სიახლეების გამოწერა

2018 წლის ინოვაციის გლობალურ ინდექსში საქართველო 2017 წელთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურდა

სიახლეები | მედია,ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია | პუბლიკაციები | სტატია 20 ივლისი 2018

ინოვაციის გლობალური ინდექსით საქართველო 2017 წელთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურდა, 68-ე ადგილიდან 59-ე ადგილზე გადაინაცვლა და წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი 35.05 ქულა დააგროვა.

 

შესავალი

 

ინოვაციას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქვეყნების ეკონომიკურ კეთილდღეობაში. ის წარმოადგენს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ წყაროს და ხშირ შემთხვევაში მასზეა დამოკიდებული ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. ინოვაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის. ის ხელს უწყობს მაღალ კონკურენტუნარიანობას, რასაც თავის მხრივ წვლილი შეაქვს ბიზნესის და საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარებაში. სხვადასხვა კვლევები ცხადჰყოფს, რომ იქ სადაც განვითარებულია ინოვაცია, მაღალია საზოგადოების ცხოვრების დონე. ეს კი განვითარებული ეკონომიკის ცალსახა ინდიკატორია.

 

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ინოვაცია ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში და ეკონომიკური ზრდის მთავარ წყაროს წარმოადგენდა. ვინაიდან ხელს უწყობს პროდუქტიულობის ამაღლებას, ქმნის კონკურენტუნარიან გარემოს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, ინოვაცია წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნების შანსს, არ ჩამორჩნენ განვითარებულ სამყაროს და მდგრადი განვითარების გზით გააუმჯობესონ ცხოვრების დონე.

 

მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ბოლო 11 წელია სხვადასხვა ქვეყანაში ინოვაციების დონეს ინოვაციის გლობალური ინდექსით (GII) ზომავენ და ყოველწლიურად კვლევა კორნელის უნივერსიტეტის, ბიზნეს სკოლა INSEAD-ისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ორგანიზებით მზადდება.

 

ინოვაციის გლობალური ინდექსის არსი და მნიშვნელობა

 

ინოვაციის გლობალური ინდექსის განსაზღვრის მიზანია ინოვაციის მრავალგანზომილებიანი მხარეების ხაზგასმა და იმ ინსტრუმენტების განსაზღვრა, რაც ხელს უწყობს მდგრად განვითარებასა და სამუშაო ადგილების ზრდას. ინოვაციის გლობალური ინდექსი 80 ინდიკატორისგან შედგება, რაც შემდეგ შვიდ ჯგუფში ერთიანდება:

 

 - ინსტიტუტები (პოლიტიკური გარემო, მარეგულირებელი გარემო, ბიზნეს გარემო);

 

 - ადამიანური კაპიტალი და კვლევები (განათლება, კვლევა და განვითარება);

 

 - ინფრასტრუქტურა (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ზოგადი ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგრადობა);

 

 - ბიზნეს გარემო (კრედიტები, ინვესტიციები, ვაჭრობა, კონკურენცია და ბაზრის მასშტაბი);

 

 - ბიზნესის განვითარების დონე (დასაქმებულთა ცოდნის დონე, ინოვაციისათვის საჭირო კავშირების არსებობა, ცოდნის მიღების შესაძლებლობა);

 

 - ცოდნა და ტექნოლოგიები (ცოდნის შექმნა, ცოდნის გავლენა ინოვაციების შექმნის პროცესში, ცოდნის გავრცელება);

 

 - შემოქმედებითობა (არამატერიალური აქტივები, შემოქმედებითი პროდუქტი და მომსახურება, ელექტრონული შემოქმედებითობა).

