ღია კონტრაქტების სტანდარტი - მონაცემთა წარმოების საუკეთესო გზა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 1 დეკემბერი 2016

ავტორები: გიორგი ლომთაძე და სანდრო ქევხიშვილი

 

2016 წელს გამართულ ლონდონის ანტი-კორუფციულ სამიტზე საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, დანერგოს “ღია კონტრაქტების სტანდარტი” (Open Contracting Data Standard), რომელიც ასახავს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

 

„ღია კონტრაქტების სტანდარტი“ არის შესყიდვების საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული მონაცემთა წარმოების მექანიზმი, რომლის მოქნილი ფორმატი და ლოგიკური სტრუქტურა იძლევა მონაცემების ადვილად შეგროვების, გავრცელებისა და დამუშავების საშუალებას.

 

სტანდარტი 2014 წელს შეიმუშავა “ღია კონტრაქტების პარტნიორობამ” (Open Contracting Partnership). მსოფლიოს მასშტაბით იგი სწრაფად იკიდებს ფეხს, როგორც მონაცემთა წარმოების საუკეთესო მეთოდი.

 

სტანდარტის დანერგვას გლობალური მასშტაბით ხელმძღვანელობს მსოფლიო ბანკი “ღია კონტრაქტების პარტნიორობასთან” ერთად. სტანდარტი უკვე წარმატებითაა დანერგილი კანადაში, მექსიკაში, პარაგვაიში, სლოვაკეთსა და უკრაინაში. ამ ქვეყნების გარდა სტანდარტის დანერგვა ინდივიდუალურად მოხდა მეხიკოსა და მონრეალში. ამჟამად სტანდარტთან მიახლოებული სისტემების შემუშავება მიმდინარეობს გაერთიანებულ სამეფოში, რუმინეთში, კოლუმბიასა და ზამბიაში.

 

 

რატომ არის ღია კონტრაქტების სტანდარტი საუკეთესო?

 

ავტომატური დამუშავების ფორმატი

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების საჯაროობა გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შექმნის პირველი ნაბიჯია. თუმცა, ინფორმაციის ან დოკუმენტების პირველად ფორმატში (ბეჭდური ან ელექტრონული, თუმცა არაავტომატური დამუშავების ფორმატში არსებული დოკუმენტები) მიწოდებისას, დაინტერესებულ პირებს უწევთ საჯარო ინფორმაციის ხელით დამუშავება, რაც, ხშირ შემთხვევაში, დიდ დროსა და ადამიანურ რესურსებთანაა დაკავშირებული. ზუსტად ამიტომაა საჭირო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ავტომატური დამუშავების ფორმატში.

 

ღია კონტრაქტების სტანდარტი უზრუნველყოფს ინფორმაციის წარმოება-შენახვას JSON ან CSV ფორმატში, რომლებიც ადვილად დამუშავებადია და ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად.

 

 

ფართო მომცველობა


ამ სტანდარტით გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია მოიცავს სახელმწიფო შესყიდვის ყველა ეტაპს.

 

 

ინფორმაცია შესყიდვების შესახებ მოქცეულია სქემებში, რომლებიც ინდივიდუალურადაა შექმნილი ყველა  ეტაპისთვის. ღია კონტრაქტების პარტნიორობის მიერ ასევე შექმნილია ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებითაც შეიძლება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სტანდარტის მიხედვით ამ სქემებში განთავსება. სტანდარტის შესაბამისად ხდება მნიშვნელოვანი და საკვანძო ინფორმაციის კოდიფიცირება და მონაცემთა წარმოება JSON ან CSV  ფორმატში.

 

მოქნილობა


სქემების გამოყენებით ვიღებთ ერთიანი სტანდარტით წარმოებულ, ამომწურავ და ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომლის ჩამოტვირთვა, ისევე როგორც რაოდენობრივი და თვისებრივი დამუშავება ავტომატურ რეჟიმშია შესაძლებელი (სხვადასხვა ელექტრონული ინსტრუმენტების გამოყენებით).

 

 

ხელმისაწვდომობა


მონაცემთა ამ ფორმატში დამუშავება შესაძლებელს ხდის სხვადასხვა მონაცემთა ბაზების (შესყიდვების, ბიუჯეტის, ბიზნეს რეესტრის ა.შ.) ერთმანეთთან დაკავშირებას, რაც საჯარო ინფორმაციის ანალიზს ამარტივებს სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 

 

რატომ უნდა დაინერგოს ეს სტანდარტი საქართველოში?


საქართველო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის მხრივ ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. საქართველოში შესყიდვების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუმცა მონაცემები არ არის სრულყოფილი (შესყიდვების მთლიანი პროცესის გათვალისწინებით) და მათი დიდი ნაწილი არ არის განთავსებული ავტომატური დამუშავების ფორმატში.

