გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ინოვაციებისა და ტექნოლოგიის განვითარებამ, აღნიშნული კომპონენტი, ელექტრონული კომუნიკაციების გაუმჯობესებას გაუთანაბრა, განსაკუთრებით პანდემიის კონტექსტში, როდესაც Covid-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა ვითარებამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა სახელმწიფო სერვისების ელექტრონული მიწოდების საჭიროება.
მმართველობის პროცესში მოქალაქეთა არასაკმარისი ჩართულობის, აგრეთვე ანგარიშვალდებულების არსებული მექანიზმების სიმცირის გათვალისწინებით, ელექტრონული პეტიცია მოქალაქეთათვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ მობილიზებით, მოქალაქეები მთავრობის პრიორიტეტების განსაზღვრაში უშუალოდ იღებენ მონაწილეობას. პეტიციების არსებობა, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეხმარება საზოგადოების მიერ შემოთავაზებული ინიციატივებით იხელმძღვანელოს. ხოლო, მეორე მხრივ, მოქალაქეებს უჩნდებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობის საშუალება.
გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების გაძლიერება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს. OGP მიესალმება მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერების ნებისმიერ ინსტრუმენტს, მათ შორის ელექტრონულ პეტიციებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში პეტიციების ელექტრონული პორტალის ამოქმედება სწორედ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეორე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენდა და მის შესრულებაში, სხვა პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს მიუძღვის.
IDFI-იმ საზოგადოებრივი ჩართულობის პორტალის ირგვლივ ადვოკატირება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. საქართველოს ხელისუფლებამ ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მოქალაქის პორტალის - ichange.ge-ის შექმნის ვალდებულება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პირველივე სამოქმედო გეგმაში ასახა, თუმცა, პორტალი დაგეგმილ წელს არ შეიქმნა, ხოლო ვალდებულება შემდეგი წლების სამოქმედო გეგმაში (2014-2015) გადავიდა. შემდეგ წლებში მთავრობამ პორტალი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ (USAID GGI) მხარდაჭერით შექმნა და საბოლოოდ, 2017 წლის დეკემბერში საჯაროდ გაეშვა.
IDFI-ის ინიციატივით, 2017 წლის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ელექტრონული პეტიციის დანერგვის ვალდებულება აიღო თბილისის მერიამ. სამწუხაროდ, ვერც აღნიშნული ვალდებულების შესრულება მოხდა დაგეგმილი წლისთვის, თუმცა, მოგვიანებით, მერიამ ელექტრონული პორტალი “შენი იდეა ქალაქის მერს” აამოქმედა, რომელიც დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტების საერთო ელექტრონული პორტალის - www.idea.municipal.gov.ge-ის ფარგლებში.
გარდა ამისა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული პლატფორმის ამოქმედებასაც. პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ კანონპროექტის მხარდაჭერის მიზნით შეაგროვონ ელექტრონული ხელმოწერები, აგრეთვე ელექტრონული პეტიციით მიმართონ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.
საერთაშორისო დონეზე პეტიციის უფლება დეკლარირებულია, როგორც მოქალაქის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება. გარდა ცალკეული ქვეყნებისა, პეტიციის სისტემა ამოქმედებულია საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის დონეზეც. ევროპარლამენტის ელექტრონული პორტალის მეშვეობით პეტიციის ელექტრონული ფორმით განთავსება შეუძლია ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს, აგრეთვე ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მცხოვრებ პირებსა და იურიდიულ პირებს.
