სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა - უახლესი ტენდენციები ციფრებში

ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ბლოგპოსტები 17 იანვარი 2022

ანალიტიკური სტატიის ავტორია ნინო ტალიკაძე და ის დაიწერა კონკურსისთვის „მონაცემები ცვლილებებისთვის“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

ნინო ტალიკაძე არის კონკურსის გამარჯვებული - II ადგილის მფლობელი.

 

მთავარი მიგნებები

 

კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

 

- ძირითადი აგროსასურსათო პროდუქტების, მათ შორის ხორბლის, სიმინდის, ბოსტნეულის, რძის და რძის პროდუქტების, ხორცის - თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები 90%-ზე დაბალია, რაც მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ყურადღება უნდა გამახვილდეს აღნიშნული საკვების წარმოების მასშტაბების ზრდაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული რიგი პრობლემები, რომლებიც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე ახდენენ გავლენას;

 

- თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ძირითადად იმეორებს ადგილობრივი წარმოების ტენდენციას. სხვა სიტყვებით, როდესაც იზრდება ადგილობრივი წარმოება, იზრდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტიც. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ადგილობრივ წარმოებაზე მეტად სხვა ფაქტორი ახდენს გავლენას (უარყოფითს ან დადებითს) თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტზე;

 

- სურსათზე ფასები ხასიათდება ზრდადი ტენდენციით, რადგან ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი და ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურებულია, სავარაუდოდ ეს მდგომარეობა მომავალში კვლავ შენარჩუნდება;

 

- შინამეურნეობათა საშუალო თვიური შემოსავლების ცვლილება უფრო ნაკლებია, ვიდრე სურსათზე ფასების ცვლილება;

 

- სურსათის ხელმისაწვდომობის ინდექსის   მნიშვნელობა ბოლო 3-4 წლის მანძილზე ერთზე მეტია, თუმცა ხასიათდება კლებადი ტენდენციით.

 

შესავალი

 

სასურსათო უსაფრთხოების საკითხის შესწავლა თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანაა, ამიტომაც, მოცემული საკითხი აქტუალურია, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო პოლიტიკის დონეზე. ამ საკითხის არსებითობა დაადასტურა მიმდინარე ეპიდოლოგიურმა სიტუაციამაც. ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის შეზღუდვამ გავლენა ვერ უნდა მოახდინოს ადგილობრივი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, სასურსათო დამოუკიდებლობა მსგავს სიტუაციებში სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. ამასთან, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანია[1].

 

სტატიისმიზანია  შეისწავლოს საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ძირითადი აგროსასურსათო პროდუქტების სასურსათო უსაფრთხოების საკითხი, სურსათის ხელმისაწვდომობის ინდექსებსა და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტების ანალიზზე დაყრდნობით, ასევე,გამოავლინოს არსებული გამოწვევები.

 

ძირითადი ნაწილი

 

დედამიწის მოსახლეობა მზარდი მატების ტემპით ხასიათდება, რაც გულისხმობს მზარდ მოთხოვნას სურსათსა და სურსათის უსაფრთხოებაზე (Giovannucci D., Scherr S. ..., 2012). გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით მოსალოდნელია მსოფლიოს მოსახლეობის მკვეთრი ზრდა - დღეს არსებული 7.7 მილიარდიდან 9.8 მილიარდამდე 2050 წლისთვის. მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტემპი წელიწადში დაახლოებით 1.1%-ს შეადგენს (წელიწადში დაახლოებით 83 მილიონი ადამიანი). ამასთან, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან და პანდემიასთან ერთად, დამატებით გამოწვევებს ქმნის მოსახლეობისთვის ადეკვატური რაოდენობით სურსათით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ხოლო ისეთი მასშტაბის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია არსებული აგროსასურსათოპროდუქტის რესურსული პოტენციალის ათვისება და მისი ეფექტიანად გამოყენება.

