მოპოვებითი მრეწველობის გამჭირვალობის ინიციატივა (EITI) გაფართოებას აგრძელებს

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 დეკემბერი 2020

მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI) წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების, მათ შორის გაზის, ნავთობის, ლითონების და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ სფეროში, კარგი მმართველობის გლობალურ სტანდარტს. EITI ხელს უწყობს მოპოვებით სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების განვითარებას, და ავალდებულებს წევრ ქვეყნებს ყოველწლიურად გამოაქვეყნონ მონაცემები, კონტრაქტებისა და ლიცენზიების რეგისტრაციასთან, ქვეყნების ფისკალურ და საკანონმდებლო ჩარჩოებთან და ბენეფიციარ საკუთრებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, EITI სწავლობს ბუნებრივი რესურსების მოპოვების ზეგავლენას ეკონომიკაზე, როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე.

 

2020 წლის 14-15 ოქტომბერს COVID-19 პანდემიის გამო EITI-მ ონლაინ რეჟიმში საბჭოს 48-ე შეხვედრა გამართა. დისკუსიის დროს განისაზღვრა EITI–ს მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტები 2021-2022 წლების პერიოდისთვის. მათ შორის აღინიშნა, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მრეწველობის სფეროში კორუფციის რისკების იდენტიფიცირებას, ღია მონაცემების გამოქვეყნებას, ენერგეტიკის სფეროს გარდაქმნასა და მისი გავლენის გაზომვას.

 

EITI–ს სამდივნომ, ასევე, იმსჯელა წევრი ქვეყნების დაფინანსებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, რაც უფრო მეტად გამწვავებულია მიმდინარე პანდემიის ფონზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ EITI-ს წევრი ქვეყნების დაახლოებით მეოთხედი განიცდის დაფინანსების დეფიციტსა და ბიუჯეტის შემცირებას, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე უფრო მეტად პრიორიტეტულია სოციალური და ჯანდაცვის საკითხები. გარდა ამისა, ნავთობზე შემცირებული მოთხოვნა უფრო დიდ გამოწვევას უქმნის ისეთ ეკონომიკებს, რომლებიც ძირითადად წიაღისეულ საწვავზე არიან დამოკიდებულნი.

 

აღსანიშნავია, რომ EITI-ს შეუერთდა ახალი წევრი, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობ მომპოვებელ და გადამამუშავებელ ქვეყანას, ეკვადორს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში გასწია დიდი ძალისხმევა EITI-ში გასაწევრიანებლად და ორგანიზაციის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. ეკვადორის EITI-ში გაწევრების საკითხი განიხილეს საბჭოს სხდომაზეც. ეკვადორი EITI-ში გაწევრების შემდეგ ვალდებულია 18 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საჯაროობის ახალი სტანდარტების დანერგვა ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან, მათ შორის ამ პროცესში ჩართული კომპანიების შემოსავლებთან და ხარჯებთან, ბენეფიციარ მესაკუთრეებთან, გარემოსდაცვით გადასახადებსა და სახელმწიფოს კუთვნილ საწარმოებთან დაკავშირებით.

 

აღსანიშნავია, რომ ხშირად მოპოვებით ინდუსტრიაში სახელმწიფო წარმოდგენილია სახელმწიფო საწარმოებით და აქედან გამომდინარე EITI ავალდებულებს წევრ ქვეყნებს გამოაქვეყნონ ინფორმაცია მთავრობასა და სახელმწიფოს კუთვნილ საწარმოებს შორის ფინანსური კავშირების შესახებ.

 

EITI–ზე დაყრდნობით ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენა გულისხმობს კომპანიის რეალური მფლობელების იდენტიფიცირების პროცესს. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარი საკუთრების მართვის პროცესი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მოპოვებითი მრეწველობის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რადგან ის მხარს უჭერს ადგილობრივი თემების უფლებებსა და უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას. ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენა წარმოადგენს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან საშუალებას.

 

2012 წლიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხელი შეუწყვეს ეკვადორს, რათა დაეწყო EITI–ში გაწევრების პროცედურები. მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოპოვებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა მომდევნო სამი წლის სამოქმედო გეგმა. უფრო კონკრეტულად, გეგმა მიზნად ისახავდა ეროვნული პრიორიტეტების გათვალისწინებით ეკვადორის ინკლუზიურ განვითარებას, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა შემდეგ ძირითად მიდგომებს:

 

1) EITI-ს სტანდარტის შესაბამისად არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანა და სახელმწიფო პოლიტიკის გარდაქმნა, რათა გამჭირვალე იყოს ურთიერთობა მთავრობასა და სახელმწიფო საწარმოებს შორის. მაგალითად, მთავრობასა და სახელმწიფო საწარმოს შორის ფინანსების გადაცემის, შემოსავლების რეინვესტირების და მესამე მხარის დაფინანსების წესებსა და მეთოდებთან დაკავშირებით;

 

2) ინფორმაციის გამოქვეყნება მოპოვებით ინდუსტრიაში სახელმწიფო საწარმოების წილის შესახებ, რომელიც, ასევე, მოიცავს სახელმწიფო საწარმოებზე დაქვემდებარებულ და ერთობლივ საწარმოებს. ასევე, ინფორმაციის გამოქვეყნება საწარმოებში წილობრივი მფლობელობის ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ რესურსებით მდიდარ ბევრ ქვეყანაში, როგორიცაა ეკვადორი, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლის გარკვეული ნაწილი სახელმწიფოს ეკუთვნის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფულის გათეთრებისა და კორუფციის რისკები.

