ავტორი: ანტონ ვაჭარაძე
„ჩვენი ჰაერი შეგერგოს ცეცხლად,
შხამად შეგერგოს ეგ უზრდელობა!
გახსოვს ის კაცი, ოცდაათ ვერცხლად
რომ წამოიწყო შენი ხელობა.“
პავლე იაშვილი, „ანდრე ჟიდს – მოღალატეს“, 1936 წელი
ანდრე პოლ გიიომ ჟიდი არის (1869-1951) ფრანგი მწერალი, რომელმაც 1947 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემია მიიღო, ჟურნალმა The New York Times კი სიკვდილის შემდეგ მას „თანამედროვე გზავნილების უდიდესი ფრანგი შემოქმედი“ უწოდა (France's greatest contemporary man of letters). მსოფლიო დონის ლიტერატორად აღიარებულ ამ ფიგურას 1936 წელს პაოლო იაშვილმა ზიზღით და წყევლით აღსავსე ლექსი მიუძღვნა, რისი მიზეზიც სრულად კომუნისტურ, ტერორის შემოქმედ სახელმწიფო სისტემაში უნდა ვეძებოთ...
წინამდებარე სტატიაში შევეხებით სტალინის მიერ საბჭოეთის საერთაშორისო ავტორიტეტის მოხვეჭისა და განმტკიცებისათვის დასახული მასშტაბური სტრატეგიის იმ ნაწილს, რომელიც კულტურული უთანაბრობის აღმოფხვრას და დასავლეთში საბჭოთა კულტურის პროპაგანდის მცდელობასა თუ თანამოაზრეთა შემოკრებას მოიცავდა. ამ პროცესებს კი საბჭოეთისა და ნობელიანტი მწერლის, ანდრე ჟიდის, მჭიდრო და, საბოლოო ჯამში, ორივე მხარისათვის მტკივნეული და, გარკვეულწილად, პარადოქსული ურთიერთობების ჭრილში განვიხილავთ. მიმოვიხილავთ ჟიდის მოგზაურობას საქართველოში და იმ სამწუხარო შედეგებს, რაც ამ ვოიაჟს მოჰყვა. სტატიაში ფაქტებზე და დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით აღვწერთ მანკიერ საბჭოთა სისტემას, რომელმაც მრავალ ღირსეულ ადამიანს, მათ შორის პაოლო იაშვილს პირველ რიგში მეგობრებისა და საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით კრიტიკულად განწყობილი ფრანგი კოლეგის გაკიცხვა და მიწასთან გასწორება უბრძანა და შემდეგ - გადაყლაპა... სისტემას, რომელმაც კოლეგასა და შესაძლოა მეგობარს - მწერალთა კავშირის პასუხისმგებელ მდივანს, დავით დემეტრაძეს პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა „პროვოკაციულ აქტად“ შეაფასებინა და მიუხედავად ამისა, ისიც არ დაინდო...
1931 წლის 4 თებერვლის თავის ცნობილ მიმართვაში საწარმოების დირექტორებისადმი სტალინმა განაცხადა: „რუსეთის ძველ ისტორიას, სხვათა შორის, მუდმივად ამათრახებდნენ ჩამორჩენისათვის... ამათრახებდა ყველა: სამხედრო, კულტურული, სახელმწიფოებრივი, საწარმოო, სამეურნეო ჩამორჩენისათვის... ჩვენ მოწინავე ქვეყნებს ჩამოვრჩით 50-100 წლით. ეს გზა ათ წელიწადში უნდა გავირბინოთ. ან ამას შევძლებთ, ან ქედს მოგვადრეკინებენ“ (Сталин: „О задачах...“).
1932 წლის 26 ოქტომბერს მაქსიმ გორკისთან სტალინი შეხვდა საბჭოთა მწერლების ჯგუფს, რომლებიც „ადამიანთა სულების ინჟინრებად“ (Инженеры человеческих душ) შერაცხა. ბელადი კარგად აცნობიერებდა ლიტერატურის იდეოლოგიური გავლენის მნიშვნელობას ხალხის განწყობასა და ხედვაზე, შესაბამისად, ამ შეხვედრით და შეფასებით მან საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საქმეში მწერლების განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი (Фрадкин: 149).
სტალინური სტრატეგიის საკვანძო ნაწილი სსრკ საზღვრებს გარეთ საბჭოთა ყოფის მხოლოდ ძლიერი მხარეების წარმოჩენა და ნაკლოვანებების მიჩქმალვა იყო. სწორედ ამ მიზნით აწარმოვა მწერალთა კავშირმა გრანდიოზული კამპანია სახელმოხვეჭილი უცხოელი ლიტერატორების მოსაწვევად. საბჭოთა კავშირში მოიპატიჟეს იმ დროს სახელგანთქმული მწერლები: ბერნარდ შოუ, რომენ როლანი, ანდრე ჟიდი, ლუი არაგონი, ლიონ ფოიხტვანგერი, ანრი ბარბიუსი და სხვები.
წყარო: ლიტერატურული საქართველო, №12, 1936 წ.
მწერლების გარკვეულ ნაწილს ბელადი თავად ხვდებოდა და მათ მოხიბვლას საკუთარი ქარიზმულობის შარავანდედით ცდილობდა. საბჭოეთის მკაცრ სინამდვილესა და სიდუხჭირეს დაახლოებით ასორმოცდაათი წლის წინ აპრობირებული - „პოტიომკინის სოფლების“ მეთოდებით ფუთავდნენ, რის გამოც არაერთმა მწერალმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აღტყინებული სულისკვეთების ნაშრომი მიუძღვნა საბჭოთა კავშირსა და სტალინს.
ანდრე ჟიდის ერთგვარი თანამშრომლობა საბჭოთა კავშირთან 1930-იან წლებიდან იწყება. ამ პერიოდში მან არაერთი საქებარი წერილი გამოაქვეყნა კომუნისტური იდეოლოგიის შესახებ (თუმცა, ოფიციალურად პარტიაში არ გაწევრიანებულა). 1936 წელს იგი მაქსიმ გორკის დაკრძალვაზე (გორკი გარდაიცვალა 1936 წლის 18 ივნისს) სიტყვის წარმოსათქმელად, შემდეგ — საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირში მიიწვიეს. მას ასევე მოუწყვეს მოგზაურობა „მზიან საქართველოში“, სადაც მეგზურობას უწევდნენ პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვები.
საფრანგეთში დაბრუნებულმა ჟიდმა დაწერა წიგნი „დაბრუნება საბჭოთა კავშირიდან“ (Retour de L'U.R.S.S.). საბჭოთა კავშირში ნანახისგან ჟიდის იმედგაცრუება იმდენად დიდი იყო, რომ ამ წიგნის გამოცემის შემდეგ ცხოვრების ბოლომდე იგი თავს იკავებდა ყველანაირი პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობისგან და იშვიათად ახმიანებდა საკუთარ პოზიციებს.
