საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა CEVRO, საქართველოს საბჭოთა ტოტალიტარული სისტემიდან დემოკრატიისკენ ტრანსფორმაციის შესახებ სტატიების კრებული გამოსცა, რომელშიც IDFI-ს სამი სტატიაა შესული

სიახლეები | საბჭოთა კვლევები | პუბლიკაციები | ანალიზი 28 თებერვალი 2019

2018 წელს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა და საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური სწავლებების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის, CEVRO-ს პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში საბჭოთა ავტორიტარული რეჟიმიდან დემოკრატიის დამყარებისკენ გადადგუმული ნაბიჯების შესახებ სტატიების კრებულის (ჟურნალის) გამოქვეყნებას.


ინსტიტუტი CEVRO 1999 წელს დაარსდა პრაღაში, ჩეხეთში, როგორც საჯარო პოლიტიკის კვლევითი ცენტრი („თინქ-თენქი“) და დღემდე მრავალ პროექტს ახორციელებს განათლების და დემოკრატიის გაძლიერების სფეროში. ბოლო რამდენიმე წელია უნივერსიტეტს გააჩნია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაცია ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ორგანიზაციის პროექტები ძირითადად მოიცავს გარდამავალი დემოკრატიის პროცესში მყოფ ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით.


რამდენიმე წლის წინ, ჩეხეთში, რუსეთში, ესტონეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ეგვიპტეში, და რუმინეთში CEVRO-მ დაიწყო ჟურნალის - „ერების მეხსიერება: დემოკრატიაზე გადასვლის სახელმძღვანელო“ (Memory of Nations: Democratic Transition Guide) პროექტი. პროექტი მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ის პროცესები, რომლებიც ქვეყნებმა განვლეს ტოტალიტარული რეჟიმიდან დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლის გზაზე. ინსტიტუტმა შერჩეულ ქვეყნებზე გამოუშვა ჟურნალის ცალკე ნომერი, სადაც სფეროს ექსპერტებმა დაახლოებით 7-8 სტატიაში მიმოიხილეს არქივების ღიაობის, უშიშროების სამსახურების რეორგანიზების, ლუსტრაციის, კანონშემოქმედების, ძალოვანი აპარატის დაშლის ასპექტები, ცვლილებების გზაზე მიღწეული წარმატებები და გასათვალისწინებელი გაკვეთილები.


2018 წელს პროექტში სამი ახალი ქვეყანა: საქართველო, არგენტინა და კამბოჯა ჩაერთო. საქართველოს შესახებ სტატიების დასაწერად ინსტიტუტმა CEVRO სხვა ორგანიზაციებთან და კერძო ექსპერტებთან ერთად მიმართა IDFI-საც. ორ ინსტიტუტს შორის შედგა შეთანხმება და IDFI-ის თანამშრომლებმა დაწერეს სამი სტატია: ანტონ ვაჭარაძე, “სარეჟიმო არქივები”, გიორგი კლდიაშვილი, “ლუსტრაცია” და ლევან ავალიშვილი, “პოლიტიკურ მსხვერპლთა რეაბილიტაცია”. სამივე სტატია ურთიერთდამოკიდებულია და განიხილავს საბჭოთა არქივებს როგორც სამართლიანობის აღდგენის და ლუსტრაციის პროცესის მთავარ წყაროს, თავად ლუსტრაციის პროცესსა და მის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს შედეგს - პოლიტიკურ მსხვერპლთა რეაბილიტაციას. IDFI-ის თანამშრომლების გარდა კრებულისთვის სტატიები დაწერეს „საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევრებმა: ირაკლი ხვადაგიანმა და დავით ჯიშკარიანმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევების სკოლის დირექტორმა, გია ნოდიამ.

