კორონავირუსის პანდემიის გავლენა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | აქტუალური თემები | სტატია 10 აპრილი 2020

ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ბევრ ქვეყანაში,მათ შორის, საქართველოში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პანდემია მთელს მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საქმიანობის შემაფერხებელი უმთავრესი ფაქტორი გახდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვირუსით დაინფიცირების პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფება. აღნიშნული, ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების პრევენციას, მეორე მხრივ კი, უამრავი ადამიანის პოტენციურ მოძალადესთან ერთ სივრცეში იზოლირებას უკავშირდება.

 

კრიზისების პერიოდში, მათ შორის, ეპიდემიის დროს, არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის ზრდის ტენდენცია. მიმდინარე პანდემიისას ოჯახში ძალადობის შემთხვევები გლობალურად ერთი მესამედით გაიზარდა (მაგალითად, საფრანგეთში ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინების რიცხვი კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30%-ით გაიზარდა, არგენტინაში - 25%-ით, კვიპროსში - 30%-ით, სინგაპურში - 33%-ით. გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა კანადაში, გერმანიაში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებშიც.). თითქმის ყველა ქვეყანაში გაიზარდა ძალადობის მსხვერპლი ქალების რიცხვიც. ძალადობის რისკს ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა გარემოება ამწვავებს, მაგალითად, პანდემიით გამოწვეული შიში, სტრესი, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, რაც მოძალადისთვის შესაძლოა მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს. ამასთან, მსხვერპლი უფრო მეტ დროს ატარებს ოჯახის მოძალადე წევრთან, რის გამოც, მისგან თავის დაღწევა რთულდება - მსხვერპლმა შესაძლოა ვერ მოახდინოს განმარტოება და, შესაბამისად, სამართალდამცავ უწყებაში დარეკვა.

 

თუმცა, სტატისტიკა პანდემიის გავრცელებამდეც ცხადყოფდა, რომ ოჯახური დანაშაული ისევე, როგორც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ყველა საზოგადოების უნივერსალურ რეალობას წარმოადგენს და მთელს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული კომპლექსური პრობლემაა, რომელსაც, სპეციფიკური ხასიათისა და სოციალური საშიშროების გათვალისწინებით, დამანგრეველი შედეგები მოყვება არა მხოლოდ დაზარალებულისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის. მსოფლიოს მასშტაბით ქალთა დაახლოებით ერთი მესამედი (35%) ერთხელ მაინც ყოფილა პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. სტატისტიკას კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის ის ფაქტი, რომ ამ ფორმის ძალადობას  ფარულობა ახასიათებს და დუმილის, სტიგმისა თუ სხვა ფაქტორის გამო, რიგ შემთხვევებში, არ მჟღავნდება.  2018 – 2019 წლებში საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაული ოჯახში ძალადობა იყო. ამ დანაშაულის მსხვერპლთა მნიშვნელოვან სეგმენტს კი (88%) სწორედ ქალები წარმოადგენდნენ.

 

საქართველოში, ამ ეტაპზე, არ გამოქვეყნებულა ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის შემთხვევათა სტატისტიკა.ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების პირობებში, არ შეინიშნება ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების ზრდა. თუმცა, მეორე მხრივ, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში მათ ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის იმაზე მეტმა ქალმა მიმართა, ვიდრე სხვა დროს. აღნიშნული, შესაძლოა, სწორედ იმ ფაქტით იყოს გამოწვეული, რომ მსხვერპლს მოძალადესთან ერთ სივრცეში უწევს ყოფნა, რის გამოც, ვერ ახერხებს სამართალდამცავ უწყებაში დარეკვას, თუმცა შესაძლებელია, მოახერხოს ალტერნატიული საშუალების, მაგალითად, სოციალური ქსელის გამოყენება. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება „112“ მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებით, რომელიც, ზარის განხორციელების გარდა, იძლევა ჩუმი გამოძახებისა და ოპერატორთან მიმოწერის შესაძლებლობას.

 

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც მთავრობის, ისე საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ სახის დანაშაულების პრევენციის მიზნით ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, არსებული სიტუაციის ანალიზი ისევე, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებები ცხადყოფს, რომ პროკურატურისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ამ კატეგორიის დანაშაულებზე ეფექტიანი და სრულყოფილი სისხლისსამართლებრივი დევნის  განხორციელება. 

 

საქართველოში პროკურორებისთვის სირთულეს წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულის შემთხვევებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირება. ხშირ შემთხვევაში ისინი არ არიან საკმარისად ინფორმირებულები გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირებასთან დაკავშირებით არსებული სტანდარტებისა და სპეციალური მიდგომების შესახებ, რაც, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების ხარვეზს, მეორე მხრივ კი, მსგავსი ტიპის დანაშაულების მსხვერპლთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს.  

