ინფორმაციის კომისიონერთა საერთაშორისო გამოცდილება

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 3 დეკემბერი 2014

ინფორმაციის თავისუფლების ცენტრი (Center for Freedom of Information) არის შოტლანდიის ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერისა და დანდის უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაცია. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, შოტლანდიის ინფორმაციის თავისუფლების ყოფილი კომისიონერი კევინ დანიონი, IDFI-ს რეკომენდაციით და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მოწვევით აქტიურად იყო ჩართული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ახალი კანონის შემუშავებაში. ქვემოთ მოცემული კვლევა ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერთა საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ინფორმაციის თავისუფლების კანონის მიღებასთან ერთად კომისიონერის ინსტიტუტის შექმნა იგეგმება საქართველოშიც.

 


ინფორმაციის თავისუფლების ცენტრმა 2014 წელს ჩაატარა კვლევა და შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის ინფორმაციის კომისიონერთა გამოცდილება. ინფორმაციის თავისუფლები კომისიონერთა საერთაშორისო ქსელის მეშვეობით მათ გაეგზავნათ კითხვები, მიღებული პასუხების საფუძველზე კი შედგენილ იქნა სტატისტიკური მონაცემები. კვლევა სწორედ აღნიშნული მონაცემების შესახებ აწვდის მკითხველს ინფორმაციას. კერძოდ ის ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა კომისიონერთა თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობაზე დანიშვნის ვადა, ბაჟი, განცხადებებისა და საჩივრების განხილვის ვადა, კომისიონერთა გადაწყვეტილებების სამუშაო ვერსიების გაზიარება, გადაწყვეტილებათა გამოქვყენება, სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა და სხვა.

 


აღსანიშნავია, რომ კვლევის პერიოდში გამოკითხულ იქნა 34 ქვეყნის წარმომადგენელი. ამასთან იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არის შექმნილი ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ინსტიტუტი, კვლევაში მონაწილეობა მიიღო სახალხო დამცველის აპარატმა.

 

ქვემოთ წარმოგინდგენთ რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც ეხება შოტლანდიური ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა.

 

 

– პერსონალური ელ. ფოსტის გამოყენებით მიღებული და გაგზავნილ ინფორმაციის საჯაროობა

 

ბოლო პერიოდში რიგ ქვეყნებში გამოითქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო მოხელეები, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები (მინისტრები) ხშირ შემთხვევაში ოფიციალური კომუნიკაციის განხორცილებისას იყენებენ პირად და არა სამსახურეობრივ ელ. ფოსტას. ამ გზით მოხელეები ცდილობენ გამორიცხონ საკუთარი კომუნიკაცია ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის მოქმედების სფეროდან. კვლევის პერიოდში, კომისიონერებს დაუსვეს შეკითხვა თუ რამდენად უნდა ყოფილიყო თანამდებობის პირების მიერ პერსონალური ელ. ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ოფიციალური მიმოწერა ღია (აღსანიშნავია, რომ სამსახურეობრივი ელ. ფოსტით განხორციელებული კომუნიკაცია ერთნმნიშვნელოვნად განიხილება, როგორც ინფორმაციის თავისუფლების სფერო). გამოკითხულთა 52% აღნიშნავდა, რომ ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ ის გადაცემული და მიღებული იყო პირადი ელ. ფოსტის მეშვეობით წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო განმცხადებლისთვის. ხშირ შემთხვევაში კომისიონერები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მათი კანონმდებლობის თანახმად უდავოდ ხვდებოდა საჯარო ინფორმაციის განმარტების ქვეშ მიუხედავად იმისა თუ რა ფორმით იყო ის მიღებული თუ გაგზავნილი.

 

 

– საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან

 

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საკითხთან დაკვშირებით ქვეყნების მიდგომა ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. კერძოდ, რიგ ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა ვრცელდება კომპანიათა შეზღუდულ რაოდენობაზე, რომლებიც ტრადიციულად დაფუძნებული იყო სახელმწიფოს მიერ ან წარმოადგენდა კვაზი-მონოპოლისტს ბაზარზე. სფეროები, რომლებშიც ეს იურიდული პირები საქმიანობენ კი ძირითადად ტრანსპორტს, კომუნიკაციებს, ჯანმრთელობის დაცვასა და ენერგეტიკას შეეხება. სხვა ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობას ბევრად ფართო მოქმედების წრე აქვს. ამ ქვეყნებში კანონით არ არის დადგენილი კონკრეტული კრიტერიუმი იმ კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, რომებზეც ვრცელდება ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობა და ამის ნაცვლად ის კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებაზეა დამოკიდებული. ამასთან მაგალითად მექსიკის კანონმდებლობა მითითებას აკეთებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე და აღნიშნავს, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირები რომლებიც იღებენ დაფინანსებას ცენტრალური თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან კანონის მიზნებისთვის საკუთარ ვალდებულებებში უთანაბრდებიან ადმინისტრაციულ ორგანოებს. ხაზგასასმელია ასევე ესტონეთის კანონმდებლობა, რომელიც კერძო კომპანიებს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოქმედების ქვეშ აქცევს იმ შემთხვევაში თუ იურიდიული პირი იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან თუ საქმე ეხება ბაზარზე დომინირებულ პოზიციაზე მყოფ მონოპოლისტურ კომპანიას.


