უკვე მრავალი წელია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი მთავარ დეკლარირებულ პრიორიტეტს წამოადგენს. ამ მხრივ ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. აღნიშნული დასტურდება მრავალი ისეთი საერთაშორისო ინდექსითა თუ კვლევით, როგორიცაა, მაგალითად გლობალური კორუფციის ბარომეტრი, Trace International, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი, კანონის უზენაესობის ინდექსი და სხვა.
კორუფციასთან ბრძოლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. პროცესის ხელშეწყობისა და უკეთესი მართვის მიზნით კი, 2008 წელს ჩამოყალიბდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომლის ერთ–ერთი მთავარი ფუნქციაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის შემუშავება და განსაზღვრაა. აღნიშნული საბჭოს მუშაობის შედეგად 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდა კორუფციასთან ბრძოლის ახალი პრიორიტეტები 2010-2013 წლებისთვის. მიუხედავად ამ პერიოდში მიღწეული წარმატებებისა, დროის მსვლელობასთან ერთან ქვეყნის რეალობაში წარმოიშვა ახალი გამოწვევები, რომლებიც განახლებულ მიდგომას საჭიროებდნენ, რის გამოც 2013 წელს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და ახალი სამოქმედო გეგმის მიღების შესახებ. შესაბამისად, 2013 წელს ანტიკორუფციულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღების შესახებ. 2015 წლის 20 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა საქართველოს 2015-2016 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორცილების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთვარობის დადგენილებას. ანტიკორუფციული სტრატეგია მოიცავს არსებული გამოწვევების ზოგად აღწერას და მათი გადაჭრის გზებს, ხოლო სამოქმედო გეგმაში მოცემულია დეტალური ინფორმაცია განსახორციელებელი ქმედებების შესახებ, პასუხისმგებელი უწყებების ჩამონათვალი და კონკრეტული ვალდებულებების განხორციელების თარიღები.
ანტიკორუფციული სტრატეგია 2015-2016 შემუშავებულ იქნა ანტიკორუფციული საბჭოს მიერ, რომელიც შედგება როგორც აღმასრულებელი, სასმართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების ისე სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. საბჭოს ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი, ხოლო მის საქმიანობას უძღვება იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. უნდა ითქვას, რომ 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავების პროცესი განსაკუთრებით პოზიტიური იყო მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მხრივ.
ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია განსაზღვრავს 13 ძირითად პრიორიტეტს, რომელიც ჩამოყალიბდა მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად. აღნიშნული პრიორიტეტებია:
1. კორუფციის პრევენციის მიზნით ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია;
2. კორუფციის პრევენცია საჯარო სამსახურში;
3. ღიაობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ჩართულობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში;
4. განათლება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება კორუფციის პრევენციის მიზნით;
5. კორუფციის პრევენცია სამართალდამცავ ორგანოებში, კორუფციული დანაშაულების ეფექტიანი გამოვლენა და სისხლისსამართლებრივი დევნა;
6. კორუფციის პრევენცია მართლმსაჯულების სისტემაში;
7. გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციული რისკების შემცირება საჯარო ფინანსების და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;
8. კორუფციის პრევენცია საბაჟო და საგადასახადო სისტემაში;
9. კორუფციის პრევენცია კერძო სექტორთან მიმართებით;
10. კორუფციის პრევენცია ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში;
11. პოლიტიკური კორუფციის პრევენცია;
12. კორუფციის პრევენცია თავდაცვის სექტორში;
13. კორუფციული რისკების შემცირება მარეგულირებელ ორგანოებში.
2015–2016 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდა 9 თემატური ჯგუფის საშუალებით. აღნიშული ჯგუფების მუშაობის პროცესში უზრუნველყოფილი იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობა. ანტიკორუფციულ საბჭოში შექმნილია შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
1. საჯარო სამსახურის რეფორმა;
2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;
3. კორუფციის პრევენცია სამართალდამცავ ორგანოებში და მართლმსაჯულების სისტემაში;
4. კორუფციის პრევენცია საჯარო ფინანსების და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;
5. კორუფციის პრევენცია საბაჟო და საგადასახადო სისტემებში;
6. კორუფციის პრევენცია კერძო სექტორთან მიმართებით;
7. კორუფციის პრევენცია ჯანდაცვის და სოციალურ სექტორში;
8. პოლიტიკური კორუფციის პრევენცია;
9. მარეგულირებელ ორგანოებში კორუფციული რისკების შემცირება.
აღსანიშნავია, რომ IDFI-ის დირექტორი წარმოდგენს მომხსენებელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების სამუშაო ჯგუფში. მედია და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი კი არის მარეგულირებელ ორგანოებში კორუფციული რისკების შემცირების სამუშაო ჯგუფის მომხსენებელი.
2015 წლის 20 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა მთავრობის დადგენილებას 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. სამოქმედო გეგმაში ასახულია ბევრი ის რეკომენდაცია, რომელთა ადვოკატირებასაც IDFI წლების განმავლობაში ახორციელებდა. საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება დამატებითი რეფორმები განახორციელოს კორუფციის მაღალი რისკის შემცველ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სახელმწიფო შესყიდვები, საჯარო სამსხური, მამხილებელთა დაცვა, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და სხვ. საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა წინა წლის განმავლობაშიც. შედეგად პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც, სხვათა კანონებთან ერთად, მოიცავს საჯარო სამსახურის შესახებ ახალ კანონს. ახალი კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას მიიღოს დამოუკიდებელი საკანონმდებლო აქტები საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების, კონკურსის ჩატარების წესის, საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების და სხვათა შესახებ. ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ ვალდებულებებს, რომლებსაც შეიცავს სამოქმედო გეგმა საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, შემოგთავაზებთ თუ რა პოზიციისთვის ახდენდა ადვოკატირებას IDFI წლების განმავლობაში და შევაფასებთ, თუ რამდენად იქნა მთავრობის მიერ გათვალისწინებული ჩვენი რეკომენდაციები საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღების პროცესში. კერძოდ კვლევაში მიმოხილულია საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიცაა საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი, მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტი, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები, შრომის ანაზღაურება საჯარო სამსახურში და სახელმწიფო შესყიდვები.