სასერთიფიკატო კურსი-დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა:ისტორია,თეორიები და გაბათილების საშუალებები

 

 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით, 2022-2023 წლების სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებების” გაგრძელება.

 

მთლიანობაში, პირველი წლის განმავლობაში სასერთიფიკატო პროგრამა  13 სტუდენტმა გაიარა, ხოლო 4 სტუდენტი სხვადასხვა მიზეზის გამო კურსს სექტემბერში გაივლის. გარდა 17 სტუდენტისა,  პროგრამაში საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვის მაჩვენებელი  მაღალი იყო: 20 -ზე მეტა სტუდენტმა აირჩია მოდულები, როგორც საგნები, ხოლო იმავე რაოდენობის სტუდენტი დაესწრო კურსის ფარგლებში შემოთავაზებულ სემინარებსა და კონფერენციებს.

 

აკადემიური პროგრამა - დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, რომელიც არის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, 2021 წლის 20 სექტემბრიდან დაიწყო. Სულ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 78 აპლიკანტმა გამოთქვა . Რეზიუმეებისა და სამოტივაციო წერილების განხილვის საფუძველზე 35 აპლიკანტი გადავიდა გასაუბრების ეტაპზე, რომელიც 13-15 სექტემბერს გაიმართა. Საბოლოოდ პროგრამაში მონაწილეობისთვის 19 სტუდენტი იქნა შერჩეული საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებებისა და მედიის სკოლის სტუდენტებთან ერთად, თუმცა ორმა მათგანმა პირადი მიზეზების გამო კურსზე დასწრება ვერ შეძლო და პირველ წელს კურსი 17-მა სტუდენტმა დაასრულა. Მონაწილეები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტს, ადგილობრივ მედია საშუალებას, სამოქალაქო საზოგადოებას და საჯარო სამსახურს. გარდა ამისა, პროგრამაში ჩართული იყვნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ მოეგროვებინათ 6 აკადემიური კრედიტი სხავდასხვა მოდულის არჩევისა და გავლის საშუალებით. მთლიანობაში, სხვადასხვა მოდული 20-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.

 

აკადემიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ორი სემესტრის განმავლობაში საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ  6 მოდულს და რამდენიმე მოკლე ტრენინგ-სემინარს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის, ისტორიის, მისი საჯარო ზემოქმედებისა და გაუქმების გზებზე. მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეემუშავებინათ კვლევითი პროექტები და წარედგინათ ისინი საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 2022 წლის 3-4 ივლისს.

 

 

პროგრამა  დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, ორ აკადემიურ სემესტრზეა გათვლილი  და მოიცავს 6 სასწავლო კურსს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების სოციალურ მეცნიერებათა/ ჰუმანიტარული სკოლის დამამთავრებელი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირებს, ისევე როგორც მედიის წარმომადგენლებს.

 

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების შემთხვევაში სალექციო კურსები ხელმისაწვდომი იქნება ასარჩევ საგნებს შორის, ხოლო თითოეული გავლილი კურსი, 6 სასწავლო კრედიტის საპირწონეა. ყველა მონაწილე, რომელიც წარმატებით გაივლის, სულ ცოტა 4 სასწავლო კურსს, მიიღებს პროგრამის გავლის დამადასტურებელ ორენოვან სერთიფიკატს.

 

გარდა სტანდარტული სალექციო კურსებისა, მონაწილეები შეძლებენ ასევე საჯარო ლექციებზე, სპეციალურ სემინარებზე დასწრებასა და საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას. მონაწილეების მიერ მომზადებული 10 საუკეთესო ესე/პროექტი, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება/გავრცელდება საქართველოს უნივერსიტეტისა და IDFI-ის ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter).

 

*სწავლების ენა: ქართული, თუმცა საკითხავი მასალის დიდი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურად.

 

 

პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები (გარდა საქართველოს უნივერსიტეტის); საჯარო სამსახურის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2022 წლის 14 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/pcacP7H4o1pQaK8X8 

 

 

პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

 

მოკლე გასაუბრების დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რომ ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მოთხოვნები.

 

შერჩეულ მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური.

 

 

შერჩევის კრიტერიუმები:

 

  •   მოტივაცია (30);

 

  • გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი (30);

 

  •  ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა (25).

 

  • კურსის საკუთარ საქმიანობაში ასახვის გეგმა/შესაძლებლობა (15)

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: n.gozalishvili@idfi.ge