 

 

ღია კონტრაქტების სტანდარტის დანერგვა ყველა ამ პრობლემას გადაჭრის.

 

რა განსხვავებაა საქართველოში არსებულ შესყიდვების სისტემასა და ღია კონტრაქტების სტანდარტს შორის?

 

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა სრულად ელექტრონულ პლატფორმაზეა დაფუძნებული და შესყიდვებიც მხოლოდ ელექტრონულად ხორციელდება. საიტი მომხმარებელს აწვდის დიდი რაოდენობით ინფორმაციას თითოეული შესყიდვის შესახებ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიგოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია (შემსყიდველი, ტენდერის მონაწილეები, ფასები, შესყიდვის დოკუმენტაცია, ტენდერის შედეგები და სხვა) შესყიდვების პროცესის სხვადასხვა ფაზების მიხედვით.

 

თუმცა, არსებულ სისტემას რამდენიმე ნაკლი აქვს, რომლის გამოსწორებით სისტემის გაუმჯობესება შეიძლება:

 

1. ინფორმაცია შესყიდვების შესახებ არსებულ ელექტრონულ პლატფორმაზე ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი ავტომატური დამუშავების ფორმატში. ამ ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას ახორციელებს სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“ და ძირითად ინფორმაციას სააგენტო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს (ვიზუალიზაციების დახმარებით). ალტერნატივის სახით, ავტომატური დამუშავების ფორმატში სისტემაში არსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ შექმნილ ვებგვერდზე. თუმცა ამ შემთხვევაშიც, ინფორმაცია სრული არაა, ვინაიდან ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კონტრაქტის დადების ფაზამდე (ამასთანავე ამ ფაზიდან ხელმისაწვდომია მხოლოდ კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება, საბოლოო ღირებულება და ინფორმაცია თუ ვისთან გაფორმდა კონტრაქტი).

 

2. მეორეს მხრივ, ინფორმაცია რომლის მოპოვებაც შესყიდვების სისტემაში შეიძლება ავტომატური დამუშავების რეჟიმში შეზღუდულია და შესყიდვების შესახებ დასკვნების გაკეთება ყველა ფაზის მიხედვით შეუძლებელია. ეს კი სისტემაში ხარვეზების აღმოჩენის და კორუფციის აღკვეთის შესაძლებლობებს ამცირებს.

 

უფრო კონკრეტულად, „ღია კონტრაქტების სტანდარტს“ თუ დავეყრდნობით, საქართველოში არსებული სისტემა საჭიროებს გაუმჯობესებას საკონტრაქტო და კონტრაქტების აღსრულების (იმპლემენტაციის) ფაზებში.

 

საკონტრაქტო ეტაპი

 

საქართველოს შესყიდვების კანონის თანახმად, შესყიდვის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შედეგ ინფორმაციას:


- მხარეთა ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;

სატენდერო განცხადების ნომერი;

- შესყიდვის ობიექტის დასახელება და მისი შესაბამისი CPV კოდი;

- ხელშეკრულების ღირებულება;

- საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და სამუშაოს შესრულების ვადა;

- ანგარიშსწორების წესი;

- ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტული ვადა.

 

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ხელშეკრულებები იდება PDF ფორმატში (ხელშეკრულების სკანირებული ვერსია, რომელიც არაა ავტომატურად დამუშავებად ფორმატში), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტებში შემავალი მონაცემების მარტივად შეგროვება და დამუშავება შეუძლებელია.

 

ღია კონტრაქტების სტანდარტის დანერგვის შემთხვევაში, ზემოთ მოყვანილი მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება CSV ფორმატში, ანუ თითოეული პუნქტი გამოთავისუფლდება PDF დოკუმენტიდან და გადაიქცევა ცალკე ერთეულად.

 

ამასთანავე, სტანდარტის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას დაემატება:

 

- ხელშეკრულებებში შესული ცვლილება ან ცვლილებები (ცვლილების განხორციელების თარიღი, შინაარსი, ცვლილების მიზეზი/განმარტება);

- ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციების შესახებ ძირითადი ინფორმაცია (ტრანზაქციის მოცულობა, წყარო, ადრესატი, ტრანზაქციის განხორციელების თარიღი, ტრანზაქციის უნიკალური კოდი, ტრანზაქციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები).

 

კონტრაქტის აღსრულების ეტაპი

 

სახელმწიფო შესყიდვების სისტემა საქართველოში არ ითვალისწინებს კონტრაქტის შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნებას ავტომატური დამუშავების რეჟიმში. ეს ინფორმაციაც კონტრაქტის PDF ვერსიაშია მოქცეული.


