ციფრული უფლებები ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში

ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 15 აპრილი 2022

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რეფორმების დანერგვის პროცესში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ინოვაციებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს. გარდა მმართველობის გაციფრულებისა, OGP-ის წევრები აქტიურად იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს მმართველობითი პროცესების გასაუმჯობესებლად და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის გაძლიერებისათვის.

 

2011 წლიდან მოყოლებული, OGP-ის დაარსების მომენტიდან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ვალდებულება სამოქმედო გეგმებში.  დროთა განმავლობაში, ციფრულ ტექნოლოგიებთან წვდომამ და მათმა გამოყენებამ არსებითად შეცვალა დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა. მოქალაქეთა ჩართულობის წამახალისებელი ახალი სივრცეების შექმნამ ხელი შეუწყო მოქალაქეთა პასიური ბენეფიციარებიდან გარდაქმნის პროცესს ისეთ აქტიურ მონაწილეებად, რომელთაც შეუძლიათ მთავრობების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების შემუშავება. ციფრულ სფეროში არსებული მიღწევების გათვალისწინებით, მთავრობები თავადაც უნდა ჩაერთონ გაციფრულების პროცესში, რათა ეფექტური კომუნიკაცია ჰქონდათ მოქალაქეებთან.

 

ამავდროულად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება გარკვეულ რისკებთანაცაა დაკავშირებული.  განხორციელებული ქმედებებიდან აშკარაა, როგორ შეიძლება იქცეს ციფრული ტექნოლოგიები იარაღად.[1] გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ჩართულობამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გამჭვირვალობის საკითხი. დღის წესრიგში დადგა ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის მკაფიო საზღვრების დადგენა. პერსონალური/კონფიდენციალური/კომერციული მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებული კანონმდებლობის  სისუსტემ გაზარდა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მეთვალყურეობის დაწესების რისკი, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პრინციპებს.

 

კოვიდ-19-ის პანდემიამ დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიები ინფორმაციის გავრცელების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყოს, როგორც ეს კორეასა[2] და ტაივანში[3] მოხდა, ან პირიქით, მათი გამოყენება გახდეს განსხვავებული დემოკრატიული მოსაზრებების ჩამხშობი იარაღი, როგორც ეს ფილიპინებისა[4] და ყირგიზეთის[5] მაგალითზე გამოჩნდა. სოციალურ მედიასა და სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებზე დამოკიდებულების ზრდამ ინდივიდთა მიერ აზრთა გადამუშავების პროცესიც შეცვალა.

 

არასარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქმედება უფრო მოსალოდნელია ისეთი მოქალაქეებისგან, რომლებიც არ ენდობიან თავიანთ მთავრობას და ინფორმაციის ძირითად წყაროდ სოციალურ მედიას იყენებენ, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს „ინფოდემიის“[6] დონის ზრდას. სოციალური მედიის ალგორითმები შემუშავებულია მომხმარებელთა ჩართულობის ზრდისათვის, რაც ამძაფრებს მოსაზრებათა პოლარიზაციას და საფრთხეს უქმნის ტრადიციული ჟურნალისტიკის მიმართ არსებულ ნდობას. ციფრულმა უთანასწორობამ კიდევ უფრო გაამწვავა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის ბალანსი ისეთ მოწყვლად ჯგუფებში, როგორებსაც ქალები, მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მიეკუთვნებიან.

 

უდავოა, რომ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ტექნოლოგიებმა არსებითად შეცვალა ბიზნესის წარმოების პროცესი როგორც მოქალაქეთა, ისე სხვადასხვა ინსტიტუტების დონეზე. საზოგადოებამ არა მხოლოდ ინფორმაციის დამუშავების ახალი და მძლავრი მექანიზმები შეიმუშავა, არამედ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა მოქალაქეებსა და საჯარო ინსტიტუტებს შორის უკვე არსებული საკომუნიკაციო საშუალებები. მსოფლიოში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ტექნოლოგიური მექანიზმები მრავალი სახისაა. ზოგიერთი მათგანი გამიზნულია იმისათვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ ადგილობრივი ხელისუფლებების არსებულ პრობლემებზე ინფორმირება, ნაწილი კი უზრუნველყოფს მოქალაქეთა სხვადასხვა პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციაზე წვდომას.

