IDFI-ის რეკომენდაციები სახელმწიფო სერვისების პოლიტიკის დოკუმენტებთან დაკავშირებით

სიახლეები | კარგი მმართველობა | სტატია 17 ნოემბერი 2020

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ (სააგენტო) შეიმუშავა სახელმწიფო სერვისების შექმნის,  მიწოდების,  ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიები და მათი მთავრობის მიერ დამტკიცება 2020 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

 

2020 წლის თებერვალში სააგენტომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწოდა მომზადებული დოკუმენტების სამუშაო ვერსიები და მოსაზრებების წარდგენა სთხოვა. IDFI-მ სააგენტოს წარუდგინა პოლიტიკის დოკუმენტთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები. IDFI-ის მიერ წარდგენილი ექვსი რეკომენდაციიდან ორი ეხებოდა დოკუმენტების შინაარსობრივ მხარეს: აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით ამოცანების და ღონისძიებების გაწერის საჭიროება და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის საკითხი. IDFI-ის დანარჩენი კომენტარები კი ემსახურებოდა ამოცანებისა და ინდიკატორების გამართულობის უზრუნველყოფას. 2020 წლის ოქტომბერში სააგენტომ IDFI-ს დაუბრუნა პასუხები (შენიშვნების ფურცელი) მიღებულ მოსაზრებებზე, რომლის მიხედვით, წარდგენილი ორი შინაარსობრივი კომენტარიდან არცერთი არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამოცანებისა და ინდიკატორების გამართულობასთან დაკავშირებით წარდგენილი კომენტარები გათვალისწინებულია.

 

IDFI მიესალმება საჯარო მმართველობის რეფორმით გათვალისწინებული ღონისძიების შესრულებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ინიციატივას სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით. აღნიშნული დოკუმენტების პრაქტიკაში დანერგვა რეალურად გააუმჯობესებს ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების ხარისხს. IDFI ასევე მიესალმება სააგენტოს მიერ IDFI-ს შეთავაზებების გაზიარებას მიზნების, ამოცანების და ინდიკატორების ფორმულირებებთან დაკავშირებით. ამავდროულად, IDFI მიიჩნევს, რომ დოკუმენტების მომზადების პროცესი გარკვეული ხარვეზებით წარიმართა. გარდა ამისა, დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების რეალურად მისაღწევად მნიშვნელოვანია IDFI-ის იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, არ იქნა გაზიარებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

 

1. სახელმწიფო სერვისები საჯარო მმართველობის ერთ-ერთი მიმართულებაა და მისი წარმატებული რეფორმირება თითოეული მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების პოლიტიკასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადების პროცესში უფრო მასშტაბური საჯარო კონსულტაციები უნდა გამართულიყო. უწყების მიერ შერჩეულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ელექტრონული ფოსტით წარმოებული ერთჯერადი კონსულტაცია ვერ ჩაითვლება იმ მიზნის უზრუნველყოფის საშუალებად, რასაც პოლიტიკის შემუშავების პროცესში საზოგადოების ჩართულობა ქვია.

 

საქართველოს მთავრობის #629 დადგენილებით დამტკიცებული პოლიტიკის დაგეგმვის წესის მიხედვით საზოგადოების ჩართულობა რეკომენდებულია პოლიტიკის ციკლის თითოეულ ეტაპზე, თუმცა, სავალდებულოა, სულ მცირე, შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო პროექტზე. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მართალია, საჯარო კონსულტაციების შეიძლება წარიმართოს როგორც ფიზიკური, ასევე ელექტრონული ფორმით, მაგრამ ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მოხდეს სფეროში დაინტერსებული ყველა შესაძლო ფიზიკური და იურიდიული პირის იდენტიფიცირება და მათი ინფორმირება ყველა ხელსაყრელი ფორმით. ამასთან, მნიშვნელოვანია გაკეთდეს საჯარო განაცხადი ელექტრონული რესურსის გამოყენებით.

