არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება დანაშაულის სტატისტიკის გამოუქვეყნებლობასთან დაკავშირებით

სიახლეები | განცხადებები 23 დეკემბერი 2016

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები საჭიროდ მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვიტაც სამინისტრო სისხლის სამართლის დანაშაულის სტატისტიკას პერიოდულად აღარ გამოაქვეყნებს.

 

დემოკრატიული პოლიციის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მოითხოვს, რომ პოლიცია იყოს ღია მის ქმედებებზე ზედამხედველობის განხორციელებისათვის.[1] გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას კი  საჯარო საინფორმაციო ანგარიშები წარმოადგენს, რომლებიც თავის მხრივ მოიცავს  დანაშაულის სტატისტიკას, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, ანგარიშებს ადამიანის უფლებების დაცვის ან პოლიციის შიგნით კორუფციის შემთხვევების თაობაზე და ასევე საზოგადოებისათვის საყურადღებო სხვა მონაცემებს.[2] სტატისტიკურ ანალიზს შეუძლია მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანოს ეფექტური და კვალიფიციური საპოლიციო სამსახურის ჩამოყალიბებაში. ამ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულების ინტერაქტიული სტატისტიკისა და კრიმინოგენული რუკის შექმნის სრულყოფილად და დროულად შესრულება სამინისტროს მხრიდან.

 

2010 წლის 30 აპრილს, ხუთ უწყებას შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ერთიანი სტატისტიკური ანგარიშის მიზნებისათვის, შსს ყოველთვიურად უნდა წარუდგენდეს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას, ინფორმაციას დაწყებული გამოძიების შეწყვეტისა  და კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ დანაშაულების მიხედვით, ინფორმაციას დაზარალებული პირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ.

 

საყურადღებოა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, 2010 წლის მემორანდუმის საფუძველზე, 2012-2016 წლების თითოეყლი თვის მიხედვით გამოქვეყნებული სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში არც ერთ თვეში არ მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ანგარიშები იწყება პირველი თავის, პოლიციის სტატისტიკის, გამოტოვებით. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უგულვებელყოფილია მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატება სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიშების წარუდგენლობაშიან წარდგენილი ანგარიშების სათანადოდ გამოქვეყნება არ ხდება სტატისტიკის სამსახურის მიერ. აქვე უნდა ითქვას, რომ სტატისტიკის სამსახურისთვის შსს-ს და სხვა უწყებების მიერ ყოველკვარტალური სტატისტიკის გაგზავნა არ ანაცვლებს შსს-ს მხრიდან ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიშების მიწოდების და სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნების საჭიროებას.

 

ამასთან, როგორც შს სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, მათივე „კეთილი ნების“ საფუძველზე სამინისტროს ვებ. გვერდზე ხდება დამატებით სტატისტიკური ინფორმაციის განთავსება. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 15 თებერვლის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარ ვებ-გვერდზე დანაშაულის სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტები არ ავალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისივე ვებ-გვერდზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნებას, გამჭვირვალობის, საზოგადოების ნდობის მოპოვებისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად თავად სამინისტროს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი მზარდია საზოგადოების ინტერესი დანაშაულის სტატისტიკის მიმართ.

 

შესაბამისად, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

 

- შსს-სა და სტატისტიკის სამსახურს - განმარტონ რას უკავშირდება ის, რომ გასული წლების განმავლობაში, პოლიციის ყოველთვიური სტატისტიკა გამოქვეყნებული არ არის;

 

- შსს-ს - შეასრულოს 2010 წლის უწყებათაშორისი მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულება და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის მიზნებისათვის, ყოველთვიურად მიაწოდოს მემორანდუმით განსაზღვრული ინფორმაცია;

 

- შსს-ს - საზოგადოების ინფორმირების და გამჭვირვალობის მიზნით განაგრძოს საკუთარ ვებ-გვერდზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება.

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)



[1] Good Practices in Building  Police-Public Partnerships, გვ. 24

[2] OSCE, Guidebook on Democratic Policing, §98

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

03.06.2024

გორში შვედეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30.05.2024

ვენეციის კომისიის დასკვნა რუსულ კანონზე: მოკლე მიმოხილვა

27.05.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024
განცხადებები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024