მოგვიანებით, 1949 წლის ანთოლოგიაში – „წარუმატებელი ღმერთი“ (The God that failed) ანდრე ჟიდი აღწერდა საკუთარ ადრინდელ ენთუზიაზმს კომუნიზმის დოქტრინასთან დაკავშირებით: „სავალალო პირობებში მყოფ თანამედროვე სამყაროში საბჭოთა კავშირის გეგმა, მეჩვენებოდა, რომ ხსნას მოიტანდა... ამაში მარწმუნებდა ყველაფერი, ჩემი ოპონენტების უვარგისი არგუმენტები კი, დარწმუნების ნაცვლად, აღმაშფოთებდა. თუ ჩემი სიცოცხლის დათმობა იქნებოდა საჭირო საბჭოთა კავშირის წარმატების განმტკიცებაში, უყოყმანოდ დავთმობდი“ (Koestler: 231). ჟიდი ასევე საუბრობდა იმ მიზეზებზე, რომლებმაც კომუნიზმის მიმართ მისი იმედგაცრუება გამოიწვია: „ნებისმიერ ვითარებაში დაუშვებელია ადამიანის ზნეობის ისე დაცემა, როგორც ეს კომუნიზმმა მოახერხა. შეუძლებელია, წარმოიდგინო ჰუმანურობის, ზნეობის, რელიგიისა და თავისუფლების ტრაგედია კომუნიზმის ქვეყანაში, იქ სადაც ადამიანი იდეოლოგიის მიღმა დამცირდა.“ (Heggy: 353).
საბჭოთა კავშირის ყველაზე სასურველი და სახელგანთქმული „მხურვალე მეგობარი და თანამგზავრი“ სრულიად მოულოდნელად და საკმაოდ უხეშად ანტი-სოციალისტურ ელემენტად და მტრად იქცა. 1931-1933 წლებში ანდრე ჟიდი საფრანგეთში თავისი პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა და მისი „მეგობრობა“ სსრკ-სთან საბჭოთა კულტურული დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმატება უნდა ყოფილიყო... მაგრამ თავბრუდამხვევი საყოველთაო კეთილდღეობის „ბურუსის“ მიუხედავად, რომელშიც ანდრე ჟიდი გახვიეს საბჭოთა კავშირში ვიზიტისას, როცა დაჰყავდათ სანიმუშო კოლმეურნეობებში, მშენებლობებზე, საჩვენებელ საბავშვო ბაღებში და ა.შ. მან მაინც შეძლო რეალობის დანახვა. 1936 წელს გამოცემულ წიგნში - „დაბრუნება საბჭოთა კავშირიდან“ იგი წერდა: „საბჭოთა კავშირში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია, რომ ნებისმიერ საკითხზე უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი აზრი. თუმცა, ადამიანების აზროვნება ისეა ჩამოყალიბებული, რომ ეს კონფორმიზმი ტვირთი არ არის მათთვის, ის ბუნებრივია, ისინი მას ვერ გრძნობენ და არ ფიქრობენ, რომ ამას ფარისევლობა ერთვის. ნუთუ ეს ის ხალხია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა? არა, ესენი ისინი არიან, ვინც ისარგებლა ამით. ყოველ დილით „პრავდა“ აწვდის [ხალხს ინფორმაციას], რომელშიც მკაფიოდაა გაფილტრული, რაც მათ უნდა იცოდნენ, რაც მათ უნდა დაიჯერონ და რა — არა. გამოდის, რომ როდესაც ესაუბრები ერთ რომელიმე რუსს, თითქოს ყველა მათგანს ესაუბრები... გეცოდება ისინი, ვინც საათობით დგას რიგებში, მათ კი ეს ნორმალურად მიაჩნიათ. პური, ბოსტნეული, ხილი უხარისხო გეჩვენება, მაგრამ სხვა არაფერია. ნაჭრები, ნივთები, რომლებსაც ხედავ, საშინელი გეჩვენება, მაგრამ არჩევანი არ არის... ყველაზე მთავარია, ამ დროს დაარწმუნო ხალხი, რომ ისინი ბედნიერები არიან... დაარწმუნო ადამიანები, რომ ყველა სხვა მათზე ნაკლებად ბედნიერია... მათი ბედნიერება მათ რწმენაში, ილუზიაში, მათ გაუცნობიერებლობაშია… (Жид: 18). წინ წაწევის საუკეთესო საშუალება - დასმენაა... არ ჩაიდინო მსგავსი სიმდაბლე და ღალატი, – ნიშნავს თავად დაიღუპო მეგობართან ერთად, რომლის გადარჩენაც გინდა... შედეგად – ტოტალური უნდობლობა... ყველა უთვალთვალებს ერთმანეთს, საკუთარ თავს და მასაც უთვალთვალებენ. უმანკო ბავშვურმა ტიტინმაც შეიძლება დაგღუპოს, ამიტომაც ერიდებიან ბავშვებთან საუბარს. დასმენის თავის აცილების საუკეთესო გზაა, თავად დაასმინო“ (Жид: 119).
ანდრე ჟიდის წიგნმა ათ გამოცემას გაუძლო და თოთხმეტ ენაზე ითარგმნა, ხოლო მის სახელს საბჭოეთში მყისიერად დაემატა ეპითეტები: „სოციალიზმის მტერი“, „რენეგატი“, „პასკვილიანტი“ და „ტროცკისტი“.
ანდრე ჟიდი და საბჭოთა პიონერები, 1936 წელი. (წყარო ინტერნეტიდან №1)
„არც მიღების ფუფუნებამ, „ცდუნებებმა“, არც კომფორტმა და უზარმაზარმა ჰონორარმა შეუშალა ხელი ანდრე ჟიდს, რუსული ენის არცოდნის მიუხედავად, დაენახა საბჭოთა ცხოვრებაში ის, რაც ვერ შეამჩნია ან არ სურდა შეემჩნია მრავალ სხვა სახელგანთქმულ ვიზიტორს მოწინავე სოციალიზმის ქვეყანაში...“ (Харитонова: 186). თუმცა, ალბათ, არ იქნება მართებული ვარაუდი, რომ ანდრე ჟიდმა ქვეყანაში გაბატონებული რეჟიმის ნამდვილი სახე მხოლოდ საკუთარი გამჭრიახობისა და კრიტიკული ხედვის ხარჯზე დაინახა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ვიზიტამდე, 1935 წელს, პარიზში კულტურის დაცვის ეგიდით ჩატარებულ კონგრესზე, ანდრე ჟიდი დაუახლოვდა ანტისტალინურ ოპოზიციას და მხარი დაუჭირა ლიტერატორისა და პოლიტიკოსის, ორენბურგში გადასახლებული ვიქტორ სერჟის (ვიქტორ კიბალჩიჩი) გათავისუფლებას. სერჟი ემხრობოდა ე.წ. „მემარცხენე ოპოზიციას“ და დაექვემდებარა გადასახლებას. მხოლოდ რომენ როლანისა და თავად ჟიდის პირადი თანადგომით მოხერხდა მისი „გაყვანა“ სსრკ-დან. სერჟმა გათავისუფლების შემდგომ ორჯერ მიმართა ღია წერილით ანდრე ჟიდს: „...არ დახუჭოთ თვალები, შეხედეთ იმას, რაც ხდება გაქნილი და ძვირადღირებული პროპაგანდის, აღლუმების, მსვლელობების, კონგრესების მიღმა..“ ანდრე ჟიდმა თავისი პოზიცია სერჟის საქმესთან მიმართებით საბჭოთა დიპლომატ ვ. პოტიომკინთან გააცხადა და მას საქმის გადახედვაში თანადგომა სთხოვა. პოტიომკინმა გააფრთხილა მწერალთა კავშირის საზღვარგარეთული კომისიის თავმჯდომარე, გავლენიანი და წონიანი საბჭოთა ფუნქციონერი მიხაილ კოლცოვი, რომელმაც საყურადღებოდ არ მიიჩნია ეს ფაქტი. იგი ძალიან იყო გართული ჟიდის, როგორც კომუნიზმის მხარდამჭერისა და დამცველის ხატის შექმნით და, თავის მხრივ, უმაღლესი ხელისუფლება ანდრე ჟიდის უპირობო ლოიალურობაში დაარწმუნა. საბოლოო ჯამში კი კოლცოვის ამ წინდაუხედავმა საქციელმა სავალალო შედეგები მოიტანა: 1937 წელს პოლიტბიურომ დაავალდებულა კოლცოვი ლიტერატურული ფორმით ეპასუხა ჟიდისათვის. კოლცოვი მიხვდა, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატები გროვდებოდა და პარტია ჟიდის შეურაცხმყოფელ „გამოხტომაზე“ პასუხისმგებლობას მას აკისრებდა. მას ამ „მოწოდებისთვის“ ცალკე სტატიით არ უპასუხია და თავის გამართლებას სცადა საკუთარი მოგონებების წიგნში „ესპანური დღიური“ (Испанский дневник), . მაგრამ წარმატებულ საბჭოთა ფუნქციონერს ამან არ უშველა და იგი 1940 წელს დახვრიტეს (Харитонова: 187).