 

IDFI-ის სტატიები


ანტონ ვაჭარაძის სტატია - “სარეჟიმო არქივები“ (Regime Archives) ეხება იმ პრობლემას, რომელიც საქართველოში გამოიწვია ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) არქივის მასალის განადგურებამ, რის შედეგადაც შეუძლებელი გახდა ლუსტრაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვა. ოფიციალური ცნობებით საქართველოს КГБ-ს არქივი „თბილისის ომის“ დროს გაჩენილი ხანძრისას განადგურდა და მოხერხდა დოკუმენტების მხოლოდ 20%-ის გადარჩენა. საარქივო მასალის არქონა აჩენს მრავალ თეორიასა თუ ლეგენდას ამა თუ იმ პიროვნების საიდუმლო სამსახურებთან შესაძლო კავშირზე, რისი უარყოფაც ან დადასტურებაც არსებული მონაცემებით შეუძლებელია. მასალის რეალურ განადგურების შესახებ ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული შეხედულებები დამკვიდრებული. საკითხით დაინტერესებული პირები ფიქრობენ, რომ არქივები რეალურად არ გადანგურებულა, რის მთავარ წყაროსაც თვითმხილველები და КГБ-ყოფილი თანამშრომლები წარმოადგენენ: მათი თქმით სინამდვილეში ძირითადი საარქივო დოკუმენტები იმდროინდელი საქართველოს სსრ სუკ-ის (КГБ) თანამშრომლებმა რუსეთში გაიტანეს, ხოლო კვალის წაშლის მიზნით ადგილზე ნაკლებად მნიშვნელოვანი მასალა და ცარიელი ქაღალდები დაწვეს. ამ თეორიას თუ გავითვალისწინებით, დიდი ალბათობით აგენტურული აღრიცხვის მასალების რუსეთში, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) არქივში ინახება, რაც ამ ქვეყნის სპეცსამსახურებს ყოველთვის მისცემს საშუალებას, საქართველოში მოქმედი ყოფილი აგენტები ან მათი შთამომავლები აკონტროლონ და მათზე ზეგავლენა მოიპოვონ. 2003 წლიდან მოყოლებული, არაერთხელ წარმოიშვა საუბარი საარქივო დოკუმენტების (ან მათი ასლების) რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ, თუმცა ეს ვერ განხორციელდა. 2008 წლიდან კი ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს.


სტატიაში მიმოხილულია საქართველოს შსს არქივში დარჩენილი ფონდები, მათთან დაშვების რეჟიმი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა. IDFI-ს მიერ 2018 წელს განხორციელებულმა კვლევამ არქივების ღიაობის შესახებ აჩვენა, რომ საქართველოს შსს არქივი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა ღიაობის კუთხით. ამავრდოულად კვლევამ გამოავლინა მთელი რიგი პრობლემებიც: მათ შორის უმნიშვნელოვანესი, შსს არქივის ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და ქვეყანაში ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც გავრცელდება საქართველოში მოქმედ ყველა საარქივო დაწესებულებაზე და ნაკლებ სივრცეს დაუტოვებს ცალკეული არქივის ხელმძღვანელობას ან მათ მაკონტროლებელ ზემდგომ სამინისტროებს მიიღონ მოქალაქეთა ინტერესების დამაზიანებელი რეგულაციები.


სტატიის ავტორის აზრით, ლუსტრაციის პროცესი ქვეყანაში აუცილებლად დასასრულებელია და საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რათა საარქივო მასალის გამჟღავნების და მათი ასლების საქართველოსთვის გადმოცემის, ან რუსეთის მიერ საჯაროდ გამოქვეყნების შემთხვევაში ქვეყანას კანონის სახით გააჩნდეს საჭირო ინსტრუმენტი შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.


