17-19 ივლისს, თბილისში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მეხუთე გლობალური სამიტი გაიმართა. სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა, რომელსაც 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა (იხ. ღონისძიების ფოტოები).
საპარლამენტო დღის პარალელურად, OGP-ის სამიტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების დღეც გაიმართა, რომელსაც ღია მმართველობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა გახსნეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, გიორგი კლდიაშვილმა OGP-ის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და ასევე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს OGP-ში გაერთიანების პირველივე დღიდან, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს მთავრობასთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული OGP-ის ფუძემდებლური პრინციპების დანერგვაში. თუმცა, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას, სამოქალაქო საზოგადოება მთავრობის მხრიდან გარკვეულ პრობლემებს და გამოწვევებს აწყდებოდა, რაც გიორგი კლდიაშვილის თქმით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ქვეყნის პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენს.
ამასთან, გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობა გრძელდება და აუცილებელია, რომ ამ ძალისხმევას რეალური და ამბიციური შედეგი მოჰყვეს. გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეფორმების გატარების აუცილებლობას და ეს დღეისათვის არსებულ მთავარ გამოწვევად დაასახელა.
შეხვედრა გაგრძელდა OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დირექტორის პოლ მაასენის გამოსვლით, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების 2016-2018 წლების გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა. სამოქალაქო საზოგადოების დღეზე ასევე განხილულ იქნა OGP-ის წევრი სახელმწიფოების მიერ ბოლო 6 წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და განისაზღვრა პარტნიორობის სამომავლო პრიორიტეტები.
18 ივლისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, OGP-ის ლობალური სამიტის, მთავრი ღონისძიების საზეიმო გახსნა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, OGP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სანჯეი პრადჰანმა და OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების თანათავმჯდომარემ მუკელანი დიმბამ.
IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით - OGP-ის დაპირება მთავრობების მიერ მოქალაქეებისათვის უკეთესი სერვისების გაწევის შესახებ. პანელში ასევე მონაწილეობდნენ/სიტყვით გამოვიდნენ: შრილანკის პრეზიდენტი მაითრიპალა სირისენა, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიკი და ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი/OGP-ის ელჩი ჰელენ კლარკი.
„OGP-ის დაფუძნების პირველივე დღიდან, ჩვენ ამ ინიციატივას ვუყურებდით, როგორც მექანიზმს, რომელიც ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობისა და მათთვის უკეთესი სერვისების მიწოდების კუთხით მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების შესაძლებლობას გვანიჭებს. OGP-ის საშუალებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და მთავრობას შორის დიალოგისათვის აუცილებელი პლატფორმა შეიქმნა. მთავრობასთან დიალოგი და თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისათვის უდიდეს მიღწევას წარმოადგენს და ლოგიკურია, რომ აღნიშნულის შედეგად საქართველო პარტნიორობის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. მოქალაქეებისათვის სერვისების გაწევის კუთხით, მინდა ყურადღება იუსტიციის სახლების სერვისების დანერგვაზე გავამახვილო, რაც საქართველოს მიერ შემუშავებული ეროვნული გეგმებიდან გამომდინარე ვალდებულებას წარმოადგენდა. ასევე, საყურადღებოა კორუფციის აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული რეფორმები, უფრო კონკრეტულად კი თანამდებობის პირების მიერ წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შემუშავება." - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა და დასძინა: "მიმაჩნია, რომ აღნიშნული ვალდებულებები და რეფორმები უშუალოდ მოქალაქეების ინტერესებზე იყო ორიენტირებული. გამოწვევებზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, მთავრობა ვერ განსაზღვრავს მოქალაქეების მოთხოვნებსა და სურვილებს და ამის ნათელი მაგალითი ის რეფორმებია, რომლებზეც მე ვისაუბრე და რომლებიც, ძირითადად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ შემუშავებულ და მთავრობისათვის წარდგენილ ინიციატივებს წარმოადგენს. იმ ვალდებულებებზე საუბრისას, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო უწყებების მიერ იქნა შემუშავებული, აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ვალდებულებები ნაკლებად რელევანტურია და არ ეხმაურება მოქალაქეების მოთხოვნებსა და მოლოდინებს.“ (გიორგი კლდიაშვილის სიტყვა - ვიდეო)
სამიტის გახსნა OGP-ის ახალი წევრი ქვეყნების წარდგენით დასრულდა. სახელდობრ, ინიციატივას შეუერთდნენ ეკვადორის, ყირგიზეთის, მოროკოს, პორტუგალიისა და სენეგალის მთავრობები და ასევე ესპანეთის, რუმინეთის, ნიგერიის, კოლუმბიისა და ფილიპინების ადგილობრივი ხელისუფლებები.
