სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიების გაუმჭვირვალობის შედეგები - შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მაგალითზე

სიახლეები | კარგი მმართველობა | პუბლიკაციები | ანალიზი 5 თებერვალი 2016

2010-2015 წლებში IDFI-ის მიერ განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგების მიხედვით,ყველაზე ნაკლები ანგარიშვალდებულება გამოიკვეთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უწყებები ხშირ შემთხვევაში ასრულებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, განკარგავენ საჯარო ფინანსებს, IDFI-ის მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად უმეტესწილად განმარტავდნენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ისინი არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოს და მათზე არ ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. ამასთან, ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ფინანსური ინფორმაციის არ გაცემის საფუძვლად სახელდება კომერციული საიდუმლოება, რომლის გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ ინტერესებს და კონკურენტუნარიანობას.


სახელმწიფო კომპანიების არასაკმარის გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე ხაზგასმით არის საუბარი აგრეთვე, სახელმწიფო აუდიტის მიერ 2015 წელს განხორციელებულ სახელმწიფო საწარმოების მართვის და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტში, სადაც აღნიშნულია, რომ არსებული სისტემები საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას შეაფასოს სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა და დაინახოს აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემები.


სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების გაუმჭვირვალე საქმიანობა აჩენს კორუფციის, ნეპოტიზმის და ინტერესთა შეუთავსებლობის მნიშვნელოვან რისკებს. აღნიშნული რისკების პრევენციის და მასთან ბრძოლის კონტექსტში მნიშნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წლის 5 თებერვალს საერთაშორისო ინიციატივა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში IDFI-ის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების მიერ წარდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინება. კერძოდ, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში“ შეტანილი ცვლილებების შედეგად გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა ევალებათ. მათ შორის თანამდებობის პირთა ნუსხას დაემატნენ:

 

  • იმ საწარმოთა ხელმძღვანელები, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი;
  • სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელები.

 

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი აღნიშნული ცვლილების შემდგომ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა მთელი რიგი სახელმწიფო შპს-ებისა და სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელების ქონებრივი დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია. ამჯერად, ჩვენს მიერ განხილული იქნება 2015 წელს მათ მიერ წარდგენილ დეკლარაციებში ასახული მონაცემები, რომელიც მოიცავს 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულ შემოსავლებს. 2014 წელს შრომის ანაზღაურების სიდიდით გამორჩეულია სს საპარტნიორო ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე- 336 000 ლარი, სს-საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე - 263 374 ლარი. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის, 2014 წლის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 248 652 ლარი, საიდანაც მას რკინიგზის დირექტორის პოზიციაზე მიღებული აქვს 186 780 ლარი, შპს ჯორჯია ტრანზიტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციაზე - 43 308 ლარი, ხოლო შპს ჯრ ტრანზიტ ლაინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციაზე - 18 564 ლარი.

 

 

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარმდგენ პირთა წრის გაზრდა, გარკვეული წინაპირობაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის თვალსაზრისით, ეს საკითხი კვლავ მნიშნელოვან გამოწვევად რჩება.გაუმჭვირვალობის შედეგად, ხელმიუწვდომელია ამ კომპანიების შემოსავლების თუ ადმინისტრაციული ხარჯების, შესაბამისად კომპანიების მოგება-ზარალის შესახებ ინფორმაცია, რაც შეუძლებელს ხდის აღნიშნული კომპანიების ეფექტიანობის ანალიზის ჩატარებას, ისევე, როგორც შესაძლო კორუფციის რისკების შესწავლა-შეფასებას. აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა, სახელმწიფო შპს -საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განვითარებული მოვლენები. საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოვლენილი იქნა, რომ აღნიშნულ უწყებაში 2013-2014 წლებში ადგილი ქონდა ფინანსურ მაქინაციებს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამზრახველებთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა კომპანიის კუთვნილი 2 227 887 ლარი.