 

სურსათის უსაფრთხოების საყოველთაოდ მიღებული განმარტების თანახმად, სასურსათო და კვების უსაფრთხოება „არსებობს მაშინ, როდესაც თითოეულ ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს ფიზიკური, სოციალური და ეკონომიკური წვდომა საკმარისი რაოდენობის უვნებელ და ხარისხიან სურსათზე, რომელიც საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს მათი სურსათზე მოთხოვნები და არჩევანი შესაბამის სანიტარულ და სამედიცინო მომსახურების პირობებში ჯანმრთელი (ჯანსაღი) და აქტიური ცხოვრების წესის წარმართვისათვის“  (World Development Report, 2008: 94). ამდენად, სასურსათო უსაფრთხოება არის გარანტი, რომ ქვეყანაში არსებობს საკმარისი მოცულობის საკვები, ჯანსაღი და ჯანმრთელი სიცოცხლისათვის. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საჭიროა არსებობდესმისი ათვისების ეკონომიკური შესაძლებლობა.

 

სასურსათო უსაფრთხოების საკითხების შესწავლას ეძღვნება არაერთი ქართველი მკვლევრისა და მეცნიერის ნაშრომი, მათ შორის აღსანიშნავია კოღუაშვილისა და ჩიხლაძის ნაშრომი სახელწოდებით „სასურსათო დამოუკიდებლობა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა“. სტატიაში მოცემული დასკვნის თანახმად, საჭიროა ქვეყნის შიგნით მარცვლეულის წარმოების გადიდების ყველა რეზერვის ამოქმედება. ამასთან, მარცვლეულის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სურსათის წარმოება პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში (ისევე როგორც საკუთარი თესლეულის, ნერგის, ჯიშიანი პირუტყვისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღწარმოების სხვა საშუალებათა წარმოება). აღნიშნულს მოითხოვს მსოფლიო სურსათის წარმოებაში შექმნილი ობიექტური რეალობა, საქართველოს საერთო ეკონომიკური ინტერესები და სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფის ამოცანა (კოღუაშვილი პ., ჩიხლაძე ნ., 2019).

 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (შემდგომში FAO), სასურსათო უსაფრთხოების შეფასების მიზნით ჩამოაყალიბა მაჩვენებელთა მთელი სისტემა. FAO სასურსათო უსაფრთხოების ოთხ ძირითად „ელემენტს“ გამოყოფს: არსებობა, ხელმისაწვდომობა, მოხმარება და სტაბილურობა. სურსათის არსებობა გულისხმობს სასურსათო პროდუქციის ფიზიკურ არსებობას, ხელმისაწვდომობა კი - სურსათის ფიზიკურ და ეკონომიკურ ხელმისაწვდომობას. მოხმარებაში მოიაზრება მოქალაქეების მიერ ხელმისაწვდომი სურსათის მოხმარება ისე, რომ მათი კვება იყოს ჯანსაღი და კვებითი ღირებულების მქონე. სტაბილურობა არის სურსათის ხელმისაწვდომობის დაკარგვის საფრთხე ან ფასების ცვალებადობის ხარისხი დროის მოკლე მონაკვეთში (ჯეოველ რისერჩი, 2017).

 

ზემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორების გარდა, ასევე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სურსათის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტიებზე. მიუხედავად იმისა,  რომ ეს არ არის FAO-ს სასურსათო უსაფრთხოების „ოთხი ელემენტის“ ნაწილი, მისი გათვალისწინება მაინც მნიშვნელოვანია, ვინაიდან სასურსათო დამოუკიდებლობა შეიძლება იყოს სასურსათო უსაფრთხოების განმაპირობებელი ფაქტორი. გარდა ამისა, სასურსათო დამოუკიდებლობა, ხშირად, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა (ჯეოველ რისერჩი, 2017:). სხვა სიტყვებით, სასურსათო უსაფრთხოების მთავარი კრიტერიუმი მოსახლეობისათვის უსაფრთხო საკვები პროდუქტით უზრუნველყოფაა, ხოლო, მეორე მხრივ, სურსათით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელია, რომელიც გულისხმობს ქვეყნის მოსახლეობის სურსათით მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენების ხარჯზე.

 

სურსათის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი[2] გვიჩვენებს, თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე მოთხოვნებს საკუთარი რესურსით; და რამდენადაა დამოკიდებული იმპორტზე.   გამომდინარე აქედან, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დაშვება, სხვა ცვლადების უცვლელობის პირობებში, ადგილობრივი წარმოების ზრდა დადებითად მოქმედებს თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტზე.  თუ განვიხილავთ იმპორტს, მაშინ პირიქით, მისი ზრდის შემთხვევაში სხვა ცვლადების უცვლელობის პირობებში მცირდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი. რაც შეეხება ექსპორტს, რაც უფრო იზრდება იგი, იზრდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მნიშვნელობაც, თუ სხვა ცვლადები უცვლელია.