პროსტალინური სულისკვეთების განმტკიცების დიდ გეგმაში 1935 წლის ივნისში პარიზში გამართული მწერალთა კონგრესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა ყოფილიყო. კონგრესის თავმჯდომარე „საბჭოეთის მეგობარი“ ანდრე ჟიდი იყო. როგორც მ. კოლცოვი იხსენებდა, ანდრე ჟიდი ყველანაირად წარმოაჩენდა თავის აღტყინებას საბჭოთა კავშირითა და კომუნიზმით, თუმცა კულისებს მიღმა საბჭოთა დელეგატების მიმართ მტრულად იყო განწყობილი, იგი უკმაყოფილო იყო საბჭოთა დელეგაციის შემადგენლობით და კატეგორიულად სთხოვდა კოლცოვსა და ა. შჩერბაკოვს (1934-1936 წლებში სსრკ მწერალთა კავშირის მდივანი - რედ.) პასტერნაკისა და ბაბელის ჩამოყვანას. ჟიდის აზრით, მხოლოდ პასტერნაკი და ბაბელი იყვნენ ნამდვილი მწერლები და მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება, წარმოეჩინათ რუსული ლიტერატურა კონგრესზე. ანდრე ჟიდის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად ისინი მართლაც გამოიძახეს და ბოლო დღეს ჩაიყვანეს კონგრესზე (Петрова: 213). ჟიდის, პასტრენაკისა და ბაბელის კავშირი არ შეწყვეტილა 1936 წლის ჟიდის სსრკ-ში ვიზიტამდე, იგი უარს ამბობდა სხვა საბჭოელებთან შეხვედრებზე. როგორც თავად ანდრე ჟიდი აღნიშნავდა: „მხოლოდ ისინი ამბობენ სიმართლეს, ყველა დანარჩენი მოსყიდულია“ (Фрадкин: 68) და საათობით ესაუბრებოდა აგარაკზე პასტერნაკს. პასტერნაკის ანტისაბჭოთა განწყობებს თუ გავითვალისწინებთ, გარკვეულწილად, მასაც დაჰბრალდა ანდრე ჟიდის ცილისმწამებლური მოსაზრებების კორიანტელი წიგნში „დაბრუნება სსრკ-დან“... მაგრამ, როგორც თავად ანდრე ჟიდი წერს, „საბოლოოდ თვალები მას თბილისის მონახულების შემდეგ აეხილა“ (Фрадкин: 250). მწერალ მალროს გადმოცემით, საქართველოში ჟიდი ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის და ბესარიონ ჟღენტის გარემოცვაში იმყოფებოდა, რომლებმაც თავს მოახვიეს საკუთარი კონტრრევოლუციური განწყობები. როგორც ვხედავთ, საბჭოეთში ცდილობდნენ სხვადასხვაგვარი გამართლება მოეძებნათ ჟიდის საქციელისთვის. თითქოს საქართველოში მას ჰქონდა შეხვედრა გადასახლებიდან დაბრუნებულ კონტრრევოლუციონერთან (არ არის ცნობილი, ვისთან), რომელმაც მას სერგეი ესენინის აკრძალული ანტისაბჭოთა პოემა უთარგმნა ფრანგულად (Фрадкин: 69).
როდესაც ანდრე ჟიდმა წიგნის გამოცემისათვის მზადება დაიწყო, კრემლში ინფორმაცია იმთავითვე მივიდა. ინფორმატორებს შორის იყო გამოჩენილი მწერალი, ილია ერენბურგიც. კოლცოვი თავის წიგნში იხსენებს, რომ მადრიდში ჩავიდა ანდრე ჟიდის მდივანი და სსრკ-ში ვოიაჟისას მისი თანმხლები პირი, პიერ ერბარი, რომელიც შეფიქრიანებული და შეწუხებული იყო „მოხუცის“ (ჟიდის) გამო, რადგან ის ყველაფერზე ორჯერ რეაგირებდა და მეორე რეაქცია ყოველთვის პირველის საპირისპირო იყო... ხოლო მისი წიგნი საბჭოეთში ვიზიტზე ეწინააღმდეგებოდა ყველა მის განცხადებას, რასაც იგი მოგზაურობისას დეკლარირებდა. განსაკუთრებით შეშფოთებული იყო ჟიდის მეორე თანამგზავრი - იეფ ლასტი. კოლცოვი იხსენებს, რომ ლასტი მასთან სასოწარკვეთილი მივიდა და გაუმხილა თავისი მოსაზრება, რომ ჟიდი სამუდამოდ შეირცხვენდა თავს, თუკი ის ევროპაში, ფაშიზმის ბატონობის მძიმე პერიოდში, საბჭოეთის წინააღმდეგ გაილაშქრებდა. ერბერი გეგმავდა სასწრაფოდ პარიზში დაბრუნებას, რათა „გადაერჩინა ანდრე ჟიდი სიგიჟისაგან...“ (Фрадкин: 167). წიგნის ანტისაბჭოთა შინაარსით საჯარო შეშფოთება გამოხატა ილია ერენბურგმაც. მან საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, პირადად გასაუბრებოდა და გადაეფიქრებინა ჟიდისათვის წიგნის გამოცემა და როგორც დოკუმენტებიდანაა ცნობილი, მათი შეხვედრა მართლაც შედგა. განსაკუთრებული აქცენტი საუბრისას ერენბურგმა ესპანეთში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა, სადაც სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული, სსრკ კი ფრანკოს საწინააღმდეგო კოალიციაში იყო ჩართული და ესპანეთის მეორე რესპუბლიკას ეხმარებოდა. ერენბურგი ცდილობდა, დაეთანხმებინა ჟიდი ესპანეთში ვიზიტზე, სადაც ის კატალონიის ავტონომიური ხელისუფლების წარმომადგენელს, ჟ. მირავილიესსაც, უნდა „დაემუშავებინა“ და გადაერწმუნებინა წიგნის გამოქვეყნებისაგან. ჟიდი ესპანეთში არ წავიდა, წიგნი კი მაინც გამოვიდა (Харитонова: 189). როგორც ვხედავთ, რამდენიმე მცდელობა, გადაეფიქრებინებინათ ჟიდისთვის წიგნის გამოცემა, უშედეგო გამოდგა. უმაღლესი საბჭოთა ხელმძღვანელობისათვის წიგნი ითარგმნა რუსულად, გრიფით „საიდუმლოდ“, ხოლო ავტორი გაირიცხა სსრკ მეგობრების რიგებიდან და მკაცრად და დაუნდობლად გაიკიცხა საბჭოთა გამოცემებში. საბჭოთა კულტურული დიპლომატიისათვის ეს სასტიკი მარცხი იყო.
