მოსაზრებები სამუსლიმანო საქართველოს სახელმწიფოებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებით

მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ბლოგპოსტები 10 მარტი 2021

ანალიტიკური სტატიის ავტორია ირაკლი ლეონიძე და ის დაიწერა კონკურსისთვის „საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

ირაკლი ლეონიძე არის კონკურსის გამარჯვებული - I ადგილის მფლობელი.

 

___

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი არსებობის წლების სიხარულითა და სიმძიმილით მიიჩნევა ყველაზე ლაღ, ცოცხალ და სწრაფმავალ პერიოდად ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

 

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნით შესაძლებელი გახდა საყოველთაო ნგრევისა და სახელმწიფოებრივი განუკითხაობის თავიდან აცილება. მოსაზრებები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიის სახელმწიფოებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებით გულისხმობს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისა და სამართლებრივი აქტების მოქმედების ძალის გავრცელებას უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და 1921 წლის თებერვლის შემდეგ დამდგარ მძიმე პოლიტიკურ შედეგებს. საინტერესოა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებიც მოიცავს პრობლემური საკითხების კონსტიტუციის დონეზე დარეგულირების პერსპექტივებს და ის, თუ როგორ უგულებელყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ თავისი მოქალაქეები, ტერიტორია და სახელმწიფოებრიობა.

 

ნაშრომის მიზანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დამოკიდებულებისა და გადაწყვეტილებების შეფასება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლის სუბიექტებად, შემდგომში სამუსლიმანო საქართველოს სახელმწიფოებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებით.

 

ისტორიული სამართალმემკვიდრეობა

 

რუსეთ-თურქეთის ომების[1] პერიოდში სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ორი იმპერიის დამპყრობლური ინტერესისა და პროპაგანდის მსხვერპლი აღმოჩნდა. რუსეთის იმპერიის დაუცხრომელმა სურვილმა დაეპყრო კავკასიის ტერიტორიები,[2] საყოველთაო შიში, რელიგიურ-სოციალური  გაუგებრობა, მუჰაჯირობის დაწყების გამიზნული მოქმედებები  და მძაფრი პოლიტიკური პროპაგანდის წარმოება გამოიწვია. ტერიტორიული ნიშნით დაყოფილი სივრცე სხვადასხვა ფორმით იცლებოდა მკვიდრი მოსახლეობისგან.

 

პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პოლიტიკური მიმდინარეობა, კავკასიის ფრონტის წინა ხაზის განაპირა ტერიტორიების გაურკვეველი სტატუსი და ევროპის სახელმწიფოთა დამოკიდებულება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებს რესპუბლიკასთან შეერთების განსხვავებულ ხასიათს სძენდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ სხვადასხვა სახელმწიფოთა დაინტერესების მიზნები ხშირად რესპუბლიკის ტერიტორიული განფენის მასშტაბს რადიკალურად ცვლიდა. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და მუჰაჯირების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების სამართლის სუბიექტად მიჩნევის საკითხი ტერიტორიულობისა და სამართალურთიერთობის ზოგად საზღვრებს უფრო და უფრო დასცილდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურებმა შესძლეს რესპუბლიკის საზღვრებში სახელმწიფო ხელისუფლების დამყარება და რესპუბლიკის მოქალაქეთა კონსოლიდაცია ეროვნული, პოლიტიკური და სოციალური ნიშნით. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის არ არსებობდა საშიში და ანტისახელმწიფოებრივი ტერმინოლოგიური ცნებები მკვიდრი მოსახლეობის დასახასიათებლად.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიის აღსასრულის ისტორიულ გზაგასაყარზე ჩამოყალიბდა, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო ქართველი ერის მოუშუშებელი იარები, მათ შორის ქართველ მუჰაჯირთა სამშობლოში დაბრუნების, ტერიტორიული ცვლილებების, სასაზღვრო მიმოსვლისა და მუჰაჯირობის პროცესის კვლავ განახლების საფრთხე.[3] რესპუბლიკის არსებობის პერიოდში შესაძლებელი გახდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის ეროვნული თვითშეგნებისა და კონსოლიდაციის აზრის ფორმირება, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობითი ღონისძიებების განხორციელებით რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიის სახელმწიფოებრივი კუთვნილების აზრის ჩამოყალიბება, რა დროსაც აქტუალურ ხასიათს იძენდა საკითხი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისა და სამშობლოში დაბრუნების მსურველი მუჰაჯირების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლის სუბიექტებად აღიარებისა და დაცვის შესახებ. თუმცა, საბჭოთა მმართველობის პერიოდში ნათლად გამოჩნდა მკვიდრი მოსახლეობის სამართლსუბიექტად მიჩნევის, როგორც უფლების გვაროვნულობისა და ასეთად მიუჩნევლობის ტენდენციური საკითხი, რაც რადიკალურად მიუღებელ თეზას წარმოადგენდა საქარველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პირობებში.

