რუსული პროპაგანდა და COVID-19 - უნდა გააფართოოს თუ არა საქართველომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან?

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | აქტუალური თემები | ბლოგპოსტები 28 აპრილი 2020

25 მარტს გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ (Geoworld.ge) გამოაქვეყნა ჟურნალისტ ბესო ბარბაქაძის სტატია სათაურით „საქართველოს სასიცოცხლო არტერია რუსეთზე გადის“. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზის ფონზე, ევროპული ქვეყნები ვეღარ შეძლებენ საქართველოს მომარაგებას იმ პროდუქტებით, რომლებიც აქამდე ექსპორტზე გაჰქონდათ და ამიტომ, საჭიროა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ევროპულ ქვეყნებთან დაკავშირებით ავტორი წერს: „მათ უკვე გასაგებად თქვეს, რომ, საქართველოსთვის კი არა, ერთმანეთისთვის არ სცალიათ და არ აპირებენ, თავიანთი მარაგები “სტრატეგიულ პარტნიორებს” გაუნაწილონ. ეს სიტყვებიც - “სტრატეგიული პარტნიორი” უკვე სასაცილოა და იმ საპნის ბუშტივით გასკდა, რომელსაც წლებია, “დასავლელი მეგობრები” ბერავენ და ჩვენც ტყუილებით გვასაზრდოებენ“. ამასთანავე, მას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გასამყარებლად ორი ძირითადი არგუმენტი მოჰყავს: 1. საქართველოში იმპორტირებული ხორბლის უდიდესი ნაწილი რუსეთის ფედერაციაზე მოდის და „საქართველოს ეკონომიკას სწორედ ჩრდილოელი მეზობლის წყალობით უდგას სული“; 2. რუსეთი დასავლეთზე მარტივად გაუმკლავდება კრიზისს, რადგან „ჩრდილოელი მეზობლისთვის დღევანდელი სიტუაცია უცხო ნამდვილად არ არის, რადგან რუსეთს ამერიკამ და ევროპამ, წლებია, სანქციები დაუწესეს და ეს ქვეყანა კრიზისში ცხოვრებას მიჩვეულია, უფრო ზუსტად, სანქციების ფონზე ცხოვრებას და, რაც დღეს ხდება, არაოფიციალური სანქციები და აკრძალვებია“.

 

სტატიის გამოქვეყნებიდან ორ დღეში, 27 მარტს, ამავე სტატიის შინაარსზე აწყობილი ვიდეო სათაურით „Срочно! Грузия просит у России продукты - своих у них нет!“ („სასწრაფოდ! საქართველო რუსეთს თხოვს პროდუქტებს - მათი საკუთარი არ გააჩნიათ!“) აიტვირთა YouTube-ზე არხის Политика РФ-ის მიერ. აღნიშნული არხი რეგულარულად დებს პრორუსულ პროპაგანდისტულ მასალებს, რომელთა უმრავლესობაც დასავლეთის დისკრედიტაციასა და პუტინის რეჟიმის პოზიტიურად წარმოჩენას ემსახურება. იგივე შეიძლება ითქვას ქართულ გამოცემა „საქართველო და მსოფლიოზეც“, რომელიც გამოირჩევა პრორუსული ნარატივების პროპაგანდირებით ქართულ საინფორმაციო სივრცეში, რაც კვლევისას არაერთხელ დაუფიქსირებია როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), ასევე სხვა ორგანიზაციებსაც, მაგალითად - მედიის განვითარების ფონდს (MDF). თავისთავად საყურადღებოა ჟურნალისტ ბესო ბარბაქაძის სხვა სტატიებიც. მაგალითად, 2018 წლის 9 მარტს, მან გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ეს არ არის მუქარა, ეს არის გაფრთხილება ამერიკის გოშიებისთვის“, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოსთვის არასოდეს მოუთხოვია, რომ უკან წაეყვანა საკუთარი მიგრანტები და არც არასოდეს გამოუყრია ისინი რუსეთის ფედერაციიდან. თუმცა, ამავე სტატიაში იგი არსად ახსენებს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას 2006 წელს, რომლის შედეგადაც რუსეთიდან გამოასახლეს 4600-ზე მეტი ქართველი, ამ პროცესში კი 4 ქართველი დაიღუპა. ასევე, აღსანიშნავია ბესო ბარბაქაძის 2019 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებული სტატია „რუსეთის ლანძღვა იდეა-ფიქსად გვექცა“, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ საქართველოში არსებული ამერიკული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კამპანია რუსეთმა კი არ წამოიწყო, არამედ თავად მოქალაქეები არ ენდობიან დასავლეთს და აქვთ ეჭვი, რომ ამ ლაბორატორიიდან ვირუსები ვრცელდება. აქვე იგი ამბობს, რომ არსად არ იძებნება სიუჟეტი, რომელშიც რუსული წყაროები ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციას ცდილობენ მაშინ, როცა РЕН ТВ-ის მსგავსი შინაარსის სიუჟეტი მარტივად იძებნება YouTube-ზეც. მსგავს ყალბ დაშვებებს ემყარება ბარბაქაძის 25 მარტის სტატიაც, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ საქართველომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება რუსეთთან.

