კგბ არქივის გახსნა ლატვიაში - სასარგებლო გაკვეთილი საქართველოსთვის

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 14 იანვარი 2019

„ლუსტრაცია“ დღემდე აქტუალურია პოსტსაბჭოთა სივრცეში და ყველა ქვეყანა განსხვავებულად უდგება ამ საკითხს. საქართველოში ტოტალიტარული წარსული სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად არის შესწავლილი, არ მომხდარა საბჭოთა რეჟიმის მხარდამჭერი დამნაშავე პირების გამოაშკარავება და მათ შესახებ დღემდე მხოლოდ ეჭვები და ვარაუდები არსებობს. ქვეყანაში არ არის მიღებული ლუსტრაციის შესახებ კანონი და მხოლოდ მისი გარკვეული ელემენტების შემცველი კანონი - „თავისუფლების ქარტია“ მოქმედებს 2011 წლიდან, თანაც საბჭოთა წარსულის მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონი პრაქტიკაში უმოქმედოა. კონკრეტული პირების იდენტიფიცირების საშუალებას თითქმის არ იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული საბჭოთა დროის უშიშროების არქივი. სახელმწიფო აცხადებს, რომ ლუსტრაციისთვის მნიშვნელოვანი მასალების ნაწილი ისევ რუსეთშია, ნაწილი კი 1990-იანი წლების დასაწყისში ხანძარმა გაანადგურა. როგორც წესი ტოტალიტარული წარსულის შესწავლის საკითხებზე მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მკვლევარი მუშაობს. პერიოდულად საკითხის ირგვლივ საზოგადოების რეაქცია და ინტერესი იღვიძებს, რისი მიზეზიც, მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში ცნობილი ხელოვანის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა... რასაც მოჰყვა საზოგადოების მწვავე რეაქცია და საჯარო პირების მიერ ლუსტრაციის კანონის მიღებაზე დისკუსიის დაწყება. თუმცა, როგორც წესი ეს ყველაფერი სრულდება იმით, რომ საკითხი მცირე ხნის გასვლის შემდეგ დავიწყებას მიეცემა ხოლმე და ფართო საჯარო დისკუსიიდან ისევ „მიძინებულის“ კატეგორიაში გადაინაცვლებს.

 

ლატვიის შემთხვევაში სიტუაცია სხვაგვარადაა: 2018 წლის დეკემბრის თვეში ლატვიის ეროვნულმა არქივმა გამოაქვეყნა ლატვიაში მოქმედი КГБ-ს აგენტურის კარტოთეკა და გახდა პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც სრული ლუსტრაციის განხორციელება დაიწყო. ლატვიის ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კარტოთეკა შეიცავს მონაცემებს ლატვიაში 1980 წლიდან მოქმედი და აღრიცხვიდან მოხსნილი КГБ-ს 4,300 აგენტის შესახებ, სულ ასეთი აგენტების რაოდენობა 1953-1991 წლებში 25,000-ს აღემატებოდა. ლუსტრაციის პირველ ეტაპზე არქივმა გამოაქვეყნა КГБ-ს  აგენტურის 10,612 სააღრიცხვო ბარათი, КГБ-ს არასაშტატო ოპერატიულ თანამშრომელთა ბარათები (სულ 75),  КГБ-ს თანამშრომელთა სატელეფონო ცნობარი და სხვა დოკუმენტები. 2019 წლის დასაწყისში იგეგმება სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებაც.

 

2018 წელს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) განახორციელა პროექტი - „სახელმწიფო არქივების ღიაობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში“ და შეაფასა 10 პოსტსაბჭოთა ქვეყანა. სამწუხაროდ, შეფასებულ ქვეყნებს შორის არ ყოფილა ბალტიისპირეთის ქვეყნები და მათი შეფასება პროექტის შემდგომ ეტაპებზე გადაწყდა. პროექტის შედეგები ხელმისაწვდომია საიტზე - http://open-archives.org/en .

