საქართველო ინოვაციების გლობალურ ინდექსში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ანალიზი 29 სექტემბერი 2020

გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) 130-მდე ქვეყანას აფასებს ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით. 7 კატეგორიაში დაჯგუფებული 80-მდე ინდიკატორის მეშვეობით, GII მიზნად ისახავს ინოვაციურობის ყოვლისმომცველ შესწავლას ინოვაციური დანახარჯების (inputs) და პროდუქტების (outputs) განზომილებაში.

 

შეფასების კატეგორიებია:

 

- ინსტიტუტები (პოლიტიკური გარემო, მარეგულირებელი გარემო, ბიზნეს გარემო);
- ადამიანური კაპიტალი და კვლევები (განათლება, კვლევა და განვითარება);
- ინფრასტრუქტურა (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ზოგადი ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგრადობა);
- საბაზრო გარემო (საკრედიტო გარემო, ინვესტიციები, ვაჭრობა, კონკურენცია და ბაზრის მასშტაბი);
- ბიზნესის განვითარების დონე (დასაქმებულთა ცოდნის დონე, ინოვაციისათვის საჭირო კავშირების არსებობა, ცოდნის მიღების შესაძლებლობა);
- ცოდნა და ტექნოლოგიები (ცოდნის შექმნა, ცოდნის გავლენა ინოვაციების შექმნის პროცესში, ცოდნის გავრცელება);
- შემოქმედებითობა (არამატერიალური აქტივები, შემოქმედებითი პროდუქტი და მომსახურება, ელექტრონული შემოქმედებითობა).

 

ინდექსის ანგარიშში ქვეყნების შედეგები განხილულია როგორც ეკონომიკური ჯგუფების (მაღალი შემოსავლის, ზედა-საშუალო, ქვედა-საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნები) ჭრილში, ასევე რეგიონულ ჭრილში. GII-ის კვლევის ფარგლებში საქართველო განხილულია როგორც ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყანა. ამ თვალსაზრისით საქართველომ მაღალი შედეგები აჩვენა 7-იდან 3 კატეგორიაში, კერძოდ ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი და საბაზრო გარემო შეფასდა ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალი ქულებით. თუმცა საქართველომ დანარჩენ 4 კატეგორიაში, ინფრასტრუქტურა, ბიზნეს განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები და შემოქმედებითობა, საშუალოზე დაბალი ქულებით შეფასდა.

 

 

რაც შეეხება რეგიონულ ჭრილს. საქართველო მიკუთვნებულია დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ჯგუფს, ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ლიბანი, საუდის არაბეთი, იორდანია, ტუნისი და ა.შ. რეგიონულ ასპარეზზე საქართველო იკავებს 6-ე ადგილს 19 ქვეყნიდან. საქართველო საშუალოზე მაღალი ქულებით შეფასდა 7-იდან 2 კატეგორიაში, კერძოდ ინსტიტუტები და საბაზრო გარემო, ხოლო საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები გამოავლინა დანარჩენ 5 კატეგორიაში.

 

 

საქართველოს მაჩვენებლებზე დაკვირვების შედეგად ინდექსმა დადებითი ტენდენცია გამოავლინა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტსა და ინოვაციურობას შორის კავშირის თვალსაზრისით. ქვევით მოცემულ გრაფაზე ქვეყნები განლაგებულია მშპ-სა (ერთ სულ მოსახლეზე) და ინოვაციურობის მაჩვენებლის (GII ქულა) მიხედვით. ხოლო ტენდენციის ხაზი ასახავს საშუალო მოსალოდნელ ინოვაციურობის მაჩვენებელს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით. ტენდენციის ხაზს ზემოთ მოქცეულმა ქვეყნებმა აჩვენეს მოსალოდნელზე მაღალი შედეგები, მათ შორის არის საქართველოც.

 

 

უკანასკნელი წლების მიმოხილვა

 