ანდრე ჟიდის განდგომის მიზეზებზე საინტერესო მოსაზრებას ავრცელებს მაიკლ დევიდ-ფოქსი თავის წიგნში „დიადი ექსპერიმენტის ვიტრინა: კულტურული დიპლომატია და დასავლელი ვიზიტორები საბჭოთა კავშირში 1921-1941“ (Showcasing the Great Experiment: Cultural Diplomacy and Western Visitors to the Soviet Union, 1921-1941). ჟიდის არატრადიციული ორიენტაცია და მისი იმედები, რომ კომუნიზმი საბოლოოდ გაათავისუფლებდა სექსუალობას სოციალური შეზღუდვებისაგან, კრახით დასრულდა. ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციამ აღაფრთოვანა ჟიდი და მის თანამოაზრეთა წრე. 1931 წელს თავის დღიურში იგი წერდა: „დადგება დრო, მე ვფიქრობ, როდესაც სიყვარულის გამოვლინებაში ღრმა ცვლილებები შევა“. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, დეივიდ-ფოქსი მიიჩნევს, რომ ანდრე ჟიდის საბჭოთა კავშირში ვიზიტის რეალური მიზეზი მისი სტალინთან შეხვედრა და საბჭოეთში რიგი ხარვეზების აღმოფხვრაზე, მათ შორის სხვადასხვა ორიენტაციის ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, საუბარი იყო. მაგრამ, როგორც ცნობილია, სტალინი ანდრე ჟიდს პირისპირ სასაუბროდ არ შეხვედრია (თუმცა ერთად გამოჩნდნენ მავზოლეუმის ტრიბუნაზე და საჯაროდ მიმართეს შეკრებილებს), სავარაუდო მიზეზებს შორის სწორედ მის სექსუალურ ორიენტაციასაც ასახელებენ (Дейвид-Фокс: 225).
1936 წელს ცეკას კულტურულ-საგანმანათლებლო განყოფილების უფროსის მოადგილემ კრემლში წარადგინა მოხსენება, რომ ანდრე ჟიდმა უკვე გამოაქვეყნა გაზეთ „ვანდრედში“ თავისი წიგნის წინასიტყვაობა. ფუნქციონერი ციტირებდა ჟიდის ფრაზას: „ხომ არ შემეშალა თავიდან? ის, ვინც ადევნებდა თვალყურს სსრკ ევოლუციას, ბოლო წელზე მეტია, დასვამს კითხვას – მე შევიცვალე თუ სსრკ? ხოლო სსრკ-ს ქვეშ იგულისხმებს იმას, ვინც მას ხელმძღვანელობს“ (Харитонова: 189). ბუნებრივია, მსგავსმა პასაჟმა სტალინის მყისიერი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჟიდის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური კამპანია სრულიად საბჭოთა კავშირში, მიუხედავად იმისა, რომ მკითხველებისათვის თავად ჟიდის ნარკვევი ხელმიუწვდომელი იყო. პირველი მერცხალი იყო გაზეთ „პრავდაში“ დაბეჭდილი სტატია „ანდრე ჟიდის სიცილი და ცრემლები“ (Смех и слезы Андрэ Жида) (Правда: 4). მას მოჰყვა „ლიტერატურული გაზეთი“ 1936 წლის 6 დეკემბერის სტატიით „სად დაბრუნდა ანდრე ჟიდი სსრკ-დან?“ (Куда Андрэ Жид возвратился из СССР), რომელშიც ასე შეფასდა „სკანდალურად“ შერაცხული წიგნი": „ცრემლმორეული, გაორებული ჟიდის წიგნუკამ წარმოაჩინა იგი როგორც სუსტი, არამდგრადი, შეზღუდული და უბადრუკი პიროვნება. შესაძლოა, მან დაწერა ანტისაბჭოთა პასკვილი ჩვენი სასტიკი მტრების - ტროცკისტულ-ფაშისტური ბანდის ფრანგული ფილიალის გავლენით და თავისი „ინდივიდუალისტური“ სინდისის დასამშვიდებლად, ბებერი ცინიკოსის ცრემლები ღვარა. მით უარესი, კიდევ უფრო საზარელია მთელი ეს ტყუილის კორიანტელი (Литературная газета: 6).“
ჟიდის წიგნების გამოცემა აიკრძალა, უკვე არსებულები ამოიღეს ბიბლიოთეკებიდან. ერენბურგის წიგნიდან „წიგნები ზრდასრულთათვის“ (Книга для взрослых) ამოაგდეს პათეტიკური აბზაცი ანდრე ჟიდზე. სტალინის იმდროინდელ ფავორიტ სპარსელ პოეტს, ლახუტის, დაევალა მეორე სტატიის დაწერა ჟიდზე (პირველ სტატიაში მას ადიდებდა). ჟიდს კიცხავდნენ მისი დასავლელი კოლეგები – ფოიხტვანგერი და როლანი (Фрезинский: 252).
13 დეკემბერს თავისი დასკვნა კრემლში წარადგინა ა. აროსიევმა (კულტურული კავშირების საკავშირო საზოგადოების (ВОКС) თავმჯდომარემ), რომელმაც არ დაახანა და დაადანაშაულა თავისი კონკურენტები სსრკ-ს საზღვარგარეთული კომისიიდან. აროსიევი აღნიშნავდა, რომ იგი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ჟიდის საბჭოთა კავშირში ვიზიტს. ჟიდის განდგომის მიზეზებს შორის იგი პირველხარისხოვნად გამოყოფდა მის პიროვნულ არაპრინციპულობას და მერყევ ხასიათს, ვიზიტის ორგანიზების თავისებურებებს და აგრეთვე ჟიდის მჭიდრო ურთიერთობას ისეთ ანტისაბჭოურად განწყობილ მწერლებთან, როგორიც იყვნენ პასტერნაკი და პილნიაკი. აროსიევი მიუთითებდა საჭიროებაზე, რომ გაკეთებულიყო ადეკვატური, სათანადო დასკვნები და მოხსენებას ასრულებდა მოსაზრებით, რომ საჭირო იყო გაცილებით მკაცრი კონტროლის დაწესება „ცნობილი უცხოელების“ მოპატიჟებისას. მალე ასეთი კონტროლი მართლაც დაწესდა (Харитонова: 191).