 

ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით ერთ-ერთი მთავარი სირთულე უკავშირდება  ოჯახურ დანაშაულებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე სპეციალიზებულ პროკურორთა არასაკმარის რაოდენობას, რაც სპეციალიზებულ პროკურორთა გადატვირთულობას იწვევს. ერთი მხრივ, 2018 წელს ოჯახში ძალადობასა და ოჯახურ დანაშაულთა საქმეებზე გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციის წესის განსაზღვრამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო პროკურორთა საქმიანობის ხარისხის ამაღლებას. თუმცა, მეორე მხრივ, არ არსებობს პროკურორთა დატვირთულობის სრულყოფილი მონიტორინგის მექანიზმი, რაც უარყოფითად აისახება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ეფექტიანობაზე. 2019 წლისთვის ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით გადამზადებულია 193 პროკურორი, თუმცა, საქმეთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, სპეციალიზებულ პროკურორთა რაოდენობა არასაკმარისია. რიგ შემთხვევებში, პროკურორს უწევს არათუ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის ერთდროულად განხილვა, არამედ ერთმანეთის მიყოლებით ჩანიშნულ სასამართლო პროცესებზე გამოსვლა, რაც იწვევს სასამართლო სხდომის ერთი, ორი და მეტი საათის დაგვიანებით გამართვას. მსგავსი მოცემულობა აისახება ბრალდების მხარის მომზადების ხარისხზე და პროცესის გაჭიანურებას იწვევს. აღნიშნული კი, საბოლოოდ, მკაფიოდ უარყოფით გავლენას ახდენს როგორც პროცესის მიმდინარეობაზე, ისე ზოგადად, სისხლის სამართლის პროცესის წარმოების ხარისხზე. შესაბამისად, ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს სპეციალიზებულ პროკურორთა დატვირთულობის სრულყოფილი მონიტორინგის სისტემის შექმნა.

 

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ვირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი კრიზისი ნოყიერ ნიადაგს უქმნის ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას. ვირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით იზოლაციის დაცვისკენ მოწოდების პარალელურად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თავიდანვე ხაზგასმით აღინიშნა ძალადობის გაზრდილი რისკების შესახებ. ძალადობის ზრდის პრევენციის მიზნით ქვეყნებმა სხვადასხვა საპასუხო ღონისძიების განხორციელება დაიწყეს (მაგალითად, ავსტრალიამ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად გამოყო დამატებითი თანხები. თავშესაფართა გადატვირთულობის გამო, საფრანგეთმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ასევე უზრუნველყო ალტერნატიული საცხოვრებლები. ზოგიერთ ქვეყანაში მსხვერპლს შესაძლებლობა აქვს, რომ აფთიაქში კოდური სიტყვით შეატყობინოს დაწესებულების წარმომადგენელს ოჯახში ძალადობის შესახებ. სხვადასხვა ქვეყანამ, მართლმსაჯულების დაუყოვნებელი განხორციელების მიზნით დაიწყო დისტანციური სასამართლო პროცესების უზრუნველყოფა და ა.შ.). სასურველია, საქართველოშიც გატარდეს სპეციალური ღონისძიებები, რაც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირებას გაამარტივებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, IDFI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს საერთაშორისო გამოცდილება ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებები და ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია განსაზღვროს კოვიდ-19-ზე ეროვნული რეაგირების პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.

 

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პანდემიის პერიოდში ძალადობის მსხვერპლი არ დარჩეს სოციალური და ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე და ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მოხდეს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება.

 

IDFI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, დაიწყოს აქტიური ინფორმაციული კამპანია (მათ, შორის, უმცირესობების ენებზე) კარანტინის დროს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ასევე, აუცილებელია, ხელისუფლებამ გააკეთოს მკაფიო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობას მოყვება შესაბამისი რეაგირება.

 

 

მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება პანდემიის დროს ოჯახური დანაშაულის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულების ზრდისა და ძალადობის ფაქტებზე რეაგირების (მათ შორის, მსხვერპლისთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება/მიწოდება) მიმართულებით.

 

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რეციდივის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, მონიტორინგი განხორციელდეს მიმდინარე პერიოდში პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პატიმრებზე, რომელთა ისტორიაში ფიქსირდება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა.

 

ასევე მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების გაფართოების სტრატეგია და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს მსხვერპლთა ალტერნატიულ საცხოვრებელში განთავსება.

 

"კორონავირუსის პანდემიის გავლენა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე"

 

___

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023