 

ლატვიის არქივის მიერ КГБ-ს სრული კარტოთეკის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაცია ამა წლის 27-28 აპრილს, IDFI-ის მიერ არქივების ღიაობის შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე დააანონსა ლატვიის არქივის დირექტორის მოადგილემ, ინგუნა სლაიდინამ. მისი თქმით, ქვეყანაში აღნიშნული საკითხის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შეინიშნებოდა - ბევრს არ სურდა მტკივნეული წარსულის გამომზეურება, რაც მძიმედ შეიძლებოდა ასახულიყო ამა თუ იმ ისტორიული პიროვნების შესახებ იქამდე შექმნილ საზოგადოებრივ აზრზე, ბევრსაც არ სურდა ცოცხალ თუ გარდაცვლილ ოჯახის წევრზე არასასურველი ინფორმაცია შეეტყო. ამ ფაქტორების გამო, დოკუმენტების გამოქვეყნების საკითხს წინ მრავალწლიანი დისკუსია უძღოდა, რომელშიც საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი იყო ჩართული. საბოლოო ჯამში ლატვიის სეიმმა 2018 წელს მიიღო რთული გადაწყვეტილება არქივში დაცული ინფორმაციის სრულად გამოქვეყნების შესახებ.

 

აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მძიმე გამოდგა, ლატვია აპირებს გამოაქვეყნოს КГБ-ს აგენტთა შესახებ არსებული ყველა დოკუმენტი, მათ შორის მათ მიერ თანამოქალაქეთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მასალები. ინგუნა სლაიდინამ კონფერენციაზე წარმოადგინა თემა  - „ლატვიის ეროვნული არქივი: ღიაობისკენ განვლილი გზა 1991-2018“, სადაც მიმოიხილა ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია ქვეყანამ გაიაროს, რათა აღარ დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვები.

 

არქივების ღიაობისკენ განვლილი ეტაპები ლატვიაში

 

სანამ ლატვიაში სრული ლუსტრაცია გადაწყდებოდა, მნიშვნელოვანი საკითხი იყო შესაბამის საარქივო მასალის სრული ანალიზი და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ზოგადად ღია საარქივო გარემო ქვეყანაში. ამისთვის ქვეყანამ შემდგომი ეტაპები განვლო:

 

- 1998 წელს ლატვიის რესპუბლიკამ მიიღო ინფორმაციის თავისუფლების აქტი;

 

- 2000 წელს ლატვიის რესპუბლიკამ შეიმუშავა კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ;

 

- 2010 წლის 3 მარტს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაამტკიცა ახალი საარქივო კანონი, რითაც შეცვალა ქვეყანაში 1991 წლიდან მოქმედი კანონმდებლობა;

 

- 2011 წლის 1 იანვარს მუშაობას შეუდგა ლატვიის ეროვნული არქივი, რომელმაც გააერთიანა ქვეყანაში მოქმედი საარქივო დაწესებულებები. ეროვნული არქივი ლატვიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში აღმოჩნდა;

 

- 2018 წლის 31 მაისს შედგა შეთანხმება, КГБ-ს დოკუმენტების ეროვნული არქივისთვის გადაცემის და მათი სრული ღიაობის შესახებ.

 

არქივების ღიაობის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი გამოდგა 2010 წელს მიღებული საარქივო კანონი: კანონის თანახმად, არქივის ყველა დოკუმენტი თავისუფლადაა ხელმისაწვდომი და დაშვება შეზღუდულია მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების შემცველ დოკუმენტებთან, ასევე თავდაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობების იმ დოკუმენტებთან, რომლის გასაჯაროებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეროვნულ ინტერესებს. საარქივო კანონის მიხედვით, შეიზღუდა დაშვება კონფიდენციალური პერსონალური ინფორმაციის შემცველ ისეთ დოკუმენტებთან, რომლებიც, მაგალითად, შეიცავდა ინფორმაციას გაშვილების შესახებ, ან ნოტარიულ გარიგებას. ლატვიის კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ დოკუმენტებთან წვდომა თავისუფალი ხდება პიროვნების გარდაცვალებიდან 30 წლის თავზე, ან თუ აღნიშნულის დადგენა შეუძლებელია, პიროვნების დაბადებიდან 110 წლის შემდეგ, ან დოკუმენტის შექმნიდან 75 წელში.