დიდ ბრიტანეთში არსებული პრაქტიკის თანახმად, ელექტრონულ პეტიციაზე მთავრობის ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა 10,000 ხელმოწერის შეგროვება, პარლამენტის მხრიდან კი საკითხი მინიმუმ 100,000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში განიხილება. ამ დრომდე, მთავრობას ოფიციალური პასუხი 339 პეტიციაზე აქვს გაცემული. პასუხები სრული სახით ხელმისაწვდომია პეტიციების პორტალზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის მიერ პეტიციის ხელმომწერთა მინიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 100,000-მდე, რაც 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეგროვდეს. ამასთან, ელექტრონული პეტიცია შესაბამისი ონლაინ პორტალის (We the People) საძიებო სისტემაში იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ ინიციატორი 30 დღის განმავლობაში მინიმუმ 150 ხელმოწერას შეაგროვებს. 100,000 ხელმოწერის შეგროვებიდან 60 დღის ვადაში პეტიციას მთავრობის ოფიციალური პასუხიც მოჰყვება.[1] აშშ-ში პეტიციების ინიცირებას არაერთი ცნობილი შემთხვევა უკავშირდება. მაგალითად, სამოქალაქო პატრულის წევრის, ჯორჯ ციმერმანის უდანაშაულოდ ცნობას, რომელმაც აფრო-ამერიკელი მოზარდი, ტრეივონ მარტინი იარაღის გასროლით მოკლა, ფართომასშტაბიანი გამოძიების დაწყების მოთხოვნით ელექტრონულ პეტიციის შექმნა მოჰყვა, რომელსაც ხელი ამერიკის 2.2 მილიონმა მოქალაქემ მოაწერა. მედიის მხრიდან აღნიშნულმა ფაქტმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, ხოლო საქმე, მისი რეზონანსულობიდან გამომდინარე, მოძრაობა „Black Lives Matter“-ის შექმნასაც კი დაედო საფუძვლად.
საინტერესოა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაგალითიც, სადაც საჯარო პეტიციების განთავსება, ფართო აუდიტორიისთვის მისი უკეთ გაცნობის მიზნით, პეტიციების ვებგვერდზე არსებულ სპეციალურ განყოფილებაში (პეტიციის ფორუმი) ხდება, სადაც ვებგვერდზე დარეგისტრირებულ მოქალაქეებს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებაც შეუძლიათ. პეტიციის ავტორი, რომლის მიერ ინიცირებული წინადადებაც 4 კვირის განმავლობაში 50,000 ხელმოწერას დააგროვებს, პარლამენტარების წინაშე, პეტიციის კომისიის სხდომაზე თავადვე წარადგენს მას. გარდა პეტიციის ინიცირების შესაძლებლობისა, სამთავრობო პორტალის გერმანული მოდელი ერთგვარ სადისკუსიო სივრცეს წარმოადგენს მოქალაქეებსა და პეტიციების კომიტეტს შორის. სწორედ ეს უკანასკნელია პასუხისმგებელი ბუნდესტაგს წარუდგინოს ის ინიციატივები/თხოვნები, რომლებსაც მოქალაქეები აჟღერებენ, მიუხედავად იმისა მოიპოვებს თუ არა ის ხმების განსაზღვრული რაოდენობას.
კვლავ საქართველოს კონტექსტს რომ დავუბრუნდეთ, მთავრობის წინაშე ელექტრონული პეტიციის ინიცირება www.ichange.gov.ge-ის მეშვეობით არის შესაძლებელი, და მასზე ხელმოწერის უფლება აქვს საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს. შინაარსობრივად, ელექტრონული პეტიცია მხოლოდ მთავრობის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებს ფარავს. 30 კალენდარული დღის ვადაში ხელმომწერთა შესაბამისი რაოდენობის შეგროვების შემდგომ, საზოგადოების მიერ დაყენებულ საკითხს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტთა კომისია განიხილავს და მხოლოდ მათი დასკვნის საფუძველზე შესაძლოა იქნას ის მთავრობის სხდომაზე განხილული. პეტიციის განსახილველად ხელმომწერთა საჭირო რაოდენობა თავდაპირველად 10,000-მდე განისაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული რაოდენობა 5,000-მდე შემცირდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ IDFI პროცესის დასაწყისშივე ადვოკატირებდა ხელმოწერათა მინიმალური ზღვრის 5,000-მდე განსაზღვრას, რაც იმ დროისათვის არ იქნა გათვალისწინებული. ორგანიზაცია მიესალმება უკანასკნელ ცვლილებას ხელმოწერათა რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, რომელმაც შესაძლოა მოქალაქეებში პეტიციების ინიცირების მოტივაცია და ონლაინ პორტალისადმი ინტერესი გაზარდოს.