 

დღევანდელი მონაცემებით, განსაზღვრულია ძირითადი საკვები პროდუქტები, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებათ ქვეყნისთვის და რომელთა მიღებაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. ესენია: ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული, ყურძენი, ხორცი (მათ შორის: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის, ფრინველის), რძე და რძის პროდუქტები და კვერცხი. ამდენად, მოცემულ სტატიაში სასურსათო უსაფრთხოების საკითხს განვიხილავთ ზემოთ მოცემულ აგროსასურსათო პროდუქტებზე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

 

სამწუხაროდ, დღესდღეობით, საქართველოში დაბალია აუცილებელი აგროსასურსათო პროდუქტებით დაკმაყოფილების დონე. 2020  წელს,  თვითუზრუნველყოფის  დაბალი  კოეფიციენტები (იხ. დანართი 1) დაფიქსირდა შემდეგ პროდუქტებზე: ხორბალი  - 15% და ხორცი - 49%.  საქართველოში აგროსასურსათო პროდუქტების იმპორტი წლების მანძილზე, სტაბილურად, ღირებულებითი მაჩვენებლით 3,5-ჯერ, ხოლო რაოდენობრივი მაჩვენებლით 2,6-ჯერ და მეტად აღემატება ექსპორტს, რაც ძირითადად განპირობებულია ამ პროდუქტების წარმოების დაბალი მოცულობით და შესაბამისი სექტორის სუსტი კონკურენტუნარიანობით უცხოელ მწარმოებლებთან შედარებით.

 

2006-2020 წლების მონაცემების ანალიზმა გვიჩვენა, რომ ზოგიერთი პროდუქტის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი დროის აღნიშნულ შუალედში უმჯობესდებოდა, ზოგიერთის კი უარესდებოდა. მაგალითისთვის, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მიხედვით ზრდადი ტენდენციით ხასიათდებიან შემდეგი აგროსასურსათო პროდუქტები: კარტოფილი, ყურძენი, კვერცხი და  ხორბალი. ხოლო კლებადი ტენდენციით ხასიათდება შემდეგი აგროსასურსათო პროდუქტები: სიმინდი, ბოსტნეული, რძე და რძის პროდუქტები, ხორცი. ადგილობრივი წარმოების მიხედვით, იმავე პერიოდში გამოკვეთილად კლებადი ტენდენციით ხასიათდება  სიმინდი, ბოსტნეული, რძე და რძის პროდუქტები; ხოლო ზრდადი ტენდენციით - კვერცხი და ხორბალი (მიუხედავად ამისა, მისი დიდი ნაწილის იმპორტირება ხდება საზღვარგარეთიდან). თანამედროვე პირობებში არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია დამოუკიდებლად და სხვა სახელმწიფოებისაგან იზოლირებულად სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ეროვნული წარმოებით, ამიტომაც, იმპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, თუ ქვეყანაში მაღალია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები, შესაძლოა ამ უკანასკნელმა იფიქროს ექსპორტზეც, რაც საბოლოო ჯამში აუმჯობესებს სახელმწიფოს ეროვნულ ბალანსს.

 

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტებსა და ადგილობრივ წარმოებას შორის დამოკიდებულება მოცემულია დიაგრამაზე 1.

 

 

 

 

დიაგრამა 1. ძირითადი აგროსასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები 2006-2020 წლების პერიოდში[3]

 

როგორც დიაგრამიდან ჩანს, 2006 წელს, ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 8% იყო, 2020 წელს კი 15%-მდე გაიზარდა. მართალია ხორბალს თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვს,  მაგრამ ზოგადად იგი  ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია 2010 წელს (6%), რაც ადგილობრივი წარმოების 11%-ით შემცირებამ და ექსპორტის 125%-ით ზრდამ განაპირობა. თუ ერთმანეთს შევადარებთ 2017-2020 წლებს დავინახავთ, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოლო ოთხი წლის მანძილზე არ შეცვლილა. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, ადგილობრივი წარმოება გაზრდილია დაახლოებით46%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 1%-ით. 2020 წელს 2006 წელთან შედარებით იმპორტი შემცირებულია 30%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 4%-ით. საყურადღებოა, რომ 2020 წელს არ ფიქსირდება ხორბლის ექსპორტი. თუ შესადარებლად ავიღებთ 2019 წელს, მაშინ, 2006 წელთან შედარებით, ექსპორტი შემცირებულია 89%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 83%-ით. მოცემულ პერიოდში ადგილობრივი წარმოების საშუალო აბსოლუტური მატება შეადგენდა დაახლოებით  2. 6 ათას ტონას წელიწადში.

