განაცხადების მიღება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ზამთრის სკოლის მონაწილეთა შესარჩევად

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, აცხადებს ზამთრის სკოლის - „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“ - მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს. 

 

სად და როდის გაიმართება სკოლა? 

 

ზამთრის სკოლა ჩატარდება 2024 წლის 9 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით, ქვიშხეთში, სასტუმრო მწერლებში.

 

სკოლის ფარგლებში ჩატარებული ლექციები დაეთმობა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის (ევროკომისიის 9 დათქმის) კონტექსტში. 

 

ვის შეუძლია მონაწილეობა? 

 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის  ფაკულტეტების ბაკალავრიატის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს;  ასევე  საჯარო სამსახურში დასაქმებულ მეოთხე, მესამე და მეორე რანგის მოხელეებს.

 

ხარჯები:  

 

IDFI სრულად დაფარავს ღონისძიების ხარჯებს. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების ტრანსპორტირება (თბილისი-ქვიშხეთი და ქვიშხეთი-თბილისი), სასტუმროში განთავსება და კვება. 

 

როგორ გამოგზავნოთ განაცხადი?  

 

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 20 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა. ასევე, განმცხადებლის CV (რეზიუმე) და სხვა დამატებითი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ზამთრის სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე - winterschool@idfi.ge. ელექტრონული ფოსტის “subject” ველში მიუთითეთ “ზამთრის სკოლა”. 

  

დამატებითი დოკუმენტები: 

 

განმცხადებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (მაგალითად, აკადემიური ნაშრომი) ან განმარტებები მოტივაციის თაობაზე (მაგალითად, სამოტივაციო წერილი), რომელიც კონკურსანტის აზრით ადასტურებს მისი კანდიდატურის  თავსებადობას ზამთრის სკოლის მოთხოვნებთან. 

 

შენიშვნა: დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუმცა დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტები ჩაითვლება განაცხადის განუყოფელ ნაწილად და გამოყენებული იქნება კანდიდატის შეფასებისთვის კონკურის II ეტაპზე; დამატებითი დოკუმენტები იგზავნება მხოლოდ ზამთრის სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმესთან ერთად. 

 

კონკურსის ეტაპები და გამარჯვებულთა გამოვლენა:

 

მონაწილეების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე. 

 

ეტაპი I: წარმოდგენილი განაცხადის ფორმალური შესაბამისობის შემოწმება კონკურსის მოთხოვნებთან;

 

ეტაპი II: განაცხადთა შეფასება და გადარჩევა; (შეფასების კრიტერიუმებია: ზამთრის სკოლის მიზნებთან და თემატიკასთან კონკურსანტის კვალიფიკაციის/ინტერესების თავსებადობა; კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი განაცხადის რელევანტურობა და კანდიდატის მოტივაცია; 

 

ეტაპი III: გასაუბრება და გამარჯვებული კანდიდატების და სარეზერვო კანდიდატების გამოვლენა. 

 

კონკურსის III ეტაპზე გადასულ მონაწილეებს შესაძლოა, მოეთხოვოთ CV-ში მითითებული გამოცდილების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი, ანდა ზამთრის სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა. 

 

ზამთრის სკოლის წარმატებულ მონაწილეს IDFI ანაზღაურებად სტაჟირებას შესთავაზებს. 

 

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 იანვარი. 

კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ზამთრის სკოლის ელ-ფოსტაზე: winterschool@idfi.ge.