კომპანიაში აღმოჩენილი დანაშაულებრივი სქემის დროს, შპს -საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელს, წარმოადგენდა არჩილ ცაბუტაშვილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის ნოემბრის თვეში არჩილ ცაბუტაშვილი დაინიშნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ. საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერის, ბრალდებული თამარ ფხოველიშვილის განცხადებით, დანაშაულებრივ სქემაში, რომელსაც კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელი არჩილ ცაბუტაშვილი კურირებდა, მას ნებართვა ზვიად ჯანყარაშვილისგან ჰქონდა. ამის შესახებ თამარ ფხოველიშვილმა საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულის სახით დაკითხვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ცაბუტაშვილმა დაკითხვისას რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის გვარიც ახსენა, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ცაბუტაშვილი ყოფილი მინისტრების, ელგუჯა ხოკრიშვილისა და დავით შავლიაშვილის ახლო მეგობარი იყო. სასამართლოს დასრულებამდე, აღნიშნულზე დასკვნების გაკეთება შეუძლებელია, თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ დანაშაულში მხილებული პირი თანამონაწილეებად მაღალ თანამდებობის პირებს ასახელებს, მიანიშნებს, იმაზე, რომ სახელმწიფო კომპანიების საქმიანობის გამჭვირვალობა აუცილებელი კომპონენტია კორუფციული რისკების პრევენციის უზრუნველყოფისათვის. IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო კომპანიების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მკაფიო გარანტიების შექმნა მნიშვნელოვნად შეამცირებს მსგავს უწყებებში კორუფციის რისკებს და მინიმუმამდე დაიყვანს 2013 -2014 წლებში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აღმოჩენილი ფინანსური მაქინაციების მსგავს შემთხვევებს.

 

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წარმოადგენს იმ გამონაკლის სახელმწიფო შპს-ს, რომელმაც 2015 წლის ნოემბერში ახალი ხელმძღვანელის პირობებში სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება 2012-2015 წლებში კომპანიის საქმიანობას და ფინანსების მართვას. ჩვენს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი იქნება მიღებული დოკუმენტაციის ანალიზი, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ 2013-2014 წლებში კომპანიაში აღმოჩენილი ფინანსური მაქინაციების გარდა, სახეზე გვაქვს ადმინისტრაციული სახსრების არარაციონალური ხარჯვაც.

 

 

  • გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2012-2015 წლების შემოსავლები და ხარჯები

 

შპს - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია შეიქმნა 2010 წელს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო. კომპანია საქართველოს რეგიონების ბაზარზე არის მონოპოლისტი, რომლის საქმიანობა უკავშირდება წყლის მოპოვებას, დამუშავებას და საქართველოს მთელი მასშტაბით (ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის და აჭარის ა/რ-ის გარდა) აბონენტებისათვის მიწოდებას. ის ემსახურება 296 545 საყოფაცხოვრებო აბონენტს და 16 996 იურიდიულ პირს. როგორც მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, აღნიშნული აბონენტებისათვის კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებით დარიცხულმა შემოსავლებმა 2012 წელს შეადგინა 31 167 010 ლარი, 2013 წელს - 34 802 440 ლარი, 2014 წელს - 37 776 751 ლარი, ხოლო 2015 წლის 9 თვის განმავლობაში - 29 331 392 ლარი. რეგიონების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები გამოიყურება შემდეგნაირად:

 

 

მიუხედავად ზემოთ წარმოდგენილი მაღალი შემოსავლებისა, როგორც კომპანიის მოგება-ზარალის ანგარიშგებიდან ირკვევა აღნიშნული კომპანია ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯების დაფარვას და შესაბამისად, მისი საქმიანობა არამომგებიანია. მაგალითად, 2014 წლის მოგება-ზარალის ანგარიშგების გეგმით გათვალისიწინებული იყო 18 663 975 ლარის ოდენობის ზარალი. გეგმასთან შედარებით კომპანიამ 2014 წელს ფაქტიურად იზარალა დაახლოებით 5 000 000 ლარით ნაკლები, რაც უმეტესწილად განპირობებული იყო აღნიშნულ პერიოდში კურსთა შორის სხვაობით მიღებული დაუგეგმავი მოგებით.

 

 

 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, არსებული ზარალის პირობებში, ფუნქციონირებას შესაძლებელს ხდის 2010-2011 წლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან და ევროპის საინვესტიციო ბანკიდან სესხის სახით მიღებული 47 000 000 ევროს ოდენობის დაფინანსება. სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული თანხის აუთვისებელი ნაწილით ხორციელდება 2012-2015 წლებში კომპანიის მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯების დაფარვა.

აღნიშნული კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებიდან ყველაზე დიდი თანხა, გათვალისწინებულია შრომის ანაზღაურებისათვის. მაგალითად, 2014 წელს შრომის ანაზღაურების ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 20 435 025. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კომპანიაში დასაქმებულია 2 700 მდე თანამშრომელი, ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში აღნიშნულ კომპანიაში არსებული სახელფასო პოლიტიკა სრულიად შეუსაბამოა არამომგებიანი სახელმწიფო კომპანიის ფინანსების რაციონალურ ხარჯვასთან. ამასთან, ჩვენს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი იქნება 2012-2015 წლებში შპს - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გაწეული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაცია.

 

  • შრომის ანაზღაურება

 

2015 წლის დეკემბრის მონაცემებით, შპს - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სათაო ოფისების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულია 314 თანამშრომელი, რომელთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოებისათვის გათვალისწინებულია 513 100 ლარი. მათ შორის დირექტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 5 800 ლარს, ხოლო მისი მოადგილის - 4800 ლარს.

 

როგორც მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, 2012-2015 წლებში აღნიშნულ თანამდებობრივ სარგოებთან ერთად ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებზე სისტემატურად გაიცემოდა სახელფასო დანამატები. განსაკუთრებით გამორჩეულია 2013 წელი, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელს და მის 5 მოადგილეს მიღებული აქვთ 416 075 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი, საიდანაც ხელმძღვანელმა არჩილ ცაბუტაშვილმა მიიღო 94 125 ლარი, მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი ქუთათელაძემ - 70 750 ლარი, ხოლო დანარჩენმა მოადგილეებმა - 62 800 ლარი.


2014 წელს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების მიერ მიღებული სახელფასო დანამატები/პრემიები შემცირდა 191 350 ლარამდე. აღნიშნული განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2014 წლის სექტემბრის თვეში ახალი დირექტორის ვლადიმერ ლაზარიშვილის დანიშნვნის შემდეგ აღნიშნულ კომპანიაში ყოველთვიური სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა გაუქმდა და პერიოდულად გაიცემოდა პრემიები. 2015 წელს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების მიერ მიღებული სახელფასო დანამატები/პრემიები კიდევ უფრო შემცირდა და საწყისი 10 თვის განმავლობაში სულ 37 750 ლარი შეადგინა.


2015 წლის მაისში კომპანიის ახალი ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქიზიყურაშვილის დანიშვნის შემდგომ, კომპანიის მენეჯმენტზე პრემია / დანამატების გაცემის პრაქტიკა შეწყდა, კერძოდ კომპანიის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს არც პრემია და არც სახელფასო დანამატი არ მიუღიათ.

2013 წელს განსაკუთრებით გამორჩეულია დეკემბრის და ივლისის თვეში გაცემული დანამატები. კერძოდ, დეკემბერში ხელმძღვანელმა არჩილ ცაბუტაშვილმა მიიღო თანამდებობრივი სარგოს ხუთმაგი ოდენობის 29 000 ლარის ოდენობის, მისმა პირველმა მოადგილემ 25 500 ლარის, ხოლო სხვა მოადგილეებმა 21 450 ლარის ოდენობის დანამატები. ივლისის თვეში არჩილ ცაბუტაშვილმა გამოიწერა 20 500 ლარის ოდენობის, მისმა პირველმა მოადგილემ 12 250 ლარის, ხოლო სხვა მოადგილეებმა 11 650 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატები.

 

 

  • შესყიდული ავტომობილები


2012-2014 წლებში შპს - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ შესყიდულია 59 ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 1 835 230 ექვივალენტი ლარი. 2015 წელს აღნიშნული კომპანიის მიერ ავტომობილები არ შესყიდულა.

ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი შესყიდულია 2013 წელს - იმავე წლის გამოშვების TOYOTA LAND CRUISER 200 ღირებულებით127 866 ექვივალენტი ლარი.

 

 

  • სამივლინებო ხარჯები

 

შპს - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების სამივლინებო ხარჯებმა 2012 წელს შეადგინა 7 077 ლარი, 2013 წელს – 37036 ლარი, 2014 – 27 608 ლარი, ხოლო 2015 წელს (იანვარი-ოქტომბერი) – 4653 ლარი.


2012 წელს ყველაზე ძვირადღირებულ მივლინებას წარმოადგენდა დირექტორის ირაკლი კვაშილავას ვიზიტი თურქეთში - 5172. აღნიშნული ვიზიტის მიზანი და პერიოდი ინსტიტუტისათვის უცნობია.


2013 წლის 22 თებერვლიდან 2 მარტამდე ინფრასტრუქტურის მე-6 საერთაშორისო ფორუმზე დასასწრებად ნიუ იორკში იმყოფებოდნენ კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი და მისი მოადგილე გიორგი ქუთათელაძე, რომელთა სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 13 439 ლარი.


2014 წელს 28 მარტიდან 29 მარტამდე ლუქსემბურგში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის განხილვაზემივლინებით იმყოფებოდა დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, რომლის სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 4 200 ლარი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013-2015 წლებში კომპანიის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების სამივლინებო ხარჯებს თითქმის უტოლდება აღნიშნული მივლინებების ფარგლებში როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები. რამაც ჯამში 57 233 ლარი შეადგინა, საიდანაც 2013 წელს დახარჯულია - 30 265 ლარი, 2014 წელს- 24 379 ლარი, ხოლო 2015 წელს - 2 589 ლარი.

 

 

 

  • წარმომადგენლობითი ხარჯები

 

2012-2015 წლებში შპს - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინა 38 341 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა დაიხარჯა 2014 წელს - 14 452 ლარი. აღნიშნული ხარჯების ფარგლებში 2012 წელს 2500 ლარი დახარჯულია კომპანიის კორპორატიული ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე, 2013 წელს ქალაქ ბაქოში კასპიის წყლის ტექნოლოგიების გამოფენა-ფორუმზე წასაღებად შპს ზარაფხანასგან შესყიდულია 1867 ლარის ღირებულების სუვენირი - 1 ცალი ლომი. 2014 წელს კვიპროსის ინფრასტრუქტურის მინისტრის და სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით საქმიან ვახშამზე დახარჯულია 2905 ლარი, ხოლო 2015 წელს კომპანიის ხელმძღვანელებისა და უცხოელი სტუმრების საქმიანვახშამზე - 2969 ლარი.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმად შესაძლებელია განხილული იქნას სახელმწიფო კომპანიებში შიდა აუდიტის არსებობა, აგრეთვე გარე დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ პერიოდულად კომპანიის საქმიანობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება. შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 2012-2015 წლებში განხორციელებული აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) აქტების შესახებ ინსტიტუტის მოთხოვნაზე მიღებული დოკუმენტაცია ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნული მექანიზმი კომპანიაში ეფექტურად არ ფუნქციონირებს. კერძოდ, როგორც ირკვევა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ბოლო აუდიტორული შემოწმება განხორციელდა 2013 წლის 18 თებერვალს შპს „ზ&ჯ კონსულტანტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც განხორციელდა 2012 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

 

ზემოთ წარმოდგენილი მონაცემების გარდა, IDFI-იმ შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მიიღო აგრეთვე დეტალური ინფორმაცია 2012-2015 წლებში საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების, გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების, ფინანსური ანგარიშგებების და აუდიტორული შემოწმებების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის ბმულებზე.


ამასთან გვსურს აღვნიშნოთ, რომ ხსენებული კომპანიიდან 2015 წელს განთავისუფლდა 104 თანამშრომელი, მათგან 91 რეორგანიზაციის გამო.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2015 წელს შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ახალი მენეჯმენტის დანიშვნა მნიშვნელოვნად დადებითად აისახა როგორც სახელმწიფო კომპანიის გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესების აგრეთვე, ფინანსების რაციონალურად ხარჯვის თვალსაზრისითაც.

 

IDFI იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დადგენას. ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტორი მნიშნელოვან როლს შეასრულებს მსგავს კომპანიებში კორუფციის პრევენციის თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს მათი საქმიანობით მიღებული შემოსავლების რაციონალურ ხარჯვას.


ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 2017 წლისათვის უნდა დასრულდეს საქართველოს სახელმწიფო საწარმოებში შიდააუდიტის, ყოველწლიური აუდიტორული შემოწმების და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ინსტიტუტი მიიჩნევს მსგავსი ფინანსურიკონტროლისმექანიზმებისდანერგვა, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სახელმწიფო კომპანიების მართვის ეფექტურობის გაუმჯობესებასა და კორუფციული რისკებისპრევენციის მიმართულებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კონფერენცია სახელმწიფო შესყიდვების გამოცდილების გაზიარების შესახებ

21.11.2019

პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯები

19.11.2019

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის რისკები და გამოწვევები - IDFI-ს შეფასება

10.11.2019

სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა

08.11.2019
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

18.11.2019

არასამთავრობო ორგანიზაციათა საგანგებო განცხადება

14.11.2019

კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით

17.10.2019

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019
ბლოგპოსტები

გამოკითხვის ექსპერიმენტი

31.10.2019

პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

30.10.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

21.10.2019

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019