დისკუსია - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა – 2015 წლის შეჯამება

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 6 თებერვალი 2016

ხუთშაბათს, 21 იანვარს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა - 2015 წლის შეჯამება“. დისკუსია ჩატარდა პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“-ს ფარგლებში. მოცემული სტატია გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და განიხილეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, ისაუბრეს მის ძირითად მახასიათებლებზე და შეაჯამეს განვლილი 2015 წელი.


დისკუსიაში მომხსენებლებად წარსდგნენ თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ზურაბ ჭიაბერაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. დისკუსიაში მომხსენებლად ასევე მოწვეული იყო მაია მაღლაკელიძე - სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი. თუმცა სამწუხაროდ, დისკუსიაში მონაწილეობაზე თავდაპირველი თანხმობის მიუხედავად, ქალბატონი მაია ღონისძიებაზე არ გამოცხადდა.


ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა ისეთი დახურული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე, რომელიც ჯანდაცვის პროგრამის სრულფასოვნი შეფასებისთვის არის საჭირო. მისი თქმით, 2013 წლის შემდეგ არ გამოქვეყნებულა ჯანდაცვის ეროვნული ანგარიში (National Health Account), რომელშიც მითითებულია თუ რამხელაა ჯანდაცვის წილი მთლიან მშპ-სთან მიმართებაში და რამხელაა სახელმწიფოს წილი ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში. ჭიაბერაშვილის განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია აუცილებელია ჯანდაცვის სექტორში არსებული სიტუაციის სრულად აღსაქმელად. მისი თქმით, აღნიშნული ანგარიში ანალოგიური პარამეტრების სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებითი ანალიზის საშუალებასაც იძლევა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის 2015 წლის შედეგების შეფასებისას აუცილებელია არსებობდეს ინფორმაცია ჯანდაცვის ბიუჯეტის ხარჯვის გეოგრაფიულ არეალზე, მოხმარების მკვეთრი ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებზე, ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯების ბენეფიციარებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა და ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში არსებულ სიტუაციაზე.


ჭიაბერაშვილმა ასევე განიხილა პაციენტების ჯიბიდან გადახდილი დანახარჯების სტატისტიკა და აღნიშნა, რომ 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, 2014 წელს ამ კუთხით მდგომარეობა ყველაზე მეტად მოსახლეობის უღარიბესი ნაწილისათვის გაუარესდა. მისი თქმით, მდგომარეობა გაუარესდა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვისაც - სოფლად მცხოვრები ქრონიკული დაავადების მქონე თითოეულ პაციენტზე ჯიბიდან გადახდილი თანხების საშუალო წლიური მაჩვენებელი 11%-ით, ხოლო უღარიბესი მოსახლეობისთვის მსგავსი დანახარჯი 8%-ით გაიზარდა. პრობლემურ სფეროდ დასახელდა ჯანდაცვის ხარჯების შეკავების მექანიზმის არარსებობა და ცალკეულ სეგმენტებში ხარჯების ჭარბად გამოყენება.


რეკომენდაციების სახით ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ჯანდაცვის ხარჯების ზომიერი და გათვლილი ზრდა, საყოველთაობიდან მიზნობრივ ჯანდაცვაზე დაბრუნება და სადაზღვევო მედიცინაზე დაბრუნება.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის 2015 წლის შეჯამებისას თენგიზ ვერულავამ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის დანახარჯებში სახელმწიფო დაფინანსების წილის გაზრდის მიუხედავად, იგი საქართველოში მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება არამარტო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით გათვალისწინებულ ზღვარს, არამედ ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მაჩვენებელსაც. მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, ვერულავამ განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს როგორიცაა სომხეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში სახელმწიფო დანახარჯების ხვედრითი წილის, მთლიან სახელმწიფო დანახარჯებში ჯანდაცვის დანახარჯების ხვედრითი წილის და ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების მშპ-სთან მიმართების მაჩვენებლებით. 

 


ვერულავამ ასევე განიხილა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე დადებითი ტენდენციები და აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის და რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედება პოზიტიური ცვლილებები იყო ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების პროცესში. დადებით მოვლენებად დასახელდა სამედიცინო ბაზარზე სახელმწიფო-კერძო პარტნიორული ორგანიზაციების გაჩენა, ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის მიმართვიანობის მაჩვენებლის გაზრდა, ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსების და პირველადი ჯანდაცვის როლის ზრდა.

 

სისტემაში არსებული პრობლემების კუთხით, ვერულავამ გამოყო მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდა, მედიკამენებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემები (განსაკუთრებით უმწეო და ქრონიკული ვადმყოფებისათვის), პირველადი ჯანდაცვის არასაკმარისი განვითარება, კერძო დაზღვევის კომპანიების ნაკლები ჩართულობა, სერვისების შერჩევაში ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზის ნაკლები გამოყენება, სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ხარჯების შეკავების ნაკლები მექანიზმების არსებობა, რაზეც ვერულავას განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების მაჩვენებელის 314%-ით გაზრდა მეტყველებს.


რეკომენდაციების განხილვისას ვერულავამ აღნიშნა, რომ აუცილებელია პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით უმწეო და ქრონიკული ავადმყოფებისათვის, პირველადი ჯანდაცვის შემდგომი განვითარება, სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის მრავალი ფორმის განვითარების ხელშეწყობა (ზემოქმედება სახელმწიფოს ფასთა კონტროლზე), კერძო დაზღვევის კომპანიების ჩართულობის გაზრდა (ბაზისზედა დამატებითი პაკეტის გამოყენება), ჯანდაცვის დაფინანსებაში პაციენტის თანამონაწილეობის გაზრდა (თანაგადახდები), სერვისების შერჩევაში ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზის გამოყენება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022