 

ინდექსით განსაზღვრულია ქვეყნები (126 ქვეყანა) რიგითობის მიხედვით. აგრეთვე განზოგადებულია რეგიონების რეიტინგი, მათში შემავალი ქვეყნების ინოვაციის გლობალური ინდექსების მიხედვით. აღსანიშნავია რომ რეიტინგში მოწინავე ადგილებს ძლიერი ეკონომიკისა და მრავალფეროვანი ინდუსტრიის ქვეყნები იკავებენ. 2018 წლის რიგით მე-11 რეიტინგით, ინოვაციების ყველაზე მაღალი დონით პირველი ადგილი შვეიცარიას უჭირავს 68,4 ქულით (100-დან), რომელიც ბოლო 8 წლის მანძილზე წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. ხუთეულში მას მოსდევს ნიდერლანდების სამეფო, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და სინგაპური.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის მონაცემებით პირველ ათეულში ერთი და იგივე ქვეყნები შედიან, ადგილთა მცირე მონაცვლეობით სადაც როგორც უკვე აღინიშნა, შვეიცარია უპირობო ლიდერია. 2018 წლის მონაცემებით, ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

 

 

კვლევა აგრეთვე აჯგუფებს ქვეყნებს შემოსავლიანობის ჯგუფის მიხედვით და აქვეყნებს რეიტინგს ამ ჯგუფების მიხედვით. როგორც ავტორები აღნიშნავენ, ბოლო პერიოდში ჩინეთის მნიშვნელოვანი პროგრესი იმედის მომცემია საშუალო შემოსავლიან ეკონომიკის ქვეყნებისთვის. 2016 წლიდან ჩინეთმა შეაღწია პირველ 25 ქვეყანაში და 2018 წლის მონაცემებით მე-17 ადგილი დაიკავა. ერთადერთი საშუალო შემოსავლიანი ქვეყანა, რომელიც პირველ 25 ქვეყანას ოდნავ დაუახლოვდა არის 35-ე ადგილზე მყოფი მალაიზია.

 

საქართველოს მაჩვენებლები ინოვაციის გლობალური ინდექსის კვლევაში და მისი მიმოხილვა

 

2018 წლის ინოვაციის გლობალური ინდექსის კვლევაში საქართველო ცხრა პოზიციით დაწინაურდა და 35.05 ქულით 59-ე ადგილს იკავებს. საქართველო რეგიონსა და სამეზობლოში ჩამორჩება 43-ე ადგილზე მყოფ 38.52 ქულის მქონე უკრაინას, 46-ე ადგილზე მყოფ 37,9 ქულის მქონე რუსეთს, 48-ე ადგილზე მყოფ 37,63 ქულის მქონე მოლდოვას და 50-ე ადგილზე მყოფ 37.42 ქულის მქონე თურქეთს.

 

ინოვაციის გლობალური ინდექსის კვლევა ადგენს აგრეთვე ქვე-ინდექსებს ინოვაციების დანახარჯების (Innovation input) და ინოვაციური პროდუქტისთვის (Innovation output), რომლის მიხედვითაც საქართველო დანახარჯების კუთხით 25,65 ქულით 62- ე ადგილზეა ხოლო პროდუქციის მხრივ 44.44 ქულით 53-ე ადგილზე.

 

კვლევაში საქართველო დასახელდა იმ 20 ქვეყანას შორის, რომელიც ქვეყნის განვითარებასთან შედარებით ინოვაციების განვითარების კუთხით მაღალ შედეგებს აჩვენებენ. აღნიშნულ ქვეყნებს საქართველოსთან ერთად წარმოადგენენ: მოლდოვა, ვიეტნამი, ინდოეთი, კენია, სომხეთი, უკრაინა, მონღოლეთი, მალავი, მოზამბიკის რესპუბლიკა, რუანდა, ტაილანდი, მონტენეგრო, ბულგარეთი, მადაგასკარი, სერბეთი, კოსტარიკა, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი და კოლუმბია.