ღია კონტრაქტის სტანდარტის დამკვიდრებით, შემდეგი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი:

 

- კონტრაქტის, მაგალითად სამშენებლო სამუშაოს, განსახორციელებელი ეტაპების (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ძირითადი ინფორმაცია (ეტაპის საიდენტიფიკაციო კოდი, ეტაპის სახელწოდება, ეტაპის დასრულების ვადა, ეტაპის განხორციელების სტატუსი, ეტაპის განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საბანკო ტრანზაქციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია);


- აუდიტის დასკვნები და აუდიტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესახებ ძირითადი ინფორმაცია.

 

ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ღია კონტრაქტების სტანდარტს მოიცვას სახელმწიფო შესყიდვის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია, გახადოს იგი ხელმისაწვდომი და ადვილად დამუშვებადი ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

 

უკრაინის მაგალითი


ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა ავტომატური დამუშავების ფორმატში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, უკრაინის სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პლატფორმის ანალიტიკური მოდულია.

 

უკრაინის შესყიდვების სისტემა დაფუძნებულია ღია კონტრაქტების სტანდარტზე. ის აბსოლუტურად იდენტური არაა, თუმცა ამ სტანდარტის ძირითად მახასიათებლებს მოიცავს. უკრაინის შესყიდვების საიტს აქვს ანალიტიკური მოდული, რომლის გამოყენებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ინფორმაცია მოიძიოს და დაამუშავოს, გრაფიკულად წარმოაჩინოს და შედეგად ადვილად აღსაქმელი, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს.

 

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანალიტიკური კვლევების მოდულისგან განსხვავებით, უკრაინულ ანალიტიკური ინსტრუმენტის საშუალებით, დაინტერესებულ პირს თვითონ შეუძლია აირჩიოს ინფორმაცია რომლის დამუშავება სურს.

 

მოდულის საშუალებით შეიძლება სხვადასხვა რეგიონების, შემსყიდველი ერთეულების, მიმწოდებლების, ეკონომიკის სექტორების (ჩამონათვალი არაა სრული) ერთმანეთთან შედარება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მონაცემების მიხედვით. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის ვიზუალიზაცია გრაფიკების საშუალებით და დასამუშავებელი ინფორმაციის არჩევა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.

 

ანალიტიკური მოდულის გარდა, ნებისმიერ პირს შეუძლია შესყიდვების შესახებ ინფორმაციის ბაზის გადმოტვირთვა ავტომატური დამუშავების ფორმატში, მისი სურვილისამებრ დამუშავება და გამოყენება.

 

 

 

 

მსგავსი პლატფორმა ამარტივებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს, შესყიდვების სისტემაში ძლიერი და სუსტი მხარეების, ისევე როგორც საეჭვო ტენდერების აღმოჩენას და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების, ისევე როგორც მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

 

 

რა სარგებელს მოიტანს ღია კონტრაქტების სტანდარტის დანერგვა საქართველოში?


ინფორმაციის ღია კონტრაქტების სტანდარტის მიხედვით გამოქვეყნების შედეგად მივიღებთ:

 

 

სახელმწიფო შესყიდვების მონაცემების მეტად სიღრმისეულ ანალიზს - შესაძლებელი გახდებასახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის მიღება პროცესის ყველა ფაზის მიხედვით (მათ შორის კონტრაქტის შესრულების შესახებ), რაც შესყიდვების სისტემის ანალიზს, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების აღმოჩენას და შესყიდვების სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს;

 

 

 

 

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის დამუშავების საშუალება მიეცემა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს - ღია კონტრაქტების სტანდარტით გამოქვეყნებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა და სხვადასხვა ელექტრონული ინსტრუმენტებით მათი დამუშავება ნებისმიერ პირს შეეძლება, რაც სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობის საფუძველს წარმოადგენს;

 

 

 

 

წითელი დროშების (red flag)სისტემის შექმნის შესაძლებლობა - ავტომატური დამუშავების ფორმატში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის წარმოება და გასაჯაროება შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას წითელი დროშების სისტემა. ეს სისტემა გამოიყენება რისკიანი შესყიდვების ავტომატური აღმოჩენისთვის, რაც ამცირებს მონიტორინგს დაქვემდებარებული შესყიდვების რაოდენობას და ამავდროულად უფრო ეფექტიანს ხდის მონიტორინგის პროცესს. აღნიშნული სისტემა შესყიდვების სფეროში კორუფციის აღმოფხვრას უწყობს ხელს.

 

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიმართ საზოგადოებისა და კერძო სექტორის ნდობის ამაღლებას  - სტანდარტის დამკვიდრება საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციაზე დადებითად აისახება, რაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებში, ისევე როგორც მოქალაქეებში შესყიდვების სისტემის მიმართ ნდობის გამყარებას შეუწყობს ხელს.

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024