გიორგი კლდიაშვილის სტატია - “ლუსტრაცია” (Lustration) ეხება საქართველოში დაწყებულ და ნაწილობრივ განხოციელებულ ლუსტრაციას. სტატიაში განხილულია ლუსტრაციის ძირითადი მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებისთვის, ასევე იმ ქვეყნების გამოცდილება სადაც ლუსტრაციის პროცესი წარმატებით განხორციელდა. სტატია მიმოხილავს საქართველოში ლუსტრაციის შესახებ საჯარო განხილვებს და სხვადასხვა პერიოდში განხორციელებულ მოქმედებებს: ეროვნული მოძრაობისა და ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროინდელ საზოგადოებრივ გარემოს, როდესაც ადამიანების დადანაშაულება ძირითადად „სუკის აგენტობის“ ბრალდებით ხდებოდა; თბილისის ომსა და არქივის განადგურებას, რამაც ფაქტობრივად შეუძლებლად აქცია ლუსტრაციის პროცესის დასრულება; 2003 წლის ხელისუფლების ცვლილებას ხავერდოვანი რევოლუციის გზით და ლუსტრაციის საკითხის ხელახლა წამოწევას; უახლოეს წარსულს, როდესაც თემა დროდადრო აქტუალობას კარგავს, ან კვლავ საჯარო დისკუსის საგნად იქცევა ხოლმე.


გიორგი კლდიაშვილის სტატიაში ვრცლადაა განხილული 2011 წლის 31 მაისს მიღებული საქართველოს კანონი - „თავისუფლების ქარტია“. კანონის მთავარი მიზანია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, ასევე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა. კანონის ამოქმედების შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ლუსტრაციის პროცესში ქმედითი ნაბიჯები გადადგმულიყო, საქართველოში პირველ რიგში დაიწყო სიმბოლიკის აღმოფხვრა, მათ შორის ქალაქ გორის ცენტრიდან აიღეს სტალინის ძეგლი. პროცესი ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე წარიმართა, არ იქნა განხილული ისტორიკოსების, კულტურის მკვლევრების, ხელოვნებათმცოდნეების, არქიტექტორებისა და სხვა დარგების სპეციალისტების მოსაზრებები, ძეგლების ამგვარ მასობრივ განადგურებას კი საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. სახელმწიფომ არ შეიმუშავა პოლიტიკა იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ აღნიშნულ სიმბოლიკას და ისინი ქაოტურად მოიშორა, მაშინ როცა არსებობდა ევროპული გამოცდილება იგივე საკითხში, როცა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებმა საბჭოთა კულტურის ობიექტებს ტურისტული დატვირთვა მისცეს.


კანონის მოქმედება შეეხო ცალკეულ პიროვნებებსაც. რამდენიმე პიროვნებას, ვისაც სურდა საჯარო თანამდებობის კონკურსის წესით დაკავება, უარი ეთქვათ თავისუფლების ქარტიის მეცხრე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით. აღნიშნუთან დაკავშირებით, სტატიაში განხილულია საქართველოს მოქალაქის ნოდარ მუმლაურის საკონსტიტუციო სარჩელი.


კანონი „თავისუფლების ქარტია“ ლუსტრაციის რეალურად განხორციელებისთვის ითვალისწინებდა კომისიის შექმნას, რომელიც ამ საკითხებზე იმუშვებდა. კომისია შეიქმნა და სულ რამდენიმე სხდომა გამართა, ხოლო 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ახალი კომისია აღარ შექმნილა. ბოლო წლების მანძილზე კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომისია ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე საქართველოს პარლამენტი (როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“ ითვალისწინებს კომისიაში პარლამენტის წევრების მონაწილეობას), ვერ უზრუნველყოფენ „თავისუფლების ქარტიის“ პრაქტიკაში განხორციელებას, ხოლო ლუსტრაციის პროცესი საქართველოში შეჩერებულია.


