განცხადება მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების შესაძლო გადაწევასთან დაკავშირებით

განცხადებები 1 დეკემბერი 2015

2013 4 ივლისს საქართველოს პარლმენტში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მოქმედი სისხლის სამართლის პროცესით განსაზღვრული მოწმის დაკითვის ახალი პროცედურების ამოქმედების ვადა გადაიწევს 2014 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მანამდე იმოქმედებს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურები. 


პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის სამწუხარო გარემოება, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო სექტორის ნაწილს დაუსრულებლად უწევს დისკუსია ხელისუფლებასთან მოწმის დაკითხვის ახალი წესის დაუყოვნებლივ ამოქმედების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.


1 დასანანია, თუმცა ფაქტია, რომ  ეს საკითხი კვლავ ამ ფორმით დადგა დღის წესრიგში. კიდევ უფრო გაუგებარი და სამწუხაროა ეს ფაქტი იმ ფონზე, რომ რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, 2013 წლის 18 იანვარს, სწორედ მოქმედი პარლამენტის გადაწყვეტილებით ცვლილება განხორციელდა სსსკ–ის 332–ე მუხლში და მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადამ 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე გადმოიწია. არსებული ვითარების გათვალისწინებით საჭიროდ ვთვლით კიდევ ერთხელ და მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი უცვლელი პოზიცია ამ თემაზე.


ნათელია, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ხარისხი მნიშვნელოვანწილად მხარეთა რეალურ თანასწორობაზეა დამოკიდებული. სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითობა კონსტიტუციით აღიარებულ პრინციპს წარმოადგენს, რომელიც საფუძვლად უდევს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მთელ რიგ დებულებებს. თუმცა, რეალური შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის მისაღწევად მხარეთათვის საპროცესო უფლებების თანაბრად უზრუნველყოფაა საჭირო.

საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი იცინიატივა ამ მიმართულებით მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს, რამეთუ დაკითხვის ძველი წესის, მოქმედების ვადის გაგრძელება ჩვენი შეფასებით არის სერიოზული დარტყმა შეჯიბრებითი სისხლის სამართლის პროცესისათვის. მოწმის დაკითხვის მოქმედი წესი დაცვის მხარეს ბრალდებასთან შედარებით მკვეთრად არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს, რითიც არღვევს მხარეთა თანასწორობისა და პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.


დღეს არსებული წესით, ბრალდების მხარეს აქვს უფლება გამოძიების ეტაპზე განახორციელოს დაკითხვა, რაც გულისხმობს მოწმის ვალდებულებას გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობას კი მოჰყვება მოწმის იძულებითი მიყვანა სამართალდამცველ ორგანოებში ან ჩვენების
მიცემაზე უარის თქმისთვის მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამის საპირისპიროდ, პირს არა აქვს ვალდებულება ჩვენება მისცეს დაცვის მხარეს, რაც მოწმეს აძლევს იმის უფლებას, რომ თავად გადაწყვიტოს მიაწოდოს თუ არა ადვოკატს მისთვის საჭირო ინფორმაცია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბრალდების მხარის უპირატესობა მხოლოდ მისთვის ჩვენების მიცემის ვალდებულებით არ შემოიფარგლება. დაცვის მხარის ინტერესებს აზიანებს ის ფაქტიც, რომ მას არა აქვს უფლება დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მოწმის დაკითხვის პროცესში, რაც მნიშვნელოვანი პროცესუალური უფლებაა.


მოქმედი წესისგან განსხვავებით მოწმის დაკითხვის ახალ წესი, რომელიც ამოქმედებას ელოდება, უზრუნველყოფს მოწმის დაკითხვას მხოლოდ სასამართლოში, მოსამართლის წინაშე. ამასთან, მოწმის დაკითხვის პროცესი მიმდინარეობს მხარეთა მონაწილეობა მიიღონ პროცესში, ისარგებლონ მნიშვნელოვანი პროცესუალური უფლებებით და დაიცვან ლეგიტიმური ინტერესები. მოწმის დაკითხვის ახალი წესი არამხოლოდ „შედარებით მაღალ სტანდარტს“ წარმოადგენს, როგორც ეს კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, არამედ არის უმნიშვნელოვანესი პროცესუალური გარანტია დაცვის მხარისთვის და ასევე მნიშვნელოვანი დაცვის მექანიზმი მოწმის ინტერესებისათვის.


