Media.Ge

IDFI მედიაში 22 მარტი 2013

GNCC-ს გადაწყვეტილება გადაწყვეტილების მიღების გარეშე

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

თავმჯდომარის გარეშე დარჩენილმა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ინტერნეტის საბითუმო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ამ საკითხს კომისია ინტერნეტ პროვაიდერებთან ერთად უკვე ექვსი თვეა განიხილავს.

კომისიამ 2008 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით , ერთ გიგაბიტ/წამიან ურთიერთჩართვის სიმძლავრეზე ზედაზღვრული ტარიფი თვეში 5 ათასი ლარი დაადგინა. ამავე გადაწყვეტილებით, 12 ინტერნეტ პროვაიდერი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად განისაზღვრა.

მოგვიანებით, 2012 წლის 2 ნოემბერს კომისიამ ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.  მას შემდეგ გადაიდო რამდენიმე ზეპირი მოსმენის სხდომა, შეწყდა წარმოება და თავიდან დაიწყო, მერე ისევ გადაიდო და საბოლოოდ კომისიამ ამ საკითხზე 2013 წლის 20 მარტს იმსჯელა. თუმცა 6 თვიანი და მეორედ დაწყებული კვლევა-მსჯელობის შემდეგ ყველაფერი ისე დარჩა, როგორც 2008 წელს მიღებული დადგენილებით იყო განსაზღვრული.

ინტერნეტ პროვაიდერების არგუმენტები

კომისიამ კვლევა ინტერნეტ პროვაიდერების მიერ წარდგენილი ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადა, საიდანაც ჩანს, რომ ინტერნეტის საბითუმო ბაზრის 45% კავკასუს ონლაინს უკავია, „სილქნეტს“ კი - 38%.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების მიხედვით „კავკასუს ონლაინის“ გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების დანახარჯი 1 გგბტ/წმ-ზე 246 ლარია, „სილქნეტს“ იგივე კომპონენტში ბევრად ნაკლები, 38 ლარი აქვს მითითებული. კომისიის 20 მარტის სხდომაზე საკითხის განხილვისას „სილქნეტის“ ოპერასტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომ მისი კომპანია „კავკასუს ონლაინს“ ყოველ თვე გიგაბიტ/წამის ურთიერთჩართვისთვის 5 ათას ლარს უხდის, რასაც ემატება დღგ-ს გადასახადი. ეს იმ დროს, როდესაც წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით, „კავკასუს ონალინის“ მომსახურების დანახარჯი 249 ლარია

„5 ათასი რანაირად არის განსაზღვრული, როგორ დაგვიდასტურებს ვინმე რომ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 20-ჯერ უფრო ძვირი უნდა იყოს ტარიფი? ხომ უნდა დავადგინოთ მართლა 38 ლარი ღირს, 249 თუ 5 ათასი?, - აღნიშნა ვახტანგ აბაშიძემ. „სილქნეტი“ ითხოვდა, რომ ვინაიდან „კავკასუს ონლაინი“ ბაზრის 45%-ს იკავებს, ის აღიარებული უნდა იყოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პროვაიდერად და მას უნდა დაეკისროს განსაზღვრული ტარიფი. „სილქნეტის“ წარმომადგენელთა თქმით, იმ ტარიფით, რასაც „კავკასუს ონლაინი“ „სილქნეტს ახდევინებს, მათი უფლებები ირღვევა.

„კავკასუს ონალინის“ იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი ჭელიძე კი ირწმუნება, რომ 5 ათასი ლარი ხარჯზე ორიენტირებული თანხაა. იმ შემთხვევაში, თუ „კავკასუს ონლაინი“ მშინვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირად იქნება ცნობილი, მაშინ სხვა კომპანიებს შეეძლებათ მათ დაუწესონ 5 ათასზე ბევრად მაღალი ტარიფი და რესურსები სხვა კომპანიისკენ გადაინაცვლებს. ჭელიძის მოსაზრებით, 2008 წლის შემდეგ ბაზარზე მდგომარეობა არ შეცვლილა, ამიტომ სჯობდა ახალი კვლევა არ დაწყებულიყო.

„თუ მაინც აუცილებელია ამ მიმართულების რეგულაცია, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მზად არ არის არც კომისია და არც ოპერატორები ჩამოყალიბებულები არ ვართ - რას ვიკვლევთ. ამიტომ სჯობს დარჩეს ისე, როგორც  არის,  სანამ ზუსტად არ ჩამოვაყალიბებთ თამაშის იმ წესებს, რაც ხელს შეუწყობს ამ ბაზრის განვითარებას“, - თქვა ჭელიძემ.

სხდომას „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დავით თუთბერიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, პატარა პროვაიდერებისთვის ტარიფის შემცირება აქტუალური არ არის, ვინაიდან ურთიერთანგარიშწორება მხოლოდ დიდ კომპანიებთან მიმდინარეობს.

„თუმცა არ მიმაჩნია, რომ 5 ათასი ლარი ეს არის რეალური ფასი, რასაც მომსახურებაში უნდა იხდიდნენ“, - აღნიშნა თუთბერიძემ. მისი აზრით, იმისთვის რომ ბაზრის რეგულირება  სწორად მოხდეს საჭიროა ჯერ კარგად განისაზღვროს ბაზრის სეგმენტი, ვინაიდან შეიძლება კომპანიას ბაზრის 40% არ ეჭიროს, მაგრამ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს ბაზარზე, რომ მასთან ურთერთჩართვა ძალიან საჭირო იყოს.

კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ირინა ვერძეულმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ ამ ბაზრის დერეგულირება მოხდებოდა.

მისი აზრით, იმის გამო რომ ოთხი წელი ეს ბაზარი იყო დარეგულირებული, მცირე და საშუალო ოპერატორებს ფაქტიურად საშუალება არ ჰქონდათ ურთიერთჩართვის და „ჰოსტინგის“ საქმიანობიდან შემოსავლი მიეღოთ. შესაბამისად, ისინი არ დაინტერესდნენ კაპიტალდაბანდებით, ბაზარი ვერ განვითარდა, არ არსებობს კერძო ინტერესი ინტერნეტის გაცვლის ცენტრის დაფუძნებისა საქართველოში. ვერძეულის თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ამ ბაზარს არსად არ არეგულირებენ.

კომისიის გადაწყვეტილება

GNCC-ს გადაწყვეტილება გადაწყვეტილების მიღების გარეშე

საბოლოოდ კომისიამ  2013 წლის 20 მარტის სხდომაზე ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირად სამი კომპანია სცნო- "სილქნეტი", "კავკასუს-ონლაინი", "სისტემ ნეტი" და "ფოპტნეტი". შესაბამისად, მათ დაეკისრათ ინფორმაციის გამჭვირვალობა და არადისკრიმინაციულობის უზრუნველყოფა.

დერეგულირების საკითხი კომისიას არც განუხილავს და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით კენჭისყრაზე სამი წინადადება დააყენა:

1. "კავკასუს ონლაინი" იყოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტად და სხვა სპეციფიკურ ვალდებულებებთან ერთად დაუდგინდეს ტარიფი მის მიერ წარმოდგენილი ხარჯების შესაბამისად 250 ლარის ოდენობით

2. მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონედ ცნობილი იქნნას ყველა სუბიექტი, ვინც ამ ბაზარზე ფუნქციონირებს. სპეციფიკური ვალდებულებებიდან ერთერთი სატარიფო ვალდებულება დაუდგინდეს მხოლოდ "კავკასუს ონლაინსა" და "სილქნეტს" მათ მიერ წარმოდგენილი ხარჯების შესაბამისად ეს არის 250 ლარი და 39 ლარი

3. შეწყდეს წარმოება და ახლიდან დაიწყოს ამ საკითხის გამოკვლევა

კომისიის წევრების ხმები მეორე საკთხთან დაკავშირებით გაიყო. თავმჯდომარის არყოფნის გამო რომელსაც გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ყველაფერი ისე დარჩა, როგორც 2008 წელს მიღებული დადგენილებით იყო განსაზღვრული.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ექსპერტის, უჩა სეთურის აზრით, კომისიის მიერ ვერ მიღებული გადაწყვეტილებით, ტარიფებთან დაკავშირებული ბაზარზე არსებული პრობლემები მოუგვარებელი რჩება და  ვერც საცალო ტარიფების შემცირებაზე შეიძლება მუშაობის დაწყება.

„თუმცა, კარგია ის, რომ არსებული რეგულირება არ გაუქმდა და ბაზარზე თავისუფლება არ მიეცა მონოპოლისტებს, რაც კიდევ უფრო გაართულებდა მცირე და საშუალო კომპანიების მდგომარეობას“, - აღნიშნა სეთურმა. მისი აზრით, საჭიროა იგივე რეგულირების გამოყენება, რაც არსებობს სატელეფონო ურთიერთჩართვის მიმართ (ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ მე-19 მუხლის მესამე ნაწილი). ასეთი რეგულაციით  ურთიერთჩართვის ვალდებულება აქვს ყველას, ხარჯებზე ორიენტირებული და არადსიკრიმინაციული პირებების შეთავაზების ვალდებულება ყველა მოთამაშეზე ვრცელდება.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024