შესავალი
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო რეზოლუცია „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუცია წარმოადგენს 15 წლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებთან მიმართებით ძალისხმევის გააქტიურებას, კერძოდ, სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, განათლების, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხების, ასევე კლიმატური და ეკოლოგიური გამოწვევების გამკლავებას.
რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ ძირითად განზომილებაში ერთიანდება - ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური. საქართველომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, მოახდინა მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია, რის ფარგლებშიც ეროვნულ დონეზე 17 მიზნისა და მათი ამოცანების იმპლემენტაციის მონიტორინგისთვის შემუშავდა 202 ეროვნული ინდიკატორი.
ნაციონალიზაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის შერჩეულ იქნა არსებულ პოლიტიკის დოკუმენტებთან მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების დაკავშირების ჰორიზონტალური ინტეგრაციის მოდელი. განსხვავებით ვერტიკალური მეთოდისგან, რომლის დროსაც იქმნება ერთიანი, ახალი ყოვლისმომცველი მდგრადი განვითარების სტრატეგია, ჰორიზონტალური ინტეგრირების მოდელი გულისხმობს გლობალური მიზნებისა და მათ ამოცანათა დაკავშირებას და ასახვას არსებულ თემატურ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში.
მდგრადი განვითარების ანგარიში 2021,1 წარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის მხარდაჭერით შესრულებულ დამოუკიდებელი კვლევის მეშვიდე გამოცემას და აერთიანებს საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებსა და ანალიზს. ანგარიში საერთო ინდიკატორების საფუძველზე, გლობალურად აფასებს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხარისხს. აღსანიშნავია, რომ ანგარიში არ წარმოადგენს მონიტორინგის ოფიციალურ მექანიზმს და ვერ ჩაანაცვლებს ამ კუთხით ეროვნულ შეფასებას. ქვეყნების რეიტინგი დგინდება მათი ჯამური ქულის მიხედვით და ზომავს ქვეყნის ერთიან პროგრესს 17 SDG-ს შესრულების თვალსაზრისით. ქულა შეიძლება აღქმული იქნას როგორც პროცენტული მაჩვენებელი. 100 ქულა მიუთითებს იმაზე, რომ ყველა SDG მიღწეულია.
ძირითადი მიგნებები
- მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების / პროგრესის რეიტინგში საქართველო 56-ე ადგილს იკავებს 165 ქვეყნიდან, რითაც ჩამოუვარდება ბელარუსს, უკრაინას, ყირგიზეთს, რუსეთს, მოლდოვასა და აზერბაიჯანს.
- ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია მდგრადი განვითარების 4 მიზნის მიმართულებით - “გენდერული თანასწორობა” (SDG-5), “ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება” (SDG-10) და ეკოლოგიური გამოწვევების (SDG 14-15) თვალსაზრისით.
- შიმშილის აღმოფხვრის და ეკოლოგიური მიზნების, ასევე მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით სტაგნაცია აღინიშნება.
- “არა შიმშილს” მიზნის (SDG 2) ფარგლებში, გაუარესება აღინიშნება 3 ინდიკატორის შემთხვევაში, კერძოდ არასაკმარისი კვების, ჭარბი წონის მაჩვენებლის და აზოტის მდგრადი მართვის ინდექსის თვალსაზრისით.
- ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მაგალითად, ქალების 50%-ს ხელი არ მიუწვდებათ კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებზე, ასევე დაბალია საკანონმდებლო ორგანოში ქალთა მიერ დაკავებული ადგილების პროპორციული რაოდენობა.
- გაუარესება აღინიშნება შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
- ანგარიშის შემუშავების პერიოდში არსებული მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 12.5%-ს შეადგენდა, რაც საქსტატის უახლესი მონაცემებით კიდევ უფრო გაუარესდა და 18.5%-ს მიაღწია. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 3.24% დღეში 1.9 აშშ დოლარზე ნაკლებით ცხოვრობს, ხოლო თითქმის 14% 3.20 აშშ დოლარზე ნაკლებით.