 

საბჭოთა საქართველოს თავდაპირველმა უტოპიურმა მისწრაფებებმა საბოლოოდ აღმოფხვრა სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. შესაბამისად, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე მკვიდრი მოსახლეობის სამართალსუბიექტობის საკითხი ხელისუფლების უმაღლესი რგოლიდან რეგულირდებოდა და არა რესპუბლიკის ადგილობრივი მმართველობის დონეზე.

 

ქართველი მუჰაჯირები თავიანთ თავს „შეფრენილ ფუტკარს“ უწოდებენ,[4] რამეთუ თავიანთი ნების უნებურად დაშორდნენ ისინი საქართველოს, რესპუბლიკის ჩამოყალიბების თავდაპირველ ეტაპზე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიების დაკარგვის რეალური საფრთხე შეიქმნა.[5] ოსმალეთის იმპერია ცდილობდა რუსეთის იმპერიის აღსასრულს, სამხედრო არმიას უკან დახევისთანავე მიდევნებოდა. შემდგომში ოსმალეთის იმპერიაც დაიშალა, თუმცა იმპერიების აღსასრულს ტერიტორიული ექსპანსიის საკითხი და სოციალური გაუგებრობა კვლავ მწვავე პრობლემას წარმოადგენდა. საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შთანთქმა და შემდგომში თურქეთთან სასაზღვრო ზოლის დემარკაცია სწორედ აღნიშნული პრობლემის ფართო ხასიათზე მიანიშნებს.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის „მცირეწლოვნებამ“ ვერ უზრუნველყო ქართველ მუჰაჯირთა სამშობლოში დაბრუნებისა და სასაზღვრო საკითხის საერთაშორისო დონეზე რეგულირების შესაძლებლობა.[6] რესპუბლიკის მმართველობითი ღონისძიებების ოპონენტები საზღვრების დადგენის საკითხის საუარესოდ გადაწყვეტასა და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებების არსებობის შესახებ მიუთითებენ. დასახელებული საკითხის სიმწვავეს რესპუბლიკის ჩრდილოელი მეზობლის ზრახვები ართულებდა, მათ შორის უთანხმოება სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. საინტერესოა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურთა დამოკიდებულებები და წარმოდგენები მუჰაჯირობის შესახებ, ასევე, ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებმაც თავი იჩინა პირველი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიის სახელმწიფოებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებით. საქართველოს პირველი კონსტიტუციის მე-11 თავის მნიშვნელობა ავტონომიური მმართველობის ფორმას სამუსლიმანო საქართველოს მიმართ თავდაპირველი ტერიტორიული მსაზღვრელით ავითარებდა, რაც საბჭოთა რუსეთის კეთილმეზობლურმა პოლიტიკამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისა და ქართველ მუჰაჯირთა დამოკიდებულების მსგავსად იმსხვერპლა,[7] ხოლო სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის საკითხი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისთვის უგულებელყოფილ პრობლემად ჩამოყალიბდა.

