საქართველო 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ანალიზი 23 თებერვალი 2017

ავტორი: სანდრო ქევხიშვილი

 

2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 10 ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 180ქვეყანას შორის 13-ე ადგილზეა, რითიც წინ უსწრებს ყველა მეზობელ და თითქმის ყველა ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყანას. ევროპის მასშტაბით საქართველო მე-5 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ შვეიცარიას, ესტონეთს, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს. 

 

 

(იხილეთ სრული ცხრილი მასალის ბოლოში)

 

ქვეყანას უკუსვლა ინდექსის არცერთ პარამეტრში არ ჰქონია, ხოლო დაწინაურების მთავარი მიზეზი საკუთრების უფლებებისა და მთავრობის კეთილსინდისიერების მიმართულებით გაუმჯობესება გახდა. თუმცა, მიუხედავად ამ ორი კომპონენტის გაუმჯობესებისა, სწორედ ეს ორი მიმართულება რჩება ქვეყნის მთავარ სისუსტედ.


ინდექსის ავტორების თქმით, მთავარი პრობლემა არასაკმარისი სასამრთლო დამოუკიდებლობაა: „მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა კონსტიტუციითა და კანონმდებლობით არის გარანტირებული, ხელისუფლება არ სცემს პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას და გასული წლის განმავლობაში სასამართლო რეფორმის მხრივ ხელშესახები წინსვლა არ ყოფილა.“


ინდექსის შესახებ 

 

ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი შეიქმნა 1995 წელს აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევითი ორგანიზაციის - The Heritage Foundation-ის მიერ.


ინდექსი ყოველწლიურად ზომავს 180-მე ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას 12 რაოდენობრივი და თვისობრივი პარამეტრის მიხედვით, რომლებიც 4 ძირითად კატეგორიაშია მოქცეული:



- კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება);

- მთავრობის ზომა (ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი);

- რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);

- ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).


თითოეული პარამეტრი ფასდება 0-დან 100-მდე სკალით, რაც შედეგების პროცენტული სახით გამოხატვის საშუალებას იძლევა (მაგ., 70%-ით თავისუფალი). ქვეყნის საერთო ქულის მისაღებად თორმეტივე პარამეტრს ენიჭება თანაბარი წონა და გამოითვლება მათი საშუალო არითმეტიკული.

 

შედეგების შეფასების მიზნით, 100 ქულიანი შკალა დაყოფილია ეკონომიკური თავისუფლების 5 დონედ: თავისუფალი (80-100); უმეტესად თავისუფალი (70-79.9); ზომიერად თავისუფალი (60-69.9); უმეტესად არათავისუფალი (50-59.9); არათავისუფალი (0-49.9).

 

2017 წლის ინდექსი მოიცავს 2015 წლის მეორე ნახევრისა და 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს.



ზოგადი შედეგები

 

ინდექსის მიხედვით, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ეკონომიკა 76%-ითაა თავისუფალი. ამ მაჩვენებლით საქართველო ხვდება „უმეტესად თავისუფალი“ ეკონომიკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში.

 

უარყოფითი შედეგები

 

ეკონომიკური თავისუფლების 12 კომპონენტიდან საქართველოს შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს 4 კომპონენტში:

 

საკუთრების უფლება - 55.1% (2016 წელს - 40%)

 

საკუთრების უფლების კომპონენტი თვისობრივი შეფასებაა იმისა, თუ რამდენად არის ქვეყანაში დაცული კერძო საკუთრების უფლება. კომპონენტი მოიცავს ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას, სახელმწიფოს მიერ ქონების ჩამორთმევის, ექსპროპრიაციის ალბათობას და ინვესტორების დაცვას.

 

სასამართლოს ეფექტიანობა - 66.5%

 

სასამართლოს ეფექტიანობის კომპონენტი აფასებს იმას, თუ რამდენად არის სასამართლო სისტემა ეფექტიანი და სამართლიანი, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები დარღვევის წინააღმდეგ. კომპონენტი მოიცავს სასამართლო პროცესის ხარისხის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შეფასებას.

 

მთავრობის კეთილსინდისიერება - 65% (2016 წელს - 52%)

 

მთავრობის კეთილსინდისიერების კომპონენტი ზომავს ქვეყანაში არსებულ კორუფციის დონეს. კომპონენტი მოიცავს კორუფციის მასშტაბს, მის აღქმას და მექრთამეობის დონეს, საზოგადოების ნდობას პოლიტიკოსების მიმართ და მთავრობისა და საჯარო სამსახურის გამჭვირვალობას.



ფინანსური თავისუფლება - 60% (არ შეცვლილა 2016 წელთან შედარებით)

 

ფინანსური თავისუფლების კომპონენტი ზომავს საბანკო სექტორის ეფექტიანობას და სახელმწიფო კონტროლისა და ფინანსურ სექტორში ხელისუფლების ჩარევის დონეს.