 

ინოვაციის გლობალური ინდექსით საქართველო იკავებს 30 ქვეყნიდან მე-6 ადგილს დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში უკრაინის, ვიეტნამის, მოლდოვის, მონღოლეთისა და ინდოეთის შემდეგ. ამ ჯგუფის ათეულში მას ჩამორჩება ქვეყნები შემდეგი თანმიმდევრობით: ტუნისი, სომხეთი, ფილიპინები და მაროკო. უნდა აღინიშნოს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში ინოვაციების დანახარჯების (Innovation Input) ქვე-ინდექსის მიხედვით საქართველო საშუალო შემოსავლიანი ეკონომიკის მქონე 30 ქვეყნიდან პირველ ადგილზეა, ხოლო ინოვაციური პროდუქტის (Innovation output) მიხედვით კი მე-7-ზე.

 

2018 წლის მონაცემებით საქართველოს 59-ე ადგილი განაპირობა სხვადასხვა კომპონენტების შემდეგი ქულებით შეფასებამ:

 

 

ზემოაღნიშნული მონაცემების მიხედვით, თვალსაჩინოა რომ საქართველოს შედარებით ძლიერ მხარეს ინსტიტუციური სიძლიერე წარმოადგენს (71.7 ქულა, 39-ე ადგილი), რაც თავის მხრივ პოლიტიკურ, ბიზნეს და მარეგულირებელ გარემოს მოიცავს. იგივე შეიძლება ითქვას ბიზნეს გარემოზე (52.2 ქულა, 39-ე ადგილი), რაც კრედიტის აღების სიმარტივეს, ინვესტიციებს, ვაჭრობას და კონკურენციას გულისხმობს.

 

კვლევის მიხედვით განსაკუთრებულად სუსტ მხარედ უნდა ჩაითვალოს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა (25,7 ქულა, 91-ე ადგილი), რაც მოიცავს დასაქმებულთა ცოდნის დონეს, ინოვაციისათვის საჭირო კავშირების არსებობას და ცოდნის მიღების შესაძლებლობას. იგივე უნდა ითქვას შემოქმედებით ნაწილზე (26,8 ქულა, 73-ე ადგილი), რაც ფარავს არამატერიალურ აქტივებს, შემოქმედებით პროდუქტსა და მომსახურებასა და ელექტრონულ შემოქმედებითობას. აღსანიშნავია რომ წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა ადამიანურ კაპიტალსა და კვლევებთან დაკავშირებით და საქართველომ 24 ქულით 89-ე ადგილიდან 30 ქულით 67 ადგილზე გადაინაცვლა.

 

როგორც ზევით აღინიშნა ინოვაციის გლობალური ინდექსით საქართველო 2017 წელთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურდა, 68-ე ადგილიდან 59-ე ადგილზე გადაინაცვლა და წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი 35.05 ქულა დააგროვა. ბოლო 5 წლის მონაცემებით საქართველოს პოზიციები გამოიყურება შემდეგნაირად:

 

 

ბოლო წლების უწყვეტი პროგრესი არ გაგრძელებულა 2017 წლის შემთხვევაში და 2017 წელს, საქართველომ 34,39 ქულით (100 ქულიდან) ოთხი ადგილით უკან გადაინაცვლა 2016 წელთან შედარებით, როცა 64-ე ადგილით 33.86 ქულა ჰქონდა დაგროვებული. სავარაუდოა, რომ რამდენიმე პოზიციით უკან გადანაცვლება გამოწვეულია არა ინოვაციის გლობალური ინდექსის კომპონენტების განვითარების წინა წლებთან შედარებით შენელებული პროცესით, არამედ, სხვა მანამდე უკან მყოფ ქვეყნებთან შედარებით განვითარების შენელებული ტემპით.1

 

თუ საქართველოს მონაცემებს რეგიონის და მეზობელ ქვეყნებთან შევადარებთ,2 ვნახავთ, რომ 2018 წლის მონაცემებით საქართველომ წინა წელთან შედარებით წინ გაუსწრო სომხეთს და მთლიანობაში უკეთესი მდგომარეობა აქვს ვიდრე აზერბაიჯანს და ბელარუსის რესპუბლიკას. სამაგიეროდ, ჩამორჩება თურქეთს ცხრა, მოლდოვას თერთმეტი, რუსეთს ცამეტი და უკრაინას თექვსმეტი პოზიციით.