საზოგადოებისთვის ცნობილია არაერთი გახმაურებეული საქმე, რომელიც ადასტურებს თუ როგორ არის შესაძლებელი ბრალდების მხარემ დაკითხვის სავალდებულო და სტრესული პროცესი გამოიყენოს მოწმეზე ზემოქმედებისათვის მისთვის სასარგებლო ჩვენების მისაღებად. ამავე დროს, სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას პირის მიერ გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენების გადათქმამ და გამოძიების ეტაპისგან განსხვავებული ჩვენების მიცემამ მოწმის მიმართ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრება.


სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს მთავრობა ამ კანონპროექტის განმარტებით ბარათში მიუთითებს, რომ კანონპროექტის მიზანია ბრალდებულის დაცვის უფლების გაძლიერება, რაც სრულიად აუხსნელია. სადავო არ არის, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების გადავადება პირველ რიგში სწორედ ბრალდებულს და მის დაცვის უფლებებს აზარალებს და ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო დაცვის მხარის გაძლიერებასთან. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ეს ცვლილება აუცილებელია, რადგან სამართალდამცავი ორგანოები ჯერ კიდევ არ არიან მზად ახალი ნორმების ამოქმედებისათვის და ჯერ კიდევ შესასწავლია თუ რა ტიპის დაკითხვის წესები უნდა ამოქმედდეს მომავალში, აღნიშნული არგუმენტაცია სამოქალაქო სექტორისთვის ახალი არ არის. იდენტური არგუმენტების გამოყენებით ბოლო წლებია ვერ ხერხდება მხარეთა რეალური თანასწორობის მიღწევა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში.


საქართველოს მთავრობას მსგავსი არგუმენტაცია ჰქონდა მაშინაც, როცა ჩხრეკა ამოღების შუამდგომლობების ნორმების ამოქმედების გადავადების საკითხი განიხილებოდა. მსგავსად წინა შემთხვევებისა, ამჯერადაც აღვნიშნავთ, რომ მითითებული დასაბუთება სრულიად მიუღებელია. მხარეთა თანასწორობა და
პროცესის შეჯიბრებითობა, რაც ახალი პროცესის ძირეული პრინციპებია, ვერ დაელოდება პროკურატურის ან სხვა სახელმწიფო ორგანოების არაგონივრულად გაწელილ მომზადების პროცესს, ვინაიდან ეს არსებითად აზარალებს მართლმსაჯულების ხარისხს და დაცვის მხარის ინტერესებს.


კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მხარისათვის გაუმართლებელი უპირატესობის მინიჭება, წინააღმდეგობაშია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებთან, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.


გამომდინარე აქედან, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ გაიზიარონ ინიცირებული ცვლილება და ხელი შეუწყონ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაჯანსაღებას, პირველ რიგში, მხარეთა რეალური თანასწორობის უზრუნველყოფის გზით. მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება კი სწორედ მხარეთა თანასწორობის შეუცვლელ წინაპირობას წარმოადგენს.


კახა კოჟორიძე
თავმჯდომარე
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე
მართლმსაჯულებისათვის


თამარ გაბისონია
თავმჯდომარის მოადგილე
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე
მართლმსაჯულებისათვის

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია მონაცემების მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში: საერთაშორისო მაგალითები და საქართველო

08.04.2020

IDFI-ს მოსაზრებები სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე

07.04.2020

პანდემია და კორუფციული რისკები

07.04.2020

IDFI-ს მოსაზრებები მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე

05.04.2020
განცხადებები

ხელმომწერი ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან

03.04.2020

საზოგადოებრივი ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართავენ

17.03.2020

კოალიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის წარდგენას ეხმიანება

13.03.2020

კოალიციის განცხადება მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე

05.03.2020
ბლოგპოსტები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა: რა იცის საქართველოს მოსახლეობამ და რა დამოკიდებულება აქვს ამ პროცესის მიმართ

29.03.2020

ემოციური უსაფრთხოება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - მოსწავლეთა დარღვევებისა და ჩაგვრის შემთხვევების სტატისტიკის ანალიზი

20.03.2020

ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და თევზის გადამუშავებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების ანალიზი - ანუ ცხოვრება ზღვისპირა ქალაქში ჰაერის გარეშე

20.03.2020

არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მიმოხილვა

20.03.2020