 

შეხვედრაზე საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც სურს გააუმჯობესოს ბუნებრივი რესურსების მართვის მექანიზმები, შეუძლია მიმართოს EITI-ს იმისათვის, რომ ორგანიზაციის ზედამხედველობით წარმატებით დაინერგოს ღიაობის და ანგარიშვალდებულების სტანდარტი.

 

თანამედროვე მსოფლიოში, ბუნებრივი რესურსების მართვის ეფექტური მექანიზმების არსებობას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის თანახმად, ქვეყნის ბუნებრივი რესურსები ეკუთვნის მის მოქალაქეებს და ამ რესურსების ეფექტიანად მოპოვებამ შეიძლება გააუმჯობესოს მოქალაქეების კეთილდღეობა, და ხელი შეუწყოს სახელმწიფოს ეკონომიკურ ზრდას და სოციალური განვითარებას. შესაბამისად, აუცილებელია მთავრობის მიერ თანმიმდევრული და თანამშრომლობითი მიდგომები და შესაბამისი პოლიტიკის არსებობა, რომელიც განსაზღვრავს მოპოვებითი სექტორის სიმდიდრის მართვას და საზოგადოებრივ სიკეთედ გარდაქმნას. ამასთან, OECD–ის თანახმად, ზოგიერთ განვითარებად სახელმწიფოში ფიქსირდება ბუნებრივი რესურსების არაეფექტიანი მენეჯმენტი, რაც შემდგომში იწვევს კორუფციას, სიღარიბესა და მოქალაქეთა კეთილდღეობის შემცირებას. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა თუ როგორ შეიძლება ქვეყნებმა გააუმჯობესონ ბუნებრივი რესურსების მართვის ეფექტიანობა და უზრუნველყონ პროცესების გამჭვირვალობა?

 

EITI, როგორც ბუნებრივი რესურსების კარგი მმართველობის გლობალური სტანდარტი, მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტთან დაკავშირებით და მთელი მსოფლოს მასშტაბით აერთიანებს 55 ქვეყანას (მათ შორის ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები, OECD-ის წევრი სახელმწიფოები, აგრეთვე ევროპის, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები) EITI-ს სტანდარტის გარშემო.

 

საინტერესოა ფილიპინების მაგალითი, სადაც მოქალაქეებმა მომპოვებელი კომპანიების დახმარებით დაიწყეს სოციალური პროგრამების შექმნა, მათ შორის სკოლების მშენებლობები, საავადმყოფოების კეთილმოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. ასევე, მათ ჰქონდათ საშუალება შეეფასებინათ რამდენად ემთხვეოდა ადგილობრივი განვითარების გეგმები რაიონის ან მუნიციპალიტეტის მოთხოვნებსა და ზოგად საჭიროებებს.

 

წარმატებული ენერგეტიკული ინდუსტრია თითოეული ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა, თუმცა საქართველოს მოპოვებითი მრეწველობის მართვის სრულყოფილი პოლიტიკის ჩარჩო არ გააჩნია. არსებული ტენდენციიდან გამომდინარე სასარგებლო იქნება, თუ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს ეკვადორის გამოცდილებას და დაიწყებს EITI-ს სტანდარტის დანერგვის პროცესს. მოპოვებით მრეწველობაში სწორედ ფუნქციონირებადი და ეფექტური გამჭვირვალობის მექანიზმების არსებობა ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, რადგან იგი შექმნის მიმზიდველ გარემოს ბიზნესის განვითარებისთვის და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. უფრო მეტიც, ეს მექანიზმები იქნება კარგი ინსტრუმენტი კორუფციასთან ბრძოლისა და პრევენციისთვის, ასევე, მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის. EITI-ს სტანდარტის დანერგვის შედეგად საქართველო გადავა მოპოვებითი მრეწველობის მართვის ახალ ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს ამ პროცესებში ჩართული თითოეული მხარის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

 

გადაწყვეტილების მიმღები პირების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობა მოპოვებითი სექტორის მართვაში მნიშვნელოვანია. EITI ცდილობს იყოს ღიაობის და თანამშრომლობის პროცესების ხელშემწყობი სახელმწიფოებში. მიუხედავად, Covid-19 პანდემიის, და სხვა მიმდინარე გამოწვევებისა, EITI-ს წარმატებული საქმიანობით მტკიცდება, რომ ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინიციატივა სახელმწიფოებში ბუნებრივი რესურსების მართვის გასაუმჯობესებლად.

 

___

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024