6 ივნისს სასტუმრო “ვერე პალასში” ანტი-კორუფციული საბჭოს ფარგლებში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრა მიზანად ისახავდა საქართველოს 2014-15 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაწერილი ვალდებულებების განხილვას ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის მიერ მოწოდებული კომენტარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით.
შეხვედრა სამ ნაწილად გაიმართა. პირველი ნაწილი გახსნა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბრამიძემ, რომელმაც ისაუბრა დუბლინის რეგიონულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს სერიოზული შანსები გახდეს მმართველი კომიტეტის წევრი. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ წარდგენას დუბლინის შეხვერდაზე, სადაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლას. ასევე, საქართველო ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელიც პარლამენტის წევრითაც იყო წარმოდგენილი (რეგიონულ შეხვერდას პარლამენტის სახელით თინა ხიდაშელი ესწრებოდა).
საქართველოს პარლამენტის წევრმა, თინა ხიდაშელმა გამოთქვა მზაობა საკანონმდებლო კუთხით დახმარება გაუწიოს ფორუმს. მან ხაზი გაუსვა გამჭვირვალობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ხაზგასმით აღინიშნა, რომ საბიუჯეტო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პროაქტიულ რეჟიმში; ასევე, უნდა განახლდეს პარლამენტის ვებ-გვერდი, რათა გახდეს უფრო ადვილად გამოსაყენებელი ე.წ. User Friendly საიტი, საიდანაც ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება მარტივად და სწრაფად იქნება შესაძლებელი.
ფორუმის შემდეგმა მომხსენებლმა, დეივიდ სტოუნჰილმა – USAID დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს ღია მმართველობის კუთხით, ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ინფორმაციის თავისუფლების ბრძანებაზე და მიესალმა საქართევლოს პარლამენტის ჩართულობას ამ პროცესში. მან, ასევე, აღნიშნა, რომ OGP არ არის მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების ბრძოლა მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალებულებისთვის. მათთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატებიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში.
ანტი-კორუფციული საბჭოს მდივანმა, რუსუდან მიხელიძემ მოკლედ შეაჯამა ფორუმის მუშაობა. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად ფორუმმა გამართა 19 შეხვედრა, რომელსაც 700-მდე ადამიანი დაესწრო. ამ ხნის მანძილზე შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც 4 ძირითად გამოწვევას პასუხობს: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა. რუსუდან მიხელიძემ გამოყო ოთხი ყველაზე ამბიციური ვალდებულება, რისი განხორციელებაც 2014-15 წლების სამოქმედო გეგმაშია გაწერილი: ელ-პეტიციების პორტალი, ღია მონაცემების პორტალი, ინფორმაციის თავისუფლების აქტი და ელ-არქივი. ამასთანავე, რუსუდან მიხელიძემ დამსწრეებს გააცნო მმართველი კომიტეტის კომენტარები საქართველოს მიერ გაგზავნილ სამოქმედო გეგმაზე.
ფორუმის წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს. სიტყვით წარსდგნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი – გიორგი კლდიაშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენელი ლაშა გოგიძე და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთოხებისთვის“ წარმომადგენელი ქეთი მურუსიძე. გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა ელ-პეტიციების პორტალის, ichange.ge-ს შესახებ, ასევე მიყურადების პრაქტიკის აღმოსაფხვრელად გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე და შეეხო ელ-შესყიდვების, ქონებრივი დეკლარაციებისა და ელ-არქივების საკითხს.
არასამთავრობოთა რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც აღებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებელმა უწყებებმა ორგანიზაციების შენიშვნებს უპასუხეს.
ფორუმის მეორე სესია დაიწყო თამარ რაზმაძის, სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენლის სიტყვით ელ-პეტიციების პორტალის, ichange.ge-ს შესახებ. მან აღნიშნა, რომ არასამთავრობოების რეკომენდაცია ონლაინ კონსულტაციების პლატფორმის შექმნის შესახებ, საინტერესო და მისაღები იდეაა, თუმცა მისი ვალდებულებაში ჩადება არ არის მიზანშეწონილი, რადგან უწყება ვერ მოახერხებს ამ ინიციატივის იმპლემენტაციას. ამავე სესიაზე შენიშვნებს უპასუხეს შსს-სა და შსს-ს არქივის წარმომადგენლებმა. შალვა ხაბულიანმა ისაუბრა დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების შესახებ, არქივის წარმომადგენელი კი შეეხო არქივის ფასების საკითხს.
სესიის მესამე ნაწილი დაეთმო საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენის, ეტიენ ბაკეს მოხსენებას ღია მონაცემების შესახებ, სადაც მან დამსწრეებს გააცნო რეკომენდაციები ღია მონაცემთა პორტალის შესახებ. მის გამოსვლას მოყვა ქეთევან ცანავას, ღია მმართველობა საქართველოს ეროვნული კოორდინატორის პრეზენტაცია 2014 წლის ღია მმართველობის ჯილდოს შესახებ, რუსუდან მიხელიძემ კი ისაუბრა OGP-ს სამეთვალყურეო კომიტეტის არჩევნების შესახებ, სადაც, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს საკმაოდ სერიოზული შანსები აქვს.
ღია მმართველობის ფორუმის გაფართოებული შეხვედრა დასრულდა დისკუსიით OGP-ს შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების შესახებ.