სტატისტიკური ინფორმაცია პროკურატურის მიერ განხორციელებული ფარული მიყურადების შესახებ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 11 აგვისტო 2014

2014 წლის მარტის თვეში IDFI-მ შემოგთავაზათ ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის გასაჯაროების პრაქტიკა სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მაგალითზე. ხსენებულ  სტატიაში ჩვენს მიერ აღნიშნული იქნა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინსტიტუტის თებერვლის თვეში გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილზე,  რომელიც ეხებოდა 2012 - 2014 წლებში ფარული მიყურადების შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, სრულყოფილი პასუხის გასაცემად მოითხოვა ოთხ თვიანი ვადა (პროკურატურის მიერ საწყის ეტაპზე მოწოდებული იქნა მხოლოდ 2013 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში მთავარი პროკურატურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის კავშირგაბმულობის არხებიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შესახებ მიმართული შუამდგომლობების რაოდენობა, რამაც შეადგინა 18 შემთხვევა).

 

2014 წლის 12 ივლისს (4 თვის  გასვლის შემდგომ) IDFI-მ საქართველოს პროკურატურიდან დამატებით მიიღო მიყურადების შესახებ დანარჩენი პერიოდის სტატისტიკური მონაცემები. როგორც მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 96 შუამდგომლობით კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შესახებ და 2 შუამდგომლობით კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის თაობაზე.

 

 

საქართველოს პროკურატურიდან 2014 წლის თებერვლის თვეში მოთხოვნილი იქნა აგრეთვე 2005-2014 წლებში მოსამართლეების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით წარდგენილი  შუამდგომლობების რაოდენობა.  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით მოსამართლეებზე ფარული მიყურადება შეიძლება განხორციელდეს,  მხოლოდ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით საქართველოს მთავარი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.   2014 წლის 12 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით 2010 წლის 8 აპრილიდან 2013 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით მოსამართლეების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით საქართველო მთავარ პროკურატურას საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის არცერთი შუამდგომლობით არ მიუმართავს. დანარჩენი პერიოდის შესახებ ინფორმაცია სამწუხაროდ პროკურატურის მიერ არ იქნა მოწოდებული.

 

 

ანალოგიური შინაარსის მოთხოვნით IDFI-მ მიმართა აგრეთვე საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მათგან მიღებული პასუხის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მიერ ამგვარი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განცალკევებით აღრიცხვა არ ხორციელდება.

 


აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში IDFI-მ, ფორუმში მონაწილე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართა რეკომენდაციით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გარკვეული პერიოდულობით პროაქტიულად გამოქვეყნებულიყო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლომ, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურამ, გაითვალისწინა აღნიშნული რეკომენდაცია და 2014 წლის სექტემბრიდან აიღო ვალდებულება მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა.

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, სადაც მოქმედი კანონისგან განსხვავებით დასაშვებად მიჩნეულია, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას. მსგავსი ჩანაწერი, მნიშვნელოვნად ეწინააღდმეგება ღია მმართველობის პრინციპებს და ეჭქვეშ აყენებს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ საქმიანობას.

 

IDFI მიიჩნევს, რომ ფარული მიყურადების რაოდენობის შესახებ მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას მისი სტატისტიკური ხასიათიდან გამომდინარე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ“ არსებული სტატისტიკური მონაცემები არ იძლევა ინფორმაციას ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შინაარსის შესახებ და მისი გასაჯაროებით ვერ მოხდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების თაობაზე საიდუმლო მონაცემების იდენტიფიცირება. აღნიშნულს ადასტურებს დღევანდელი პრაქტიკა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ პარტნიორობა ღია მმართველობისათვის ინიციატივის ფარგლებში აღებული ვალდებულებაც.

 

შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტის ინიციატორებსა და უშუალოდ ბატონ ირაკლი სესიაშვილს, მოახდინონ კანონპროექტის იმ მუხლის კორექტირება რომლის მიხედვითაც დასაშვები ხდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევა, რადგან ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი საჯაროობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით და შეასუსტებს საზოგადოების კონტროლის მექანიზმებს ფარული მიყურადების საკითხებთან დაკავშირებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024