 

მთავრობათა ღიაობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ციფრული ტექნოლოგიების გამართული მუშაობის და მოქალაქეებისათვის სანდო ინფორმაციის მიწოდების პროცესში. სამთავრობო ინფორმაციაზე წვდომისა და მთავრობის მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე, ასეთი პლატფორმები საბოლოოდ შეწყვეტდენ ფუნქციონირებას.

 

ციფრულმა მექანიზმებმა და სოციალურმა მედიამ გააძლიერა მოქალაქეები ინფორმაციაზე ფართო ხელმისაწვდომობით. მოქალაქეები იყენებენ ტექნოლოგიებს თავიანთი სამოქალაქო უფლებების განსახორციელებლად და მთავრობების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ კი, მთავრობები იყენებენ ტექნოლოგიებს, რათა უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულები და ინკლუზიურები გახდნენ. გარდა ამისა, მთავრობები ცდილობენ აქტუალური პრობლემების ინოვაციური გზებით გადაჭრას. მათ შორისაა სახელმწიფო სერვისის გაუმჯობესება, შესყიდვების უახლესი სისტემების დანერგვა და მოქალაქეთა მხრიდან მონაწილეობითი მმართველობის პროცესის გააქტიურება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არაანგარიშვალდებული ინსტიტუტები ტექნოლოგიებს თავიანთი მიზნებისათვის იყენებენ, საჯარო დაწესებულებები ვერ ეწევიან სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიებით გამოწვეულ საფრთხეებს, რომელთა ფარგლებიც მნიშვნელოვნად ცდებამთავრობის ზედამხედველობის ლეგიტიმურობის საზღვრებს.

 

რა უნდა დავიცვათ ციფრული ტექნოლოგიებისა და დემოკრატიული პრინციპების თვალსაზრისით ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში?

 

მოქალაქეთა ციფრული ჩართულობის ინკლუზიურობა და ინტერნეტთან წვდომა აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რათა მოხდეს არააქტუალური თემებისა და გეოგრაფიულად იზოლირებული რეგიონების ჩართვა და არსებული ბარიერების აღმოფხვრა.

 

მაგალითისთვის შეიძლება აღინიშნოს, რომ ლატვია[7] ქმნის ინტერნეტთან წვდომის საჯარო წერტილებს, არგენტინამ[8] კი უკვე შექმნა ვებ-გვერდი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის პანდემიის ფარგლებში რელევანტური საკანონმდებლო, მათ შორის, რეპროდუქციული უფლებების შესახებ, რესურსების მიწოდებას.

 

კადუნაში, ნიგერიაში, მთავრობა ღიად აქვეყნებს საჯაროდ დაფინანსებული პროექტების ადგილმდებარეობებს, რათა მოქალაქეების მიერ ატვირთული ფოტოები და გამოხმაურებები პირდაპირ მიეწოდოს გუბერნატორის ოფისსა და საკანონმდებლო ორგანოს და საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს შესაბამისი შესწორებების შეტანა ამა თუ იმ პროექტში. პარაგვაისა და კოლუმბიაში მთავრობა აქვეყნებს საგანგებო კონტრაქტებს, როგორც ღია მონაცემებს, რომელსაც შემდგომ საზოგადოება აკვირდება, მათ შორის კოვიდ-19-თან გასამკლავებლად საჭირო რესურსების ფასების სხვაობის კონტროლის გზით. უკრაინაში არსებული DoZorro პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოუწეოდებს, რომ დააკვირდნენ ყველა იმ პროდუქტისა და სერვისის შესყიდვის პროცესს, რომელიც კოვიდ-19-თანაა დაკავშირებული.[9]

 

ღია მონაცემები: სამთავრობო ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ღია მონაცემთა ფორმატში, რათა მოხდეს მისი ხელმისაწვდომობის, გამოყენებისა და სხვადასახვა მონაცემთა ბაზებთან თავსებადობის ზრდა.