 

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ქვეყანა, რომელმაც ექსპორტზე, კონკრეტულად კი ხორბლის ექსპორტზე, შეზღუდვების დაწესების განხილვა დაიწყო, იყო თავად რუსეთი ევრაზიული კავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად. 25 მარტს გამოცხადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხორბლის ექსპორტის 7 მლნ. ტონამდე შეზღუდვას განიხილავდა. ეს ინიციატივა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან იყო უმთავრესად პასუხი ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებზე - რუბლის კურსი დაეცა, რის გამოც ადგილობრივმა მიმწოდებლებმა რუსულ ბაზარზე ხორბლის მიწოდება შეაჩერეს და ექსპორტზე ორიენტირდნენ და ეს არ ეხება მხოლოდ ხორბალს. 12 აპრილიდან კი რუსეთიდან და მთლიანად ევრაზიული კავშირიდან აიკრძალა შემდეგი პროდუქტების ექსპორტი: ხახვი, ნიორი, ჭვავი, ბურღული, ფქვილი უხეშად დაფქული და მარცვლეულის გრანულები, წიწიბურა, ბრინჯი, მზა საკვები პროდუქტები წიწიბურასგან, სოიო და მზესუმზირას მარცვლები. ეს შეზღუდვა 30 ივნისამდე იმოქმედებს. აღნიშნული შესაძლოა იქცეს პრობლემად საქართველოსთვის იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ხორბლის მარაგების 90%-ს სწორედ რუსეთიდან ყიდულობს (ასევე, ზოგადად, მარცვლეულის 68%-ს და ბურღულეულის 81%-ს - რუსეთიდან და ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან), თუმცა საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას განმარტებით, ქვეყანას ამ ეტაპზე 2-2.5 თვის მარაგები აქვს და ასევე, არსებობს უკვე დადებული კონტრაქტები, რომელთა გაუქმებაც მარტივად ვერ მოხდება, თუმცა თუ პროცესები ნეგატიურად წარიმართა, საქართველოს მოუწევს ხორბლის ისევე, როგორც სხვა პროდუქტების, ალტერნატიული წყაროებიდან - ევროპიდან და ამერიკიდან შემოტანა. აშშ ამჯერადაც საქართველოსთვის ხორბლის მომწოდებლების სამეულშია ყაზახეთთან და რუსეთთან ერთად და საქართველოში ხორბალი USAID-ის 14 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში შემოაქვს. აქედან გამომდინარე, იმის მტკიცება, რომ „სანქციებს შეჩვეული რუსეთი“ დასავლეთზე მარტივად უმკლავდება პრობლემებს და მასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება COVID-19-ით გამოწვეული კრიზში საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა, უსაფუძვლოა. პირიქით, რუსეთში მიმდინარე პროცესები არათუ მასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ საქართველოში იმპორტირებული პირველადი საჭიროების პროდუქტების დივერსიფიკაციის საჭიროებაზე მიუთითებს.