 

რესპუბლიკის მიღწევები პრობლემური საკითხის რეგულირებას თანდაკავშირებით

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ რესპუბლიკის სამხეთ-დასავლეთ ტერიტორიის სადემარკაციო საზღვრის ფორმირების საკითხი ერთობ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ ტერიტორიის მკვიდრი მოსახლეობის სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის თვალსაზრისით. შემდგომში საბჭოთა ხელისუფლების მიერ გავლებული საზღვარი სამუსლიმანო საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას ორ ნაწილად ჰყოფდა. უცნაურია საბჭოთა ხელისუფლების გვიანდელი მოსაზრებები ამ ტერიტორიების სხვა სახელმწიფოს მიერ არამართლზომიერი დაუფლების თაობაზე, როდესაც აღნიშნული წარსულში მათი როგორც მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.[8] შესაბამისად, ცალსახაა ის პროპაგანდა და მართვის სტილი, რომელსაც აქტიურად იყენებდა საბჭოთა ხელისუფლება, მაშინ, როდესაც უარყოფდა და ჩქმალავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიების შემოერთების თვალსაზრისით. მუჰაჯირობა ქართველი ერის უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც მრავალჯერად პროცესს წარმოადგენდა და შეეძლო კვლავინდებური სიმძაფრით ეჩინა თავი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში. რთული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტერიტორიულ სიმტკიცეს არ ექნებოდა სახელმწიფოებრივი საზრისი თუ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ვერ შეიმეცნებდა რესპუბლიკის საკანონმდებლო რეგულირების გავრცელებისა და მოქმედების აუცილებლობას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის მკვიდრი მოსახლეობა არა რაიმე ეთნიკური ან ენობრივი ფორმის მქონე საშიშ ელემენტს, არამედ მმართველობითი ღონისძიების ადრესატს წარმოადგენდა.

 

საზღვრის სადემარკაციო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო მკვიდრი მოსახლეობის დაცვისა და სხვა სოციალური გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა, რათა მუჰაჯირობის პროცესი კვლავ არ განახლებულიყო, რამეთუ მუჰაჯირობის პროცესი მრავალეტაპიან, დროსა და სივრცეში მიმდინარე მოვლენას წარმოადგენდა. საგულისხმოა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სადემარკაციო საზღვრის ცვლილების მნიშვნელოვანი თარიღები, რომელიც ისტორიული ცვალებადობის პირობებში იმპერიათა შორის მუდმივი დავის საგანს წარმოადგენდა.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთს ომი, რომლის საფუძველზე და საზღვრის დადგენის საკითხთან დაკავშირებით დაიდო სან სტეფანოს ზავი (1878) და გაიმართა ბერლინის კონგრესი (1878), რის შემდეგაც დადგენილი უცვლელი საზღვარი შენარჩუნდა 1878-1918 წლების პერიოდში.

 

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს რუსეთის იმპერიის დაცემამ და ახალი ხელისუფლების შეთანხმებამ ცენტრალურ ძალებთან 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ზავის სხვადასხვა შედეგები წარმოშვა. ამ ზავის პირობებით ძალმოსილი ოსმალეთის იმპერია ესწრაფვოდა რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიების და არა მხოლოდ ამ ტერიტორიების მასთან შეერთებას. 1918 წლის 4 ივნისს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის დაიდო ბათუმის ხელშეკრულება. საზღვარი დადგინდა მდ. ჩოლოქზე. ხელშეკრულება ძალაში იყო 1918 წლის ოქტომბრამდე (მუდროსის ზავამდე / ოსმალეთის იმპერიის აღსასრულამდე).

 

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულმა საბრძოლო მოქმედებებმა და შემდგომში რესპუბლიკის ტერიტორიის შთანთქმამ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების გაფორმება გამოიწვია.

 

საგულისხმოა საზღვრის გადასინჯვის მცდელობა 1945 წელს. ასევე, საზღვრის საკითხის დადგენის შესახებ მოლაპარაკებები 1945-1947 წლებში, საზღვარი ძალაში დარჩა 1991 წლამდე, შემდგომში დამოუკიდებელი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი 1991 წლიდან დღემდე.