1937 წლის 21 მარტის ესპანეთის მწერალთა ანტიფაშისტური კონგრესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ანდრე ჟიდის კომპრომეტირება და წიგნში აღწერილი ფაქტების უარყოფა იყო. თითქმის ყველა საბჭოელი დელეგატი თავის გამოსვლაში გმობდა და კიცხავდა „რენეგატ ჟიდს“. საბჭოთა დელეგაციის ზეწოლის მიუხედავად, უცხოელი მწერლებიდან მხოლოდ ესპანელმა ხოსე ბარგამინმა განაცხადა: „ანდრე ჟიდის წიგნი თავისთავად უმნიშვნელოა, მაგრამ ის ფაქტი, რომ იგი გამოჩნდა იმ დღეებში, როდესაც ფაშისტები ცხრილავენ მადრიდს, მას ტრაგიკულ მნიშვნელოვნებას ანიჭებს... ესაა უსამართლო და უღირსი თავდასხმა საბჭოთა კავშირსა და საბჭოთა მწერლებზე. ეს არაა კრიტიკა, ეს სიცრუეა. რუსი და ესპანელი ხალხი სოლიდარობითაა ცნობილი მძიმე გამოცდების დღეებში. დაე, მდუმარება მივაგოთ ამ წიგნის ავტორის უღირს ქცევას“ (Фрадкин: 235). საბჭოეთის ზეწოლა გამოწვეული იყო იმითაც, რომ ესპანეთში ჟიდის გაკიცხვას რეზონანსი მოჰყვებოდა ლათინურ ამერიკაში, სადაც იმ დროს იმყოფებოდა ტროცკი (და, სავარაუდოდ, ჟიდის წიგნს საბჭოთა კავშირის და სტალინის გაკიცხვაზე აქტიურად ავრცელებდა - რედ.), სწორედ ლათინური ამერიკიდან იყო მოსალოდნელი „ტროცკისტული კონტრრევოლუციის“ საშიშროება, რაც სტალინს ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ მიაჩნდა. შესაბამისად, ჟიდის წიგნის გამოსვლა და მასზე რეაგირება კრემლისათვის საკუთარი საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და ტროცკიზმ-სტალინიზმის დაპირისპირების ისტორიაში კიდევ ერთ ეტაპად შეიძლება განვიხილოთ.
ჟიდის საწინააღმდეგოდ აბობოქრებულ მსვლელობას მისი მხრიდანაც მოჰყვა ბუნებრივი საპასუხო რეაქცია და მან 1937 წლის ივნისში გამოაქვეყნა „შესწორებები“, სადაც ის ფაქტები და ინტერპრეტაციებიც გამოამზეურა, რომლებზეც თავის წიგნში „დაბრუნება სსრკ-დან“, თავი შეიკავა. „შესწორებები“ კიდევ უფრო მწვავე და კრიტიკული აღმოჩნდა: „სტალინს ეშინია მხოლოდ იმათი, ვინც პატიოსანია და მოუსყიდველი... მალე სტალინი გახდება ყოველთვის მართალი, იმიტომ რომ მის გარშემო აღარ იარსებებენ ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ იდეები. ესაა დესპოტიზმის თავისებურება - ტირანი იახლოვებს არა მოაზროვნე ადამიანებს, არამედ — ქვემძრომებს“ (Фрезинский: 253).
საბჭოთა დამხვდურებმა იცოდნენ, რომ ანტიბურჟუაზიული სულისკვეთებით გამსჭვალულ ანდრე ჟიდს არ უყვარდა წინასწარ დაგეგმილი ოფიციოზი, შესაბამისად, ვიზიტი წინასწარ განჭვრეტილი სპონტანურობით დაგეგმეს, რამაც მაინც არ გაამართლა. თითქმის ორთვენახევრიანი ვიზიტისას, 1936 წლის 16 ივნისიდან - 24 აგვისტომდე, დაიგეგმა მთელი კამპანია ჟიდის შემოქმედების საბჭოთა მოსახლეობაში „პოპულარიზაციის“ მიზნით: მაგალითად, დაიბეჭდა 300.000 ცალი ღია ბარათი მისი გამოსახულებით, რამაც ჟიდის აღშფოთება გამოიწვია. მაღალი პარტიული წოდების ჩინოვნიკების მონაწილეობით გამართულმა ბანკეტების, მიღებების, შეხვედრების უწყვეტმა ჯაჭვმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ჟიდი, რომ სსრკ-ში კონფორმიზმი და წვრილბურჟუაზიული სულისკვეთება საბოლოოდ აღორძინდა. შინსახკომის წარმომადგენლები მუდმივ თანამგზავრობას უწევდნენ ჟიდსა და მის თანმხლებ პირებს, რაც ფრანგებისთვის ტოტალიტარიზმის კიდევ ერთი ნათელი სიგნალი იქნებოდა. მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ადგილებში გატარებული პირველი თვის შემდეგ, დადგა ბელადის სამშობლოს ჯერიც...
ანდრე ჟიდის საქართველოში ვოიაჟი დეტალურადაა აღწერილი იმდროინდელ ქართულ პრესაში. ვიზიტს გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“, რომელსაც დონალდ რეიფილდი „ბერიას რუპორად“ მოიხსენიებს (რეიფილდი: 337), 1936 წლის 31 ივლისის თითქმის მთელი ნომერი დაეთმო. გამოცემა იუწყებოდა, რომ 16 ივლისს, ანდრე ჟიდს და მის თანმხლებ პირებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს ძერჟინსკის სახელობის კლუბში (მდებარეობდა ბესიკის ქუჩაზე №4 ნომერში). გახსნითი სიტყვა ფრანგულად წარმოთქვა არისტო ჭუმბაძემ: „შეეხო რა მოკლედ ცარიზმისა და მენშევიკების მიერ გაპარტახებულ საქართველოს წარსულს, ამხ. ა. ჭუმბაძემ სტუმრებს მოუთხრო საქართველოს სამეურნეო და კულტურული წინსვლის, მისი აყვავების შესახებ, რომელსაც ჩვენი რესპუბლიკის მშრომელებმა მიაღწიეს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, დიდი სტალინის ბრძნულ მითითებათა საფუძველზე.“
„-დაჰყოფთ რა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე დღეს, თქვენ ნახავთ ჩვენს წარმატებებს, ჩვენს ბედნიერ საამურ ცხოვრებას. თქვენ დარწმუნდებით, აგრეთვე, რომ ყოველი ქართველი მწერალი, ხელოვნების ყოველი მუშაკი პარტიის პირველ მოწოდებისთანავე მზად არის, მოჰკიდოს ხელი იარაღს სოციალისტური სამშობლოს დასაცავად“ (ლიტ. საქართველო: 1).
საქართველოს ეროვნული არქივის მწერალთა კავშირის ფონდში დაცული რამდენიმე დოკუმენტი ანდრე ჟიდის სტუმრობასთან დაკავშირებით: ერთ-ერთია მოსაწვევი ბარათი, რომელშიც მოკლედ იყო აღწერილი შეხვედრის პროგრამა.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის ფონდი, №8, აღწერა №1, საქმე № 544, გვ. 7.
მეორე დოკუმენტი არის წერილი, რომელსაც საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის თავმჯდომარე, თათარიშვილი და კავშირის ადმინისტრაციულ-ფინანსური ნაწილის გამგე, ჯაჯანაშვილი 1936 წლის 3 აგვისტოს აგზავნიან საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, ბერიას სახელზე. წერილში თათარიშვილი ითხოვს იმ კონცერტის თანხის ანაზღაურებას ესტრადის კოლექტივების სახელმწიფო ფილარმონიული თეატრისთვის (Гофилэкт - Государственный филармонический театр эстрадных коллективов), რომელიც ბერიას ინიციატივით მოუწყვეს ანდრე ჟიდს. იქვე თათარიშვილი მას ახსენებს დაპირებას, რომლის თანახმად კონცერტის თანხას ამიერკავკასიის ფინანსთა სახალხო კომისარიატი (Закнаркомфин) გადაიხდიდა და აღნიშნავს, რომ კონცერტის მონაწილეები პრეტენზიებით მიმართავენ მწერალთა კავშირს, მათ კი ვალის დასაფარი არანაირი თანხა არ გააჩნიათ. წერილიდან ვიგებთ, რომ ანდრე ჟიდისთვის კონცერტი გამართა კირილე პაჭკორიას აკადემიურმა ქორომ.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის ფონდი, №8, აღწერა №1, საქმე № 544, გვ. 8.