ლევან ავალიშვილის სტატია - “პოლიტიკურ მსხვერპლთა რეაბილიტაცია” (Rehabilitation of Victims) ეხება საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროცესს. სტატია დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს მომხდარი რეპრესიული მოვლენების განხილვით. დასავლური საზოგადოებისთვის ძირითადად ცნობილია 1937-1938 წლებში ე.წ. „სტალინური ტერორის“ მსხვერპლთა შესახებ (რომელშიც სხვადასხვა მონაცემებით 30.000-მდე ქართველიც აღმოჩნდა რეპრესირებული), თუმცა მათთვის ნაკლებად იყო ცნობილი საქართველოში განხორციელებული სხვა მასობრივი რეპრესიების შესახებ. ლევან ავალიშვილმა სტატიაში ეს პროცესები მიმოიხილა. საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მასობრივი ბოლშევიკური ტერორი საბჭოთა რეჟიმის დამყარებისთანავე დაიწყო: 1923 წელს დახვრიტეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამორჩეული პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები და მათი მოკავშირეები; 1924 წელს, წარუმატებელი აჯანყების შემდგომ, სხვადასხვა მონაცემით, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს 800-მდე პიროვნებას, ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა აჯანყებულთა მასობრივი დახვრეტები გასამართლების გარეშე. რეპრესიებმა მასობრივი ხასიათი მიიღო 1936-1938 წლებში, როდესაც საქართველოში რამდენიმე სადამსჯელო ოპერაცია ჩატარდა. ამავე წლებში მოხდა რეპრესირებულთა ოჯახის წევრების დაპატიმრება და შრომა-გასწორებით ბანაკებში მოთვსება. 1941-1951 წლებში რეპრესიები გაგრძელდა ეროვნული ნიშნით, ქვეყნიდან გაასახლეს ეთნიკური ჯგუფები. დეპორტაციის პირველი ტალღა შეეხო საქართველოში მცხოვრებ გერმანელებს, ქვეყნიდან გაასახლეს დაახლოებით 24 ათასი გერმანელი. განსაკუთრებით მასობრივი გამოდგა ე.წ. „თურქი მესხების“ გასახლების ოპერაცია, როდესაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შუა აზიის რესპუბლიკებში სპეცდასახლებებში გადაასახლეს 20 ათასამდე ოჯახი, გადასახლებულთა ნაწილი კი მოგზაურობისას დაიღუპა. საქართველოდან ასევე გადაასახლეს ეთნიკურად ბერძენი მოქალაქეები. საბჭოთა ხელისუფლება 1956 წლის 9 მარტის და 1989 წლის 9 აპრილის თბილისის ცენტრში სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიან დემონსტრანტებს, რასაც მოჰყვა ათეულობით მსხვერპლი. ზემოხსენებულმა მოვლენების გარდა, პოლიტიკური რეპრესიები ისევე როგორც მთელს საბჭოთა კავშირში, საქართველოშიც გამოიხატებოდა მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული სამხედროების ნაწილის შრომა-გასწორებით ბანაკებში გადასახლებით, ადამიანების ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იძულებითი მკურნალობით. ფიზიკური განადგურებისა და პატიმრობასთან ერთად, მრავალ ადამიანს ჩამოართვეს კერძო საკუთრება, გაასახლეს საკუთარი სახლებიდან და მათ ამ ფორმითაც გამოსცადეს საბჭოთა რეპრესიები.


