IDFI საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ - სასამართლო დავის შეჯამება

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | სტატია 28 თებერვალი 2017

ავტორი: ნინო მერებაშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წინააღმდეგ. სამინისტროს მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს დაევალა გაეცა ინფორმაცია მის მიერ 2014 წელს გაწეული ისეთი ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ როგორიც არის პრემიები, დანამატები, სამივლინებო ხარჯები, გამარტივებული შესყიდვები, როუმინგის ხარჯები და სხვა. ინსტიტუტმა აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნით სამინისტროს 2015 წლის 3 მარტს მიმართა, თუმცა ორი წლის გასვლის შემდეგაც დღეის მდგომარეობით უწყებას მონაცემები ჯერ კიდევ არ გაუცია.


უზენაესი სასამართლო საკუთარ განჩინებაში მიუთითებს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ვერ შეძლო, დაესაბუთებინა უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასაშვებობის ვერც ერთი კრიტერიუმის არსებობა, კერძოდ: სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის მიმდინარეობა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების განსხვავება მოცემული კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან; და დავის მნიშვენლობა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ეკონომიკის სამინისტროს დააკისრა ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით გაცემა.


ქვემოთ წარმოგიდგეთ დავის მიმდინარეობის მოკლე აღწერას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში.

 


თბილისის საქალაქო სასამართლო

 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენი განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრის უპასუხოდ დატოვების შედმეგ 2015 წლის 15 ივნისს IDFI-მ საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს დაევალა ინფორმაციის მოთხოვნილი სახით გაცემა. საქალაქო სასამართლომ საკუთარ გადაწყვტილებაში ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან სამართლებრივ ფაქტორზე. კერძოდ:


- სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ სიკეთეზე და აღნიშნა, რომ მოცემული მუხლის შესაბამისად პიროვნებას აქვს იდეებისა და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.



- გადაწყვეტილებაში ხაზია გასმული საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის თავისუფლების პრინციპზე და აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

 

- თანამდებობის პირთა პრემიებისა და დანამატების, ისევე როგორც სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციაზე მსჯელობისას სასამართლომ მიუთია, რომ მოცემულ მონაცემებს თავად ამ პირის პერსონალური ინფორმაციის მითითებით გააჩნია საჯარო ინფორმაციის მახასიათებლები და დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში იგი უნდა გაიცეს იმ ფორმით, როგორითაც ის არის მოთხოვნილი განმცხადებლის მიერ.

 

- თანამშრომლებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების, წარმომადგენლობითი ხარჯების, როუმინგის ხარჯების, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია უნდა გაეცა პერონალური თუ კომერციული მონაცემების გამჟღავნების გარეშე. (ჯამური სახით).

 

ეკონომიკის სამინისტრომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიცია, რომელიც სრულიად ეყრდნობოდა არსებული კანონმდებლობის არაორაზროვან ჩანაწერებს, უარი თქვა ინფორმაციის გაცემაზე და სასამრთლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო


საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს არგუმენტაცია არც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა და 2016 წლის 25 მარტის განჩინებით უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარ განჩინებაში შემდეგ მნიშვნელოვან სამართლებრივ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება.

 

- თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნებაზე საუბრისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (2016 წლის 7 აპრილის გაჩინება #ბს-425-418(კ-15)), რომლის თანახმადაც, „საჯარო პირების მონაცემთა დაცვის რეჟიმი განსხვავდება სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისგან. თანამდებობის პირთან დაკავშირებით პირადი სფეროს შემცვლელი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება იმ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათ შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა. ამდენად, მომატებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე თანამდებობის პირის მონაცემები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად ღიაა.“

 

- თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თანამდებობის პირზე დარიცხულ პრემიას/დანამატს, პრემია/დანამატის გაცემის საფუძველს - სამართლებრივ აქტს, ასევე თანამდებობის პირთა სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას, თავად ამ პირის პერსონალური მონაცემების მითითებით გააჩნია საჯარო ინფორმაციის მახასიათებლები და დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში იგი უნდა გაიცეს იმ ფორმით, როგორადაც მას განმცხადებელი მოითხოვს.

 

- უწყების მიერ გაწეული ისეთი ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ მსჯელობისას, როგორიცაა სამივლინებო, როუმინგის და წარმომადგენლობითი ხარჯები, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიხედვით, კანონის ერთ-ერთი მიზანი და ფუძემდებლური პრინციპი სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფაა. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, საბიუჯეტო პროცესის ძირითადი პრინციპი გამჭვირვალობაა, რომელიც გულისხმობს ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას, ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ ანგარიშგება და კონტროლი საბიუჯეტო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ყველას აქვს უფლება იცოდეს საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები.

 

ეკონომიკის სამინისტრო არ დაეთანხმა არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და გადაწყვეტილება ზემდგომ, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რითიც კიდევ უფრო გააჭიანურა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა და, შესაბამისად, ინფორმაციის გაცემა.

 

დღეის მდგომარეობით, როდესაც ძალაშია შესული საქართვლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ეკონომიკის სამინისტროს ამოწურული აქვს სამართლებრივი გზით პროცესის გაჭიანურების ყველა რესურსი. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ უწყება უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს ინფომრაციას მის მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წლების განმავლობაში გამოირჩევა ანგარიშვალდებულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის დაბალი ხარისხით. 2015 წელს IDFI-ის მიერ განხორცილებული მონიტორინგის ფარგლებში, უწყება დასახელებულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად. მონიტორინგის პერიოდში სამინისტრომ ყველაზე მეტი - 44 მოთხოვნა დატოვა უპასუხოდ.

 

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს, ისევე როგორც 2014 წლის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტრო უარს აცხადებდა, გაეცა საჯარო ინფორმაცია, რომელსაც ის ყოველგვარი შეფერხების გარეშე და სრულყოფილად გასცემდა (2012-2013 წლებში) არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024