ზამთრის სკოლა სტუდენტებისთვის - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას ზამთრის სკოლისთვის „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“. 

 

ზამთრის სკოლის მიზანია სტუდენტების ცოდნის გაღრმავება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსიების წახალისება.

 

ზამთრის სკოლა ჩატარდება 9-14 დეკემბერს გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში.“ პროგრამით გათვალისწინებულია ტრენინგების ჩატარება შემდეგ საკითხებზე:

 

- კანონის უზენაესობა - ცნება და ძირითადი ელემენტები;

 

- ინფორმაციის თავისუფლება;

 

- ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები;

 

- ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმები, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი;

 

- გამოხატვის თავისუფლება.

 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 500 სიტყვისა) 1 ნოემბერის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: winterschool@idfi.ge

 

სტუდენტები შეირჩევიან წარმოდგენილი განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე.