2013 წლის 2 მაისს IDFI-იმ ქალაქ თბილის მერიიდან მიიღო დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი და გადარიცხული თანხების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მიღებას ინსტიტუტი ცდილობდა წინა წლებშიც, თუმცა თბილისის მერია თავს არიდებდა დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან და აღნიშნული მოთხოვნის პასუხად ინსტიტუტს ამისამართებდა საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებულ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებზე, საიდანაც შეუძლებელი იყო სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.
როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 15 აპრილამდე თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან ათვისებულია 4 734 342 ლარი. აღნიშნული თანხიდან თბილისის მერის მიერ გამოცემული განკარგულებებით 96 720 ლარით დაფარულია 2011 წელს სხვადასხვა მოქალაქეებისთვის ფინანსურ დახმარებებზე დარჩენილი ვალდებულებები. დანარჩენი თანხის (4 637 622 ლარი), რომელიც დაიხარჯა უშუალოდ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 15 აპრილამდე პერიოდში, უდიდესი ნაწილი 85% (3 927 945 ლარი) გახარჯულია 2012 წლის ოქტომბრის თვემდე. განსაკუთრებით გამორჩეულია 2012 წლის აგვისტოს თვე, რომლის განმავლობაშიც სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულმა თანხებმა 1 395 338 ლარი შეადგინა. აგვისტოს თვეში გადარიცხული თანხების სიდიდე ძირითადად განაპირობა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გასაწევად გამოყოფილმა 984 706 ლარმა. ჯამში 1517 განკარგულებით სულ დაფინანსდა დაახლოებით 1600 პირი. თითოეულ ადამიანზე გამოყოფილი თანხა განსხვავებულია თავისი მოცულობით, მაგალითად მკურნალობასთან დაკავშირებით, გვხვდება როგორც მცირე ფინანსური დახმარება ასევე მსხვილი ტრანშები (ერთ-ერთ მოქალაქეს გერმანიაში მკურნალობისათვის ორ ეტაპად გამოეყო 193 957 ლარი).
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მნიშვნელოვნად შემცირდა თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა. მაგალითად 2013 წლის თებერვლის თვეში თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულია მხოლოდ 3 600 ლარი. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ყველაზე დიდი თანხა (387 160 ლარი) ათვისებულია 2013 წლის მარტის თვეში, რომლის უდიდესი ნაწილი 375 560 ლარი მოხმარდა ავეჯის სავაჭრო ცენტრის „საბას“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების ფინანსურ დახმარებას.
2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 15 აპრილამდე გამოცემულია თბილისის მერის დაახლოებით 1500 განკარგულება მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ფინანსურ დახმარებაზე თანხის გამოყოფის შესახებ. ხსენებულ პერიოდში მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 4 637 622 ლარიდან, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია საშუალებას გვაძლევს 4 080 205 ლარზე გამოვარკვიოთ თუ რა მიზნისთვის გადაეცა კონკრეტულ პირს ფინანსური დახმარება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ფინანსური დახმარების დანიშნულება მითითებული არ არის.
თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეებისათვის გადარიცხული თანხების დანიშნულება გამოიყურება შემდეგნაირად:
მკურნალობა, გამოკვლევა და მშობიარობა – თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეებს გაეწიათ სხვადასხვა სიდიდის ფინასური დახმარება მკურნალობისათვის, გამოკვლევებისათვის, მედიკამენტების შესასყიდად, მშობიარობისათვის და სხვა სამედიცინო საჭიროებებისათვის. მოქალაქეების დაფინანსება ხორციელდებოდა, როგორც საქართველოს ასევე საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობისათვის.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულები – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე დიდი თანხა გადაირიცხა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. აღნიშნულმა თანხამ თბილისის მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე დაანგარიშებით შეადგინა 985 726 ლარი,თუმცა მერიის 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომაღნიშნული თანხა ჯერ კიდევ 2012 წელს შეადგენდა 1 490 500 ლარს. აღნიშნული იწვევდა ეჭვს, რომ დოკუმენტაციაში მითითებული თანხების უდიდესი ნაწილი, რომლის გადარიცხვის მიზეზები არ იყო მითითებული დოკუმენტში წარმოადგენდა სწორედ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულებისათვის გადარიცხულ თანხებს.
IDFI- იმ დამატებით მიმართა თბილისის მერიას იმ მოქალაქეებისათვის გადარიცხული თანხების მიზნობრიობის მოთხოვნით, რომლებსაც გადაერიცხათ ყველაზე დიდი ოდენობის ფინანსური დახმარება და თავდაპირველად მოწოდებულ დოკუმენტაციაში არ იყო ასახული ამ ფინანსური დახმარების მიზეზები. თბილისის მერიის მიერ სრულყოფილად იქნა მოწოდებული ხსენებული თანხების გადარიცხვის საფუძვლები. როგორც გაირკვა თანხები გადარიცხულია 12 მაისს სტიქიური მოვლენების შედეგად ისანი-სამგორის რაიონში დაზარალებული თბილისის მაცხოვრებელისათვის.
სწავლის საფასურის ანაზღაურება - თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეებს გაეწიათ სხვადასხვა მოცულობის ფინანსური დახმარება სწავლის საფასურის ანაზღაურების დაფარვისათვის. დაფინანსებულია, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სასწავლებლებში მოქალაქეების სწავლის საფასური.
დაკრძალვის ხარჯები – თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან გაიწია ხარჯები, როგორც საზოგადოებისათვის ცნობადი ასევე უბრალო მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. 2013 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ მოქალაქეებისათვის დაკრძალვააზე გაწეულ ფინანსურ დახმარებებზე მოდის.
ხანძრის შედეგად დაზარალებულები – სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება გაეწიათ 2013 წელს ავეჯის ცენტრის „საბას“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს.
სხვა მიზნით გაწეული ფინანსური დახმარება – ზემოთ მოყვანილი სოციალური პრობლემების გარდა, რომლის მიხედვითაც ხდებოდა მოქალაქეებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა, თბილისის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო ასევე სხვა დანიშნულებითაც. მაგალითად, ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულ საქართველოს მოჭიდავე სპორტსმენების მწვრთნელებს გაეწიათ ფინანსური დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. მერის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო ასევე 30 000 ლარი საქართველოს საპატრიარქოს „ალილოს“ ორგანიზებისათვის.
როგორც ზემოთ მოყვანილმა მონაცემებმა აჩვენა, თბილისის მერის სარეზერვო ფონდის უდიდესი ნაწილი მიმართულია მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. ინსტიტუტი მიესალმება აღნიშნული ტიპის ფინანსური დახმარებების გაწევას, თუმცა გამოთქვამს სურვილს რომ აღნიშნული პროცესი მიმდინარეობდეს გამჭვირვალედ, რათა გამოირიცხოს მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების მოქალაქეებისათვის არასამართლიანი გადანაწილება.