- მნიშვნელოვანი გამოწვევებია სოციალური უთანასწორობის მიმართულებით. SDG 10-ის ერთ-ერთი ინდიკატორის, დაზუსტებული Gini კოეფიციენტის მიხედვით, საქართველო ყველაზე უთანასწორო ქვეყნების ათეულშია.
- უარყოფითი დინამიკა ფიქსირდება განზრახ მკვლელობის მაჩვენებლის შემთხვევაშიც.
- საქართველომ 90.7 ქულით, 165 შეფასებული ქვეყნიდან 98-ე ადგილი დაიკავა გავრცელების ეფექტების საერთაშორისო რეიტინგში (Spillover Index), რომელიც აფასებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ გავლენას სხვა ქვეყნებზე.
საქართველოს შედეგები
გლობალური SDG ინდექსი არ არის მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგის ოფიციალური ინსტრუმენტი, თუმცა იგი ავსებს ეროვნული სტატისტიკური სამსახურების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ SDG ინდიკატორების შეგროვებისა და სტანდარტიზაციის ძალისხმევას. ამ კუთხით, ინდექსი წარმოადგენს მონაცემების ყველაზე განახლებულ კრებულს, რომელიც იყენებს მონაცემთა ოფიციალურ (გაერო, მსოფლიო ბანკი და ა.შ.), ასევე, არაოფიციალურ წყაროებს (კვლევითი ინსტიტუტები და არასამთავრობო ორგანიზაციები).
2015 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია ჩაიბარა. ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, ქვეყნის გამოწვევებისა და ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით, მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი და 93 ამოცანა განისაზღვრა ეროვნულ პრიორიტეტად. ნაციონალიზაციის პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყება, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოები და სამოქალაქო საზოგადოება. მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, IDFI ჩართული იყო მიზნების ნაციონალიზაციის და ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შექმნაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციას ეხმარება მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების ეფექტურად და გამჭვირვალედ მონიტორინგში.
გლობალური ინდექსი თითოეულ მდგრადი განვითარების მიზანს აფასებს შესრულების 4 ინდიკატორით და დინამიკის 4 ინდიკატორით, რომლებიც მიუთითებენ იმაზე თუ რამდენად არის საკმარისი წინსვლის მიმდინარე ტემპი მიზნების მისაღწევად 2030 წლისთვის:
ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია დარჩენილი მდგრადი განვითარების 4 მიზნის მიმართულებით - გენდერული თანასწორობა (SDG-5), ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება (SDG-10) და ეკოლოგიური გამოწვევები (SDG 14-15). საერთო ჯამში, 12 მიზნის მისაღწევად ქვეყანას მნიშვნელოვანი ღონისძიებები აქვს გასატარებელი, ხოლო ერთი მიზნის, კერძოდ, ხარისხიანი განათლების მიმართულებით, საერთაშორისო ინდექსის ინდიკატორების თანახმად, საქართველოს დასახული მიზანი მიღწეულია.
რაც შეეხება პროგრესის დინამიკას, შიმშილის აღმოფხვრის და ეკოლოგიური მიზნების, ასევე მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით სტაგნაცია აღინიშნება. მცირედი გაუმჯობესება ფიქსირდება 8 მიზნის შემთხვევაში, თუმცა ტემპი საკმარისი არ არის 2030 წლისთვის მიზნების სრულყოფილად შესასრულებლად. გეგმის მიხედვით მიმდინარეობს მდგრადი განვითარების ორი მიზნის შესრულება: ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია (SDG-7) და ხარისხიანი განათლება (SDG-4), რომლის საერთაშორისო სამიზნე ნიშნულები უკვე მიღწეულია და ამჟამად შედეგები შენარჩუნებულია. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, ამ უკანასკნელის შეფასების მიზნით ანგარიში იყენებს 3 ბაზისურ ინდიკატორს რომლებიც საქართველოში მაღალ ნიშნულზე იყო მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვამდეც, ესენია: საშუალო განათლების მაჩვენებელი (ბავშვთა პროცენტული რაოდენობა ვინც იღებს საშუალო განათლებას), დაწყებითი განათლების დასრულების მაჩვენებელი, და წიგნიერების დონე.
2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და მდგრადი განვითარების მიზნები ხაზს უსვამს ქვეყნების მიერ სანდო მონაცემებისა და სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობას. ამასთან, SDG-17 პირდაპირ მოუწოდებს ქვეყნებს, გააძლიერონ თავიანთი სტატისტიკური შესაძლებლობები. სანდო, დროული და ყოვლისმომცველი მონაცემების ხელმისაწვდომობა აუცილებელია პოლიტიკოსებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და პროგრესის შესაფასებლად.
ანგარიშის ძირითადი აქცენტები და რეკომენდაციები
COVID-19 პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა. 2020 წელს პირველად დაფიქსირდა SDG ინდექსის გლობალური საშუალო მაჩვენებლის გაუარესება, წინა წელთან შედარებით, რაც მეტწილად გამოწვეულია პანდემიის შედეგად გაზრდილი სიღარიბის და უმუშევრობის დონით. აღნიშნული გაუარესება სავარაუდოდ უფრო მასშტაბურია, ვიდრე 2021 წლის ანგარიშშია წარმოდგენილი, ვინაიდან მისი გამოქვეყნების მომენტისთვის მრავალი ინდიკატორის სტატისტიკური მაჩვენებლები, გლობალური შეფერხებების ფონზე, ჯერ კიდევ არ იყო ხელმისაწვდომი. პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა მდგრადი განვითარების სამივე განზომილებაზე: სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვით მიმართულებებზე.
დაბალი შემოსავლის მქონე განვითარებად ქვეყნებს (LIDC) არ გააჩნიათ SDG-ების შესაბამისად საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და ინვესტიციებზე დაფუძნებული აღდგენითი პროცესების დასაფინანსებელი ფისკალური შესაძლებლობები. პანდემიის შედეგად ნათლად გამოჩნდა ღარიბი ქვეყნების შეზღუდული წვდომა საბაზრო საფინანსო რესურსებზე. მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა პანდემიის საპასუხოდ შეძლეს მოცულობითი სესხების აღება, ხოლო ღარიბმა სახელმწიფოებმა ნაკლებად შეძლეს ამ რესურსით სარგებლობა დაბალი საბაზრო კრედიტ-უნარიანობიდან გამომდინარე. მოკლევადიან პერსპექტივაში, აღნიშნული მოცემულობის შედეგად, მაღალ-შემოსავლიანი ქვეყნები უფრო სწრაფად შეძლებენ პანდემიის მიერ გამოწვეული ზიანის განეიტრალებას, ვიდრე დაბალ-შემოსავლიანი ქვეყნები.
გლობალური გამოწვევები როგორიცაა პანდემია, კლიმატის ცვლილება, და ბიომრავალფეროვნების კრიზისი საჭიროებენ ძლიერ მულტილატერალურ სისტემას. ეკოსისტემებზე და ბუნებაზე მიყენებულ ზიანს შედეგად შესაძლოა მოჰყვეს COVID-19-ის მსგავსი, სხვა უფრო ფატალური ცხოველური პათოგენების და დაავადებების გავრცელება. უკვე თვალსაჩინოა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმების მკვეთრი მატება. ციფრული რევოლუციის შედეგად მიწოდების მრავალი ჯაჭვი გადავიდა ონლაინ სივრცეში, თუმცა ასევე გაიზარდა კიბერშეტევების საფრთხე. არც ერთ ქვეყანას არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამ გლობალურ გამოწვევებს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მულტილატერალური სისტემის ეფექტურად მუშაობის ხელშეწყობა. მზადყოფნის გაძლიერება, კოორდინირებული მოქმედება და კრიტიკული რისკების მიმართ სიმტკიცე არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც ხელს შეუწყობს 2019 წელს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებულ მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვას.