ანდრე ჟიდის ვოიაჟი ტრადიციულად გაგრძელდა: 18 ივლისიდან მან მოიარა კახეთი - თელავი, წინანდალი, სიღნაღი. დღის წესრიგი ყველგან მსგავსი იყო: შეხვედრები კოლმეურნეებთან და გლეხებთან, გრძელი და დამღლელი სიტყვით გამოსვლები და, რა თქმა უნდა, კახური ღვინო. საგაზეთო სტატიები ჟიდის კახეთში ვოიაჟის შესახებ სავსეა პროპაგანდით, საბჭოთა ქვეყნის დიდებით და ხანდახან ჟიდის მშობლიური საფრანგეთის (სადაც კომუნიზმს ჯერ არ გაემარჯვა - ავტ.) კრიტიკითაც: „კოლმეურნეებმა მწერალს აცნობეს, რომ ჩვენ გვრჩება დრო სასპორტო ვარჯიშებისთვისაც, ხშირად ვაწყობთ ფეხბურთს, კალათბურთს, დიდი გატაცებაა, აგრეთვე, ჩვენ შორის ჭადრაკითაც. - ჭადრაკზე ჩვენ გლეხებს წარმოდგენაც კი არა აქვთ, - სთქვა ანდრე ჟიდმა“ (ლიტ. საქართველო: 1).
კახეთში ჟიდი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღით დარჩა, რადგან შემდეგ ცნობას ლიტერატურული საქართველო გვაწვდის მის ვიზიტზე ქ. გორში, რომელიც 24 ივლისს შედგა. რა თქმა უნდა, ის მიიყვანეს სტალინის დაბადების ადგილას (ჯერ დიდი მუზეუმი გორში არ აშენებულიყო - რედ.), რის შემდეგაც გორიდანვე ანდრე ჟიდმა სტალინთან გააგზავნა დეპეშა და აღფრთოვანება გამოთქვა ბელადის სამშობლოში მიღებული შთაბეჭდილებებით. იმავე საღამოს ანდრე ჟიდი ესტუმრა სტალინირს (ცხინვალი), ხოლო შემდგომ ჯერ ბორჯომში გაჩერდა, საიდანაც აჭარაში გაემგზავრა. სოხუმში გამგზავრებამდე ანდრე ჟიდმა პრესის წარმომადგენლებს განუცხადა: „ჩემი შთაბეჭდილება იმდენად მრავალი, იმდენად მშვენიერი, მკაფიო და ფერადოვანია, რომ დროის გარკვეული პერიოდია საჭირო, რომ მასში გავერკვე და ნათლად გამოვთქვა განცდილი, მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ დასათვალიერებელი მაქვს საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ნაწილი - აფხაზეთი“ (ლიტ. საქართველო: 1).
სოხუმში ანდრე ჟიდს ახლდნენ მწერლები: ტიციან ტაბიძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე და მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი - დავით დემეტრაძე. „ლიტერატურული საქართველოს“ თანახმად, ჟიდის მწერლებთან საუბარი ძირითადად შეეხებოდა თანამედროვე ქართველი მწერლების თარგმნას და საფრანგეთში გამოცემას, რაზეც ფრანგმა სტუმრებმა უხვი დაპირებები გასცეს. თავის მხრივ, საქართველოს მწერალთა კავშირმა პირობა დადო, შეედგინა გამოცემის გეგმა, სათარგმნად შეერჩია საუკეთესო ნაწარმოებები, რა დროსაც გამოიყენებდა რუსი ავტორების, ქართული პოეზიის მთარგმნელების – პასტერნაკის, ტიხონოვის და ანატოლსკის გამოცდილება. საუბარი შეეხო პეტერბურგის არქივებში აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ პროზაულ თარგმანს, გაიცა სხვა არაერთი ორმხრივი დაპირება (ლიტ. საქართველო: 2).
იმ პერიოდის გაზეთების პირველ გვერდებზე აქტიურად ქვეყნდებოდა ძერჟინსკის სახელობის კლუბში ანდრე ჟიდის მიერ წარმოთქმული სიტყვა და მისი პირადი წერილი ამხ. ლავრენტი ბერიასადმი:
წყარო: ლიტერატურული საქართველო, №12, 31 ივლისი 1936 წ.
თუმცა, ჟიდის მიმართ პათეტიკა რადიკალურად შეიცვალა დეკემბერში, მას შემდეგ, რაც „ავადსახსენებელი“ წიგნი გამოქვეყნდა და ცნობამ საქართველომდეც ჩამოაღწია. პაოლო იაშვილის ლექსის გარდა, გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა ვალერიან მგალობლიშვილის სტატია - „იუდას ამბორი“: [ანდრე ჟიდის ცილისწამება სსრ კავშირზე] (№287, დეკემბერი 1936), იგივე სტატია გადაიბეჭდა გაზეთში „საბჭოთა აჭარა“, (№289, დეკემბერი, 1936). გარდა ამ სტატიებისა, ითარგმნა და „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა „პრავდას“ სტატია - „ანდრე ჟიდის სიცილი და ცრემლები“.
წიგნის გამოქვეყნებამ რეზონანსი ჰპოვა ევროპაში საქართველოს ემიგრაციაშიც: ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს დევნილი მთავრობის პარტიული კომიტეტის ცენტრალური ბეჭდვითი ორგანო - გაზეთი „ბრძოლის ხმა“ 1936 წლის დეკემბრის ნომერში: „...ანდრე ჟიდი ყოველ მოხერხებულ შემთხვევის დროს თავის ავტორიტეტულ ხმას იმაღლებდა საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ და მისი ერთ-ერთი საუკეთესო დამცველთაგანი იყო. ბოლშევიკებიც დიდად აფასებდნენ მის მეგობრობას და ქება დიდებით იხსენიებდნენ მის სახელს.“ ამის შემდეგ, გაზეთში მოყვანილია რამდენიმე პასაჟი ანდრე ჟიდის გამოქვეყნებული წიგნიდან, სტატიაში უკვე ნახსენები - „ერთ რუსს რომ ესაუბრები, შენ თითქოს ყველა მათგანს ესაუბრები“, ასევე თარგმნილი იყო ის პასაჟები, სადაც ჟიდი აღწერდა ადამიანთა ცხოვრებას: „მშვენიერი თავლა, საუცხოო სადგომი, სამაგალითო საღორე და უკანასკნელი მიღწევის საქათმე. თითოეულ ქათამს ფეხზე თავისი ნომერი აქვს შებმული, აქვს თავისი საკუთარი კვერცხის დასადები ბუდე, ყოველი დადებული კვერცხი რეგისტრატურაში ტარდება. მაგრამ თუ გადააბიჯებთ მოსაზღვრე ღელეს, დაინახავთ ჩამწკრივებულ საძაგელ ქოხებს; თითო თვალში, რომლის სიგრძე ორ მეტრნახევარია, ხოლო განი ორი მეტრი, ბინადრობს ოთხი სული... „სოვხოზის“ სასადილოში სადილობა ღირს ორი მანეთი, რაც სრულად ხელმიუწვდომელია იმათთვის, ვინც თვეში 75 მან. იღებენ; ესენი იძულებული არიან დაკმაყოფილდნენ მარტო პურით ან გამხმარი თევზით“ (ბრძოლის ხმა: 6).