 

მთავრობის მიერ დადგენილი წესის მიუხედავად, (ა) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე არ იძებნება საჯარო განაცხადი კონსულტაციების შესახებ; (ბ) საჯარო კონსულტაციები არ გამართულა მთავრობის მიერ რეკომენდებულ პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეტაპზე, არამედ, მხოლოდ მთავრობის მიერ სავალდებულოდ განსაზღვრულ ბოლო ეტაპზე; (გ) საეჭვოა, მომხდარიყო ყველა შესაძლო დაინტერსებული ფიზიკური და იურიდიული პირის ინფორმირება ყველა ხელსაყრელი ფორმით, რადგან გამოყენებული იყო ელექტრონული ფოსტა და ინფორმაციის გავრცელების სხვა უფრო მასშტაბური ღონისძიებები არ განხორციელებულა (შეხვედრები და დისკუსიები ელექტრონულ ფორმატში, დოკუმენტის გამოქვეყნება ფართომასშტაბიანი კონსულტაციისთვის და სხვა). IDFI-ისთვის ცნობილი არ არის, რამდენ და რომელ ორგანიზაციასთან დაიგზავნა დოკუმენტები მოსაზრებებისთვის.

 

შესაბამისად, IDFI მიიჩნევს, რომ დოკუმენტები მათ დამტკიცებამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სრულფასოვანი საჯარო კონსულტაციებისთვის.

 

2. სააგენტოს მიერ IDFI-ისთვის წარდგენილ შენიშვნების ფურცელში არ არის დასაბუთებული, რატომ არ მოხდა IDFI-ის მიერ წარდგენილი რამდენიმე რეკომენდაციიდან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრების გათვალისწინება.

 

2.1პოლიტიკის დოკუმენტი, მართალია, ხაზს უსვამს რომ შესასრულებლად სავალდებულო კანონის აღსრულება სახელმწიფო სერვისების მიმართულებით არ/ვერ ხდება შესაბამისი ინსტიტუტების მიერ, მაგრამ ამ კუთხით აღსრულების მექანიზმის შექმნაზე/გაძლიერებაზე არაფერია ნათქვამი არც პოლიტიკის დოკუმენტში და არც სამოქმედო გეგმაში. შესაბამისად, IDFI-ის პირველი შენიშვნა ამ ხარვეზის აღმოფხვრას და პოლიტიკის დოკუმენტებში აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით საჭირო ჩანაწერის გაკეთებას ეხებოდა. სააგენტოს პასუხი აღნიშნულ შენიშვნაზე ბუნდოვანია. კერძოდ, უწყება მიუთითებს, რომ სტრატეგიის დოკუმენტში გამოწვევად ნახსენებია სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების სამართლებრივი მხარის აღსრულების ნაკლებობა და ერთ-ერთ ამოცანად ითვალისწინებს ძლიერი და მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას. ამას გარდა, უწყების პასუხის მიხედვით, სტრატეგიის დოკუმენტი დამტკიცდება მთავრობის დადგენილებით, რომელშიც ასევე მკაფიოდ გაიწერება სერვისების მიმწოდებელი უწყებების პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. IDFI-ისთვის კვლავ გაუგებარია, მაშინ, როდესაც უწყება ეთანხმება გამოწვევის არსებობას და ამას აღნიშნავს როგორც სტრატეგიაში, ასევე სამოქმედო გეგმაში, რატომ არ განსაზღვრავს კონკრეტულ ამოცანას სწორედ აღსრულების მექანიზმის გაძლიერებასთან დაკავშირებით. უწყების მიერ მითითებული ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება ავტომატურად არ გულისხმობს აღსრულების მექანიზმის გაძლიერებას და ამაზე არც ამოცანის ინდიკატორები და აქტივობები მიუთითებენ.

 

განსახორციელებელი ღონისძიებების ეფექტიანობისთვის აუცილებელია, პოლიტიკის დოკუმენტებით განსაზღვრული ამოცანები სრულად შეესაბამებოდეს ამავე დოკუმენტებში იდენტიფიცირებულ გამოწვევებს და ითვალისწინებდნენ კონკრეტულ ღონისძიებებს კონკრეტული გამოწვევის საპასუხოდ. შესაბამისად, სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში აუცილებელია, რომ სახელმწიფო სერვისების მიმართულებით ნორმების აღსრულების მექანიზმის გაძლიერება ცალკე ამოცანად განისაზღვროს.