 

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიების საზღვრების დადგენა პრობლემური და დაპირისპირებით აღსავსე აღმოჩნდა. ქართველ მუჰაჯირთა დაბრუნებისა თუ მიმოსვლის საკითხი კი გამოიყენებოდა, როგორც მიზეზი ან მოთხოვნის საშუალება სხვა სახელმწიფოთა მიერ. პირველი მსოფლიო ომის გამარჯვებული თუ დამარცხებული სახელმწიფოების მისწრაფებები კავკასიაში პოლიტიკურ სიტუაციას წლიდან წლამდე ართულებდა.[9] წითელი არმიის შემოჭრასთან ერთად საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრების განსაზღვრის საკითხი რუსეთისა და თურქეთის საერთო გამოწვევად იქცა, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინტერესები უგულებელყოფილი და მივიწყებული აღმოჩნდა, ისევე, როგორც მთლიანად რესპუბლიკა.[10] საბჭოთა საქართველოსთვის შთაგონებული სოციალისტური პროპაგანდა, რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ საფუძველზე საბჭოთა იმპერიალიზმის უტოპიური მედროშის ფუნქციონირების და არა პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის დაფუძნების აუცილებლობას ქადაგებდა.  

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამწლიანი მმართველობის პირობებში საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიების კუთვნილებისა და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რესპუბლიკის სამართალსუბიექტებად მიჩნევის საკითხი მხოლოდ ეროვნულ ხასიათს არ ატარებდა. საგულისხმოა მსოფლიოში მიმდინარე საერთო-პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც თავის მხრივ აყოვნებდა რესპუბლიკის წინსვლას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფდა თანამშრომლობის შესაძლებლობებს ევროპის ცალკეული სახელმწიფოების მონაწილებით, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ნებისმიერი ქმედება თუ ჩანაფიქრი აღიქმებოდა, როგორც საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული. შესაბამისად საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიები აღარ წარმოადგენდა დამოუკიდებელი რესპუბლიკის საზღვარს, იგი უკვე საბჭოთა საქართველოს სასაზღვრო ზონად იქცა, სადაც ახალი სადემარკაციო ღონისძიებების ორგანიზება აწ უკვე საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ნების მიღმა განხორციელდა.

 

სამართლის ნორმის მოქმედების ფარგლები მეტად ცვალებად და მკვეთრად პრობლემურ ტერიტორიულ საზღვრებში მოექცა, რამაც შემდგომში სახელმწიფო საზღვრისა და სოციუმის პოლიტიკურ-სამართლებრივი ურთიერთაცდენა გამოიწვია. თანამედროვე გადმოსახედიდან საკითხი თავის აქტუალურობას უკვე განხორციელებული ცალკეული მოქმედებების მიმართ განსხვავებული პოზიციების არსებობით ავლენს.

 

რესპუბლიკის შესაძლებლობები

 

მუჰაჯირობის პროცესის ნებისმიერი ფორმით განახლების შესაძლებლობა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების სამუდამო დაკარგვის საფრთხეს წარმოადგენდა.[11] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში გატარებული ფრთხილი მოქმედებებით რესპუბლიკის საზღვრებში აღმოჩნდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ცალკეული ტერიტორიები.[12] რთულია თანამედროვე სადემარკაციო მოცემულობის პირობებში და სამართლებრივი გადმოსახედიდან წარმოვიდგინოთ ის პრობლემური სიტუაცია, რის წინაშეც პირველი რესპუბლიკის მესვეურები იდგნენ. მათ შესძლეს სასაზღვრო რაიონიდან უცხოური ჯარის გაწვევა, მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოება, ეროვნული ხელისუფლების დამყარება და ერის კონსოლიდაცია. საინტერესოა, თუ როგორ რეაგირებდა საბჭოთა ხელისუფლება მსგავს საკითხთან დაკავშირებით, ქართველ მესხთა საყოველთაო გადასახლების მაგალითიც კმარა ბოროტების იმპერიის მართლშეგნების დასახასიათებლად.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების ჩამოყალიბება და ქართველი ერის კონსოლიდაცია წარმოადგენს.[13] საბჭოთა რეპრესიებმა ვერ აღმოფხვრა პირველი რესპუბლიკის საუკუნოვანი სულისკვეთება - შეენარჩუნებინა ქართველი ერის ისტორიული მთლიანობა მოქალეთა რელიგიური თუ ეთნიკური იდენტობის განურჩევლად და ეღიარებინა ისინი საქართველოს კონსტიტუციისა და საკანონმდებლო რეგულირების სამართალსუბიექტად.