 

სიმინდის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2006 წელს იყო 94%, 2020 წელს კი 68%-მდე შემცირდა.  მისი  თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირებულიამხოლოდ 2%-ით. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, ადგილობრივი წარმოება გაზრდილია დაახლოებით18%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით -  23%-ით. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, იმპორტი გაზრდილია 188%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 34%-ით. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, ექსპორტი შემცირებულია 96%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით ცვლილება ნულის ტოლია და შეადგენს მხოლოდ ათას ტონას. მოცემულ პერიოდში ადგილობრივი წარმოების საშუალო აბსოლუტური მატება შეადგენდა დაახლოებით წელიწადში (-6.72) ათას ტონას.

 

კარტოფილის  თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2006 წელს იყო 88%, 2020 წელს კი 92%-მდე გაიზარდა. მისი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მხოლოდ 1%-ით. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, ადგილობრივი წარმოება გაზრდილია დაახლოებით24%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 7%-ით. 2020 წელს კარტოფილის იმპორტის მაჩვენებელი გაუტოლდა 2006 წლის მაჩვენებელს (24 ათასი ტონა). 2019 წელთან შედარებით იმპორტი გაზრდილია 26%-ით. 2020 წელს, 2006 წელთან, შედარებით ექსპორტი გაზრდილია 300%-ით, 2019 წელს ცვლილებები არ მომხდარა მაჩვენებელში (4 ათასი ტონა), ხოლო 2018 წელთან შედარებით შემცირებულია 86%-ით. მოცემულ პერიოდში ადგილობრივი წარმოების საშუალო აბსოლუტური მატება შეადგენდა დაახლოებით წელიწადში ათას ტონას.

 

ბოსტნეულის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2006 წელს 79% იყო, 2020 წელს კი 63%-მდე შემცირდა. მისი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით შემცირებულია 1%-ით. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, ადგილობრივი წარმოება შემცირებულია დაახლოებით2%-ით, მაგრამ გაზრდილია 9%-ით 2019 წელთან შედარებით. 2020 წელს, 2006  წელთან შედარებით, იმპორტი გაზრდილია 117%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 3%-ით. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია 233%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით შემცირებულია 17%-ით. მოცემულ პერიოდში ადგილობრივი წარმოების საშუალო აბსოლუტური მატება შეადგენდა დაახლოებით (-4.9) ათას ტონას წელიწადში.

 

ყურძნის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2006 წელს 112% იყო, 2020 წელს კი 145%-მდე გაიზარდა. მისი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, შემცირებულია 6%-ით. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, ადგილობრივი წარმოება გაზრდილია დაახლოებით96%-ით, 2019 წელთან შედარებით - 8%-ით. 2020 წელს, 2006  და 2019 წლებთან შედარებით, იმპორტი შემცირებულია 81%-ით. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია 308%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით შემცირებულია მხოლოდ 3%-ით. მოცემულ პერიოდში ადგილობრივი წარმოების საშუალო აბსოლუტური მატება შეადგენდა დაახლოებით 1.72 ათას ტონას წელიწადში.

 

ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2006 წელს 73% იყო, 2020 წელს კი 49%-მდე შემცირდა. მისი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 2%-ით. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, ადგილობრივი წარმოება შემცირებულია დაახლოებით17%-ით, 2019 წელთან შედარებით კი სხვაობა ნულს უახლოვდება. 2020 წელს, 2006  წელთან შედარებით, იმპორტი გაზრდილია 169%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით შემცირებულია 3%-ით. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია 1000-ზე მეტი პროცენტით, ხოლო 2019 წელთან შედარებით - დაახლოებით 30%-ით. მოცემულ პერიოდში ადგილობრივი წარმოების საშუალო აბსოლუტური მატება შეადგენდა დაახლოებით წელიწადში (-1.55) ათას ტონას.

