2015 წლის 10-11 სექტემბერს, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, ალბანეთის ქალაქ ტირანაში, ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დიალოგი". კონფერენციაში მონაწილეობა დასავლეთ ბალკანეთის (ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, მაკედონია, კოსოვო, ბოსნია და ჰეროცოგოვინა), დიდი ბრიტანეთის, ხორვატიის, საქართველოს, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სამთავრობო თუ სამოქალაქო სექტორის 400-მდე წარმომადგენელმა მიიღო.
აღნიშნული შეხვედრა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მთავრობებისა და სამოქალაქო სექტორის პირველი კოორდინირებული მუშაობა იყო ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში (OGP), რაც თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ წარმატებულად ახერხებს OGP კერძო და სამთავრობო სტრუქტურების ერთი მიზნისთვის გაერთიანებას.
„დასავლეთ ბალკანეთის დიალოგის“ ჩატარება რეგიონისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, რადგან ღია მმართველობის პარტნიორობის გაძლიერებისათვის რეგიონში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. კოსოვომ, 2014 წლის ივნისში გამოთქვა OGP-ის წევრობის სურვილი, ბოსნია და ჰერცეგოვინა კი, სექტემბერში შეუერთდნენ ღია მმართველობის პარტნიორობას.
დასავლეთ ბალკანეთის OGP დიალოგი მიზნად ისახავდა მონაწილეების მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილებების გაზიარებას. შეხვედრაზე ისაუბრეს სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესში წამოჭრილი პრობლემების მოგვარების ეფექტურ გზებსა და ღია მმართველობის გაძლიერების საკითხებზე. OGP ბალკანეთის დიალოგი ძირითადად, იმ ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი, სადაც ადამიანთა უფლებების და იმიგრაციის კუთხით სერიოზული პრობლემებია. კონფერენციაზე ასევე განიხილეს ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიც არის საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნა, საჯარო სერვისების გაუმჯობესება, კომუნიკაციის უსაფრთხო საშუალებები, კორუფციასთან ბრძოლის გზები, ბიუჯეტის ღიაობა, საკანონმდებლო გამჭვირვალობა და სხვა.
შეხვედრის მთავარი შედეგი კი, რეგიონალური ფორუმის დაარსება იყო, სადაც მონაწილეებს რეგულარულად შეეძლებათ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება. ეს პრაქტიკა კი, რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.