IDFI - მ სადენიანი და მობილური ინტერნეტის ფაქტობრივი მონოპოლისტები გამოავლინა

IDFI მედიაში 26 სექტემბერი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) განცხადებით, ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის მზარდი ტენდენციის მიუხედავად სადენიანი ინტერნეტის წვდომის მაჩვენებლები წინა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.

 

ამასთან, მათივე თქმით, როგორც სადენიანი, ისე მობილური ინტერნეტის შემთხვევაში, შესამჩნევია ბაზარზე ორი კომპანიის დომინირება. სადენიანი ინტერნეტის შემთხვევაში ეს კომპანიებია "კავკასუს ონლაინი" და "სილქნეტი", ხოლო მობილური ინტერნეტის შემთხვევაში - "ჯეოსელი" და "მაგთიკომი" იკავებენ დომინანტურ პოზიციებს.

 

როგორც "კომერსანტს" IDFI–ში განუცხადეს, „კავკასუს ონლაინსა“ და „სილქნეტს“ მხოლოდ თბილისში ბაზრის 99% უკავიათ, ხოლო დანარჩენ 15 კომპანიას კი ბაზრის მხოლოდ 1% უჭირავთ.

 

ამასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის ანგარიშის თანახმად, „მაგთიკომ“–ს ჯამური მომხმარებელთა რაოდენობის წილი, მთლიან აბონენტებში, 42.8%–ს შეადგენს, ხოლო “ჯეოსელი“–ს აბონენტთა რიცხვი კი 33.9%–ს. მთლიანად, 2013 წლის მონაცემებით, 4.99 მილიონი აბონენტი ფიქსირდება. მობილური ინტერნეტის მოხმარებას რაც შეეხება, კომისიას აღნიშნული მონაცემები კომპანიების მიხედვით გამოქვეყნებული არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ გაიზარდა საშუალოდ ერთი მომხმარებლის მიერ მოხმარებული ინტერნეტტრაფიკის ოდენობა – თუ 2012 წლის ბოლოს იგი 52 მბ-ს შეადგენდა, 2013 წლის ბოლოს ამ მაჩვენებლმა 123 მბ შეადგინა (135.9%-ით მეტი).

 

ამასთან, კომისიის მონაცემებითვე, 2013 წლის მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს 1.59 მილიონი აბონენტი იყენებდა, რაც 2012 წელთან შედარებით, 18.7%–ით არის გაზრდილი.


ინსტიტუტის განცხადებით, ინტერნეტის გამტარიანობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს რეგიონებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რეგიონებში ვითარდებოდა უსადენო ინტერნეტი, აუცილებელია რომ მთავრობა ეფექტური ნაბიჯების გადადგას ამ მიმართულებით მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების კუთხით, და კოორდინაცია გაუწიოს ინტერნეტის ბაზარზე არსებულ ნებისმიერ მოთამაშეს.

 

მათივე განცხადებით, ელ-სერვისებისა (ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების (ICT) საშუალებით მიწოდებული სერვისები) და ინტერნეტზე წვდომის განვითარება მნიშვნელოვნად ურთიერთდაკავშირებულია. ერთი მხრივ, ინტერნეტზე წვდომის გარეშე ყველაზე განვითარებული ელ-სერვისებიც ფუნქციას კარგავს. თუმცა, მეორე მხრივ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობის სრულ უმრავლესობას მიუწვდება ხელი ხარისხიან ინტერნეტზე, აღნიშნული არ უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობებში.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თანდათანობით ანვითარებს ელ-სერვისებს, რაც გაეროს ელ-მმართველობის კვლევის მიხედვით ქულის გაუმჯობესებაში აისახება, კვლავ დიდი სხვაობა რჩება ელ-სერვისების განვითარებასა და მათზე წვდომას შორის. როგორც ირკვევა, ცენტრალური ხელისუფლება მეტ რესურსებს ხარჯავს შიდა მოხმარებისთვის გამიზნული ელ-სერვისების განვითარებაზე, ვიდრე მოქალაქეებზე ორიენტირებულ ელექტრონულ რესურსებზე (ელ-რესურსებზე), რაც განიმარტება როგორც „ნებისმიერი კოდირებული ნაშრომი რაც ხელმისაწვდომია კომპიუტერის მეშვეობით“ . ასევე, სამინისტროები არ გამოირჩევიან ონლაინ მედიის სერვისების აქტიური გამოყენებით, – აცხადებს ინსტიტუტი.

 

რაც შეეხება ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, IDFI-ს განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ არსებობს ფარტოზოლოვანი ინტერნეტის გავრცელების სტრატეგია, ინტერნეტის გამტარიანობის გაზრდის მცდელობები შემოიფარგლება ისეთი ცალკეული პროექტებით, როგორიცაა სკოლების ინტერნეტიზაცია , საზოგადოებრივი ცენტრები, კომპიუტერული ცენტრები, საჯარო ბიბლიოთეკები ა.შ.