 

რძისა და რძის პროდუქტების თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2006 წელს 82% იყო, 2020 წელს კი 81%-მდე შემცირდა. მისი  თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით არ შეცვლილა და რჩება 81%-ის ნიშნულზე. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, ადგილობრივი წარმოება შემცირებულია დაახლოებით6%-ით, მაგრამ გაზრდილია 1%-ით 2019 წელთან შედარებით. 2020 წელს, 2006  წელთან შედარებით, იმპორტი გაზრდილია 17%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 11%-ით. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია 1000-ზე მეტი პროცენტით, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 200%-ით.  მიუხედავად ამისა, მოცემულ პერიოდში ადგილობრივი წარმოების საშუალო აბსოლუტური მატება შეადგენდა დაახლოებით (-7.1) ათას ტონას წელიწადში.

 

კვერცხის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2006 წელს 85% იყო, 2020 წელს კი 97%-მდე გაიზარდა. მისი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 1%-ით. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, ადგილობრივი წარმოება გაზრდილია დაახლოებით171%-ით, 2019 წელთან შედარებით - მხოლოდ 2%-ით. 2020 წელს, 2006  წელთან შედარებით, იმპორტი შემცირებულია 38%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 13%-ით. 2020 წელს, 2008 წელთან (2006 წლის მონაცემი არ არის აღრიცხული) შედარებით, ექსპორტი გაზრდილია 700%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით - მხოლოდ 60%-ით. მოცემულ პერიოდში ადგილობრივი წარმოების საშუალო აბსოლუტური მატება შეადგენდა დაახლოებით 31.9 მლნცალს წელიწადში.

 

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ძირითადად იმეორებს ადგილობრივი წარმოების ტენდენციას. სხვა სიტყვებით, როდესაც იზრდება ადგილობრივი წარმოება, იზრდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტიც. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ადგილობრივ წარმოებაზე მეტად სხვა ფაქტორი ახდენს გავლენას (უარყოფითს ან დადებითს) თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტზე. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს კარტოფილის ადგილობრივი წარმოება წინა წელთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით 20%-ით, მისი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი შემცირდა 18%-ით. ეს განაპირობა იმპორტის მაჩვენებლის წარმოუდგენელმა ზრდამ (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 25-ჯერ).  2013 წელს, სიმინდის შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოება წინა წელთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით 36%-ით, მაგრამ მისი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი შემცირდა 4%-ით, ამაში დიდი წვლილი შეიტანა ექსპორტის 74%-ით და იმპორტის 143%-ით ზრდამ (ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ეფექტმა ვერ შეძლო გადაეფარა იმპორტის უარყოფითი ეფექტი). 2015 წელს, ყურძნის ადგილობრივი წარმოების 30%-ით ზრდის მიუხედავად, წინა წელთან შედარებით,  მისი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი შემცირდა 44%-ით. ეს განაპირობა ექსპორტის 41%-ით შემცირებამ წინა წელთან შედარებით (იმპორტის უცვლელობის პირობებში ადგილობრივი წარმოების ზრდამ ვერ გადაფარა ექსპორტის შემცირებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი). 2011 წელს, ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოების 6%-ით ზრდის მიუხედავად, წინა წელთან შედარებით,  მისი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი შემცირდა 4%-ით. ეს განაპირობა ექსპორტის 50%-ით შემცირებამ წინა წელთან შედარებით.

 

აღსანიშნავია, რომ აგროსასურსათო პროდუქტების ადგილობრივ წარმოებაზე მოქმედებს ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესი ფართობები, მოსავლიანობა, ასევე, პირუტყვისა და ფრინველის სულადობა. ამასთან, წარმოების მაჩვენებელზე მოქმედებს სხვა გარე ფაქტორებიც. მაგალითად, ამინდის ცვალებადობა, სტიქიური უბედურებები და ა.შ.

