ნეპოტიზმის ნიშნები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანალიზი 27 მარტი 2015

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2012 წელს შეტანილი ცვლილებებით, სავალდებულო გახდა საჯარო დაწესებულებებში თანამშრომლების კონკურსის წესით მიღება. აღნიშნული მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში ნეპოტიზმის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრისათვის. კანონი ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე ვრცელდება, მათ შორის მარეგულირებელ ორგანოებზეც. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC) ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი საჯაროდ თითქმის არასდროს ცხადდებოდა, როგორც ჩანს, სწორედ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გამო, რომლის მიხედვითაც ვაკანტური საშტატო ადგილების დაკომპლექტება მხოლოდ კონკურსის გზით არის შესაძლებელი, ბოლო პერიოდში კომისიაში კადრები ძირითადად როგორც არასაშტატო სპეციალისტები, ისე ინიშნებიან.


ამავე დროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აქვს დაწესებული არასაშტატო პოზიციებზე პირთა დასაქმების კვოტა. შესაბამისად, შესაძლებელია შეუზღუდავად გაიზარდოს კომისიაში შტატგარეშედ დასაქმებულ პირთა რაოდენობა, მათი მიღების პროცესი კი გაუმჭვირვალედ მოხდეს.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2015 წლის 4 მარტს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი პირი დასაქმდა 2012 წლიდან დღემდე კომისიის აპარატში. მანამდე 2014 წლის 3 ნოემბერს ასევე მოითხოვა, თუმცა ვერ მიიღო, შტატგარეშე პოზიციებზე დასაქმებულთა სამუშაო გამოცდილების (CV), პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია. როგორც კომისიის პასუხიდან ირკვევა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება არც ერთმა დასაქმებულმა არ ისურვა.


კომისიაში, შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტით, შესაძლებელია მხოლოდ შტატში მყოფი თანამშრომლების ხელფასების ოდენობის გამოთვლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არასაშტატო სპეცილისტებთან ხელშეკრულება ინდივიდუალურად ფორმდება და ანაზღაურებაც გაუმჭვირვალე პრინციპით განისაზღვრება.


GNCC-ს მიერ IDFI-ისთვის 2015 წლის 16 მარტს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლიდან დღემდე კომისიის აპარატში მიიღეს 51 ახალი თანამშრომელი. აღმოჩნდა, რომ დასაქმებულთა შორის რამდენიმე მათგანი პარლამენტის წევრის ნათესავია. ქვევით წარმოდგენილი იქნება ჩვენ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, რომლის მიზანიც იყო გამოგვერკვია, თუ რამდენად ობიექტურად ხდება სამსახურში მიღება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და აქვს თუ არა ადგილი პროტექციით დასაქმებას და ნეპოტიზმს ამ უწყებაში.


როგორც ცნობილია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით, პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა 2013 წლის მაისში დაიწყო და ამავე წლის ნოემბერში დაასრულა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ანი მიროტაძის ძმის ცოლი, თამარ გოშუა უკვე 2014 წლის თებერვალში GNCC-ს სამართლებრივ დეპარტამენტში არასაშტატო სპეცილისტის პოზიციაზე დაინიშნა. მანამდე, თამარ გოშუა საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი იყო. 2011 წლის 6 იანვარს, პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, ანი მიროტაძე დირექტორის თანამდებობაზე სწორედ თამარ გოშუამ შეცვალა. კომპანიის წილი კი საკუთარ ქმარს ლევან მიროტაძეს გადასცა.


სააგენტო „პირველის“ დირექტორის პოზიცია თამარ გოშუამ 2013 წლის აგვისტოში დატოვა და საკუთარი წილიც გაასხვისა. 2014 წლის თებერვალში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, GNCC-ში დაიწყო მუშაობა. 6 თვის გასვლის შემდეგ, მას კონტრაქტი კომისიაში კიდევ ექვსი თვით გაუგრძელეს, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ის შტატში არ ჩაუსვამთ, მაგრამ 2015 წლის თებერვალში თამარ გოშუას კონტრაქტი კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივეს.


თამარ გოშუას მსგავსად, თებერვალში კომისიაში ასევე დაიწყო მუშაობა არჩილ მაკარიძემ, საგამოძებო კომისიის კიდევ ერთი წევრის და პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ტრიპოლსკის სიძემ. ის ტრიპოლსკის შვილის, სალომე ტრიპოლსკის ქმარია. არჩილ მაკარიძეც GNCC-ის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, როგორც არასაშტატო სპეციალისტი, ისე დასაქმდა. ივლისში, 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ, არც არჩილ მაკარიძე გამხდარა კომისიის საშტატო თანამშრომელი, თუმცა, თამარ გოშუასგან განსხვავებით, ის სხვა, ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტში კვლავ არასაშტატო სპეციალისტად გადაიყვანეს.