ამასთან, IDFI აცხადებს რომ ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც მოიცავს ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა, ფუნქციონალური თავსებადობის ინფრასტრუქტურა, რეესტრთა რეესტრი, სერვისების კატალოგი ა.შ. სამინისტროების მიერ ვებ-განვითარებაზე გაწეული ხარჯები საკმაოდ უმნიშვნელოა და ძირითადად უკავშირდება ვებ-სივრცისა და დომეინის სახელის შეძენას, ახალი ვებ-გვერდების შექმნას, უსაფრთხოების სერტიფიკატის განახლებას ა.შ. რაც შეეხება ელ-უსაფრთხოებას , მართალია საქართველოს პირველი კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2012-2015) ძალაშია, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო მისი სათანადო შესრულებისა და ელ-უსაფრთხოებისადმი მთავრობის ერთობლივი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. საქართველოში ელ-უსაფრთოხების დაცვის კუთხით სერვისების უმეტესობას (მაგ. ინტერენტის გამტარიანობის უფასო ტესტები, ინციდენტებზე რეაგირება, ქსელის მონიტორინგი, უსაფრთხო DNS სერვერი, IP მისამართის მონიტორინგი ა.შ.) უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ფარგლებში შექმნილი CERT.GOV.GE, – აცხადებს ინსტიტუტი.

 

მათივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოში შენარჩუნებულია ინტერნეტის გამტარიანობის მზარდი ტენდენცია. სტაბილური პოლიტიკური და ბიზნეს გარემოს მიუხედავად, საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება და ამ ტექნოლოგიების სარგებლის ზედმიწევნით გამოყენება. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, ბიზნესის სექტორში უახლესი ტექნოლოგიების ნაკლები განვითარება და მეორე მხრივ, განათლების, სისტემისა და საჭირო უნარ-ჩვევების არასაკმარისი დონე.

 

სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა სახის ონლაინ პლატფორმების განვითარებამ კი IDFI–ს განცხადებით, ბიძგი მისცა ონლაინ აქტივიზმს საქართველოს ინტერნეტის მომხმარებელთა შორის. ამავდროულად, ონლაინ მედია ალტერნატიული ინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა. ამის მიუხედავად, დაკვირვებამ გამოავლინა, რომ ონლაინ მედიის მთავარი გამოწვევებია ფინანსური მდგრადობა, ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და საჭირო უნარებისა და რესურსების ნაკლებობა მრავალმხრივი კონტენტის შესაქმნელად.

 

მათივე თქმით, ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დარღვევა ფართოდ გავრცელებული მოვლენა არაა, მაგრამ მაინც ხდება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა კომპანიების მიერ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ყველაზე მძიმე შემთხვევები გამოვლინდა სახელისუფლებო დაწესებულებების მიერ განხორციელებული არალეგალური თლვათვალისა და მოსმენების შედეგად, რაც სხვათა შორის კომპიუტერულ სისტემებში არალეგალურ შეჭრასაც მოიცავდა. ამ გარემოებების შედეგად, მათივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა წამოიწყო კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“, რომელიც მიზნად ისახავდა საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირებას მთავრობის მხრიდან უკანონო მოსმენების გასაკონტროლებლად.


შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მხარდაჭერას არ უცხადებდა შეთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის აგვისტოში ცვლილებები დამტკიცდა პარლამენტის მესამე მოსმენით, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელსაც უნდა შეეზღუდა საჯარო უწყებების პირდაპირი წვდომა მიყურადების მონაცემებზე ამოღებულ იქნა იმ პირობით, რომ დარეგულირდებოდა 2014 წლის ნოემბრამდე, – აღნიშნავს IDFI.


რაც შეეხება მომხმარებლების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს, IDFI-ს თქმით, უკანასკნელ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის არჩევა, პოზიცია, რომელიც ათი წლის განმავლობაში რჩებოდა ვაკანტური. თუმცა, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ეფექტურობის შეფასება ძირითადად უნდა მოხდეს გამოვლენილი და გადაჭრილი პრობლემების მიხედვით. ამ მხრივ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შემდგომი ანგარიშები და მომხარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის პირველი ანგარიში განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.


ამას გარდა, მათივე თქმით, www.freedomtointernet.com წარმოადგენს დამატებით დამოუკიდებელ მექანიზმს საქართველოში, ისევე როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანში ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობის მონიტორინგისა და გაუმჯობესების კუთხით.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები არქივების მეტი გამჭვირვალობის და საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად

23.04.2019

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019

მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემაში არსებული ხარვეზები იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს

18.04.2019

საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ

10.04.2019
განცხადებები

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან

12.04.2019

კოალიციის მიმართვა ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროსადმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით

25.03.2019

კოალიციის განცხადება „TV პირველისა“ და „არტარეის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ

07.03.2019

კოალიციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებული სამუშაო ფორმატი დატოვა

27.02.2019
ბლოგპოსტები

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019

საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ

10.04.2019

მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ

21.02.2019

საქართველოს პროკურატურა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე: სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორების გზა

30.08.2018