2019 წლის კვლევაში, საქართველო 36.98 ქულით, 48-ე ადგილს იკავებდა, რის შედეგადაც ინდექსის ისტორიაში პირველად ტოპ ორმოცდაათეულში მოხვდა. თუმცა, 2020 წლის მაჩვენებლებით, რეიტინგი 15 ადგილით გაუარესდა და საქართველო 63-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. გაუარესების მიზეზად მკვლევარები ქვეყნისგან დამოუკიდებელ მიზეზებს ასახელებენ, მათ შორის ახალი მონაცემების ხელმისაწვდომობას და ცვლილებებს GII-ის მეთოდოლოგიაში, თუმცა ასევე აღნიშნავენ კონკრეტულ კატეგორიებში გაუარესებას, როგორც ინვესტიციების შემცირების, ასევე ინოვაციური პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით. საქართველოს რეიტინგი ინდექსის 7 კატეგორიიდან 5-ში საგრძნობლად გაუარესდა, კერძოდ საბაზრო განვითარების კატეგორიაში 15-ე ადგილიდან 39-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, ინფრასტრუქტურის კატეგორიაში 72-დან 81-ე ადგილზე, ბიზნესის განვითარების კატეგორიაში 70-დან 79-ე ადგილზე, შემოქმედებითობის კატეგორიაში 58-დან 68-ე ადგილზე, ხოლო ინფრასტრუქტურის კატეგორიაში 72-ე ადგილიდან 81-ეზე. მცირედით გაუარესებულია ცოდნა და ტექნოლოგიების მაჩვენებლები, ინსტიტუტების რეიტინგი კი შენარჩუნებულია შარშანდელ ნიშნულზე.

 

 

სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარება

 

მიუხედავად წლევანდელი გაუარესებისა, საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად უსწრებს რეიტინგში სამხრეთ მეზობლებს, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენებს. აღსანიშნავია რომ 2019 წლის მონაცემებით რუსეთი, უკრაინა და საქართველო რეიტინგში 46-ე, 47-ე და 48-ე ადგილებს იკავებდნენ.

 


ინდიკატორების მიმოხილვა

 

ინდექსმა კონკრეტული ინდიკატორების მეშვეობით გამოყო საქართველოს ძლიერი და სუსტი მხარეების ინოვაციური განვითარების მხრივ. ინსტიტუტების კატეგორიაში, ქვეყანას წამყვანი პოზიცია უკავია ბიზნესის დაწყების სიმარტივის თვალსაზრისით. ადამიანური კაპიტალის კატეგორიაში დადებითად შეფასდა სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა თანაფარდობა. საბაზრო გარემოს კატეგორიაში გამოირჩევა სესხის აღების სიმარტივე და დაბალი ტარიფები, ხოლო ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით დაფიქსირდა პირდაპირი საგარეო ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი.

 

რაც შეეხება ნაკლოვანებებს, მოსწავლეებს უფიქსირდებათ დაბალი ქულები PISA-ს შკალაზე, კითხვაში, მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო საგნებში, ასევე მწირია მაღალ რეიტინგიანი უნივერსიტეტების რაოდენობა, რაც დაბალი ხარისხის განათლების სისტემაზე მეტყველებს. ინფრასტრუქტურის კატეგორიაში, კერძოდ კი ლოჯისტიკური შესაძლებლობების ინდიკატორში საქართველოს ერთ ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღმოაჩნდა, ამ თვალსაზრისით მსოფლიოში 111 ადგილს იკავებს. ბიზნეს განვითარების დონის თვალსაზრისით შეინიშნება უმაღლეს სასწავლებლებსა და კერძო სექტორს შორის კვლევითი თანამშრომლობის სიმწირე და კლასტერული განვითარების დაბალი დონე. ხოლო ცოდნა და ტექნოლოგიების კატეგორიაში სისუსტედ გამოვლინდა მაღალ-ტექნოლოგიური წარმოების და ინტელექტუალური პროდუქტების სიმწირე.  

 

 

დასკვნა

 

2020 წლის GII კვლევამ საერთო ჯამში დადებითად შეაფასა საქართველოში ინოვაციური განვითარების ტენდენცია, თუმცა ასევე გამოიკვეთა პროგრესის შენელება. კერძოდ, გასულ წელთან შედარებით, 5 კატეგორიაში გაუარესდა შედეგები, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახა ქვეყნის საერთო რეიტინგზე.

 

ინოვაციის გლობალური ინდექსის 2020 წლის შედეგები თვალსაჩინოს ხდის კონკრეტულ სფეროებში ეკონომიკური და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით არსებულ სტაგნაციას. ინოვაციური შესაძლებლობები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარებაში, შესაბამისად აუცილებელია ამ სექტორში არსებულ გამოწვევებისადმი კომპლექსური და ყოვლისმომცველი მიდგომა და ხარვეზების აღმოფხვრა, განსაკუთრებით საყურადღებოა განათლების და ინფრასტრუქტურის სფეროები.

 

ინოვაციის გლობალური ინდექსის 2020 წლის კვლევის სრული ვერსიის შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

___

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024