ინტერნეტ ტრაფიკის შეგროვების ქართული მოდელი

ინტერნეტი და ინოვაციები | ბლოგპოსტები 31 იანვარი 2022

ინტერნეტი საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ჩამოყალიბდა. ინტერნეტმა შექმნა ადამიანის ძირითად უფლებათა რეალიზების ახალი მეთოდები, შექმნა ახალი საფრთხეები და გააჩინა ციფრულ უფლებათა დაცვის საჭიროება. ინტერნეტის კონტროლთან დაკავშირებით სახელმწიფოთა მიდგომა და მოდელი განსხვავებულია. ინტერნეტი კონტროლს სხვადასხვა მიმართულება და განზომილება გაჩნია. ქვემოთ, ჩვენ შევეცდებით მოკლედ და მარტივად ავხსნათ როგორ რეგულირდება ინტერნეტ ტრაფიკი საქართველოში.

 

რა არის ინტერნეტ ტრაფიკი?

 

ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ სოციალური ქსელებს, საძიებო სისტემებს, ვსტუმრობთ სხვადასხვა ვებგვერდებს, ვვაჭრობთ ონლაინ და ვსარგებლობთ სხვა არაერთი ციფრული მომსახურებით. ინტერნეტი სარგებლობისთვის აუცილებელია, მომხმარებლის კომპიუტერულმა მოწყობილობამ და სამიზნე სერვერმა ერთმანეთში გაცვალონ მონაცემები. სხვაგვარად, ინტერნეტის გამოყენებისას მომხმარებლის მოწყობილობა მუდმივად აგზავნის და იღებს სხვადასხვა მონაცემებს. აღნიშნული მონაცემთა ერთობლიობა აყალიბებს ინტერნეტ ტრაფიკს.

 

ზოგად, ინდივიდის ინტერნეტ ტრაფიკის ანალიზი მომხმარებლის პიროვნების თაობაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. 

 

ინტერნეტის ტრაფიკის მოცულობითი ანალიზი საქართველოში

 

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიში თანახმად, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში საქართველოში ყოველთვიურად დაახლოებით 175,282 ტერაბაიტის ოდენობის ინტერნეტ ტრაფიკი გროვდება.[1] ინტერნეტ ტრაფიკის მოცულობა და ცვალებადობა პირდაპირი მიმანიშნებელია სხვადასხვა ციფრული სერვისებით სარგებლობის მზარდი ტენდენციის თაობაზე. სახელდობრ, 2019 წელს ინტერნეტ ტრაფიკის მოცულობა 45%-ით, ხოლო 2020 წლის მოცულობა 100%-ით აღემატებოდა 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ინტერნეტის გამოყენებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი Covid პანდემიამ და დისტანციური სერვისების აქტიურმა გამოყენებამ.

 

 

 

სად ინახება საქართველოში დაგროვილი ინტერნეტ ტრაფიკი

 

მომხმარებლები ინტერნეტს იღებენ ინტერნეტ სერვის პროვაიდერების (ISP) საშუალებით (მაგალითად „მაგთიკომი“ ან „სილქნეტი“). ეს გულისხმობს, რომ ჩვენს მიერ ინტერნეტის საშუალებით მიღებული და გადაცემული ნებისმიერი მონაცემი თუ ინფორმაცია გადის ჩვენივე ინტერნეტ სერვის პროვაიდერის ინფრასტრუქტურას. ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მიმოცვლის ამგვარი ტექნიკური მოდელი პროვაიდერს აძლევს მომხმარებლის ინტერნეტ ტრაფიკის კონტროლისა და ინტერნეტის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესების ლიმიტირებულ შესაძლებლობას. ამ ტექნიკური შესაძლებლობის რეგულირება სახელმწიფოს ხელთ არსებული ერთ-ერთი შესაძლებლობაა ინტერნეტის საკონტროლებლად.

 

სახელდობრ, სახელმწიფო ინტერნეტ სერვის პროვაიდერს უწესებს ტრაფიკის დამუშავების (შენახვისა, გამოყენების, სახელმწიფოსთვის მიწოდების) პირობებს. ასევე, სახელმწიფოს შეუძლია ინტერნეტ სერვის პროვაიდერს მოსთხოვოს ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომ კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა (მაგალითად, კონკრეტული ვებგვერდის დაბლოკვა ან მისი ხელმისაწვდომობის სხვაგვარად შეზღუდვა). განსახილველ შემთხვევაში, ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ინტერნეტ ტრაფიკთან მიმართებით არსებულ რეგულაციებზე.