 

კანონი ითვალისწინებს გამონაკლისებს და ინფორმაციის მიღება-დამუშავებას დასაშვებს ხდის თუ: ამას მოითხოვს გამოძიება ან პროკურატურა; სტუდენტებისთვის და მეცნიერებისთვის კვლევითი საქმიანობისთვის; მუზეუმების, არქივების, ბიბლიოთეკების და სხვა კვლევითი დაწესებულების წარმომადგენლებისთვის ან მათთან დაკავშირებული კერძო პირებისთვის. ასევე თუ აღნიშნულ დოკუმენტთან წვდომის ნებას დართავს თავად პირი, რომელსაც დოკუმენტი ეხება ან მისი კანონიერი მემკვიდრე. კანონში არსებობს ჩანაწერი, რომ თუ პირი სხვანაირად გამოიყენებს მისთვის ცნობილ ინფორმაციას და არა, მაგალითად, კვლევითი ან სტატისტიკური მიზნებისთვის, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მას და კანონის დარღვევის შემთხვევაში მის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნაც კი დაიწყოს.

 

საარქივო კანონში ცალკე საკითხად გამოიყო წვდომა КГБ-ს არქივებთან, რომელსაც 1991 წლიდან აღასრულებდა ტოტალიტარიზმის კვლევის ცენტრი. საბოლოო ჯამში, 2018 წლის 31 მაისს შედგა შეთანხმება და КГБ-ს არქივის მასალა, დაახლოებით 195,000 საარქივო საქმე ეროვნულ არქივს გადაეცა. სკანირებისა და დამუშავების შემდეგ 2018 წლის 20 დეკემბერს საქმეების პირველი ნაწილი, აგენტურული კარტოთეკა ინტერნეტში გამოქვეყნდა.

 

პრაქტიკული თვალსაზრისით ლატვიის ეროვნულ არქივში მუშაობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს მკვლევრისთვის კომფორტული გარემოს შექმნას: დაშვების პროცედურა გამარტივებულია და ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მკვლევართა დარბაზებით სარგებლობა. არქივს გააჩნია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დოკუმენტების ფოტოაპარატით გადაღება მკვლევართა დარბაზებში სრულიად უფასოა. გარდა ამისა, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ლატვიის არქივის ვებგვერდზე იზრდება ხელმისაწვდომი კონტენტი, საარქივო აღწერები და საქმეები. შესაძლებელი  მომსახურების ონლაინ მიღებაც.

 

საქართველოს კანონმდებლობაში გამოვლენილი პრობლემები და არქივებში შექმნილი ვითარება

 

 

საბჭოთა წარსულის გააზრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყანაში ისეთი კანონმდებლობის არსებობა, რომელიც მიმართული იქნება ღიაობისაკენ და ეს ყველაფერი ლატვიის მაგალითმა ცხადად დაადასტურა.

 

საქართველოში სრული „ლუსტრაციის“ განხორციელების მთავარ პრობლემას ქმნის ის ფაქტორი, რომ ოფიციალური მონაცემებით საქართველოს КГБ-ს  არქივი „თბილისის ომის“ დროს გაჩენილი ხანძრისას განადგურდა და მოხერხდა დოკუმენტების მხოლოდ 20%-ის გადარჩენა. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, აჩენს მრავალ ლეგენდასა თუ კონსპირაციულ თეორიას, მათ შორის თვითმხილველები და КГБ-ყოფილი თანამშრომლები ადასტურებენ იმ მოსაზრებას, რომ სინამდვილეში ძირითადი საარქივო დოკუმენტები იმდროინდელი საქართველოს სსრ სუკ-ის (КГБ) თანამშრომლებმა რუსეთში გაიტანეს, ხოლო ადგილზე ნაკლებად მნიშვნელოვანი მასალა და ცარიელი ქაღალდები დაიწვა.

