კონკურსი გრაფიტის შექმნაზე - „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით აცხადებს კონკურსს გრაფიტის შექმნაზე, თემა: მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო.

 

კონკურსის მიზანია - საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?

 

2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე. 

 

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას

 

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება? 

 

- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს;

 

- მსურველთა მონაწილეობა ასაკობრივი და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ არის შეზღუდული.

 

 

როგორ მივიღო მონაწილეობა კონკურსში?

 

1. მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს მინიმუმ ერთი გრაფიტი (გრაფიტის მხოლოდ ესკიზი; და მისი კედელზე გადატანისას საჭირო/ზუსტი პარამეტრები).

 

2. შესაძლებელია რამდენიმე ნამუშევრის გამოგზავნაც, კატეგორიის განურჩევლად.

 

3. ამასთან, აუცილებელია, რომ თითო ნამუშევარი ეხებოდეს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მხოლოდ  ერთს. ნამუშევრები, რომლებიც შინაარსობრივად ეხება ორ ან მეტ მიზანს, არ მიიღება.

 

4. ნამუშევრების შინაარსობრივი მხარისადმი ესთეტიური შეზღუდვები არ არის, თუმცა ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის;

 

5. ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს; 

 

6. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი  კონკურსიდან;

 

7. კონკურსში მიიღება მაღალი რეზოლუციის ციფრული ვიზუალიზაცია. ფაილი გამოგზავნილი უნდა იყოს GPG ან PDF ფორმატში და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს. 

 

საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 5 ივლისი. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: contest@idfi.ge  იმეილის ტექსტში უნდა მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა).  გრაფიტის ესკიზის შემთხვევაში, იმეილის ტექსტში უნდა მიუთითოთ კედელზე გადატანისას მისი ზუსტი ზომები. გამოგზავნისას, იმეილის სათაურში (Subject ველი) მიუთითეთ საკონკურსო გრაფიტი.

 

 

ამ კონკურსზე ნამუშევრის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ: 

 

- ფლობთ საავტორო უფლებებს, გამოგზავნილი ნამუშევარი თქვენი შექმნილია; 

 

- შეძლებთ კონკურსში წარდგენილი ესკიზის ზუსტად, მითითებული პარამეტრების დაცვით გადატანას/დახატვას კედელზე; 

 

ორგანიზაციას არ აქვს ნამუშევრების კომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლება.

  

 

რა კრიტერიუმებით შეფასდება ნამუშევრები? 

 

- თემასთან - „მდგრადი განვითარების მიზანი და საქართველო“ - და შერჩეულ მიზანთან შესაბამისობა; 

 

- საკითხის ინოვაციური გამოხატვა გრაფიტის (გრაფიტის ესკიზი) სახით;

 

- ნამუშევრის კომპოზიციური განაწილება;

 

- ფერების კომბინაცია და შეხამება.

 

 

პრიზები

 

- გამარჯვებულ გრაფიტს შეარჩევს გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) და IDFI-ის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური.

 

- გამოვლინდება 1 გამარჯვებული და მას გადაეცემა ტექნიკის მაღაზიის 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი. 

 

- გამარჯვებული დაჯილდოვდება მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე.

 

- პროექტი უზრუნველყოფს საჭირო კედლის მოძიებას/ნებართვას რათა ავტორმა შეძლოს გრაფიტის ესკიზის გადატანა კედელზე. 

 

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

იმეილი: contest@idfi.ge              

FB მესიჯი: https://www.facebook.com/IDFI.official    

ტელ: +995 32 2 92 15 14; +995 599 500 137

 

კონკურსი იმართება პროექტის „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.