 

მართალია, სასურსათო დაუცველობა საქართველოში არასახარბიელოა, მაგრამ ეს  იმასაც ნიშნავს, რომ წარმოების გაუმჯობესების პოტენციალიც მაღალია (ჯეოველ რისერჩი, 2017: 6).  სასურსათო უსაფრთხოების და კვების სტატუსის კვლევაში (2017: 22) ასევე, აღნიშნულია, რომ კავკასიის რეგიონში,  ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა სასურსათო უსაფრთხოებისათვის აშკარაა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი დამოკიდებულია საკუთარ ნატურალურ მეურნეობაზე. ამის შედეგად, რეგიონში ბევრი მწარმოებლისათვის საკუთარი პროდუქტიულობა და წარმოების სანდოობა პირდაპირ განაპირობებს მათ მიერ მოხმარებული საკვების რაოდენობას. ამიტომ, მათი სასურსათო უსაფრთხოება პირდაპირ მიბმულია საკუთარი სურსათის წარმოებაზე. მდგომარეობას აუარესებს ის ფაქტიც, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. 2020 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში (სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა) დასაქმებულია 246 ათასი ადამიანი, რაც დასაქმებულთა მხოლოდ 20%-ს შეადგენს.სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავლები, გაანგარიშებული ერთ შინამეურნეობაზე, 2020 წლის მონაცემებით, მხოლოდ 54,1 ლარია[4] და მათ ფულად შემოსავლებში  მხოლოდ და მხოლოდ 5% უჭირავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მეურნეობები სუსტადაა განვითარებული.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების ანგარიში (2018) იძლევა შემდეგ ფორმულირებას - მდგრადობის მისაღწევად აუცილებელია ეკონომიკური ზრდის ამაღლება და იგი პირდაპირაა დაკავშირებული სასურსათო უსაფრთხოების მიღწევასთან, საკვების გაუმჯობესებასთან და სიცოცხლისუნარიან სოფლის მეურნეობასთან. სასოფლო-სამეურნეო მდგრადობა შეიძლება მიღწეული იქნას ფერმერულ მეურნეობებში ტექნიკის გამოყენებისა და განხორციელების გზით, რაც ხელს შეუწყობს კულტურების წარმოებას, გაზრდის მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას, ამავე დროს, ის ხელს შეუწყობს გარემოსა და  ბუნებრივი წყაროების დაცვას (Naveen Kumar Arora, 2018).

 

დადგენილია, რომ მშპ-ში სოფლის მეურნეობის დარგის ეკონომიკური ზრდა გაცილებით მეტად ამცირებს სიღარიბეს, ვიდრე სხვა დარგის ზრდა (Sustainable Development Solutions Network, 2013). სასურსათო უზრუნველყოფა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ამ დარგის განვითარება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის. საქართველოში, აგროსასურსათო პროდუქტების იმპორტი, სტაბილურად, 3.5-ჯერ და მეტად აღემატება ექსპორტს. დადებითი სავაჭრო სალდოს შექმნით მნიშვნელოვნად გაიზრდება მშპ.

 

მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია სურსათზე ქვეყანაში არსებული ფასების დონე, ასევე ის, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის აღნიშნული ფასები. მონაცემები  (იხ. დანართი 3 ) გვიჩვენებს, რომ ტენდენცია ყველა ზემოთ განხილული პროდუქტისთვის არის მზარდი. თუ შედარებისთვის ავიღებთ 14 წლიან შუალედს, დავინახავთ, რომ ფასები, ხშირ შემთხვევაში, 100%-ით და მეტით არის გაზრდილი.

 

იმისათვის, რომ მოსახლეობის მიერ სურსათზე გაწეულ ხარჯებს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დატვირთვა მივანიჭოთ, საჭიროა ვიცოდეთ მოსახლეობის შემოსავალებიც (იხ. დანართი 4).