ანდრე ჟიდის ვიზიტის შემდეგ თითქმის ყველა, ვინც მის ირგვლივ იმყოფებოდა, რეპრესიებს შეეწირა. სამი დიდი მწერალი, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და პაოლო იაშვილი (ირიბად) სტალინურ ტერორს ემსხვერპლნენ. დახვრიტეს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი, დავით დემეტრაძე (წყარო ინტერნეტიდან №2). ეს უკანასკნელი, 1937 წლის 28 ივლისს, „საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პარტ-ჯგუფისა და პარტ-ორგანიზაციის გაერთიანებულ სხდომას“ თავმჯდომარეობდა, რომელმაც ერთ-ერთ პუნქტად დაადგინა: „ამხ. დემეტრაძის განცხადება ხალხის მტრის პავლე იაშვილის პროვოკაციულად ჩადენილი თვითმკვლელობის შესახებ მიღებულ იქნას ცნობად, პარტ-ჯგუფი და პარტ-ორგანიზაცია აღნიშნავენ, რომ გამომჟღავნებული ხალხის მტერი პავლე იაშვილი გაექცა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. ამ პროვოკაციული აქტის საპასუხოდ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობა კიდევ უფრო გაამახვილებს კლასობრივ სიფხიზლეს, რათა ბოლომდე გამომჟღავნებულ იქნენ პ.იაშვილის მსგავსი გაიძვერები, რომელნიც შესაძლებელია საბჭოთა მწერლის ნიღაბით ჯერ კიდევ იმყოფებიან ჩვენს რიგებში“. ამავე სხდომაზე დავით დემეტრაძემ დააყენა საკითხი, შეემოწმებინათ მწერალთა კავშირის წევრები, რათა გამორკვეულიყო მათი „პოლიტიკურ-შემოქმედებითი“ სახე. (საქართველოს შსს არქივი, პარტარქივის ფონდი №897, აღწერა №1, საქმე №1, ფურც. 73.)
წყარო: საქართველოს შსს არქივი, პარტარქივის ფონდი №897, აღწერა №1, საქმე №1, ფურც. 73.
საქართველოს სსრ შინსახკომის სამეულის სხდომის ოქმი, რომლითაც დავით გიორგის ძე დემეტრაძეს მიუსაჯეს დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. დაცულია საქართველოს შსს არქივში.
დახვრიტეს აკაკი სამსონის ძე თათარიშვილიც, პარტიული ფუნქციონერი, რომელიც სხვადასხვა დროს უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა: იყო სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს განათლების სახალხო კომისარი, ფინანსთა სახალხო კომისარი და ა.შ. 1937 წელს თათარიშვილს ბრალად დასდეს, რომ „იყო საქართველოს მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული და მავნებლურ-დივერსიული ორგანიზაციის წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ორგანიზაციის ცენტრის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას საფინანსო მეურნეობისა და კულტურული ფრონტის სფეროში. ხელმძღვანელობდა მავნებლურ კ/რ საქმიანობას ახალგაზრდებსა და მწერლებს შორის.“ და იმავე წლის 14 ნოემბერს დახვრიტეს. რთული სათქმელია თათარიშვილის რეპრესირების მიზეზი 1936 წლის 3 აგვისტოს, ბერიასათვის მკვახე ტონით მიწერილი წერილი იყო თუ არა, თუმცა შესაძლოა ამასაც თავისი წვლილი შეეტანა მის რეპრესიაში.
საქართველოს სსრ შინსახკომის სამეულის სხდომის ოქმი, რომლითაც აკაკი სამსონის ძე თათარიშვილს მიუსაჯეს დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. დაცულია საქართველოს შსს არქივში.
რთულია, ანდრე ჟიდის ვიზიტი და საფრანგეთში გამოქვეყნებული წიგნი პირდაპირ დავუკავშიროთ ამ ადამიანების რეპრესიებს, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს და პირადად ბერიას რენომე „საბჭოთა კავშირიდან დაბრუნებამ“ საგრძნობლად შელახა. ჟიდმა თავის ნაწარმოებში სოციალისტური რეალობისგან განსხვავებული საქართველო წარმოაჩინა, ადგილი, სადაც „ცხენებ-ღორებ-ქათმებისთვის ტექნიკის უკანასკნელი სიტყვის თანახმად აგებული სასახლეებია, ხოლო ადამიანები შერეკილია ისეთ ქოხებში, რომლებიც კულტურულ ქვეყნებში საღორეებადაც კი არ გამოდგებიან.“ (ბრძოლის ხმა: 6). შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ყველა იმ ადამიანის მუშაობა, ვინც ჟიდის ირგვლივ ტრიალებდა და მწერალს უფლება მისცა, „დაენახა“ რეალობა, არასახარბიელოდ შეფასდებოდა საქართველოს სსრ პარტიული ხელმძღვანელობის თვალში.
საქ. მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი - რეპრესირებული დავით დემეტრაძე (ზის, მარჯვნიდან პირველი). (წყარო ინტერნეტიდან №3)
აკაკი თათარიშვილი. (წყარო ინტერნეტიდან №4)
მწერლების რეპრესიებს პირდაპირ უკავშირებს ანდრე ჟიდის ვიზიტს დონალდ რეიფილდი თავის წიგნში „სტალინი და მისი ჯალათები“: „1936 წელს ქართველი მწერლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ანდრე ჟიდის მასპინძლობაში, როცა ის ფრანგ კომუნისტთა ჯგუფთან ერთად თბილისს, წყალტუბოს და სოხუმს ეწვია. მწერლებს, რომლებიც უხვი სუფრით და არანაკლებ უხვი ქება-დიდებით დახვდნენ ჟიდს, ფაშიზმის აგენტობაში დასდეს ბრალი, როცა ჟიდმა თავისი თავაზიანი, მაგრამ გამანადგურებელი ანტისაბჭოთა კრიტიკა, „დაბრუნება სსრკ-დან“ გამოაქვეყნა. საქართველოს საუკეთესო პროზაიკოსმა, მიხეილ ჯავახიშვილმა საკუთარი თავი სასიკვდილოდ გაწირა ერთი ფრაზით: „ანდრე ჟიდს კარგი იდეებიც აქვს“. ამ სიტყვების უკან წაღება გვიანი იყო. პაოლო იაშვილმა აღიარა, რომ სტუმრად მყოფი სახელოვანი ადამიანების მასპინძლობა და პირმოთნეობა მისი უკურნებელი სენი იყო და დაწერა ლექსი „ანდრე ჟიდს – მოღალატეს“... მაგრამ ამაოდ. რაც უნდა ექნათ, ქართველი პოეტები თავს ვეღარ დაიხსნიდნენ იმ ჯოჯოხეთისგან, რაც მათ ბერიამ 1937 წლის მაისში მოუწყო“ (რეიფილდი: 337).