მაღალი შემოსავლის ქვეყნები წარმოშობენ გავრცელების უარყოფით ეფექტს (Spillover Effect), რაც განვითარებად ქვეყნებს ხელს უშლის SDG-ების მიღწევაში. წლევანდელი SDG ინდექსის სათავეში 3 სკანდინავიური ქვეყანა მოექცა - ფინეთი, შვედეთი, და დანია, თუმცა ეს ქვეყნებიც მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან ცალკეული SDG-ების შესრულების თვალსაზრისით. შეღავათიანი კორპორატიული დაბეგვრის პირობები და მოგების გადინება მდიდარ ქვეყნებში აფერხებს განვითარებადი ქვეყნების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად რესურსების მობილიზების ძალისხმევას. ანგარიშის თანახმად, შესაძლებელია განვითარებად ქვეყნებში საჯარო შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდა სხვადასხვა ტიპის გლობალური საგადასახადო რეფორმების მეშვეობით.
პანდემიის შედეგად გამოიკვეთა ციფრულ ინფრასტრუქტურაზე წვდომის და უნივერსალური ჯანდაცვის გეგმის მნიშვნელობა. COVID-19-მა ნათლად გამოკვეთა, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ გამართული ჯანდაცვის სისტემა და ეფექტური სოციალური დაცვის მექანიზმები ყველაზე კარგად არიან აღჭურვილი მსგავს კრიზისთან გასამკლავებლად. სწორედ ამიტომ მდგრადი განვითარების მიზნები მოიცავს სოციალური სერვისების გაძლიერებას და ძირითადი სამედიცინო მომსახურების უნივერსალურ დაფარვას. ციფრულმა ტექნოლოგიებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს სოციალური მომსახურების, გადახდების, სკოლისა და ჯანდაცვის შენარჩუნებაში დაწესებული შეზღუდვების/იზოლაციის დროს. ციფრული სერვისების მნიშვნელობა ხაზს უსვამს ფართოზოლოვან სერვისებზე საყოველთაო წვდომის აუცილებლობას, როგორც სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკვანძო საშუალება.
ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემების დაგვიანებული განახლება და სხვა არსებული ხარვეზები ხაზს უსვამს სტატისტიკური შესაძლებლობების განვითრებისთვის დამატებითი ინვესტიციების და ახალი მიდგომების საჭიროებას SDG-ის შესრულების მონიტორინგის მიზნით. მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის მონიტორინგისთვის საჭიროა ზუსტი და დროული მონაცემები. SDG-ების მიღებიდან ხუთი წლის შემდეგაც, მნიშვნელოვანი ხარვეზები გვხვდება მრავალი SDG-ის ფარგლებში სტატისტიკის შეგროვების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, SDG-4 (ხარისხიანი განათლება), SDG-5 (გენდერული თანასწორობა), SDG-12 (მდგრადი მოხმარება და წარმოება), SDG-13 (კლიმატის მდგრადობის მიღწევა) და SDG-14 (წყალქვეშა რესურსები). მსოფლიოში სტატისტიკის წარმოების კუთხით, 2015 წლიდან მიღწეული პროგრესის მიუხედავად, დაბალშემოსავლიან ქვეყანებში სტატისტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად აუცილებელია დამატებითი ინვესტიციები.
[1] Sachs, J., Kroll, C., Lafortune, G., Fuller, G., Woelm, F. (2021). The Decade of Action for the Sustainable Development Goals: Sustainable Development Report 2021. Cambridge: Cambridge University Press.
სრული ანალიზი იხილეთ მიბმული დოკუმენტის სახით.
/public/upload/Analysis/SDGResults-GEO.pdf
___
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.