საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვები - 2017 წლის ტენდენციები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 19 სექტემბერი 2017

ავტორი: გიორგი ლომთაძე

 

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ტექსტთან დაკავშირებით. ცვლილებების თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფლდება პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისას „სახელმწიფო შესყიდვების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებებისგან. ცვლილების არსებული სახით მიღების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულება, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხარისხი.


შესაბამისად, IDFI დაინტერესდა თუ რა მდგომარეობაა საზოგადოებრივ მაუწყებელში სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მიმდინარე წელს. IDFI-მ დაამუშავა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო შესყიდვების მონაცემები, რომლებიც განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე (არ მოიცავს აჭარის ტელევიზიის შესყიდვებს). მონაცემთა ანალიზის მიზანი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეფექტიანობის დადგენა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. სახელმწიფო შესყიდვებში ეფექტიანობა იზომება სხვადასხვა კრიტერიუმებით, მათ შორის - დანაზოგით, ტენდერების რაოდენობით, პირდაპირი შესყიდვების განხორციელების სიხშირით, ტენდერებში კონკურენციის დონით და სხვა.


სახელმწიფო შესყიდვების ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს 13,525,188 ლარის დახარჯვას სახელმწიფო შესყიდვებზე. ეს თანხა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ბიუჯეტის 30%-ია.


სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო შესყიდვებში უარყოფითი ტენდენციები არ იკვეთება, თუმცა პრობლემად კვლავ რჩება ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეთა დაბალი რიცხვი.


დაკვირვების პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა 58 ელექტრონული ტენდერი. აქედან 43 ტენდერის შემთხვევაში ხელშეკრულება უკვე დადებულია (იხ. სურათი# 1).

 

 

აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდერების მხოლოდ 14% აღმოჩნდა წარუმატებელი (10% არ შედგა პრეტენდენტების არარსებობის შედეგად; 4% შემთხვევაში ვერ დაფიქსირდა კვალიფიციური მიმწოდებელი). ამასთანავე, საკუთარი სურვილით საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერ-ჯერობით არ შეუწყვეტია ტენდერი. შედარებისთვის, ეროვნულ დონეზე წარუმატებელი და ჩავარდნილი ტენდერების პროცენტული წილი, გამოცხადებული ტენდერების 35% შეადგენს (2011 წლიდან მოყოლებული). რასაკვირველია, წლის ბოლომდე დარჩენილია 4 თვე და უფრო ზუსტი სურათი წლის ბოლოს გამოჩნდება.


2017 წლის 9 თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით გეგმავდა 7,377,709 ლარის (სავარაუდო ღირებულებების ჯამი) გახარჯვას, თუმცა ელექტრონული ტენდერების აუქციონების შემდეგ ფაქტობრივად გაიხარჯა 6,547,359 ლარი. შესაბამისად, 9 თვის განმავლობაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ელექტრონული ტენდერების საშუალებით დაზოგა 830,350 ლარი, რაც 11,25%-იანი დანაზოგია.


გამოცხადებული ტენდერებიდან ყველაზე ხშირად დაფიქსირდა ელექტრონული ტენდერი (რომელსაც მთლიანობაში საშუალოდ 10 დღეზე მეტი სჭირდება დასასრულებლად), შემდეგ კი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (რომელიც ხანმოკლე პროცედურაა და არ აღემატება 5-6 დღეს). საზოგადოებრივ მაუწყებელს კვლავ არ გამოუყენებია ორეტაპიანი ტენდერი სადაც ფასი-ხარისხის კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება (იხ. სურათი# 2).

 

 

პირდაპირი შესყიდვების რაოდენობა კვლავ მაღალია, თუმცა უმეტესი პირდაპირი შესყიდვები მონეტარული ზღვრის ფარგლებში ხორციელდებოდა (მომსახურების, საქონლის ან სამუშაოს შეძენა რომლის ფასი 5,000 ლარზე ნაკლებია). ჯამში პირდაპირი წესით გაფორმდა 484 ხელშეკრულება. აქედან 4 ხელშეკრულება ცდებოდა 5,000 ლარიან მონეტარულ ზღვარს. მაქსიმალური თანხა, რომელიც დაფიქსირდა პირდაპირი წესით გაფორმებულ ხელშეკრულებაზე იყო 10,000 ლარი.