1936 წლის ბოლოდან ანდრე ჟიდის წინააღმდეგ აგორებული კამპანია თავისი მასშტაბებით მისი განდიდების კამპანიას გაუთანაბრდა. ჟიდის პერსონალური შეურაცხყოფა დიდი ტერორის დასაწყისში გავრცელებულ დოგმატს შეუსაბამეს, მტრების იდეოლოგიური დაგმობის დამკვიდრებულ ტრადიციებთან გაათანაბრეს. მთელ ამ კამპანიას ლაიტმოტივად გასდევდა იდეა, თუ როგორ შეიძლება კლასობრივი მეგობრის ნიღბის ქვეშ იმალებოდეს მტერი. თურმე, ჟიდი ყოველთვის ბურჟუა და „ტროცკისტ-ფაშისტი“ იყო. ამავდროულად, ყველა ბრალდება ჟიდის სექსუალურ ორიენტაციასთან კორელაციაშიც აღმოჩნდა. ბორის ლავრენოვი წერდა მწერლის „ავადმყოფურ და გარყვნილ გემოვნებაზე“, ილია ერენბურგმა კი ანდრე ჟიდი რამდენიმეჯერ მოიხსენია, როგორც „გაბოროტებული რენეგატი მოხუცი, შელახული სინდისით“. რა თქმა უნდა, ჟიდს არც საქართველოში დააკლეს, პაოლო იაშვილის ზიზღით და წყევლით გაჯერებული ლექსი, მგალობლიშვილის „იუდას ამბორი“ და ა.შ. ოფიციალურად ეხმიანებოდა პარტიულ ხაზს და იყო დავალების შესრულება, რომელიც მწერლებმა პარტიისგან მიიღეს.
დიდი ხნის მანძილზე ანდრე ჟიდი დაგმობილი და დაღდასმული იყო საბჭოთა კავშირში. პირველი, ვინც გაბედა და ხრუშჩოვის დათბობის პერიოდში ადამიანურად მოიხსენია ჟიდი, ისევ ილია ერენბურგი იყო, რომელმაც მას მიუძღვნა სტატია თავის მემუარებში: „ადამიანები, წლები, ცხოვრება“ (Люди, годы, жизнь). თუმცა, ჟიდის წიგნების, მით უმეტეს, „დაბრუნების“ ხელახალ გამოცემაზე, საუბარიც კი არ ყოფილა... და მხოლოდ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, 1990 წელს, ანდრე ჟიდის თხზულებამ კვლავ იხილა ნათელი საბჭოეთის სივრცეში (Фрезинский: 253).
დანართი
პავლე იაშვილი, „ანდრე ჟიდს - მოღალატეს“
ჩამოგატარეთ სამშობლო მხარე,
ლხინით დიდებით გმირობით სავსე.
შენ ნეტარების ცრემლები ღვარე
კახეთის კართან გომბორის მთაზე.
შენ წინანდალის მწიფე ზვარებში
იდექ ბარაქით გარემოცული.
შენ გახარებდა ქარის თარეში
კავკასიონის მთიდან მოსული.
ვიყავით შენთან კიდითი-კიდე
და ჩვენი ქვეყნის დიდებას ვწერდით,
შენ მავზოლეის კალთაზე იდექ
ჩვენი რჩეული გმირების გვერდით.
გორში გაჩვენეთ უკვდავი ქოხი,
სადაც დაირწო დიდი აკვანი...
შენ მორიდებით და ქუდის მოხდით
აქე სარდლებში_პირველთაგანი.
შენ შეჰხაროდი ბავშვების სიცილს,
დღეს ამ ბავშვების გულით წყეულო...
უშნოდ გამტეხო მეგობრულ ფიცის,
მოყიდულ კაცად გადაქცეულო.
ჩვენი ჰაერი შეგერგოს ცეცხლად,
შხამად შეგერგოს ეგ უზრდელობა...
გახსოვს ის კაცი, ოცდაათ ვერცხლად
რომ წამოიწყო შენი ხელობა.
შენ მისი ლანდი არ მოგცემს საშველს,
გულს დაბერებულს აგივსებს შხამით,
დღეს ის კაცი ხარ, მადრიდის ბავშვებს
რომ ანადგურებ დღისით და ღამით.
ვერაგ პირშავი ტროცკის ფინია,
თავის ბატონს რომ ადევნებია.
ნუღარც სიამით დაგიძინია,
ნურც სიხარულით გაგთენებია.
გამოწყვეტილო ტოლ-ამხანაგში
იწყე უკუღმა გზებით მგზავრობა.
ჩადექ დამტვერილ მტერთა ბანაკში
სიმღერის ნაცვლად_ლაზღანდარობა.
იწყე ყორნების, შავო მგოსანო,
მიხვალ გიტლერის ღია კარამდის,
იმის ბანდებში_პატიოსანო,
ჩემთვის წყეულო აწ და მარადის.
ლიტერატურა:
Сталин И.В., „О задачах хозяйственников: Речь на Первой Всесоюзной конференции работников социалистической промышленности“, 4 февраля 1931 г.
Фрадкин Виктор, Дело Кольцова, „Вагриус“, 2002 г.
Arthur Koestler; R. H. S. Crossman, The God that failed, New York : Bantam Books, 1949.
Tarek Heggy, Culture, Civilization, and Humanity, Taylor & Francis, 2003.
Андре Жид, „Возвращение из СССР“, Издательство политической литературы, 1990.
Харитонова Н.Ю., К истории публикации „Возвращение из СССР“ Андре Жида: Взгляд из Кремля, 2016.
Петрова Т.Г., Конгресс писателей в защиту культуры. (Париж, 1935) в оценке советской и эмигрантской критики, Текст научной статьи по специальности „История и археология“, 2011.
Майкл Дейвид-Фокс, Витрины великого эксперимента, „Новое литературное обозрение“, 2015.
Фрезинский Борис, Писатели и советские вожди, „Эллис Лак“, 2008.
დონალდ რეიფილდი, „სტალინი და მისი ჯალათები, „კადმოსი“, 2019. (ინგლისურიდან თარგმნა და რუსულ რედაქციას შეადარა ბელა წიფურიამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). ორიგინალური პუბლიკაცია: Donald Rayfield. Stalin and His Hangman. An Authoritative Portrait of a Tyrant and Those Who Served Him. New York: Viking, 2004.
საარქივო დოკუმენტები:
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის ფონდი, №8, აღწერა №1, საქმე № 544, გვ. 7 და 8.
საქართვლოს შსს არქივი, პარტარქივის ფონდი №897, აღწერა №1, საქმე №1, ფურც. 73.
საქართველოს შსს არქივი, დავით გიორგის ძე დემეტრაძის და აკაკი სამსონის ძე თათარიშვილის საქართველოს სსრ შინსახკომის სამეულის სხდომის ოქმები.
გაზეთები:
„Правда“. №332, 3 декабря, 1936.
„Литературная газета“, №68 (631), 6 декабря, 1936.
„ლიტერატურული საქართველო“, №12, 31 ივლისი, 1936.
„ბრძოლის ხმა“, №67, დეკემბერი, 1936.
წყაროები ინტერნეტიდან:
https://uglich-jj.livejournal.com/57401.html (ბოლოს ნანახია: 02.06.2021).
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=9803 (ბოლოს ნანახია: 02.06.2021).
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/111488 (ბოლოს ნანახია: 02.06.2021).
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/42993 (ბოლოს ნანახია: 02.06.2021).
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.