ჩამოთვლილმა მოვლენებმა საქართველოში გააჩინა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური კლასი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საჭირო გახდა ამ ადამიანების სამართლებრივი უფლებების აღდგენა. პირველი კანონი აღნიშნული საკითხების მოსაწესრიგებლად საქართველომ მიიღო 1997 წლის 11 დეკემბერს - „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“. ამ კანონის მოქმედება გავრცელდა საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. კანონის რეალურად ამოქმედებას ამ პერიოდში ძირითადად საზოგადოება „მემორიალი“ ითხოვდა და ამ კუთხით გარკვეულ შედეგებს მიაღწია კიდეც. კანონის ამოქმედებიდან 9 წლის თავზე ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას: 2006 წლის 22 თებერვალს, ევროპის ადამიანის უფლებათა უმაღლეს სასამართლოს მიმართეს ძმებმა, კლაუს და იური კილაძეებმა და მოითხოვეს მათთვის რეპრესირებული სტატუსის მინიჭებასთან ერთად ფინანსური კომპენსაციის გადახდა, რადგან მშობლების რეპრესიების შემდეგ ძმები ბავშვთა თავშესაფარში მოხვდნენ, გაიარეს მძიმე პერიოდი, რითაც მიიღეს მორალური და მატერიალური ზიანი. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება 2010 წელს გამოიტანა, ძმების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქართველოს მათთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. აღნიშნული სარჩელი პრეცედენტული აღმოჩნდა, რის შემდეგაც საქართველომ დააჩქარა მოქალაქეების რეპრესიების მსხვერპლად აღიარების პროცესი. 2014 წლის 31 ოქტომბერს კანონში შევიდა ცვლილებები, რომელმაც განსაზღვრა მსხვერპლთა რეაბილიტაციის სტატუსი, ხოლო მათთვის და მათი მემკვიდრეების გადასახდელი კომპენსაციის თანხის ოდენობა განისაზღვრა 1.000-დან 2.000 ლარამდე. 2011-2017 წლებში საქართველოს საერთო სასამართლოებს რეპრესირებულის სტატუსის მოსაპოვებლად სულ 17.000-მდე პიროვნებამ მიმართა, რომელთაგან უმეტესობა, 16.500-მდე განცხადება დაკმაყოფილდა და დაზარალებულებმა მიიღეს ფულადი კომპენსაცია.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი განსაზღვრულია „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტში, რომელიც წარმოადგენს ჩანაწერს რეპრესირებულთა ქონებრივი უფლებების შესახებ და რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესს განსაზღვრავს ცალკე კანონით. დღემდე საქართველოს პარლამენტს აღნიშნული „ცალკე კანონი“ პროექტის დონეზეც არ განუხილავს. ეს სავარაუდოდ თანამდევი პრობლემების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, რადგან რეპრესირებულ და შემდგომში რეაბილიტირებულ პირთა ქონებრივი უფლებების აღდგენა დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

 

დასკვნა


IDFI თავისი წინა გამოცდილების და საერთაშორისო მაგალითების განხილვით სრულად შეეცადა მიმოეხილა სამი მნიშვნელოვანი თემა რომელიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ ბევრ კითხვას აჩენს. ავტორებმა დააფიქსირეს ყველა ის პროგრესული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არქივების ღიაობის, ლუსტრაციის და პოლიტიკურ მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეში სახელმწიფომ მიიღო და აგრეთვე ხაზი გაუსვეს იმ გამოწვევებს, რომელიც ჯერაც გადაუჭრელია.


სტატიების კრებული სარეკომენდაციო ხასიათის იქნება საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს პრობლემის არსებობის შესახებ. CEVRO  ინსტიტუტის პარტნიორების მიერ შემუშავებული სხვა ქვეყნის მაგალითები ცხადყოფს, თუ რაოდენ დიდ გზა აქვს საქართველოს გასავლელი პროცესების ბოლომდე მისაყვანად. კრებული „ერების მეხსიერება: დემოკრატიაზე გადასვლის სახელმძღვანელო, საქართველოს გამოცდილება“ (Memory of Nations: Democratic Transition Guide, Georgian Experience) მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს საკითხით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის. სტატიები ინგლისურენოვანია და რედაქტირებულია საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ.

 

ჟურნალი ხელმისაწვდომია ელექტრონულ ფორმატში შემდეგ ბმულზე.

 



სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2019 წელს (იანვარი-ივლისი) დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა

11.09.2019

საქართველოს პარლამენტმა არქივების ღიაობის შესახებ IDFI-ს საკანონდებლო წინადადება განიხილა

04.09.2019

IDFI-მ საქართველოს პარლამენტს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა

03.09.2019

2019-2020 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი ხარვეზებით წარიმართა

22.08.2019
განცხადებები

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019

იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება

17.09.2019

კოალიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აფასებს

12.09.2019

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას

09.09.2019
ბლოგპოსტები

ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

05.08.2019

რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში

13.05.2019

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019

საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ

10.04.2019