2015 წლიდან, შემსყიდვლებისთვის სავალდებულოა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან აიღოს ნებართვა, სანამ ისინი პირდაპირი წესით განახორცილებენ შესყიდვას. ამ პროცესში ჩანს თუ რა მიზეზით და რა პირობებში ხდება პირდაპირი შესყიდვის განხორციელება.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, ყველაზე ხშირად გამოყენებული საფუძველი მომსახურების და საქონლის მიწოდების, ისევე როგორც სამუშაოს შესრულების - ექსკლუზიური უფლებაა.


ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, ტენდერებში მიმწოდებელთა დაბალი მონაწილეობის მაჩვენებელია. დაკვირვების პერიოდის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდერებში საშუალოდ მონაწილეობდა 2,34 პრეტენდენტი, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. იყო შემთხვევები როდესაც ფიქსირდებოდა მაღალი აქტიურობა 6 და 8 პრეტენდენტით, თუმცა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში (იხ. სურათი# 3).

 

 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველაზე დიდი ტენდერები (სავარაუდო ღირებულება 1,000,000 ლარზე მეტი) 3 შემთხვევაში გამოაცხადა:


- (კონკურსი - ჩNთ170000079) ქ. თბილისში, მ. კოსტავას ქ. N68-ში, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი და არსებული მესამე კორპუსის შენობების არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა.


- სავარაუდო ღირებულება - 1,032,048 ლარი


- საბოლოო ფასი - დაფიქსირდება 25.09.2017-ში

 

- (ელექტრონული ტენდერი - შPA170010059) - ვიდეოკამერების და ვიდეოკამერების აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა. მონაწილეთა რაოდენობა - 1


- სავარაუდო ღირებულება -3,204,521 ლარი


- საბოლოო ფასი - 2,849,400 ლარი


- მონაწილეები - შპს ინოვატორი/ საიდენტიფიკაციო კოდი - 205102280


- გამარჯვებული - შპს ინოვატორი


- დანაზოგი - 355,121 ლარი

 

- (ელექტრონული ტენდერი - შPA170010032) - თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურებით 20 (ოცი) ერთეული მე-3 კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების (ჯიპების) სახელმწიფო შესყიდვა. მონაწილეთა რაოდენობა - 2


- სავარაუდო ღირებულება - 1,007,665 ლარი


- საბოლოო ფასი - 934,500 ლარი


- მონაწილეები - სს ფრანს ავტო/ საიდენტიფიკაციო კოდი - 236098165; შპს ჯი-თი მოტორს/ საიდენტიფიკაციო კოდი - 206276340

 

- გამარჯვებული - შპს ჯი-თი მოტორს

 

- დანაზოგი - 73,165 ლარი

 

დასკვნა


მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელწმიფო შესყიდვებში არ ფიქსირდება არსებითი ხარვეზები. პირდაპირი შესყიდვები უმეტეს შემთხვევებში ხორციელდებოდა მონეტარული ზღვრების შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პროცედურების საშუალებით, 9 თვის განმავლობაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაზოგა 830,350 ლარი, რაც 11,25%-იანი დანაზოგია.


პრობლემებს შორის რჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეთა დაბალი მაჩვენებელი, ისევე როგორც ორეტაპიანი ტენდერის გამოუყენებლობა.


აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი მაქსიმალურად ვრცელდებოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რაც მაუწყებლის საქმიანობის ეფექტიანობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ზუსტად გამჭვირვალობის მსგავსი მაღალი სტანდარტი ხდის შესაძლებელს მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის მონიტორინგი, რაც მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას უწყობს ხელს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024