 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2006 წელს, ერთ სულზე საშუალო თვიური შემოსავალი 102.6 ლარი იყო, რომელიც ყოველწლიურად იზრდებოდა და 2020 წლისთვის  321.4 ლარს მიაღწია. როგორც ვხედავთ, გაზრდილია როგორც სურსათის, ასევე საშუალო თვიური შემოსავლების მაჩვენებელი. თუმცა, საინტერესოა, აირს თუ არა საკმარისი შემოსავლების ზრდა სასურსათოს ფასების ცვლილების დასაფარად. მაგალითისთვის, საშუალო თვიური შემოსავალი 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, გაზრდილია 213%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით შემცირებულია 4%-ით.  ამასთან, აუცილებელია ყურადღება სურსათის ფასების საშუალო ცვლილებაზეც გამახვილდეს. 2020 წელს, 2006 წელთან შედარებით, სურსათის ფასების საშუალო მატება შეადგენს 103%-ს, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 12%-ს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო თვიური შემოსავლების ზრდას. ერთი შეხედვით, მოსახლეობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად უნდა უმჯობესდებოდეს, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად რეალურია ერთ სულზე თვიური შემოსავლით - 321.4 ლარით - სრულად იქნას დაკმაყოფილებული მოსახლეობის კვებითი რაციონი. ამის გადასამოწმებლად ავტორის მიერ გაანგარიშებულ იქნა სურსათის ხელმისაწვდომობის ინდექსი[5], რომელშიც სამომხმარებლო კალათის ღირებულების საპირწონედ აღებულია საარსებო მინიმუმის[6] შემდეგი სამი სახეობა: შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი.გაანგარიშების შემდეგ დადგინდა, რომ ინდექსის მნიშვნელობა, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, ერთზე მეტია, თუმცა ხასიათდება კლებადი ტენდენციით. გაანგარიშებები წარმოდგენილია ცხრილში 1. ამასთან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მდგომარეობა შესაძლოა უფრო მწვავე იყოს სამი და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში.

 

ცხრილი 1 სურსათის ხელმისაწვდომობის ინდექსები, 2009-2020 წლები[7]

 

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია 2016 წელს, როდესაც ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიური შემოსავალი შეადგენდა 302,2 ლარს, ხოლო შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 160,1 ლარს,  საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 141,8 ლარს, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 268,5 ლარს. 2016 წლიდან ინდექსის მნიშვნელობა იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებით მაჩვენებლებში ეს მონაცემები ზრდადია. ამასთან, ინდექსის მნიშვნელობა მკვეთრად შემცირებულია ბოლო, 2020 წელს, რაც, უნდა ვივარაუდოთ, სავსებით გასაგებია შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

 

დასკვნა

 

ეროვნულ დონეზე სასურსათო უსაფრთხოების ძირითადი ასპექტებია - რაოდენობრივი უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა, ამ შემთხვევაში, რაოდენობრივი უზრუნველყოფა გულისხმობს სახელმწიფოს მუდმივ მზადყოფნას, შეინარჩუნოს საკუთარი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მინიმალური დონე. სასურსათო უზრუნველყოფა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ამ დარგის განვითარება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის. სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის საწარმოო რესურსული პოტენციალის ათვისებასა და ეფექტიანად გამოყენებას.

 

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების ზრდა სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ნიშნავს. საქართველოში, აგროსასურსათო პროდუქციის დაბალი მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ მისი გაუმჯობესებისათვის დიდი პოტენციალი არსებობს. წარმოების გაზრდა სიღარიბის აღმოფხვრასა და სხვა სასურსათო უსაფრთხოების ინდიკატორების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ადგილობრივი მაღალპროდუქტიულობის მიჩნევა სასურსათო უსაფრთხოების ძლიერ ინდიკატორად მაინც არ არის სარწმუნო. როგორც ანალიზმა აჩვენა, თვითუზრუნველყოფის  კოეფიციენტზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენენ.

 

იხილეთ დანართი.

 

 

[1] მდგრადი განვითარების მიზნები არის უპრეცენდენტო შეთანხმება მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს 193 წევრ ქვეყანას შორის. მიზნებმა მიიღეეს მსოფლიოს სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, პარლამენტარების და სხვა უამრავი ადამიანის მხარდაჭერა.

 

[2]სურსათის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება შემდეგნაირად: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე.

 

[3] წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სასურსათო ბალანსები, მონაცემები დამუშავებულია ავტორის მიერ, http://www.geostat.ge/index.php?action=page&p_id=751&lang=geo

 

[4]წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავლები, ერთ შინამეურნეობაზე, გენერირებული ავტორის მიერ.

 

[5] სურსათის ხელმისაწვდომობის ინდექსი ტოლია ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული შემოსავალი შეფარდებული სასურსათო კალათის ღირებულებასთან (ასათიანი ს., 2010: 15)

 

[6] საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

 

[7]გაანგარიშებულია ავტორის მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024