 

რესპუბლიკის საკანონმდებლო საქმიანობა თავისი იდეით გამოხატავდა რესპუბლიკის განვითარების უზენაეს იდეას, რომელსაც არ სჭირდებოდა ანტიგმირებისა და ანტისახელმწიფოებრივი პიროვნებების კულტის შექმნა, რომელსაც შემდგომში შეებრძოლებოდა თავისი საქმიანობით. ამიტომ, კონსტიტუციის მიღებით რესპუბლიკის მოქალაქეები ახალ სამართლებრივ რეალობაში აღმოჩნდნენ იდეურად დიდებულ, პრაქტიკულად - თავისუფლების კვარცხლბეკიდან  საბჭოთა სოციალისტურ მომავალში, სადაც ანტისახელმწიფოებრივ პიროვნებებთან და ჯგუფებთან ბრძოლა სახელმწიფოს ძირითად მიზანს წარმოადგენდა.

 

შესაძლებლობებისა და შედეგების შეჯერებისას ყველაზე სამწუხარო შემთხვევას პირველი რესპუბლიკის მოქალაქეების გენოფონდის განადგურება წარმოადგენს. რაც საბჭოთა ხელისუფლების „დამსახურებად“ ითვლება და იდეოლოგიური პროპაგანდის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება - საზოგადოების მეხსიერებიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის წაშლა და ახალი სოციალისტური რეალობის აღმშენებლობის უტოპიური იდეის პროპაგანდა.

 

საგულისხმოა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ის კონსტიტუციური ნორმები,[14] რომლებიც მოიცავს პრობლემური საკითხების კონსტიტუციის დონეზე დარეგულირების პერსპექტივებს. კონსტიტუციური ნორმების სულისკვეთება განაპირობებდა რთული პოლიტიკური მდგომარეობის სამართლებრივი მექანიზმებით დარეგულირების შესაძლებლობას, რათა რადიკალურ და ხისტ მოქმედებებს მძიმე შედეგი არ გამოეწვია, ისეთი, როგორსაც საბჭოთა ხელისუფლების მიერ თურქეთის რესპუბლიკასთან ახალი საზღვრის დადგენა წარმოადგენდა. საზღვრების დადგენის საკითხი თანამედროვე სახელმწიფოებრივ რეალობაში კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა, რომელიც დროსა და სივრცეში დაურეგულირებელი ფორმით მონაცვლეობს.

 

 

სამუსლიმანო საქართველო საბჭოთა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში

 

1921 წლის 13 ოქტომბერს საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმდა ყარსის ხელშეკრულება, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ანექსირებულ საბჭოთა რესპუბლიკებს წარმოადგენდნენ.[15] პირველი მსოფლიო ომის შემდგომი რთული პერიოდი კი კავკასიის მიმართ ევროპის სახელმწიფოთა ყურადღებას ადუნებდა. შესაბამისად, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სადემარკაციო საზღვარი საქართველოს ინტერესებისა და მოთხოვნების უგულებელყოფის ფონზე განისაზღვრა. ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სამართალსუბიექტობის საკითხმა კი პოლიტიკური თვალსაზრისით მეტად ნომენკლატორული და იდეოლოგიური ხასიათი მიიღო. მკვიდრი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დაიყო საშიშ, ანტისაბჭოთა და ხალხის მტრის იდეოლოგიური მსაზღვრელებით.

 

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ეტაპობრივად დაიწყო საბჭოთა კავშირის საზღვრებში მოქცეული მაჰმადიანი ქართველების სოციალურ-სამართლებრივი რეგულირების სხვადასხვა ფორმის შემუშავება. ჩადრის მოხდის პოლიტიკა, გადასახლებები, გასახლებები, მიწის ნაკვეთებისა და ქონების ჩამორთმევა - აქტიურ მექანიზმს წარმოადგენდა „ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებთან“ საბრძოლველად. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალსუბიექტად მიჩნევისას სოციალისტური და ძალადობრივი ღონისძიებები იდეოლოგიის დონეზე მიჯნავდა ნებისმიერი სახისა და ფორმის იდენტობის ნიშნებს მკვიდრ მოსახლეობაში.