 

ასევე, ყალბ დაშვებას ემყარება სტატიაში გაჟღერებული მოსაზრება, რომ დასავლეთში არათუ პარტნიორი ქვეყნებისთვის, არამედ „ერთმანეთისთვის არ სცალიათ“ და შესაბამისად, მათგან დახმარებას არ უნდა ელოდოს საქართველო. მიუხედავად ევროპულ ბაზარზე არსებული სირთულეებისა, რაც გულისხმობს რიგი საწარმოების დროებით დახურვას, წარმოების შეჩერებას და ა.შ., ერთადერთი შეზღუდვა ექსპორტზე, რაც ევროკავშირმა დააწესა, ეხება ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დამცავ აღჭურვილობებს, რისი დეფიციტიცაა მსოფლიო მასშტაბით, თუმცა აქაც დაშვებულია გამონაკლისები, რაც ინდივიდუალურ დონეზე განიხილება. მიუხედავად ამისა, ევროკომისიამ 140 მილიონი ევრო გამოყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების - საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის, დასახმარებლად. აქედან 30 მილიონი მოხმარდება საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას აღნიშნული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებისათვის, დანარჩენი კი - მცირე და საშუალო ბიზნესებისა და ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას. დამატებით, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, ევროკავშირი საქართველოს 180 მილიონ ევროზე მეტით დაეხმარება, რასაც ექნება არა სესხის, არამედ გრანტის სახე. ჯამში, ევროკავშირი საქართველოს 250 მილიონ ევროზე მეტით ეხმარება პანდემიის პირობებში. ასევე, აშშ-მ 1.7 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. აქედან გამომდინარე, მიუხედავად საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი სირთულეებისა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რიგი პროდუქტების დეფიციტი ან/და ფასების ზრდა, მტკიცება, რომ დასავლეთს „არ სცალია“ პარტნიორი ქვეყნებისთვის, არ შეესაბამება რეალობას.  

 

2020 წლის მარტიდან ამგვარი შინაარსის სტატიებისა და სიუჟეტების გავრცელება ქართულ მედიასივრცეში აჩენდა მოლოდინს, რომ COVID-19-ის ფონზე შექმნილი ვითარებით ისარგებლებდა რუსული მხარე და შეეცდებოდა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდას. პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული სტატიების შემდეგ კი 21 აპრილს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც ისაუბრა საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხზე. „მზად ვიქნებით, დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ, რადგანაც ჩვენ არ ვყოფილვართ მათი შეწყვეტის ინიციატორები. ალბათ, უნდა დაველოდოთ, ქართველი კოლეგები როდის შეუდგებიან ამ საკითხის განხილვას. სავაჭრო წარმომადგენლობებიც ითვალისწინებს გარკვეული შეთანხმებების არსებობას. არ ვფიქრობ, რომ ეს უცებ შემატებს რაღაც უპირატესობას, მაგრამ თუ შემოგვთავაზებენ, ნამდვილად განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას“, - თქვა ლავროვმა.  მისი ეს განცხადება კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პრორუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ წამოწყებული „კამპანია“ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე კორელაციაშია რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასთან.

 

