ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის და კონსტანტინე გვარჯალაძის მემორიალური დაფების განთავსება

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 13 მაისი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუშაობს სხვადასხვა პროექტზე, რომლის მიზანია დემოკრატიული რესპუბლიკის პოპულარიზაცია. მეხსიერების კვლევების პროექტებს შორის, ერთ-ერთია რესპუბლიკის გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის მემორიალური ალბომის გამოცემა. ალბომში შესული იქნება აქამდე გამოუქვეყნებელი საარქივო და ფოტომასალა, ასევე ვრცელი ანოტაციები და კარლო ჩხეიძის ბიოგრაფიული და საზოგადო მოღვაწეობის ამსახველი დეტალები.


ალბომზე მუშაობის პროცესში, ჩვენ მოვიძიეთ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის, კარლო ჩხეიძის მიერ შევსებული ანკეტები, სადაც მის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია პირველ შემთხვევაში - Ксениевская 4, квартира Гварджаладзе; ხოლო მეორე შემთხვევაში - ქსენიას ქუჩა, სახლი N4, ტელ. 15-00. ამავე მისამართზე ცხოვრობდა დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი კონსტანტინე გვარჯალაძე, რომლის მიერ შევსებულ ანკეტაში მითითებულია იგივე მისამართი - ქსენიევის ქუჩა 4, ტელ. 15-00.

 

 

 

 

 

 

 

ყოფილი ქსენიას ქუჩა (გასაბჭოების წლებში ქუჩას გადაერქვა სახელი და ეწოდა „ამოს“ (Амоевская), ხოლო მოგვიანებით ქუჩა გახდა შეროზიას სახელობის), დღეს ზურაბ ჭავჭავაძის სახელს ატარებს (საფუძველი: თბილისი, ქუჩები, გამზირები, მოედნები, ენციკლოპედია, 2008). სწორედ ამ ქუჩაზე მდებარეობს სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (1917-1921 წლებში) და კონსტანტინე გვარჯალაძე (სავარაუდოდ, 1908 - 1921 წლებში).

 

 

 

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (1864-1926) იყო რუსეთის იმპერიის გარდამავალი ეპოქის და საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკოსი. რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი, რომელიც დროებითი მთავრობის შექმნამდე  ქვეყანას ხელმძღვანელობდა. 1917 წლის მარტში აირჩიეს პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს, შემდეგ კი სრულიად რუსეთის აღმასრულებელი კომიტეტის პირველ თავმჯდომარედ. 1917 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო სამი საკანონმდებლო ორგანოს: ამიერკავკასიის პარლამენტის (სეიმი), საქართველოს ეროვნული საბჭოს და დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. 1919 წლიდან ის ხელმძღვანელობდა საქართველოს მისიას პარიზის საზავო კონფერენციაზე და სწორედ მისი ძალისხმევით მიაღწია საქართველომ მრავალი ქვეყნის საერთაშორისო აღიარებას. 1921 წლის თებერვლიდან, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, კარლო ჩხეიძემ მოღვაწეობა ემიგრაციაში განაგრძო: პრესაში აქვეყნებდა წერილებს, ხვდებოდა ევროპელ პოლიტიკოსებს და ცდილობდა საქართველოს საკითხის წამოწევას ქვეყნის შემდგომი გათავისუფლებისთვის. ემიგრაციაში კარლო ჩხეიძე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, მნიშვნელოვნად ჰქონდა შერყეული ჯანმრთელობა. 1926 წელს სიცოცხლე ტრაგიკულად, თვითმკვლელობით დაასრულა, დაკრძალულია პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.

 

 

კონსტანტინე გვარჯალაძე (1883-1969) იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1917 წლიდან იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს, ხოლო 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 წელს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგის (მოადგილე) პოზიციაზე, მონაწილეობდა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო მოლაპარაკებებში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა განაგრძო ემიგრაციაში, 1920-1928 წლებში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დელეგატი სოციალისტური ინტერნაციონალის ჟენევისა და ბრიუსელის კონგრესებზე. 1930-იანი წლებიდან გამოსცემდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს გაზეთს - „ბრძოლის ხმას“. კონსტანტინე გვარჯალაძე გარდაიცვალა 1969 წელს, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

 

 

 თავად ის ფაქტი, რომ კარლო ჩხეიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ცხოვრობდა, არა თავის ბინაში, არამედ ინაწილებდა საცხოვრებელ სახლს მთავრობის რიგით წევრთან, მრავლისმეტყველია და ხაზს უსვამს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოღვაწეების მაღალ პოლიტიკურ კულტურას, უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყანაში მაქსიმალურად დაეზოგათ საბიუჯეტო სახსრები. კონსტანტინე გვარჯალაძის მიერ სახლის ნაწილის კარლო ჩხეიძისა და მისი ოჯახისთვის დათმობაც ძალზედ ნიშანდობლივია.


IDFI ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხსოვნის პოპულარიზაციის მიზნით, აუცილებელია ქართველი პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების ღვაწლის დაფასება და თბილისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩის №4 სახლის ფასადზე აუცილებლად უნდა განთავსდეს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის და კონსტანტინე გვარჯალაძის მემორიალური დაფები ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან დაკავშირებით, 2019 წლის 4 აპრილს, ორგანიზაციამ მიმართა თბილისის მერიას.


ვიმედოვნებთ, და იმედს გამოვთქვამთ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება, თბილისში კი გაჩნდება იმ საზოგადო მოღვაწეების დაფები, რომლებიც 100 წლის წინ მთავარ როლს თამაშობდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობაში.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024