სამწუხაროდ, იმის გამო, რომ კომისიიდან მიღებული ინფორმაციით, არასაშტატო პოზიციებზე დასაქმებულებმა უარი თქვეს თავიანთი CV-ების გასაჯაროვებაზე, ჩვენთვის რთულია მსჯელობა იმაზე, თუ რა კვალიფიკაციისა და გამოცდილების არიან ზემოთ დასახელებული პირები. თუმცა, უკვე ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტისა და ამავდროულად GNCC-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრთა ახლო ნათესავები სწორედ იმ უწყებაში დასაქმდნენ, ვის საქმიანობასაც სწავლობდნენ, ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს.


მიღებული დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლის 19 მაისს აირჩიეს, ჰყავდა სამი კონსულტანტი - თამარ მელიქიძე, ანა ნაკაშიძე და მერაბ ქათამაძე. მერაბ ქათამაძე მოგვიანებით კომისიის წევრი გახდა და მის მიერ მანამდე დაკავებული კონსულტანტის პოზიცია ახლა ვაკანტურია. კომისიის თავმჯდომარეს ასევე ჰყავდა თანაშემწე თამარ პოპიაშვილი და ორი მრჩეველი - უსაფრთხოების საკითხებში ზაზა მაზმიშვილი (რომელიც როგორც შემდგომში აღმოჩნდა კომისიაში ე.წ. „ოდეერიის“ ფუნქციას ასრულებს) და ფინანსების მიმართულებით მრჩეველი ზურაბ ნონიკაშვილი. ანა ნაკაშიძის გარდა, ყველა მათგანი დასაქმებული იყო, როგორც არასაშტატო სპეცილისტი. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც, შტატები იყო არა საჭიროებისამებრ გაზრდილი, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ კომისიის თავმჯდომარეს სჭირდებოდეს 3 კონსულტანტი, 2 მრჩეველი და 1 თანაშემწე.


შედარებისთვის, IDFI-ს მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2011 წელს კომისიაში 7 არასაშტატო სპეციალისტი იყო დასაქმებული, მათ შორის 4 მრჩეველი და 3 კონსულტანტი იყო.


2012 წელს არასაშტატო თანამდებობაზე დასაქმებულთა რაოდენობა სამამდე შემცირდა და მხოლოდ ორი მრჩეველი და ერთი კონსულტანტი დარჩა. ეს რაოდენობა არ შეცვლილა 2013 წელსაც. 2014 წელს მხოლოდ ზურაბ ნონიკაშვილმა შეინარჩუნა მრჩევლის პოზიცია, თუმცა, 2015 წლის იანვარში ისიც საფინანსო დეპარტამენტში გადაიყვანეს, როგორც არასაშტატო სპეციალისტი. 2014 წელს ჯამში არასაშტატო თანამდებობაზე 10 პირი დაინიშნა.


„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე ინიშნება კონკრეტული დავალების შესრულების ვადით. ეს ვადა მარეგულირებელ ორგანოში ხშირ შემთხვევაში ერთ წელზე მეტხანს გრძელდება. დღეს GNCC-ში არასაშტატო სპეციალისტად დასაქმებული პირების უმრავლესობა 2014 წლის დასაწყისში დაინიშნა. ზაზა მაზმიშვილი კი, კომისიაში არასაშტატო მრჩევლის პოსტს 2013 წლის მაისიდან იკავებს.


გაუმჭვირვალე და გაურკვეველია GNCC-სთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის დაკომპლექტების პროცესიც. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აკეთებს გამონაკლისს და საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნა დაშვებულია კონკურსის გარეშე. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, ვფიქრობთ, რომ ამგვარი რეგულაცია არ უნდა გამორიცხავდეს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დასაქმების პროცესის გამჭვირვალობას.


თამთა ტეფნაძე საზოგადოებრივ დამცველად 2014 წლის თებერვალში აირჩიეს. ის მანამდე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მუშაობდა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ კომისიას.


თამთა ტეფნაძემ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამსახურის დაკომპლექტება დაიწყო. კერძოდ, საზოგადოებრივმა დამცველმა საკუთარ თანაშემწედ დანიშნა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის შვილი გიორგი ხუნდაძე, რომელსაც მანამდე მუშაობის მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება ჰქონდა - სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგში“, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის კოორდინატორის მოვალეობას ასრულებდა.


2015 წლის თებერვალში თამთა ტეფნაძემ თანაშემწედ უკვე საკუთარი მეჯვარე, ნათია ფანგანი დანიშნა. საზოგადოებრივი დამცველის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მას ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, კერძოდ 2009-2010 წლებში ის სამშენებლო კომპანიაში, „ალიონი 99“ იურისტის თანაშემწედ მუშაობდა.


ამავე დროს, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე დღის შემდეგ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში არასაშტატო სპეციალისტად თამთა ტეფნაძემ დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილი, ირინა ტყემალაძე დანიშნა, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტია.


ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ GNCC-გან განსხვავებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატი დეტალურად აქვეყნებს ინფორმაციას აპარატის შტატში დასაქმებულ პირთა შესახებ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ შტატგარეშე თანამშრომლად იმ ადამიანის (დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის) ახლო ნათესავის დანიშვნა, ვინც აპარატის ხელმძღვანელის შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე იყო, იწვევს საფუძვლიან ეჭვს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ.


საერთო ჯამში 2012 წლიდან დღემდე კომისიაში 51 ახალი თანამშრომელი მიიღეს, 23 კი გაანთავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ან კონტრაქტის ვადის ამოწურვა, ან სამსახურიდან წასვლის საკუთარი სურვილი იყო.


კომისიის ბიუჯეტი ივსება ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურისგან, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წლიური შემოსავლის 0.75% შეადგენს, ხოლო მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წლიური შემოსავლის 0.5 %-ს.


მარეგულირებელ კომისიაში ხელფასებისა და პრემიების მაღალ ოდენობებს, რაც საზოგადოების განსჯის საგანი არაერთხელ გამხდარა, უკავშირდება IDFI-ის რამდენიმე კვლევა . 2013 წელს იყო შემთხვევა, როდესაც პრემია კომისიის წევრებს თვეში ორჯერ ჩაერიცხათ ხელფასის 100% და 80%-ის ოდენობით. თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც ჩანს ბოლო დროს კომისიის გაზრდილმა შტატებმა გამოიწვია მათ შორის ისედაც მაღალი სახელფასო ფონდის კიდევ უფრო გაზრდა. კერძოდ, GNCC-ს 2015 წლის ბიუჯეტი 12,256,640.00 ლარია, საიდანაც კომისიის აპარატის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის 5,152,000.00 ლარია გათვალისწინებული, რაც მილიონ 160 ათასით მეტია გასულ წელთან შედარებით. 2014 წელს კომისიის აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის 3,892,000.00 ლარი იყო გამოყოფილი.


2015 წელს გაზრდილია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის გამოყოფილი თანხაც. თუ 2014 წელს სამსახურის ფუნქციონირებისათვის 99,900.00 ლარი იყო გამოყოფილი, 2015 წელს სამსახურის დაფინანსებამ 294,300 ლარი შეადგინა.


GNCC არეგულირებს როგორც მაუწყებლობას, ისე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს და დიდწილად განსაზღვრავს ამ ბაზრის მდგრადობას და განვითარებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანო დაკომპლექტებული იყოს პროფესიონალი კადრებით და გამოირიცხოს ნეპოტიზმის ფაქტები.


IDFI-ის უშუალო ჩართულობით (IDFI მარეგულირებელ ორგანოებში კორუფციის პრევენციის სამუშაო ჯგუფის თანამომხსენებელია) და რეკომენდაციებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად გარკვეული ვალდებულებები გაიწერა 2015-2016 წლების ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში, ხოლო მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელები გახდნენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წევრები. ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის ბოლომდე:


• უნდა დაიხვეწოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომელთა დანიშვნის, დაწინაურების და გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმები;
• განვითარდეს ეთიკის, ინტერესთა კონფლიქტისა და შეუთავსებლობის მარეგულირებელი ნორმების იმპლემენტაციის მექანიზმი;
• დაიხვეწოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ინსტიტუტის თანამშრომელთა დანიშვნისა და გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმები.


იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციისა და დანერგვის შემთხვევაში მოხდება ჩვენს მიერ კომისიაში დასაქმების კუთხით აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია. გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად და ნეპოტიზმის თავიდან ასაცილებლად, IDFI მიიჩნევს, რომ საჭიროა:


• კომისიის აპარატის, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში როგორც საშტატო, ისე არასაშტატო კადრების მიღება მოხდეს გამჭვირვალე პროცესით;
• საჯაროდ გამოცხადდეს ვაკანსიები, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი სამუშაოს აღწერა;
• კონკურსში მონაწილეობის საშუალება მიეცეს ყველა დაინტერესებულ პირს, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის გაზრდას და ამა თუ იმ პოზიციაზე მაღალპროფესიონალი კადრების შერჩევას;
• კომისიამ უნდა განსაზღვროს აპარატში არასაშტატო სპეციალისტთა კვოტა იმისათვის, რომ შეზღუდული იყოს აპარატის კადრების არამიზნობრივი გაზრდა;
• კომისიის თავმჯდომარემ არაერთხელ განაცხადა, რომ იგეგმება კომისიის აპარატის რეორგანიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დაიწყოს დროულად და წარიმართოს გამჭვირვალედ, რათა მოხდეს კომისიის აპარატის ეფექტიანი ფორმირება. ამგვარი რეფორმა აუცილებელია ქმედითი კომისიის მისაღებად, რომელიც ნაკლებად იქნება დაკავშირებული თანამშრომლობით რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024