 

ქართველ მუჰაჯირთა საკითხი საბჭოთა იდეოლოგიის ფარგლებში განისაზღვრა. გარკვეული დროის შემდეგ შეწყდა სასაზღვრო მიმოსვლა, ჩაიკეტა საზღვარი, აიკრძალა მუჰაჯირებთან ურთიერთობა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კიდევ უფრო ცხადი გახდა გაუცხოების საყოველთაო ხასიათი.

 

ქართველი მესხების დეპორტაცია შუა აზიაში კი მასობრივი შიშისა და შფოთის ელფერს სძენდა აჭარაში მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობას. ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოქმედებები ფრთხილი დამოკიდებულებითა და მიზანშეწონილობის ფარგლებით ხასიათდებოდა. საბჭოთა ხელისუფლების იდეოლოგიამ პირველი რესპუბლიკის მიღწევების უგულებელყოფას დაუკავშირა ქართველ მუჰაჯირთა ბედის გადაწყვეტის ანტისახელმწიფოებრიობა და საბჭოთა საქართველოს ტერიტორიული ინტერესების დაკნინება. საუკუნეების განმავლობაში ცარისტული თუ საბჭოთა რუსეთის იდეოლოგიური პროპაგანდა საქართველოს მიმართ არათანაბარი მოპყრობისა და ჩაგვრის საერთო ინტერესს უფრო ავლენდა, ვიდრე დახმარების სურვილს. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ რუსეთისთვის ცარისტული რეჟიმის[16] საბჭოთა ხელისუფლებით[17] შეცვლა ბუნებრივი მოვლენა იყო, თუმცა იგი არ წარმოადგენდა ქართველი ერის განმათავისუფლებელ ძალას და არც მშრომელი ხალხის რევოლუციას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.[18] საბჭოთა მმართველობის ეპოქაში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა და მუჰაჯირები, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლის სუბიექტები, გაიმიჯნენ საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებისა და მიზანმიმართული მოქმედებების შესაბამისად.[19] სიტყვა მუჰაჯირი ასოცირდებოდა არასახელმწიფოებრივ მოქმედებასთან, შესაბამისად, როგორც საბჭოთა კავშირის საზღვრებს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილი მუჰაჯირები სახელმწიფოსთვის მიუღებელ ელემენტებად იქცნენ, რასაც თან დაერთო ეთნიკურობისა და რელიგიური კუთვნილების საკითხი, რაც აღიქმებოდა, როგორც საშიში და ანტისაბჭოთა ელემენტი.

 

მასობრივი გადასახლების პირობებში უფრო ცხადი გახდა ეთნიკური ნიშნით გამიჯნული მოსახლეობის სამართალსუბიექტად მიჩნევის პრობლემურობა და ოცნება ტრაპიზონის ოლქკომზე.[20] ამ შემთხვევაში, რეპრესიები და მასობრივი გადასახლებები ერთი დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომლის მიზანს საზღვრისპირა რეგიონების სახელმწიფოებრივი დაცვის მიზეზით მკვიდრი მოსახლეობის მასობრივი აყრა და პოლიტიკური ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის  ტერიტორიული ინტერესი არა ეროვნული ნიშნით განსაზღვრული სახელმწიფოებრივი მოქმედება, არამედ მსოფლიო  პროლეტარიატის გამარჯვებით ნაკარნახევი პოლიტიკურ-იდეოლოგიური მოწოდება იყო. მოქმედებები სამუსლიმანო საქართველოს სახელმწიფოებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებით უფრო მეტად დაუახლოვდა უტოპიურ და იდეოლოგიურ მოსაზრებებს, რამაც გადაფარა საქართველოს ნამდვილი მოთხოვნა სამუსლიმანო საქართველოს ტერიტორიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით.

 

დასკვნა

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში შესაძლებელი გახდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის მიმოსვლისა და ქართველ მუჰაჯირებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. აღნიშნული არ უგულებელყოფდა სადემარკაციო საზღვრების დადგენის აუცილებლობის საკითხს.