 

 

დასკვნა

 

ინოვაციის გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს პოზიციის დაწინაურება მისასალმებელია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რასაც კომპლექსური მიდგომა და დაძლევა სჭირდება. საქართველო განხილულია დაბალი ინოვაციური კულტურის მქონე ქვეყნად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის მიერ საქართველოსთვის მომზადებულ სტრატეგიაშიც, დოკუმენტის მიხედვით დაბალი ინოვაციების, კვლევებისა და განვითარების დონე აიხსნება იმით, რომ საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეები ფინანსებს ნაკლებად აბანდებენ კვლევასა და განვითარებაში, რაც ინოვაციების წარმოქმნას უშლის ხელს და საბოლოოდ დგება ამ მხივ ნაკლებად სახარბიელო შედეგი.

 

ინოვაციის გლობალური ინდექსის კვლევის მიხედვით საქართველოს ჯერ კიდევ დაბალი ქულები აქვს ისეთ კომპონენტებში, რაც გრძელვადიან პერიოდში ინოვაციური განვითარების ძირითად წყაროს წარმოადგენს. კვლევა უჩვენებს თუ რა მიმართულებით არის უფრო მწვავე პროცესები და რა ნაწილი საჭიროებს უფრო მეტად სწრაფ განვითარებას. კერძოდ, არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით (58 ქულით 81-ე ადგილზე). მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით განათლებაზე ხარჯებით 38 ქულით 86-ე ადგილზე ვართ, უნივერსიტეტების კვლევითი თანამშრომლობის მიმართულებით კი 29 ქულით 105 ადგილზე. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითობის კუთხით ვითარება გაუარესდა და 2017 წელთან შედარებით 29 ქულით 69-ე ადგილიდან 27 ქულით 73-ე ადგილზე გადავინაცვლეთ.

 

მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტური ორგანოების მიერ აღნიშნული კვლევის შედეგები სწორად აღქმული და გაანალიზებული იქნას, რათა დაიგეგმოს და განხორციელდეს ის ქმედებები რაც გააუმჯობესებს ვითარებას და ქვეყნის მდგრად განვითარებაში წვლილს შეიტანს, რაც შედეგად ეკონომიკურ ზრდაზე აისახება.

 

ინოვაციის გლობალური ინდექსის 2018 წლის კვლევის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

 

1. მიუხედავად 4 პოზიციით უკან ყოფნისა, 2017 წელს საქართველოს 2016 წელთან შედარებით 0.53 ქულით მეტი ჰქონდა.

 

2. შედარებულია EaP და მოსაზღვრე ქვეყნებთან

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კგბ არქივის გახსნა ლატვიაში - სასარგებლო გაკვეთილი საქართველოსთვის

14.01.2019

ევრაზიის რეგიონის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის და პრაქტიკის შედარებითი ანალიზი

26.12.2018

სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა

21.12.2018

ვენეციის კომისიამ საპროკურორო საბჭოს შესახებ ახალ დებულებებთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა

19.12.2018
განცხადებები

კოალიცია ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება

14.01.2019

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაწყებას პარლამენტისგან დაუყოვნებლივ ითხოვს

09.01.2019

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით

29.12.2018

იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც კლანური პრინციპით მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირეს, უნდა გადადგნენ

29.12.2018
ბლოგპოსტები

საქართველოს პროკურატურა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე: სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორების გზა

30.08.2018

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

31.05.2018

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის უფლების ცალკეული ასპექტები საქართველოში

31.05.2018

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში: მითები და სინამდვილე

30.05.2018