 

 

2.2. სააგენტოს მიერ შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტებში ნახსენები არ არიან მუნიციპალიტეტები, რომლებსაც დიდი როლი აკისრიათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების მიმართულებით. IDFI-ის კომენტარი ეხებოდა მუნიციპალიტეტების სერვისის მონიტორინგთან დაკავშირებული მიდგომის განმარტებას დოკუმენტებში -  როგორ და ვის მიერ მოხდება მუნიციპალური სერვისების მონიტორინგი. სააგენტოს პასუხის მიხედვით, სტრატეგიაში და სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებულ სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი მიდგომები რეკომენდებულია, რომ გაითვალისწინონ ადგილობრივმა თვითმმართველობებმაც; კონცეფციების შემუშავებისას მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობების სერვისების მახასიათებლების გათვალისწინება. სააგენტოს პასუხი ბუნდოვანია მუნიციპალიტეტების სერვისების მონიტორინგთან დაკავშირებით. პოლიტიკის დოკუმენტში მუნიციპალიტეტები საერთოდ არ არის ნახსენები, მათ შორის, არ არის ნახსენები არც რეკომენდაციის სახით მათ მიერ აღნიშნული დოკუმენტის მიდგომების გათვალისწინება, არც მუნიციპალიტეტებთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა, სააგენტოს და მუნიციპალიტეტების სტანდარტების ურთიერთკავშირი და ა.შ. მართალია, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს არ აქვს უფლებამოსილება, შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, რომელიც სავალდებულოდ გავრცელდება მუნიციპალიტეტებზე, მაგრამ იმ მიზნით, რომ მომავალში სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებული ცვლილებები პრაქტიკაში წარმატებით დაინერგოს, მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტებს ეთხოვოთ პროცესში ჩართვა და საკუთარი სურვილით სამოქმედო გეგმაში ვალდებულებების აღება (როგორც ეს ხდება ეროვნული ანტიკორუფციული გეგმის შემთხვევაში).

 

რამდენადაც სახელმწიფო სერვისების დიდი ნაწილის მიმწოდებლებს წარმოადგენენ მუნიციპალური ორგანოები, ამ მიმართულებით ერთიანი მიდგომისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია მათთან აქტიური თანამშრომლობა, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მათი ჩართულობა და მათთვის შეთავაზება, რომ ისინიც განისაზღვრონ სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებად. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ონკოლოგიური მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოში

30.11.2020

თამარ ჩუგოშვილის ლექცია - კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა

27.11.2020

ღია მმართველობის პარტნიორობის გაზრდილი მნიშვნელობა - პერსპექტივა დაკვირვების საფუძველზე (OGP 2030)

26.11.2020

MONEYVAL– ის შეფასება საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ

26.11.2020
განცხადებები

კომენდანტის საათის მანიფესტაციებზე გავრცელება, უკიდურისად გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს

09.11.2020

გამოვხატავთ მზადყოფნას მედიას მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გავუწიოთ უფასო იურიდიული დახმარება

09.11.2020

არასამთავრობო ორგანიზაციები 2020-ის წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ

05.11.2020

ვითხოვთ სათანადო რეაგირებას არჩევნების დღეს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე

31.10.2020
ბლოგპოსტები

ღია მმართველობის პარტნიორობის გაზრდილი მნიშვნელობა - პერსპექტივა დაკვირვების საფუძველზე (OGP 2030)

26.11.2020

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო - მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება

06.11.2020

1930-იანი წლების რეპრესიების მეხსიერება - რას და რატომ ვიხსენებთ?

13.10.2020

გასაბჭოება - საბჭოური კოლექტიური მეხსიერების პირველი საფეხური

13.10.2020