 

პირველი რესპუბლიკის საზღვრები ყალიბდებოდა ისტორიული სინამდვილისა და სახელმწიფოს ნამდვილი მოთხოვნის შესაბამისად. პირველი რესპუბლიკის მთავრობის დამოკიდებულება სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიური მმართველობის მიმართ ღია და საზოგადო იყო, რამაც ხელი შეუწყო ამ ტერიტორიის ნაწილის შენარჩუნებასა და დადებითი დამოკიდებულების ფორმირებას.[21] სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ დადებითი წარმოდგენების ფორმირებით საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ჩამოაყალიბა რეალური ბაზისი შემდგომში მკვიდრ მოსახლეობასა და ქართველ მუჰაჯირებთან საურთიერთოდ.

 

რესპუბლიკის მთავრობა აცნობიერებდა ოსმალეთის იმპერიისა და მისი სამართალმემკვიდრის ინტერესების მოჭარბებას ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით,[22] შესაბამისად, რესპუბლიკის საზღვრების საერთაშორისო დონეზე დადგენისა და აღიარების საკითხს აუცილებლობად მიიჩნევდნენ. რეგიონში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა სამართლის ნორმის მოქმედების ტერიტორიულ არეალს საგრძნობლად ზღუდავდა, შემდგომში კი იძენდა ბუნდოვან ხასიათს სასაზღვრო რაიონებში.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებისა და ხელისუფლების დემოკრატიული ფუნქციონირების უგულებელყოფა და განადგურება საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა.[23] ბოროტების იმპერიის იდეოლოგიურ მისწრაფებასა და პროპაგანდას შეეწირა რესპუბლიკის ტერიტორიული ინტერესები[24] და ქართველ მუჰაჯირებთან ურთიერთობის სამომავლო შესაძლებლობები.[25]

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

[1]    იხ.  მუსხელიშვილი დ.,  ჯაფარიძე ო., მელიქიშვილი გ., აფაქიძე ა.,  ლორთქიფანიძე მ.,  მეტრეველი რ.,  სამსონაძე მ.,  ასათიანი ნ.,  ჯამბურია გ.,  ოთხმეზური გ., ნათმელაძე მ.,  ბენდიანიშვილი ალ.,  დაუშვილი ალ., საქართველოს ისტორია - საქართველოს ანექსიიდან საბჭოთა კავშირიდან გამოსვლამდე, მე-4 ტომი, თბ., 2010, 61-62.

[2]    შეად.  კუპრაშვილი ჰ., რუსეთის კოლონიური პოლიტიკა და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი  XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 2011, 105-106.

[3]    იხ.  ფუტკარაძე ნ., ქართველი მუჰაჯირები თურქეთის შავიზღვისპირეთში (ეთნომენტალური მარკერები და პოლიტიკურ-კულტურული მეხსიერების საკითხები), სადისერტაციო ნაშრომი, ბათუმი, 2017, 48-49.

[4]    იხ. ოქროსცვარიძე ნ., ოჯახი და საოჯახო ყოფა თურქეთელ ქართველებში (ინეგოლის რაიონის სოფელ ჰაირიეს მოსახლეობის მაგალითზე), სადისერტაციო ნაშრომი, თბ., 2014, 44.

[5]    იგულისხმება, 1918 წლის 4 ივნისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ოსმალეთის იმპერიას შორის გაფორმებული ბათუმის ხელშეკრულება. საზღვარი დადგინდა მდ. ჩოლოქზე. ხელშეკრულება ძალაში იყო 1918 წლის ოქტომბრამდე (მუდროსის ზავამდე).

[6]    იხ.  ვარდოსანიძე ს.,  გურული ვ.,  ხარაძე კ.,  ჯიქია ლ., კვარაცხელია მ., საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957) გამოკვლევა. დოკუმენტები და მასალები, თბ., 2015, 3.

[7]    შეად. ჩაჩხიანი ა., რუსეთი და თურქეთი: ბოლშევიკურ-იტიჰადისტური ენიგმა (1920-1922), თბ., 2015, 201.

[8]     გიორგაძე ი., ეროვნული მოძრაობის თავისებურებანი საქართველოში (XX ს-ის 20-90-იან წლებში), სადისერტაციო ნაშრომი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავი, 2016, 39.