 

საქართველოს 60 ქულას ინდექსი შემდეგნაირად ახასიათებს: „სახელმწიფოს ზომიერი ჩარევა. საბანკო და საფინანსო რეგულაციები გარკვეულწილად მძიმეა. მთავრობა ფლობს და აკონტროლებს ფინანსური სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს. გარკვეული შეზღუდვები არსებობს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფინანსური მომსახურების გაწევაზე.“



დადებითი შედეგები

 

უმაღლესი ქულა საქართველომ ხუთ კომპონენტში მოიპოვა. ესენია:

 

1. ბიზნესის თავისუფლება - 87.2% - რეგულაციებისა და ინფრასტრუქტურული შეზღუდვების სიმცირე ბიზნესის დაწყების, კეთებისა და შეწყვეტის დროს.


2. მონეტარული თავისუფლება - 78.2% - ფასების სტაბილურობა, ინფლაციის დაბალი დონე და ფასების შეზღუდული კონტროლი სახელმწიფოს მიერ.


3. ვაჭრობის თავისუფლება - 88.6% - იმპორტზე დაწესებული დაბალი ტარიფები და არასატარიფო ბარიერების სიმცირე.


4. ინვესტირების თავისუფლება - 80% - შეზღუდვების ნაკლებობა ინვესტიციების შემოდინება/გადინებაზე.


5. ფისკალური სიჯანსაღე - 93.5% - დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი.



კონტექსტური შედეგები

 

დანარჩენ სამ კომპონენტში საქართველოს მაჩვენებლები უსწრებს ევროპის ქვეყნების უმეტესობის შედეგებს. ამ შედეგის სწორად აღქმა რეიტინგის კონტექსტის განხილვას საჭიროებს.

 

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ავტორი ორგანიზაციის - The Heritage Foundation - განცხადებული მისიაა კონსერვატიული საჯარო პოლიტიკის ხელშეწყობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდექსი სწორად მიიჩნევს დაბალ გადასახადებს, მცირე სახელმწიფო დანახარჯებსა და შრომითი რეგულაციების ნაკლებ სიმკაცრეს, რასაც ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი არ იზიარებს. საქართველოში არსებული ვითარება კი უფრო ახლოსაა ინდექსის ავტორების პოლიტიკურ და ეკონომიკურ მსოფლმხედველობასთან.



საგადასახადო ტვირთი - 87.3%

 

საგადასახო ტვირთის კომპონენტი ზომავს ქვეყანაში არსებული გადასახადების სიდიდეს. ინდექსის ავტორები მიიჩნევენ, რომ მაღალი გადასახადები ზედმეტ ტვირთად აწვება ეკონომიკას, რის გამოც ისინი საქართველოს მსგავს დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნებს მაღალ ქულას ანიჭებენ, განსხვავებით, მაგალითად, დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან.

 

შრომის თავისუფლება - 75.9%

 

ინდექსის ავტორებს მიაჩნიათ, რომ შრომის ბაზრის ნაკლები რეგულაცია ეკონომიკისთვის სასარგებლოა, რის გამოც ისინი მაღალ ქულას ანიჭებენ იმ ქვეყნებს, მაგალითად საქართველოს, სადაც შრომის ბაზრის რეგულაციები ნაკლებად მკაცრია.

 

საბიუჯეტო დანახარჯები - 74.4%

 

ინდექსის ავტორები მიიჩნევენ, რომ ზედმეტი სახელმწიფო დანახარჯი ეკონომიკისთვის არასასურველ ტვირთს წარმოადენს. რის გამოც, ქვეყნებს, რომელთა მთავრობებიც მშპ-ს შედარებით ნაკლებ პროცენტს ხარჯავენ, მაგალითად საქართველო (მშპ-ს 29.2%), მეტი ქულა ენიჭებათ.

 

დასკვნა


ინდექსის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველო კარგად უმკლავდება ეკონომიკური თავისუფლების უზრუნველყოფას. მათი თქმით, სახელმწიფო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი კონტროლს ექვემდებარება. ღია ბაზრის პოლიტიკა, დაბალი გადასახადები და რეგულაციების ეფექტიანობა ხელს უწყობს ვაჭრობასა და ინვესტიციებს. დადებითი შედეგებია ანტიკორუფციული მიმართულებითაც.

 

თუმცა, გამოწვევად რჩება კანონის უზენაესობის განმტკიცება, განსაკუთრებით კი სასამართლო თავისუფლებისა და ეფექტიანობის მხრივ. ინდექსის ავტორების აზრით, ყველაზე მეტად სწორედ ამ მიმართულებით არის საჭირო რეფორმების გატარება, რათა საქართველომ მიაღწიოს უფრო დინამიურ და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024