როგორ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვების სისტემამ გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 23 ივლისი 2018

დისკუსია ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში


2018 წლის ივლისში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), თბილისში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მე-5 გლობალურ სამიტზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დისკუსია გამართა.


პანელის მთავარი მიზანი იყო სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმაციის ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბება. დისკუსიაში მონაწილოება მიიღეს რეფორმატორებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით. მონაწილეებმა ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვები გარდავქმნათ ეფექტიან ინსტრუმენტად, რათა მთავრობებმა დანერგონ გამჭვირვალე და სამართლიანი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, რა ინსტრუმენტების გამოყენებაა შესაძლებელი ამ პროცესში და როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებამ და მთავრობებმა ითანამშრომლონ სახელმწიფო შესყიდვების სისტემების გასაუმჯობესებლად.


ღია კონტრაქტების პარტნიორობასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა - გაერთიანებულ სამეფოსთან, ToDoClub-სა და ღია ფინანსები უკრაინასთან ერთად, IDFI-მ განიხილა სახელმწიფო შესყიდვებში არსებული მონაცემების მნიშვნელობა, თუ როგორ უნდა გახდეს შესყიდვების სისტემები უფრო გამჭვირვალე და როგორ გამოვიყენოთ დაგროვილი ინფორმაცია. დაინტერესებულ მხარეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გამოცდილებას და რეფორმებს; რა საზოგადოებრივი სარგებელი მიიღეს მათ ღია, გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების სისტემებიდან და როგორ შეიძლება ასეთი სისტემის გამოყენება სხვა საჯარო სერვისების, მაგალითად, ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად.


ToDoClub-ის წარმომადგენელმა დავით მარღანიამ ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომლებმაც ქართულ და უკრაინულ მთავრობებს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გარდაქმნისკენ უბიძგა:


„სახელმწიფო შესყიდვების არაეფექტიანი ხარჯვა, ქაღალდზე დაფუძნებული შესყიდვები, კორუფცია და სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტების მასობრივი დაპატიმრებები, ეს რამდენიმე მიზეზი იყო, რამაც გამოიწვია სრულად ელექტრონულ შესყიდვებზე გადასვლის რეფორმა. ეს იყო რეფორმა „ზემოდან ქვემოთ“ (top-down), როდესაც სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმირების პროცესს მთავრობა ხელმძღვანელობს. ელექტრონული შესყიდვების სისტემამ ვერ გადაჭრა ყველა პრობლემა, მიუხედავად ამისა, პროცედურები გამარტივდა, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა და სისტემის 8 წლიანი მუშაობის შედეგად, საქართველომ დაახლოებით 800 მლნ აშშ დოლარი დაზოგა სახელმწიფო შესყიდვებზე (სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმილი ხარჯების დაახლოებით 12%). უკრაინის რეფორმა სხვაგვარი მიდგომით განხორციელდა – „ქვემოდან ზემოთ“ (bottom-up) – სადაც ახალი სახელმწიფო შესყიდვების პორტალი შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო ექსპერტების და სხვა დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობით. სისტემის შემოწმების შემდეგ, ის გადაეცა მთავრობას. მოლდოვაში უკრაინისა და საქართველოს გამოცდილება გამოიყენეს რათა შეექმნათ კიდევ ერთი თანამედროვე, API-ზე დაფუძნებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობები და პოტენციალი.“


ღია ფინანსები უკრაინის საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების მენეჯერმა ევგენი კოტუხმა ელ-ხელშეკრულებებზე და უკრაინის მთავრობის გეგმებზე ისაუბრა ამ მიმართულებით:


„სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციისგან ხელშეკრულებების შექმნის ავტომატიზაციის აუცილებლობა, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების და შესყიდვების მონაცემთა ბაზაში ხელშეკრულების რეალურ დროში გადაცემა-ატვირთვა ის შემდეგი ნაბიჯია, რომელზეც უკრაინის მთავრობა იმუშავებს. ასეთი ავტომატიზაცია შეამცირებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ბევრ რისკს და არის უკრაინაში სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მომდევნო ლოგიკური განვითარება.“

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - გაერთიანებული სამეფოს უფროსი პროექტის მენეჯერი სებასტიანა ეტზომ და ღია კონტრაქტების პარტნიორობის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე კეტრინ ფროშერმა ხაზი გაუსვეს ღია მონაცემებისა და შესყიდვების პრაქტიკულ ასპექტებს, სად შეიძლება გამოვიყენოთ ეს მონაცემები და რამდენად შესამჩნევი ან მნიშვნელოვანია რიგითი მოქალაქეებისთვის მსგავსი ღიაობისგან მიღებული სარგებელი. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სექტორზე, სადაც სანდო მონაცემებმა შეიძლება შეამციროს არაეფექტურობა, გამოიწვიოს რესურსების უკეთესი მართვა, ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება და ნაკლები პრობლემები, როგორიცაა არაეფექტური შესყიდვებით გამოწვეული მედიკამენტების დეფიციტი და მომსახურების დაბალი ხარისხი.


„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გლობალური ჯანმრთელობის ხარჯების მონაცემთა ბაზის თანახმად, 2012 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ხარჯი 7.2 ტრილიონი დოლარი იყო. რამდენიმე წლით ადრე ჩატარებული საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური კორუფციის ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის შესყიდვების გლობალური ხარჯების 10%-25% იკარგება კორუფციის გამო. ამდენად, ფართო მასშტაბიანი მონაცემების შეგროვება და ანალიზი საჭიროა არასწორი მართვის, კორუფციის და არაეფექტიანობის შემთხვევების გამოსავლენად, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებისთვის.“

 

პანელის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს დინამიური შესყიდვების სისტემების, ელექტრონული კატალოგებისა და ღია სახელმწიფო შესყიდვების სისტემების საკანონმდებლო ჩარჩოების მიღების პროცესში დამხმარე ინსტრუმენტებზე, როგორიცაა გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი.


ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) არის გლობალური ინიციატივა, რომელიც 2011 წლის სექტემბერში შეიქმნა და დღეს 70-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. OGP-ის წევრი სახელმწიფოების მიზანია უზრუნველყონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებულობა და ჩართულობა, საჯარო სამსახურში მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვა, და გააუმჯობესონ საჯარო სამსახური ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. საქართველო OGP-ის 2011 წელს შეუერთდა. 2017 წლის სექტემბერში, საქართველო ერთი წლის ვადით აირჩიეს OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანად. 2018 წელს, ქვეყანამ OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს უმასპინძლა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024