[9]    შეად.  არობელიძე გ., ბეჟანიძე თ., გულიაშვილი მ.,  მეჭურჭლიშვილი თ., ქარჩილაძე ნ., შევარდნაძე თ., საქართველოს რეგიონების ცხოვრება 1918-1921 წლებში, თბ., 2018, 33.

[10]   იქვე, 45-48.

[11]   იხ. ოქროსცვარიძე ნ., ოჯახი და საოჯახო ყოფა თურქეთელ ქართველებში (ინეგოლის რაიონის სოფელ ჰაირიეს მოსახლეობის მაგალითზე), სადისერტაციო ნაშრომი, თბ., 2014, 4, მითითებულია: „მაჰმადიანი ქართველები იმდენად იყვნენ დაძაბულები, რომ რუსების მხრიდან ნებისმიერ ძალადობრივ აქტს, მძაფრად აღიქვამდნენ, რაც გადასახლებისათვის გარკვეულ იმპულსს წარმოადგენდა“.

[12]   იხ.  კობახიძე ბ.,  სილაქაძე დ.,  ვაჭარაძე ა., საქართველოს პირველი რესპუბლიკა, საქართველოს ეროვნული არქივის მასალები, თბ., 53-54.

[13]    ჯონსი ს., დემოკრატიის ფორმირება საქართველოში: 1918-1921, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ. მოდელი ევროპისთვის?“ საერთაშორისო კონფერენციის მასალები, 39.

[14]   იხ. http://constcentre.gov.ge/failebi/1921_clis_konstitucia_33442.pdf [31.01.2021]

[15]   იხ.  გურული ვ., ყარსის ხელშეკრულება, <https://www.gfsis.org/files/my-world/13/01.pdf [31.01.2021].

[16]   „ერთი შეხედვით, თითქოს რელიგიური მომენტი დომინირებდა, მაგრამ ძირითადი მაინც იყო პოლიტიკური ფაქტორი - რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა“, ციტირებულია:  ხორავა ბ., აფხაზთა მუჰაჯირობა, ჟურნ. „ისტორიანი“, №8 (80), 2017, 13.

[17]   ქართული რეალობის შესაბამისი მაგალითი მესხეთიდან გასახლებული მკვიდრი მოსახლეობის ისტორიაა. იხ. იველაშვილი თ., მესხეთიდან გასახლებული მუსლიმების ისტორია, ჟურნ. „სამი საუნჯე“, №2(8), 2013, 35-36.

[18]   საკუთრებითი ინტერესის ნაწილში შეად. ზარანდია თ., სანივთო სამართალი, მე-2 შევსებული გამოცემა, თბილისი, 2019, 196, მითითებულია:  ზოიძე ბ., ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, თბ., 2005, 100.

[19]  იხ. საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 1921 წლის ოქტომბრის გამოცემა: „საქართველო ბოლშევიკური არმიის ბატონობის ქვეშ“, მთარგმნელები: ქართველიშვილი ხ., გელაძე ს., ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი, პარიზი, 2018, 9-10.

[20]   იხ. გრიგოლ აბაშიძის ლექსი „ოცნება ტრაპიზონის ოლქკომზე“.

[21]   შეად.  ჯანელიძე ო., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბ., 2018, 316.

[22]   ბერიძე ჯ.,საქართველო-თურქეთისსოციალურ-პოლიტიკურიდაკულტურულ-ეკონომიკურიურთიერთობებითანამედროვეეტაპზე (1992-2012 წწ.), სადისერტაციონაშრომი, ბათუმი, 2019, 16-17.

[23]   შარაშენიძე თ.,რუსული რევოლუცია დიდი იმედებიდან კატასტროფამდე ერთინაბიჯით, <https://www.gfsis.org/files/my-world/13/03.pdf> [31.01.2021].

[24]   შეად.  ჯანელიძე ო., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბ., 2018, 314-315.

[25]   შეად.  გოცირიძე ქ., სამოქალაქო ნაციონალიზმის ფორმირების მცდელობა 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამაგისტრო ნაშრომი, თბ., 2017, 39-40.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024