 

მსგავსი ფაქტი იყო ლატვიაშიც - გავრცელებული ვერსიით ლატვიის КГБ-ს შენობის საკვამურებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში შავი ბოლი ამოდიოდა, სანამ შენობა ეროვნულმა ძალებმა არ დაიკავეს. შესაბამისად ლატვიაში დარჩენილი КГБ-ს საარქივო მასალა ასევე არასრულია.  სხვა ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა შეძლეს გარკვეული რაოდენობის ე.წ. აგენტურული ბარათების მოპოვება და ამის დასტურად მოყვანილია პერიოდულად ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული აღრიცხვის ბარათები, რომლის ავთენტურობის დადგენაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ, მაღალი ალბათობით, აგენტურული აღრიცხვის მასალების ასლები რუსეთში, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) არქივის ინახება, რაც რუსეთის სპეცსამსახურებს ყოველთვის მისცემს საშუალებას, ყოფილი აგენტები ან მათი შთამომავლები აკონტროლონ და მათზე ზეგავლენა მოიპოვონ. 2003 წლიდან მოყოლებული რამდენჯერმე წარმოიშვა საუბარი საარქივო დოკუმენტების რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ, თუმცა ეს ვერ განხორციელდა, 2008 წლიდან კი ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს.

 

არქივის ხანძარი და ინფორმაციის განადგურება სრული ლუსტრაციის პროცესს შეუძლებელს ხდის, თუმცა ამას გარდა მკვლევრები გამოყოფენ სხვა მნიშვნელოვან პრობლემებსაც: აუცილებელია პირადი და საიდუმლო ინფორმაციის განსაზღვრა საარქივო დოკუმენტებთან მიმართებით და კონფიდენციალურობასა და ინფორმაციის გამოყენებას შორის ისტორიული, სტატისტიკური და სხვა კვლევითი მიზნებისათვის განსხვავების ზუსტად გამიჯვნა. მკვლევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არქივები ხშირად პერსონალური ინფორმაციის ცნებას სათავისოდ იყენებენ და უარს ამბობენ ინფორმაციის გაცემაზე. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ამ კუთხით, საუკეთესო პრაქტიკაა, „პერსონალური ინფორმაციის“ კონცეფცია არ ვრცელდებოდეს საბჭოთა კავშირში მოქმედი სახელმწიფო რეპრესიული ორგანოების საარქივო დოკუმენტაციაზე და შესაბამისი ჩანაწერი პოსტსაბჭოთა სივრცის არაერთი ქვეყნის კანონებშიც არსებობს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში კანონში მსგავსი ჩანაწერი არ გვხვდება.

 

საქართველოს არქივებში მრავალი საკითხია მოსაწესრიგებელი უფრო მეტი ღიაობის უზრუნველსაყოფად, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული კუთხით. ეს პრობლემა IDFI-მ აღწერა „არქივების ღიაობის“ პროექტის ფარგლებში შექმნილ კვლევაში.

 

დასკვნა

 

სანამ ლატვიის მაგალითით ქვეყანაში სრული ლუსტრაცია მოხდება, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს და დანერგოს ის კარგი პრაქტიკა, რომელიც ლატვიამ ამ გზაზე განვლო:

 

- ქვეყანაში აუცილებელია ინფორმაციის თავისუფლებისა და ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტების კანონმდებლობის შემუშავება. უმნიშვნელოვანესია ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც გავრცელდება ქვეყანაში მოქმედ ყველა საარქივო დაწესებულებაზე და ნაკლებ სივრცეს დაუტოვებს არქივის ხელმძღვანელობას ან მათ მაკონტროლებელ სამინისტროებს მიიღონ მოქალაქეთა ინტერესების დამაზიანებელი რეგულაციები;

 

- საჭიროა „პერსონალური მონაცემის“ ცნების დაზუსტება საარქივო დოკუმენტებთან მიმართებით, ინფორმაციის მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის;

 

- საქართველომ უნდა მიიღოს „ლუსტრაციის“ კანონი, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვერსიით არქივების უდიდესი ნაწილი განადგურებულია;

 

- საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ტოტალიტარიზმის ეპოქის კვლევას, საარქივო მასალების შესწავლას და ახალგაზრდების მონაწილეობას ამ პროცესში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024