 

მაგალითისთვის, ლიეტუვამ შექმნა ღია მონაცემთა პორტალი და ახალი ფინანსური პორტალი, რომელიც მოიცავს ლიეტუვას სამოცივე მუნიციპალიტეტის 12 ფართომასშტაბიან ფინანსურ მონაცემთა ბაზას. პარაგვაიმ გამოაქვეყნა ჯანდაცვის სერვისების ხარისხთან დაკავშირებული ღია მონაცემები, რომლებიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ ჯანდაცვის რესურსების განაწილების პროცესში.

 

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია და ევროპის საბჭოს 108+ კონვენცია მოიცავს მონაცემთა დაცვის განახლებულ მითითებებს.[10] OGP-ის რამდენიმე წევრი უკვე მუშაობს მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ კანონების ხელისუფლების ყველა დონეზე ჰარმონიზაციისათვის, მათ შორის, მონაცემთა დაცვის შესახებ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე, რომელიც პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისა და გასაჯაროების საკითხებსაც მოიცავს. მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მექანიზმების გაძლიერების პარალელურად, ავსტრალიამ უკვე აიღო პასუხისმგებლობა გაეზარდა მონაცემთა ხელმისაწვდომობა და გამოყენება სამთავრობო დონეზე.

 

კანადამ შეიმუშავა სამთავრობო დირექტივა „დეპარტამენტების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად გამოყენების შესახებ“.

 

ახალმა ზელანდიამ შექმნა ქარტია ოპერაციული ალგორითმების შესახებ, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს ეცნობებათ ყველა იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ინდივიდებსა თუ სხვადასხვა დაჯგუფებებზე. ეს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს გაიგონ, თუ როგორ იყენებს მთავრობა მატ პერსონალურ მონაცემებს.

 

მთავრობებმა უნდა შეიმუშავონ ონლაინ პოლიტიკური რეკლამების გამოყენებასთან დაკავშირებული გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების რეგულაციები და ჩამოაყალიბონ შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოები, რომლებიც განსაზღვრავენ პოლიტიკური რეკლამების დასაშვებობის კრიტერიუმებს.

 

დეზინფორმაციის შესახებ ევროკავშირის კოდექსი წარმოადგენდა ნებაყოფლობით ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა პოლიტიკურ ვალდებულებებს დაწყებული პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობიდან ყალბი ანგარიშების დახურვასა და დეზინფორმაციის გავრცელებამდე. ხსენებული პრობლემების გადაჭრის გზას გვთავაზობს ევროპული დემოკრატიის სამოქმედო გეგმა და ციფრული სერვისების აქტებიც. 2020-2022 წლების უახლესი სამოქმედო გეგმის თანახმად, ნიდერლანდებიც დანერგავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და ციფრული პოლიტიკური კამპანიების გამჭვირვალობის უზრუნველმყოფ სავალდებულო წესებს.

 

უნდა დაინერგოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუშლის დეზინფორმაციის გავრცელებასა და სოციალური მედიის არამიზნობრივად გამოყენებას და უნდა გაიზარდოს მოქალაქეთა მედიაწიგნიერების გაზრდის მიზნით შემუშავებულ სამთავრობო პროგრამათა რიცხვი.

 

ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორია (EDMO)[11] შეიქმნა სწორედ იმ მიზნით, რომ დაინტერესებულ მხარეებს მისცემოდათ საშუალება, ევროპის დონეზე გამოეკვლიათ და გადაემოწმებინათ ფაქტები და თვალყური ედევნებინათ დეზინფორმაციის გავრცელების პროცესებისათვის. აღნიშნული, ასევე, ხელს შეუწყობს დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ონლაინ საჯარო პორტალის შექმნას. ფინეთმა უკვე შექმნა მედია წიგნიერების მოდული, რომელიც სკოლის ასაკის ადამიანებს ეხმარება ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებაში.