სამთავრობო პორტალზე, ამ დრომდე, ხელმომწერთა საჭირო რაოდენობა მხოლოდ ერთმა პეტიციამ დააგროვა. შესაბამისად, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდა სპეციალური კომისიის მხრიდან მასზე ოფიციალური პასუხის გაცემაც. აღნიშნული გარემოება მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე მიუთითებს, რაც მთავრობის აქტიური მუშაობით უნდა მოხდეს. მაგალითისთვის, მოქალაქეებთან კომუნიკაციის დასამყარებლად ხელისუფლებას შეუძლია გამოიყენოს სოციალური ქსელები, ხოლო ინტერნეტ რეკლამის/ბანერის განთავსებაზე სამთავრობო ვებგვერდების მეშვეობით იზრუნოს. სწორედ აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენებამ შესაძლოა განაპირობოს პეტიციების პორტალის ირგვლივ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება. დღესდღეობით კი პეტიციების პორტალის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი 2018 წლის 19 ივლისით თარიღდება, ამასთან, არც ერთ სამთავრობო ვებგვერდზე არ არის განთავსებული ინტერნეტ რეკლამა/ბანერი www.ichange.gov.ge-ის შესახებ.
აღსანიშნავია ისიც, რომ www.ichange.gov.ge-ის ამოქმედების დღიდან (2017 წლის 22 დეკემბერი) დღემდე, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიას მოქალაქეების მიერ ინიცირებული პეტიციებისა თუ გაწეული საქმიანობის შესახებ არცერთი ანგარიში გამოუქვეყნებია. პორტალზე მოცემულია მხოლოდ სტატისტიკის ამსახველი გრაფიკული მონაცემები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
გრაფიკული გამოსახულებიდანაც ნათლად ჩანს, რომ პეტიციების განთავსებაზე უარის მოტივს ყველაზე ხშირად მისი თემატიკის საქართველოს მთავრობის კომპეტენციასთან შეუთავსებლობა წარმოადგენს. მას მოჰყვება დუბლირებული და ჩამოუყალიბებელი ან/და სახუმარო შინაარსის მქონე პეტიციათა კატეგორია. უარის მცირე ნაწილი მოდის პეტიციათა იმ კატეგორიაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, მოქალაქეთა მიერ ინიცირებული პეტიციები მეტწილად სოციალური საკითხებს ეხებოდა. პეტიციათა შედარებით მცირე რაოდენობა განათლების, ფინანსების, უსაფრთხოების, რეგიონალური განვითარებისა და ეკონომიკის საკითხებს ფარავს. ყველაზე მცირე რაოდენობით გამოირჩევა ინოვაციების, მეცნიერების, საგარეო პოლიტიკის, ენერგეტიკის, კულტურისა და სპორტის თემატიკის მქონე პეტიციები.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ამოქმედებულია შემდეგი სახის მექანიზმები: დასახლების საერთო კრება, პეტიცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისა და მერის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის შესაძლებლობა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან მოქალაქეთა მიღებისა და საჯარო შეხვედრების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პირობები შექმნან.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ უმთავრეს მექანიზმს სწორედ პეტიციის ინიცირების შესაძლებლობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ პეტიციის წარდგენის შესაძლებლობა ადგილობრივ დონეზე გაცილებით ადრე იქნა უზრუნველყოფილი, ვიდრე ცენტრალურ დონეზე. კოდექსის თანახმად, პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს, ასევე საერთო კრებას. პეტიციის შესაძლო შინაარსს კოდექსი შემდეგნაირად განმარტავს:
- ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;
- მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;
- მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.
