზე მეტი კომპანიის მაგალითზე ჩატარებული კვლევის მიხედვით გენდერული მრავალფეროვნების მქონე ბიზნესებს უფრო მაღალი ფინანსური შემოსავალი აქვთ, ვიდრე სხვა კომპანიებს. მათ მეტი შანსი აქვთ, დაიქირაონ საუკეთესო მუშახელი, დააკმაყოფილონ რეგულაციების მოთხოვნები მრავალფეროვან სამუშაო ძალასთან დაკავშირებით და შეიქმნან პასუხისმგებელი კომპანიის იმიჯი. ამავდროულად, ისინი უკეთ შეძლებენ სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ინდიკატორების დაკმაყოფილებას, რომლებსაც ყურადღებას აქცევენ ინვესტორები.

 

საქართველოში არსებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით IDFI-მ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოში მოპოვებით ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი კომპანიებიდან, კერძოდ, RMG Gold Georgia-ს, British Petroleum Georgia-ს (BP), Chiatura Manganese Mine-ს, Heidelberg Caucuses Cement-ს, Geostone Marble-სა და Georgian Industrial Group-ს (GIG). IDFI ითხოვდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არიან ქალები დასაქმებული საქართველოს მოპოვებით სექტორში მომუშავე კომპანიებში; რამდენად უზრუნველყოფენ ეს კომპანიები ქალთა გაძლიერებას; რამდენად ახდენენ ისინი მოპოვებით ინდუსტრიაში ქალთა აქტიური ჩართულობისა და დასაქმების ადვოკატირებას; რამდენად სთავაზობენ ადგილობრივ მოსახლეობას, მაგალითად, ჭიათურასა და ტყიბულში მცხოვრებ მოქალაქეებს, ტრენინგებს, საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ პროგრამებსა და კამპანიებს; და რამდენად არის ეს პროექტები ორიენტირებული ქალებზე, მოპოვებით ინდუსტრიაში მათ აქტიურ ჩართულობასა და გაძლიერებაზე; ასევე, რამდენად მაღალია ქალების სურვილი, მონაწილეობა მიიღონ ამგვარ ღონისძიებებში და ტრენინგების წარმატებით დასრულების შემდეგ, რამდენად საქმდებიან ისინი მოპოვებითი მრეწველობის სხვადასხვა პროექტში. 

 

British Petroleum Georgia-მ (BP) ინფორმაცია 10 დღეში მოგვაწოდა, ზემოთ ხსენებული სხვა კომპანიებისგან კი IDFI-ის ინფორმაცია არ მიუღია. BP-სგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიის კომპეტენციაში შედის არა გაზისა და ნავთობის მოპოვება, არამედ მხოლოდ ტრანსპორტირება. BP მილსადენების გასწვრივ მდებარე სოფლებში ახორციელებს ადგილობრივი თემის განვითარების ინიციატივას, რომელიც მრავალ სხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის განხორციელებაში ქალების ჩართულობის ხელშეწყობას. კერძოდ, მათ წახალისებას, მონაწილეობა მიიღონ სოფლის სათემო ორგანიზაციების მუშაობაში, ჩაერთონ მცირე ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ საგრანტო კონკურსში, გრანტის მიღების შემთხვევაში მართონ საკუთარი ბიზნესი, ასევე, შეისწავლონ სოფლის მეურნეობის ახალი ტექნოლოგიები. თითოეული კომპონენტის ფარგლებში ქალები ერთვებიან სწავლების სხვადასხვა ფორმატში: უტარდებათ ტრენინგები, კონსულტაციები და შემდგომ თვითონ ხდებიან მენტორები. ნიშანდობლივია, რომ BP-ის პროგრამის მიერ პირდაპირი სარგებლის მიმღებ მოსახლეობაში სულ მცირე 40%-ს ქალები უნდა წარმოადგენდნენ, რაც აღნიშნული პროგრამის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია. უკვე განხორციელებული აქტივობების ფარგლებში მიღწეული შედეგის მიხედვით ეს რიცხვი 45-46%-მდე აღწევს. როგორც ჩანს, იმ კომპანიების უმეტესობას, რომლებმაც IDFI-ის ინფორმაცია არ მიაწოდეს, არ გააჩნიათ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პოლიტიკა და შესაბამისი დოკუმენტები.  მნიშვნელოვანია, რომ მოპოვებით მრეწველობაში ჩართულ ყველა კომპანიას გააჩნდეს გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა, რომელზე დაყრდნობით ისინი ხელს შეუწყობენ პროცესის დაწყებისთანავე ქალების ჩართულობის უზრუნველყოფას, მათ შორის, თემთან კონსულტაციებში და მათი, როგორც შრომითი ბაზრის მონაწილეების გაძლიერებას.

 

გენდერული თანასწორობისა და მოპოვებით მრეწველობაში ქალთა უფლებების ადვოკატირების პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინიციატივების როლი. მათ შორის: მოპოვებითი მრეწველობის გამჭირვალობის ინიციატივა (EITI), Publish What You Pay (PWYP), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). აღნიშნული ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულნი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფასა და იმის განსაზღვრაში, თუ რა ინსტრუმენტების გამოყენებით არის შესაძლებელი ქალთა ცნობიერების დონის ამაღლება და ინდუსტრიულ სექტორში მათი აქტიური მონაწილეობა როგორც პოლიტიკის შემუშავების, ისე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოპოვებით მრეწველობაში გენდერული თანასწორობის განმტკიცებისთვის აუცილებელია შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინიციატივებთან აქტიური თანამშრომლობა და საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ დონეზე დანერგვა; ცენტრალურ დონეზე სათანადო პოლიტიკის არსებობა (მაგ: მოპოვებით მრეწველობაში ქალთა ჩართულობის სტრატეგია); შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება (მაგ: კომპანიებისთვის შესაბამისი სოციალური პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით); ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა; მსხვილი კომპანიების მიერ „კარგი მაგალითის“ შექმნა და გაზიარება სხვა კომპანიებისთვის.

 

____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ბენეფიციარ მესაკუთრეთა მონიტორნიგის გზამკვლევი

26.11.2021

კიბერსივრცეში პერსონალური მონაცემების დაცულობის უზრუნველყოფა: გამოწვევები და საჭიროებები საქართველოსთვის

25.11.2021

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში

24.11.2021

IDFI-იმ ბენეფიციარ მესაკუთრეებზე სახელმძღვანელოსა და რეგიონული კვლევის პრეზენტაცია გამართა

24.11.2021
განცხადებები

კოალიცია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას ეხმაურება

24.11.2021

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს ჯეროვნად და დროულად აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

22.11.2021

საქართველოს მთავრობა ანტიკორუფციული გარემოს შესახებ OECD-ის ანგარიშის მიღებას აფერხებს

19.11.2021

IDFI-ის შეფასებით მიხეილ სააკაშვილის საქმეთა განხილვა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს

17.11.2021
ბლოგპოსტები

ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების ეფექტები: ვინ უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს საჭირო მექანიზმები

20.10.2021

სამთავრობო OGP-ის რეგრესი საქართველოში

06.10.2021

სიკვდილი, როგორც საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნარატივი საქართველოში

29.09.2021

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა - სისტემური გამოწვევა საქართველოსთვის

16.09.2021