IDFI-ის მოსაზრებები ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2018-2019 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 13 ივლისი 2018

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას 2011 წელს შეუერთდა და გასული წლების განმავლობაში 3 სამოქმედო გეგმა შეიმუშავა სადაც შესული იყო მნიშვნელოვანი ვალდებულებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, გამჭვირვალობის და საჯარო სერვისების ეფექტიანობის და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის კუთხით. OGP-ის ფარგლებში განხორცილებული წარმატებული რეფორმების შედეგად საქართველო 2016 წელს პარტნიორობის თანათავმჯდომარე, ხოლო 2017 წელს მისი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. წინა წლებში, OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნებს შორის იყვნენ საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და მექსიკა. OGP-ის თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის უნიკალური შესაძლებლობა, რათა ქვეყანამ საკუთარი თავი წარმოაჩინოს როგორც დემოკრატიული მმართველობის სფეროში ლიდერმა ქვეყანამ და მისცეს მაგალითი სხვა სახელმწიფოებს რეფორმების განხორციელების კუთხით.


2018 წლის 17-19 ივლისს, თბილისში OGP-ის გლობალური სამიტი გაიმართება, რომელსაც დაესწრება 2,000-ზე მეტი ადამიანი მთელი მსოფლიოდან. ღია მმართველობის გლობალური სამიტი არის OGP-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიება, სადაც სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებთან და განხილვებთან ერთად, საქართველოს მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის წარდგენა მოხდება.


2018 წლის 28 ივნისს ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრ ორგანიზაციებს გაუზიარა ღია მმართველობის პარტნიორობის მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია, სადაც შესულია ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ 2018-2019 წლებში უნდა განახორციელოს. ქვემოთ მოცემულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებები OGP-ის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის და დოკუმენტში არსებული ვალდებულებების შინაარსის შესახებ.

 

კონსულტაციის პროცესი


სამოქმედო გეგმის ვალდებულების განხილვა ფორუმის წევრი უწყებების მიერ 29 ივნისს გამართულ OGP-ის ფორუმზე მოხდა.

 

ვალდებულებების სამოქალაქო საზოგადოებისათვის გაზიარება შეხვედრის წინა დღეს მოხდა და ფორუმის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მიეცათ საშუალება სიღრმისეულად დაემუშავებინათ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები და მოემზადებინათ შენიშვნები სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან დაკავშირებით.


სამოქმედო გეგმის მეორე სამუშაო ვერსიის განხილვა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრაზე 2018 წლის 6 ივლისს გაიმართა, სადაც OGP-ის სამდივნოს და პასუხისმგებელი უწყებების მიერ ხელახლა იქნა წარმოდგენილი ის ვალდებულებები, რომელთა მოდიფიკაცია მოხდა და აღინიშნა იმ ვალდებულებების შესახებ, რომლებიც ამოღებული იქნა.


ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ორი სამუშაო შეხვედრის მიუხედავად, IDFI უარყოფითად აფასებს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცედურულ მხარეს, ვინაიდან ვალდებულებების შემუშავებაზე კონსულტაციები მხოლოდ იუსტიცის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს და პასუხისმგებელ უწყებებს შორის ხდებოდა და სამუშაო პროცესში არ იყო უზრუნველყოფილი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა.

 

სამწუხაროდ, OGP-ის ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის გაცნობა მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც პასუხისმგებელი უწყებები და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი უკვე შეჯერდნენ სამოქმედო გეგმაში წარსადგენ ვალდებულებებზე. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამოქალაქო საზოგადოებას არ მიეცა საკმარისი დრო პასუხისმგებელ საჯარო დაწესებულებებთან კონსულტაციების გასამართად. საგულისხმოა ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვალდებულების წარმოდგენა მოხდა ძირითადი კონსულტაციების პროცესის შემდეგ, გლობალური სამიტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რამაც ხელი შეუშალა ვალდებულების დახვეწისთვის რეკომენდაციების წარმოდგენას.


სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში არსებული კიდევ ერთი ხარვეზი შეეხება საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის აპრილისა და მაისის თვეში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში OGP-ის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჯარო კონსულტაციები გაიმართა, ფორუმის შეხვედრებზე არ ყოფილა განხილული, ის თუ სამოქმედო გეგმის რომელი ვალდებულებები ეფუძნებოდა კონსულტაციების შედეგად მიღებულ რეკომენდაციებს და ინფორმაციას. იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს ასევე არ წარმოუდგენია საჯარო კონსულტაციების შემაჯამებელი ანგარიში, სადაც მოცემული იქნებოდა ის შეთავაზებები და პრობლემები, რომლებიც გამოიკვეთა საქართველოს მასშტაბით გამართულ საჯარო კონსულტაციებზე.

 

შეთავაზებული ვალდებულებების ასახვა სამოქმედო გეგმაში

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინა სამოქმედო გეგმებისგან განსხვავებით, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისათვის OGP-ის ფორუმის წევრმა ყველა აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას, საკუთარ სარეკომენდაციო ვალდებულებებთან ერთად, წარუდგინა ერთი კონსოლიდირებული ინიციატივა, რომელიც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ეხებოდა.


დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას IDFI-სთან ერთად წარუდგინეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ღია საზოგადოების ფონდმა.


სამწუხაროდ, OGP-ის ფორუმის აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაცია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ.


ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურმა სამდივნომ საქართველოს მისცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, წინა თავმჯდომარე ქვეყნების მსგავსად, თავმჯდომარეობის წელს საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ წარმოადგინოს უფრო ამბიციური ვალდებულებები და პროცესი უფრო მაღალი სტანდარტების დაცვით წარმართოს. აღნიშნული რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ეროვნული სამოქმედო გეგმის სისუსტეს სწორედ ასეთი ვალდებულებების ნაკლებობა წარმოადგენს. OGP-ის თავმჯდომარეობა უნიკალური შესაძლებლობა იყო ღია მმართველობის სფეროში საქართველოს საერთაშორისო დონეზე წარმოჩენისათვის, რისთვისაც ქვეყანას შეეძლო განეხორციელებინა ისეთი რეფორმები, რომელებიც გახდებოდა მაგალითი პარტნიორობის მოქმედი და მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის. სამწუხაროდ, IDFI-ის შეფასებით, საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და დასამტკიცებლად წარმოადგინა ისეთი სამოქმედო გეგმა, რომელიც არ შეესაბამება OGP-ის წამყვანი ქვეყნის მიმართ არსებულ მოლოდინს.


IDFI-იმ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისთვის საჯარო დაწესებულებებს წარუდგინა შვიდი სარეკომენდაციო ვალდებულება, რომლებიც სწორედ ზემოთ აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით შეიმუშავა. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის გარდა, ეს ვალდებულებები მოიცავდა:


1. საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნას;


2. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას;


3. ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული სტანდარტის გაუმჯობესებას;


4. საჯარო მმართველობისა და ინოვაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას;


5. მთავრობის სხდომების საჯაროობის უზრუნველყოფას, მათ შორის სხდომების პირდაპირი ტრანსლაციის გზით;


6. სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელმწიფო აუქციონის პროცესში „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიების დანერგვას;


7. სახელმწიფო შესყიდვები გამჭვირვალობის ასამაღლებლად ქვეკონტრაქტორების შესახებ გამჭვირვალობის გაზრდა და სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის გაფართოება.


სამწუხაროდ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის პროექტში ვერ მოხვდა IDFI-ის მიერ შეთავაზებული ვერც ერთი ვალდებულება.

 

სამოქმედო გეგმაში საყურადღებოა ისიც, რომ შინაარსობრივად განსაკუთრებით სუსტია საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლების გამოწვევის თავი. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია იმის გათვალისწინებით, რომ OGP-ის საქართველოს თავმჯდომარეობის ხედვის დოკუმენტით გათვალისწინებული ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გამჭვირვალეობის გაზრდა და კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლაა.

 

გარდა ამისა, საქართველო OGP-ის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის წევრიც არის და თავმჯდომარეობის ხედვის დოკუმენტში აქცენტი სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გამოცდილების გაზიარებაზე და ამ სფეროს სხვადასხვა კომპონენტების მოწინავე პოზიციაზე წამოწევაზე არის გაკეთებული. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვალდებულებები ვერ პასუხობს იმ მოლოდინებს, რომელიც საქართველოს მიერ წარსადგენი სამოქმედო გეგმის მიმართ არსებობდა.

 

პასუხისმგებელი უწყებების მიერ შემოთავაზებული ვალდებულებები

 

2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ბოლო სამუშაო ვერსიაში სულ შესულია 21 ვალდებულება, საიდანაც რვა ვალდებულება წარმოდგენილია ოზურგეთის, ზუგდიდის, ბათუმის, ახალციხის, ქუთაისის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების მიერ, ერთი ვალდებულება წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, ერთი ვალდებულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ერთი ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი 10 ვალდებულება აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ.


მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმის ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა არ არის ამბიციური და მიზნად არ ისახავს მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას, დოკუმენტში არსებობს კარგი მაგალითებიც. მაგალითად, IDFI პოზიტიურად აფასებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოდგენილ ვალდებულებას, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ელექტრონული სისტემის შექმნას/გაუმჯობესებას ეხება, ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას, რაც ამჟამად დიდ გამოწვევას წარმოადგენს. IDFI ასევე დადებითად აფასებს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისთვის კორპორაციული მართვის სახელმძღვანელოს შექმნის ვალდებულებას, რომელიც პასუხისმგებელ უწყებას IDFI-იმ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთობლივად შესთავაზეს. თუმცა, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, OGP-ის სტანდარტებთან შესაბამისი ვალდებულებები არ ცვლის ზოგად სურათს სამოქმედო გეგმის ამბიციურობასთან დაკავშირებით და მთლიანობაში დოკუმენტის პირველადი ვერსია უარყოფითად შეიძლება შეფასდეს.


შემოთავაზებული სამოქმედო გეგმის ძირითადი ვალდებულებები იმეორებენ წინა სამოქმედო გეგმებში არსებული ვალდებულებების შინაარსს და ძირითადად არსებული სისტემის გაუმჯობესებას გულისხმობენ. მაგალითისათვის, ასეთ ვალდებულებად შეიძლება ჩაითვალოს იუსტიციის სახლში არსებული სერვისების შშმ პირთათვის ადაპტირება. მიუხედავად იმისა, რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა ცალსახად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, ვალდებულება არ ქმნის ისეთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც ამბიციურ ვალდებულებად შეიძლება ჩაითვალოს. მსგავს ვალდებულებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვა, რომელიც საშუალებას მიცემს მოქალაქეებს ონლაინ სერვისებით სარგებლობისას გამოიყენონ ავთენტიფიკაციის ერთიანი სისტემა და უარი თქვან ყველა საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე ცალ-ცალკე რეგისტრაციაზე.


შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ OGP-ის სამოქმედო გეგმას აკლია ამბიციური და ინოვაციური ვალდებულებები, რომლებიც ღია მმართველობის დამკვიდრებისათვის მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდებოდა და გახდებოდა მაგალითი OGP-ის წევრი სახელმწიფოებისთვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024