 

საქართველოს მასშტაბით აკუმულირებული ინტერნეტ ტრაფიკი თავს პირველადი თავმოყრის ადგილია ინტერნეტ სერვის პროვაიდერი კომპანიების ინფრასტრუქტურა. დასახელებულ ინფრასტრუქტურაში აკუმულირებული მონაცემები გადაიცემა მონაცემთა ცენტრალურ ბანკში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს მფლობელობაშია.[2]

 

სახელდობრ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-15 მუხლები აყალიბებს სააგენტოს უფლებამოსილებას შექმნას მონაცემთა ცენტრალური ბანკი, სადაც 12 თვით შეინახება საქართველოს მასშტაბით ელექტრონული კომუნიკაციების გამოყენებით შექმნილი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლი ინტერნეტ სერვის პროვაიდერებს, უდგენს საპირწონე ტექნიკურ ვალდებულებებს. შედეგად, საქართველოში მოქმედებს სისტემა, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების (როგორც ინტერნეტ ისე სატელეფონო) კომპანიებიდან, მონაცემთა ცენტრალურ ბანკში კოპირდება და ინახება:

 

▪       მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები;

 

▪       კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;

 

▪       კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;

 

▪       კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;

 

▪       კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;

 

▪       მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;

 

▪       მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები.[3]

 

შემაჯამებელი დაკვირვება

 

ინტერნეტის ყოველდღიური მოხმარების შედეგად დაგროვებული მონაცემები სენსიტიური დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ადამიანის პირადი ცხოვრების არაერთი ასპექტის თაობაზე. საქართველოში ეს მონაცემები გროვდება და ინახება როგორც დეცენტრალიზებული, ისე ცენტრალიზებული ფორმით. მონაცემთა ცენტრალურ ბანკში დაცულია საქართველოს მასშტაბით ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების შედეგად აკუმულირებული მაიდენტიფიცირებელი (მათ შორის ტრაფიკის) მონაცემები.  

 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს უფლება აქვს გამოიყენოს მონაცემთა ცენტრალური ბანკი, მხოლოდ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას. სამოქალაქო საზოგადოება წლებია საუბრობს მონაცემთა ცენტრალური ბანკიდან მომდინარე საფრთხეებზე. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ბანკის არსებული მოდელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს გასაჩივრდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება.[4]

 

ჩვენი ინტერნეტ ტრაფიკის დასაცავად, ჩვენსავე ხელთ არსებული საუკეთესო ტექნიკური საშუალებაა VPN-ის (Virtual Private Network) გამოყენება. VPN-ის გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ IDFI-ის მიერ მომზადებულ გზამკვლევში.

 

 

___

 

[1] საქართველოს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიში, გვ. 25. იხ. ბმული

 

[2] „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.“; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.“

[3] „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ62 ქვეპუნტქი.

 

[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N885-924, 928-929, 931-1207, 1213, 1220-1224, 1231 საოქმო ჩანაწერი საქმეზე "საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

 

 

 

 

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის - მონიტორინგის, ანალიზისა და ადვოკატირების გზით ციფრული უფლებების გაძლიერება - ფარგლებში, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის, Black Sea Trust-ის მიერ. ამ მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Black Sea Trust-ის ან მისი პარტნიორების მოსაზრებებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ღია ლექცია ჩაატარა

24.11.2022

სამუშაო შეხვედრა ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად საქართველოს საჭიროებებისა და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესახებ

22.11.2022

საქართველოს გამოწვევები ღია მონაცემების მართვის კუთხით და საერთაშორისო კარგი პრაქტიკა

22.11.2022

IDFI-ს წარმომადგენლებმა შიდა ქართლში მუშაობის შედეგები წარადგინეს

21.11.2022
განცხადებები

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჯერ არ შეუერთდა ანტიკორუფციული გარემოს შესახებ OECD-ის შეფასების პროცესს

21.11.2022

IDFI შემოსავლების სამსახურის განცხადებას პასუხობს

11.11.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია

03.11.2022

ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს

03.11.2022
ბლოგპოსტები

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის ისტორია

03.05.2022