IDFI-ისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 7 აპრილი 2021

1 აპრილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში გამოქვეყნდა, რაც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობის, ამ მიმართულებებით სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის, გამოვლენილი გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

ანგარიში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მწვავე პრობლემას, რაც ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის არასაკმარის გარანტიებს უკავშირდება. საგამოძიებო მიმართულებით გასული წლის საქმიანობის ანგარიშმა ცხადყო, რამდენად პრობლემურია გამოძიების წარმოებისთვის ფუნქციური დამოუკიდებლობის არქონა და სხვა სახელმწიფო უწყებაზე მიჯაჭვულობა.

 

მაგალითისთვის, 1 საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პროკურატურას მიმართა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე, ვინაიდან შეკრებილი იყო მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიუთითებდა კონკრეტული პირის მიერ სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ჩადენაზე, თუმცა ეს წინადადება პროკურატურამ არ დააკმაყოფილა და გამომძიებელს წერილობითი მითითება მისცა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე. ინსპექტორის სამსახურის შეფასებით, ეს მითითება არათუ აფერხებდა, აჭიანურებდა კიდეც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.

 

პროკურატურის ჭარბი უფლებამოსილებები გამოძიების წარმოების პროცესში, ვერ უზრნველყოფს საგამოძიებო სამსახურის მხრიდან შეხედულებისამებრ გამოძიების წარმართვას და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას. საყურადღებოა, რომ ანგარიშის თანახმად, 2020 წელს პროკურორმა დანაშაულის კვალიფიკაცია შეცვალა 14 სისხლის სამართლის საქმეზე: აქედან 5-ზე - გამოძიების დაწყებისთანავე, ხოლო 9-ზე - გარკვეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შემდგომ. გამოძიების დაწყებისთანავე პროკურორის მიერ კვალიფიკაციის შეცვლა გამომძიებელს აიძულებს საქმე გამოიძიოს იმ კვალიფიკაციით, რომელსაც არ ეთანხმება, რამაც შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს გამოძიების შედეგებზე.

 

არაქმედითია საგამოძიებო სამსახურისთვის სხვა საგამოძიებო ორგანოებისგან განსხვავებული, დამატებითი უფლებამოსილების სახით მინიჭებული დასაბუთებული წინადადების ინსტიტუტიც, ვინაიდან საგამოძიებო უწყების წინადადებებს (საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დევნის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე) პროკურატურისთვის სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია, მისი განხილვა დროში გაჭიანურებულია, არ არსებობს წინადადებების არდაკმაყოფილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობაც.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემად რჩება ინსპექტორის სამსახურის შეზღუდული მანდატი, რომელიც არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე. ამავდროულად, სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში არ შედის სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული, რაც IDFI-ისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, სერიოზული გამოწვევაა. 

 

მოქმედი კანონმდებლობით, ინსპექტორის სამსახური არ არის უფლებამოსილი თავად უზრუნველყოს დაზარალებულის/მოწმის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება, რაც ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის სისტემაშიც დიდი ალბათობით მუშაობს უფლება დამრღვევი პირი, ვერ გამოდგება დაზარალებულის/მოწმის დაცვის სანდო გარანტად.

 

გარდა ამისა, გამომძიებელთა არასაკმარისი რაოდენობა, ასევე რეგიონული ოფისების ნაკლებობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. 

 

სამართალდამცავთა მიმართ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ამ მექანიზმის შექმნის აუცილებლობას წლების განმავლობაში ხაზს უსვამდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, აგრეთვე სახალხო დამცველის ოფისი. მიუხედავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საგამოძიებო მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, არსებული გამოწვევები და სირთულეები აისახება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ეფექტიან ფუნქციონირებაზე.

 

აქედან გამომდინარე, IDFI და სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერების მიზნით, არსებითად მნიშვნელოვანია:

 

- სწრაფი და ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით;

 

- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატის გაზრდა, რათა მის კომპეტენციაში მოექცეს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული;

 

- საგამოძიებო უწყების მანდატის გავრცელება შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთა შესაძლო დანაშაულებზე;

 

- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების უფლებამოსილების მინიჭება, რაც მსხვერპლის, მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის უსაფრთხოების დაცვის მყარ გარანტიებს უზრუნველყოფს;

 

- ინსპექტორის სამსახურის სათანადო მატერიალური და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024