აქვე ხაზი უნდა გაესვას შემდეგ გარემოებას. კოდექსი არ განსაზღვრავს პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს, თუმცა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანიჭებს უფლებამოსილებას, პეტიციის ირგვლივ დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, დადგენილების ფარგლებში, თავად განსაზღვროს პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი. მაგალითისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიღებული აქვს დადგენილება, რომელიც ნორმატიული აქტის პროექტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, ხელმომწერთა რაოდენობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0.5%-ით განსაზღვრავს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 2019-2020 წლებში ქვეყნის მასშტაბით არსებულ მუნიციპალურ ორგანოებში დარეგისტრირებული და განხილული პეტიციების რაოდენობით, აგრეთვე მათი შინაარსით დაინტერესდა. კვლევის პერიოდში ორგანიზაციას მოთხოვნილი ინფორმაცია 64-დან ჯამში 53-მა საკრებულომ მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ გავლენა იქონია პასუხების როგორც დროულად, ისე სრულად მიღებაზე. მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 53 საკრებულოდან 2019-2020 წლებშიპეტიცია მხოლოდ 9 მათგანში იქნა წარდგენილი. 7 მუნიციპალიტეტის შემთხვევაში პეტიციის წარდგენა მოხდა მატერიალური სახით, გამონაკლისს წარმოადგენს ბათუმისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც პეტიციის რეგისტრაცია ელექტრონულად, საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით განხორციელდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი საკრებულოს რეგლამენტით მხოლოდ 14 მუნიციპალიტეტის შემთხვევაშია განსაზღვრული, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული მექანიზმების წახალისების ნაკლებობაზე მიუთითებს.
კვლევის ფარგლებში მიღებული მონაცემების თანახმად, 2019-2020 წლებში 9 მუნიციპალიტეტის საკრებულოს მასშტაბით, ჯამში 25 პეტიცია დარეგისტრირდა, მათ შორის 13 ოზურგეთში, 2 ჩხოროწყუში, 2 ბათუმში, 2 ფოთში, 2 წალენჯიხაში 1 დუშეთში, 1 ახმეტაში, 1 ქედაში და 1 ჩოხატაურში.
გარკვეული ტენდენციები გამოიკვეთა პეტიციების შინაარსთან მიმართებით და აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში, მოქალაქეები ინფრასტრუქტურული/საორგანიზაციო ხასიათის წინადადებით მიმართავენ მუნიციპალურ ორგანოებს, ხოლო ნორმატიული აქტის პროექტის/პროექტის ძირითადი პრინციპების ინიცირების შემთხვევა საკვლევ პერიოდში არ გამოვლენილა. მაგალითის სახით წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
- მოქალაქეები ითხოვენ შშმ პირების გადაადგილებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხის განხილვას, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
- ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირებულ იქნა პეტიცია, პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობის მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ.
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსახლეობა მიმართავს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსაცდელის მოწყობასთან დაკავშირებით.
- ფოთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საკრებულოს მიმართავს უპატრონო ძაღლების კასტრაცია- სტერილიზაციის პრობლემის გადაჭრის შესახებ.
- ბათუმის მოსახლეობა საკრებულოს მიმართავს მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე აზარტული თამაშების რეკლამების განთავსების აკრძალვის მოთხოვნით.
IDFI-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების მიერ პეტიციით მოთხოვნილი საკითხის დაკმაყოფილება მიზანშეწონილად შვიდ შემთხვევაში იქნა მიჩნეული, ორ მათგანს უარი ეთქვა დაფინანსების არქონის გამო, ხოლო დარჩენილი პეტიციების შემთხვევაში პროცესი გრძელდება სამთავრობო/საკრებულოს კომისიის ან მერიის დონეზე.
კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების თანახმად, პეტიციის შინაარსის გათვალისწინებით, იგი შესაძლოა განსახილველად გადაეცეს მუნიციპალიტეტის მერს. IDFI აღნიშნული სტატისტიკითაც დაინტერესდა და 2019-2020 წლებში საკრებულოების მიერ მუნიციპალიტეტის მერიებში განსახილველად გადაგზავნილი პეტიციების შესახებ არსებული ინფორმაცია გამოითხოვა. ორგანიზაციამ პასუხი 64-დან 47 მერიის შემთხვევაში მიიღო, საიდანაც აღმოჩნდა, რომ საკრებულოს ბიუროს უფლებამოსილების შესაბამისად, პეტიციები ექვსი მუნიციპალიტეტის მერიის - ბათუმის, სენაკის, ფოთის, ოზურგეთის,[2] ახმეტის და ჩხოროწყუს შემთხვევაში იქნა გადაგზავნილი.
პეტიციების დაკმაყოფილების თაობაზე უარის მოტივი სენაკისა და ახმეტის მერიის შემთხვევაში დაფინანსების არქონითაა დასაბუთებული. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი, მერია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის სარეკლამო საშუალების მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსება, რადგან სარეკლამო საშუალებების გავრცელების შეზღუდვით შემცირებული შემოსავალი უარყოფითად აისახება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე. აღსანიშნავია ფოთის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემთხვევები, სადაც მოქალაქეების მიერ ინიცირებულ პეტიციებზე (ჯამში 4 პეტიცია) მათი დაკმაყოფილების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
2018 წლიდან თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ინიციატივების ონლაინ წარდგენის მექანიზმი ზოგიერთი მერიის დონეზეც ამოქმედდა. ელექტრონული პორტალი - შენი იდეა ქალაქის მერს - ამ ეტაპზე 10-მდე მუნიციპალიტეტის მერიას აერთიანებს. პორტალის მეშვეობით მოქალაქეს შეუძლია საკუთარი იდეა შესაბამის ვებგვერდზე დაარეგისტრიროს. დარეგისტრირებული იდეა პირველ ეტაპზე განიხილება პორტალის ადმინისტრატორის მიერ, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, იდეის ავტორს 15 დღე ეძლევა მის გამოსასწორებლად. არსებული წესების თანახმად, დარეგისტრირებულმა იდეამ 60 კალენდარული დღის განმავლობაში 2,500 ხმა უნდა დააგროვოს. ხმების საჭირო რაოდენობის დაგროვების შემდეგ, იდეა ეგზავნება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, ტერიტორიულ ორგანოს ან მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს, რესურსებისა და განხორციელების შესაძლებლობების მოძიების მიზნით, რაც საბოლოოდ მერს წარედგინება განსახილველად. შედეგი ოფიციალური პასუხის გაგზავნის გზით ეცნობება იდეის ავტორს, აგრეთვე განთავსდება ვებგვერდზე.
ამ დრომდე, თბილისის მერიამ 3 იდეის ირგვლივ მიიღო მისი განხორციელების გადაწყვეტილება, ხოლო მოქალაქეების მიერ შემოთავაზებული 21 იდეის განხორციელების შესაძლებლობას მერია ამ დრომდე განიხილავს. დანარჩენი 9 მუნიციპალიტეტის მერიის შემთხვევაში მოქალაქეების მხრიდან ელექტრონულ პორტალზე იდეები არ წარდგენილა, რაც მოსახლეობაში პლატფორმის შესახებ მასშტაბური ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოების აუცილებლობაზე მიუთითებს.
ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე პეტიციის, როგორც ჩართულობის მექანიზმის უზრუნველყოფის მიუხედავად, პრაქტიკამ აჩვენა, რომ იგი აქტიურად არ გამოიყენება მოქალაქეების მიერ ხელისუფლებისთვის საკუთარი მოსაზრებებისა და შეთავაზებების მისაწოდებლად. ამას რამდენიმე გარემოება განაპირობებს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, პეტიციების შესაგროვებლად დაწესებული მინიმალური ზღვარი საწყის ეტაპზე იყოს წამახალისებელი/დაბალი, რათა მისმა შედარებით მაღალმა ოდენობამ, პირიქით, არ დანერგოს ნიჰილისტური განწყობა აქტიურ მოქალაქეებში. უმნიშვნელოვანესია ასევე საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, რაშიც მოიაზრება წარდგენილი, ასევე, დაკმაყოფილებული პეტიციების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა, წარმატებული პეტიციების განხილვის პროცესის ღიაობა და საბოლოო გადაწყვეტილების დასაბუთება, ასევე, პეტიციების განხილვის პროცესის განჭვრეტადობა და მათი ზედმიწევნით მიყოლა შესაბამისი უწყებების მიერ. ეს ყოველივე უზრუნველყოფს მოქალაქეებში პეტიციების სისტემისადმი ნდობას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებით მოქალაქეების ინფორმირების გაზრდა მონაწილეობის სხვადასხვა მექანიზმების, მათ შორის პეტიციების წარდგენის უფლებისა და პროცედურების შესახებ, რაშიც აუცილებელია საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობა, ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობა.
პეტიციების, როგორც მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმის აქტიური გამოყენება გაზრდის და განამტკიცებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობას. როგორც დასაწყისში აღინიშნა, პროცესი ორმხრივი შედეგის მომტანია, რადგან წარმატებული პეტიციის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ენიჭებათ ლეგიტიმაცია, განახორცილონ უშუალოდ ხალხის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები. მოქალაქეებს კი ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
- ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე პეტიციების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მასშტაბური კამპანიების წარმოება;
- პეტიციების შესახებ არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვა და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების გაზრდა (მაგ.; წარდგენილი და გასული პეტიციების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა);
- პეტიციების ოფიციალურ პორტალებზე მოქალაქეთა სადისკუსიო ალტერნატიული სივრცეების (ფორუმის, Q&A, კონსულტაციის ან კომენტარების სექციის სახით) შექმნა, რაც პლატფორმებსს კიდევ უფრო დინამიურს გახდის. ეს გარემოება გასათვალისწინებელია მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც ახლა ნერგავენ პეტიციების ონლაინ სისტემებს;
- შესაბამის დაწესებულებებში წარდგენილი პეტიციების, აგრეთვე მათი განხილვის კუთხით გაწეული საქმიანობის შესახებ, წლიური ანგარიშების მომზადებისა და გამოქვეყნების პრაქტიკის დანერგვა;
- ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე დღის წესრიგში დადგეს პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენის წახალისება, რაც პეტიციების ონლაინ სისტემის დანერგვასთან ერთად, მოიცავს ხელმომწერთა რაოდენობის გონივრული ბარიერის დაწესებას, მარტივი ონლაინ ხელმოწერის პროცედურების არსებობას და ახლად დანერგილი სისტემის შესახებ მასშტაბური კამპანიების წარმოებას, ასევე, პეტიციების პორტალზე ყველა, მიმდინარე, უარყოფილი და გასული პეტიციების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას.
____
[1] 2016 წლის საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, ონლაინ პორტალის დაარსების დღიდან 5 წლის განმავლოში, მთავრობამ ოფიციალური პასუხი 227 პეტიციის შემთხვევაში გასცა
[2]ოზურგეთის საკრებულოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყებაში დარეგისტრირებული 13 პეტიციიდან 10 მათგანი განსახილველად გადაეგზავნა მუნიციპალიტეტის მერს, თუმცა მერიის მიერ პეტიციების განხილვის შედეგები IDFI-ისთვის დღემდე არ არის ცნობილი. დარჩენილი სამი პეტიციიდან ერთ-ერთმა ხმების საჭირო რაოდენობის დაგროვება ვერ შეძლო, ორ მათგანზე კი საკრებულოში მსჯელობენ.
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.