ზემოთქმულზე არანაკლებ მნიშვნელოვანია შეფასდეს თუ რამდენად ასრულებენ კერძო სამართლის იურიდიული პირები ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. მოცემულ საკითხთან დაკვშირებით გამოკითხულ კომისიონერთა 63% აღნიშნავდა, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირები როგორც წესი არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, ან საერთოდ არ არიან ინფორმირებული მსგავსი ვალდებულების არსებობის შესახებ.

 

 

– ზეპირი განცხადებები

 

გამოკითხულ კომისიონერთა 45% აღნიშნავდა, რომ მათი კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადება არ შეიძლება წარდგენილ იქნას ზეპირი ფორმით. მიუხედავად ამისა მრავალი სხვა ქვეყანა იცნობს განცხადების ზეპირი ფორმით გაკეთების შესაძლებლობას. ხორვატიასა და ისლანდიაში მაგალითად ზეპირი განცხადების მიმღები დაწესებულება ვალდებულია ჩაიწეროს განცხადება განმცხადებლის სახელით და შესაბამისად გასცეს საჯარო ინფორმაცია. რამდენიმე ქვეყნის კანონმდებლობით ზეპირი განცხადებით საჯარო დაწესებულებებისთვის მიმართვა მხოლოდ შეზღუდულ შემთხვევებშია შესაძლებელი. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი მსგავს შესაძლებლობას იცნობს ისეთ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გარემოს მდგომარეობას. კანადაში კი აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით შემოიფარგლება.

 

 

– სოციალური ქსელების საშუალებით წარდგენილი განცხადებები

 

კომისიონერთა მოსაზრებები გაიყო სოციალური ქსელების საშუალებით წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით. კერძოდ გამოკითხულ კომისიონერთა 30% მიუთითებდა, რომ სოციალური ქსელების საშუალებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას არ ქონდა სამართლებრივი ძალა. მიუხედავად ამისა კომისიონერთა მესამედი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ასეთი სახით წარდგენილი განცხადებები იყო სამართლებრივი ძალის მქონე და დაწესებულება ვალდებული იყო გაეცა შესაბამისად მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. საინტერესოა აღინიშნოს, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მიღებულია სახელმძღვანელო პრინციპები, რომლის თანახმადაც „იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულებას აქვს შექმნილი შესაბამისი ოფიციალური გვერდი Facebook–ზე ან Twitter-ზე, ამ გვერდებზე სოციალური ქსელების საშუალებით მიღებულ განცხადებებს აქვს სამართლებრივი ძალა“, შესაბამისად საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე გასცეს საჯარო ინფორმაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში სოციალური ქსელის საშუალებით წარდგენილი განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას განმცხადებლის ვინაობის და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ (შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ელ. ფოსტით).

 

 

– არაგონივრული მოთხოვნები

 

ადმინისტრაციული ორგანოები ხშირად გამოთქვამენ წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ რიგ შემთხვევებში ხდება საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ უფლების ბოროტად გამოყენება. სწორედ ამიტომ კვლევის ფარგლებში კომისიონერებს დაუსვეს შეკითხვა თუ, როგორ რეგულირდებოდა აღნიშნული საკითხი მათი ქვეყნის კანონმდებლობით. გამოკითხულ კომისიონერთა დაახლოებით ¾ მიუთითებდა იმაზე, რომ მათი კანონმდებლობა მოიცავდა დათქმას იმასთან დაკავშირებით, რომ არაგონივრული, არა-ეთიკური ან ზედმეტად მოცულობითი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო არ არის ვალდებული გასცეს საჯარო ინფორმაცია. არაგონივრულების ტესტის ჩატარებისას კი კომისიონერები ძირითადად ითვალისწინებდნენ იმას, თუ რა ვადა და ადამიანური რესურსი იქნებოდა აუცილებელი განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გასაცემად.

მაგალითად, შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული პრაქტიკით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის დასაბუთება, მის დიდ მოცულობაზე მითითებით, ძალზე შეზღუდულია. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას ყურადღება ექცევა იმას შეეცადა თუ არა განმცხადებელი საჯარო დაწესებულების მითითების შემდეგ გონივრულ ფარგლებში შეემცირებინა მოთხოვნა ან საჯარო დაწესებულებასთან ერთობლივი მუშაობის პროცესში შეთანხმებულიყო მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების დამატებითი ვადებზე.

 

 

შეჯამება

 

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მოცემული პერიოდისთვის, როდესაც საქართველოში იგეგმება ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღება და მზადების ეტაპზეა ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავეცნოთ მოცემული კვლევის მიგნებებს. კვლევაში მოცემული დაკვირვებები საერთაშორისო დონეზე ინფორმაციის კომისიონერთა გამოცდილების შესახებ გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე ინსტიტუტის ქართულ რეალობაში დანერგვის პროცესში. ამ გზით შესაძლებელი იქნება თავიდან იქნეს აცილებული ის ხარვეზები, რომლებთან დაკავშირებითაც სხვადასხვა ქვეყნის კომისიონერები გამოთქვამდნენ წუხილს.

 

/public/upload/IDFI/Commissioner Survey1.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024