საქართველო უკვე არა ერთხელ აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც გამოიკვეთა მისი ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და ეს ეხება როგორც ძირითადი პროდუქტების იმპორტსა და ექსპორტს, ასევე - ენერგეტიკის სფეროსა და ტურიზმს. ჯერ კიდევ 2005 წლის დეკემბერში, რუსეთმა საქართველოდან რუსეთში ცოცხალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტების შეტანა აკრძალა. აქედან ერთ თვეში კი საქართველო ენერგობლოკადაში აღმოჩნდა - ჩრდილოეთ კავკასიაში მაგისტრალური გაზსადენი აფეთქდა, ავარიულად გაითიშა ყველა თბოსადგური, ელექტროსისტემამ დატვირთვას ვერ გაუძლო და მთელი საქართველო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაბნელდა. ამის შემდეგ კი საქართველომ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობაზე ზრუნვა დაიწყო და რუსეთმა საქართველოზე ზეწოლისთვის ეს ბერკეტი საბოლოოდ დაკარგა. უკვე 2006 წელს რუსეთმა საქართველოდან ღვინის იმპორტი აკრძალა. შედეგად, ამ წელს ღვინის ექსპორტი ორჯერ შემცირდა, 2007 წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა და 30%-ით იკლო. 2007 წელს მთლიან ექსპორტში ღვინის წილი 2.4% იყო, რაც 2000 წლიდან მოყოლებული დღემდე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შემდგომ წლებში სიტუაცია უმჯობესდებოდა და ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის ხარისხიც იზრდებოდა. 2010 წელს წინა წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 28%-ით გაიზარდა, 2011 წელს - 31%-ით, თუმცა მიუხედავად სიტუაციის გაუმჯობესებისა, მოკლე დროში სრულად ვერ დაბალანსდა რუსული ბაზრის წილი ქართული ღვინის ექსპორტში. 2013 წელს კი კვლავ გაიხსნა რუსული ბაზარი ქართული ღვინისთვის და დღეს ქართული ღვინის ექსპორტის უდიდესი წილი ისევ რუსეთზე მოდის. ეს მოცემულობა კვლავ იქცა იარაღად რუსეთის ხელისუფლების ხელში 2019 წლის 20 ივნისს სერგეი გავრილოვის ვიზიტის პასუხად საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ.

 

2019 წლის 8 ივლისს რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას, რასაც შემდგომ პუტინი „არ დაეთანხმა“, თუმცა ამის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა კიდევ ერთ მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებდა. მიუხედავად ამისა, 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთი მაინც შეეცადა დარტყმა მიეყენებინა ქართული ეკონომიკისთვის, რაც საქართველოსთან ჩარტერული რეისების აკრძალვაში გამოიხატა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსი ტურისტები საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორების 16%-ზე მეტს შეადგენდნენ 2018 წელს, რაც მეორე ადგილია აზერბაიჯანელი ტურისტების შემდეგ, ეს იყო გამიზნული იერიში ქართული ტურიზმის სექტორსა და ეკონომიკაზე. მიუხედაავად ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მაინც გაიზარდა 7.8%-ით და ამან მნიშვნელოვნად ვერ დააზარალა ქართული ტურისტული სექტორი. ეს მოვლენები კი ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა საფრთხეების შემცველია რუსულ ბაზრებზე ზედმეტი დამოკიდებულება.

 

რომ შევაჯამოთ, ყველაზე დიდი 3 პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზარალი, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე მიბმით საქართველოს მიადგა შემდეგი იყო:

 

- 2006 წელი, ეკონომიკური სანქციები - 750 მილიონი $ (მინიმუმ, იმ შემთხვევაში თუ არ გავითვალისწინებთ სავარაუდო ზრდის მაჩვენებელს 2007-2012 წლებში);

 

- 2015 წელი, რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ეკონომიკური სანქციები  - 500 მილიონი $ (112 მილიონი ექსპორტით და 369 მილიონი ფულადი გზავნილების სახით);

 

2019 წელი, ტურისტული ემბარგო და ფრენების გაუქმება - 125 მილიონი $.

 

პრორუსული მედიის მიერ გავრცელებული ნარატივებითა და სერგეი ლავროვის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა COVID-19-ის გამო შექმნილი სიტუაციის გამოყენება მოხდეს იმ მოსაზრების გასამყარებლად ფართო საზოგადოებაში, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება და გამყარება აუცილებელია, რაც სინამდვილეში საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას გულისხმობს. დღევანდელი სიტუაცია ისევე, როგორც წარსული გამოცდილება, გვაჩვენებს, რომ საჭიროა არა უშუალოდ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამყარება და მასზე დამოკიდებულების ზრდა, არამედ იმპორტის ისევე, როგორც ექსპორტის დივერსიფიკაცია, რათა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა დამოკიდებული არ იყოს სხვა რომელიმე ერთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ან არ იქცეს იარაღად სხვა ქვეყნის ხელისუფლების ხელში.

 

 

 

 

 ___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024