18 ივლისს, OGP-ის გლობალური სამიტი სხვადასხვა თემის შესახებ პანელებით გაგრძელდა. IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით - ღია მმართველობის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობაში არსებული შედეგები, გამოწვევები და შესაძლებლობები. აღნიშნული პანელის მიზანს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მიერ ღია მმართველობის, ეკონომიკისა და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა. გიორგი კლდიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
„საქართველოში არსებული ანტიკორუფციული სისტემა პრაქტიკაში სრულყოფილად არ მუშაობს, რადგან იგი ვერ აჩერებს მაღალი დონის კორუფციას. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ბოლო ღია მმართველობის პარტნიორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა არ შეიცავს ამბიციურ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ანტიკორუფციული მიმართულებით. IDFI და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ითხოვდნენ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რაც, სამწუხაროდ, არ აისახა სამოქმედო გეგმაში.“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.
19 ივლისს, OGP-ის გლობალური სამიტის დასკვნით დღეს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ, საკანონმდებლო ფონდის გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარია ბარონმა, პარაგვაის სენატორთა პალატის წარმომადგენელმა ბლანკა ოველარმა, უკრაინის პარლამენტის წევრმა ალიონა ივანივნა შტრუმმა და IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს პანელში სახელწოდებით - როგორ შეცვალა OGP-ის ოთხმა ვალდებულებამ პარლამენტებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობა. აღნიშნული პანელის მიზანს ჩართულობის კუთხით არგენტინის, საქართველოს, პარაგვაისა და უკრაინის პარლამენტების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ირინა ფრუიძემ და გიორგი კლდიაშვილმა საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმებსა და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით შემუშავებულ ვალდებულებებზე ისაუბრეს.
19 ივლისს ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს მიერ OGP-ის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, პანელზე სახელწოდებით - საქართველოს წარმატება, რომელმაც ქვეყანას OGP-ის თავმჯდომარეობა მოუტანა - UNDP საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანაშემწემ ნათია ნაცვლიშვილმა, IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორის თანაშემწემ ბროკ ბირმანმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ისაუბრეს OGP-ის ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, სამომავლო გეგმებზე და ასევე OGP-ის ფუძემდებლური პრინციპების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებაზე.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ OGP-ის პრინციპების განხორციელება საქართველოში მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს და სწორედ ეს გამოარჩევს საქართველოს ინიციატივაში მონაწილე სხვა სახელმწიფოებისგან. საქართველო იმსახურებდა OGP-ის თავმჯდომარეობას და თბილისში სამიტის ჩატარება ჩვენი ქვეყნის წარმატების ცალსახა შედეგს წარმოადგენს.” - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.
საყურადღებოა, რომ IDFI ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტზე საკუთარი პანელით წარსდგა. პანელის ფარგლებში, IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ლომთაძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვების გამოყენება მთავრობის ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად, ასევე, როგორ უნდა ითანამშრომლონ სამოქალაქო სექტორმა და მთავრობამ სახელმწიფო შესყიდვების გასაუმჯობესებლად.
გლობალურ სამიტზე ყურადღება ასევე დაეთმო მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) დაკავშირებულ საკითხებს. IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ, მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით - ინოვაციური პარტნიორობა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის განხორციელებისა და მონიტორინგისათვის. პანელის ფარგლებში, მან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
„UNDP-ის მხარდაჭერით, ინდონეზიასთან, მექსიკასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ტუნისთან და ურუგვაისთან ერთად, საქართველოს მიეცა შესაძლებლობა შDG-ის მე-16 მიზნის განხორციელების ზედამხედველობის საპილოტე პროგრამაში მიეღო მონაწილეობა. აღნიშნული წარმოადგენდა უნიკალურ შესაძლებლობას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის (IDFI), რომელიც ამ პროცესში პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით იყო ჩართული. ინიციატივის მხარდაჭერამდე, საქართველოს მთავრობას უკვე გამოცხადებული ჰქონდა მზადყოფნა მასზედ, რომ მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი განეხორციელებინა. ამასთან, მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტულად გამოცხადდა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ 2016 წლიდან, მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ სისტემაში დანერგვის კუთხით, მთავრობის მხრიდან ძალიან მცირედი გაკეთდა. ამასთან, საყურადღებოა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, IDFI და საქართველოს მთავრობა ერთობლივად მუშაობენ საპილოტე პროგრამის ყველა ფაზის წარმატებით განხორციელებაზე.“ - განაცხადა საბა ბუაძემ.