პანდემია და კორუფციული რისკები

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | აქტუალური თემები | სტატია 7 აპრილი 2020

 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.[1] პრეზიდენტის დეკრეტის პირველი მუხლის თანახმად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია COVID-19-ის მასობრივი გავრცელების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირება და დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა.

 

COVID-19 პანდემიის მიერ გამოწვეული ვითარება გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაზე. პანდემიასთან ბრძოლის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფომ ასევე მიიღო სპეციალური ღონისძიებები და აამოქმედა საგანგებო მდგომარეობა (იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ბალკანეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვა).[2]

 

სამწუხაროდ, საერთაშორისო გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ ამგვარი კრიზისის პირობებში იზრდება კორუფციის რისკები, რამდენადაც ზოგიერთი პანდემიას განიხილავს, როგორც საგანგებო სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება პირადი სარგებლობისთვის.[3] კორუფციის შემთხვევები ხშირად სწორედ კრიზისის დროს იმატებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყურადღება მოდუნებულია და სუსტდება ზედამხედველობა შესაბამისი ინსტიტუტების მიერ. გარდა ამისა, კრიზისულ სიტუაციებში ხდება დიდი თანხების მობილიზება როგორც საერთაშორისო დონორებისგან, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისგან, რაც კიდევ უფრო ზრდის კორუფციისა და დახმარების სახით მიღებული ფინანსების არასათანადოდ განკარგვის საფრთხეებს. აღნიშნულს ადასტურებს გლობალური გამოცდილება ისეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიც იყო ებოლასთან და ღორის გრიპთან დაკავშირებით არსებული კრიზისული სიტუაციები.[4] წითელი ჯვრის შეფასებით დასავლეთ აფრიკაში ებოლასთან დაკავშირებული კრიზისის დროს 6 მილიონი დოლარი გაიფლანგა ყალბი საბაჟო გადასახადების, გაბერილი ხარჯებისა და არარსებული თანამშრომლების ანაზღაურებების გამო.[5]შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე რთულ სიტუაციაშიც ხელისუფლებამ ყურადღება არ მოადუნოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს კორუფციის რისკების იდენტიფიცირებას და სავარაუდო კორუფციული შემთხვეების გამოვლენას.

 

 

ეპიდემიის დროს ხშირად საჭირო ხდება გადაუდებელი შესყიდვები, რაც ზრდის ამ მიმართულებით კორუფციის რისკებს, ხდება ფასების ხელოვნური ზრდა და არაოფიციალური (ე.წ. ნაცრისფერი) და შავი ბაზრების გამოყენება ისევე, როგორც ფალსიფიცირებული სამედიცინო პროდუქციის გასაღება.[6]

 

საერთაშორისო მასშტაბით 2020 წლის მარტის განმავლობაში უკვე აღინიშნა კორუფციულ ინციდენტებთან დაკავშირებული ტალღა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შემცირება. როგორც ცნობილია, ევროპის კონტინენტზე პანდემიის შედეგად ყველაზე ძლიერი დარტყმა იტალიამ განიცადა. იტალიაში გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში ერთ-ერთმა კომპანიამ მოიგო ტენდერი და მიიღო უფლება, რომ მთავრობა სამედიცინო ნიღბებით მოემარაგებინა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაბლოკა აღნიშნული ტენდერი სავარაუდო კორუფციული გარიგების გამო და გამოძიება დაიწყო. სერბეთის პრეზიდენტმა კი საჯაროდ განაცხადა, რომ ევროპულ ბაზარზე სასუნთქი აპარატების ნაკლებობის გამო, იძულებული გახდა, ისინი არაოფიციალურ ბაზარზე შეეძინა.[7]

 

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეჩერება ისევე, როგორც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ტენდერების გვერდის ავლით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მოსალოდნელი მატება (გაზრდილი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან განხორციელებული შესყიდვები, გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული შესყიდვები და ა.შ.) მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვისა  თუ კორუფციული გარიგებების რისკებს.

 

ებოლასთან დაკავშირებული გამოცდილება ადასტურებს, რომ კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის საკმარისი არ არის ის ანტიკორუფციული მექანიზმები, რომლებიც ჩვეულებრივ დროს შეიძლება წარმატებით მუშაობდეს.

 

შიდსის ეპიდემიასთან დაკავშირებული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კრიზისულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება. შიდსის ეპიდემიის დროს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ლოკალურ დონეზე შესაბამისი პროგრამების ეფექტიანად დანერგვის მიზნით. შედეგად, შიდსის ეპიდემიამ ისეთი დამანგრეველი გავლენა ვერ მოახდინა საზოგადოებებზე, როგორც მოსალოდნელი იყო.[8] სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში მონიტორინგის, ანგარიშვალდებულებისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით.

 

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელწიფო ბიუჯეტში მოახდენს ორი მილიარდი ლარის მობილიზებას, რაც ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერას მოხმარდება. დამატებით, უშუალოდ ჯანდაცვის სექტორში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისთვის, ბიუჯეტში  გამოყოფილია 351 მილიონი ლარი.  მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებმა მათთვის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები უაღრესად რაციონალური გამოიყენონ და უზრუნველყონ აღნიშნული პროცესის გამჭვირვალობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს სამედიცინო სფეროში კორუფციული რისკფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება, რომ ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები რაციონალურად და მიზნობრივად დაიხარჯოს.

 

 

მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინების, ტესტებისა და აღჭურვილობის შესყიდვისას ღია და გამჭვირვალე პროცედურის საშუალებით.

 

 

ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა უნდა უზრუნველყოს ბიუჯეტის მონიტორინგის და შესყიდვების მიმართულებით, რაც ფინანსების ეფექტიან ხარჯვას და კორუფციული რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.

 

ამ პირობებში მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაღალი ხარისხი. შესაბამისად, საჭიროა 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დანერგილი სტანდარტის არსებულ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

 

----

 

[1]საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დეკრეტი №1 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

[2]ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

[3] S. Steingrüber, M. Kirya, D. Jackson and S. Mullard, U4 Guide - Corruption in the time of COVID-19: A double threat for low-income countries, ხელმისაწვდომია ბმულზე.

[4] საერთაშორისო გამჭვირვალობა, კორუფცია და კორონავირუსი, ხელმისაწვდომია ბმულზე.

[5] J. Delzo, Red Cross says $6 million in donations, payroll stolen during Ebola crisis, ხელმისაწვდომია ბმულზე.

[6] N. Cuckić, COVID-19 pandemic as a threat to the rule of law in the Western Balkans, ხელმისაწვდომია ბმულზე.

[7] J. Delzo, Red Cross says $6 million in donations, payroll stolen during Ebola crisis, ხელმისაწვდომია ბმულზე.

[8] საერთაშორისო გამჭვირვალობა, კორუფცია და კორონავირუსი, ხელმისაწვდომია ბმულზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022