 

ციფრულ პლატფორმებში უნდა დაინერგოს ონლაინ შევიწროების აღმოფხვრისა და პრევენციის უზრუნველმყოფი მექანიზმები. აღნიშნულმა პლატფორმებმა უნდა ითანამშროლონ მთავრობებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოახდინონ საზიანო შინაარსის მქონე კონტენტის იდენტიფიცირება; მონაცემთა დაცვის საკითხების თაობაზე განხორციელებული ცვლილებები უნდა ქვეყნდებოდეს რეგულარულად; უნდა ამაღლდეს სამართალდამცავი ორგანოების ცნობიერება; საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვებოდეს ონლაინ სივრცეში გენდერული ნიშნით შევიწროების, შეურაცხყოფის, ძალადობისა და ანტისოციალური ქმედებების ფაქტებს.

 

Web Foundation-ის თანახმად, ონლაინ შევიწროება, რაც შეიძლება შეურაცხმყოფელ ენასა და კიბერბულინგში გამოიხატებოდეს, კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს იმ ინდივიდების საზოგადოებისგან გარიყვას, რომლებიც უკვე განიცდიან თავდასხმას მათი იდენტობის გამო, იქნება ეს სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რასის თუ ეთინიკური კუთვნილების ნიშნით.[12]

 

უკვე არსებული გენდერული ძალადობის ფონზე, ურუგვაიმ შეიმუშავა მონაცემთა ღიაობისკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობენ ონლაინ მონაწილეობისთვის უსაფრთხო სივრცეების შექმნას, მომხმარებელთა მონაცემების მიზნობრივად დამუშავებას და გენდერული ნიშნით ონლაინ შევიწროებისა და ძალადობის შესახებ საკანონმდებლო ატქების შემუშავებას.

 

ზემოხსენებული მაგალითები ცხადჰყოფს, რომ ციფრული ტექნოლოგიების როლის ზრდა ღია მმართველობის პროცესში არა მხოლოდ ხელს უწყობს ღიაობისა და გამჭვირვალობის სტანდარტის გაუმჯობესებას, არამედ აძლიერებს კარგი მმართველობის სტანდარტსა და დემოკრატიულ პროცესებს სახელმწიფოში, და ამავდროულად, ქმნის რისკებს, რომელთა პრევენცია და გადაწყვეტა სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობასა და სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულებასა და ღიაობაზე არის დამყარებული.

 

ინოვაციური ჩართულობის მექანიზმების განვითარება და იმპლემენტაცია დღის წესრიგში უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იკავებს, შესაბამისად, ამ მიმართულებით ამბიციური ვალდებულების აღება და ეროვნულ სამოქმედო გეგმებში გათვალისწინება თითოეული OGP-ის წევრი სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს პრიორიტეტი უნდა გახდეს.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ციფრულ მმართველობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი მწვავე საკითხები, რომელთა გადაჭრაშიც OGP-ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ღია მმართველობის პარტნიორობის ეთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ელექტრონული მმართველობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და გამჭვირვალობის სტანდარტების კვალდაკვალ ციფრული უფლებების რეალიზებისუზრუნველყოფაა. პარტნიორობის ჩართულობა შესაძლებელია გამოიხატოს სამოქალაქო უფლებების ონლაინ სივრცეში ადვოკატირებასთან მიმართებით.

 

OGP-ის წევრი სახელმწიფოების ვალდებულებათა ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია რამდენიმე ძირითადი მიმართულების გამოყოფა, რომელიც საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს ციფრული უფლებების დაცვისა და გაფართოების თვალსაზრისით, კერძოდ:

 

- ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა და საკანონმდებლო დონეზე გაძლიერება უნდა გახდეს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება;

- განხორციელდეს საერთაშორისო პრაქტიკის და სტანდარტების ანალიზი და ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის/საკანონმდებლო ჩარჩოს ალტერნატივის შეთავაზება/ადვოკატირება;

- საქართველოს მხრიდან მოხდეს ციფრული უფლებების მხარდამჭერი ამბიციური ვალდებულებების აღება ღია მმართველობის პარტნიორობისა და ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების ფარგლებში.

- უნდა დაინერგოს ღია მონაცემთა მართვის ისეთი პოლიტიკა, რაც  სრულ თანხვედრაშია მონაცემთა დამუშავების, გამოყენების, შენახვისა და კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან.

 

------

 

[1] იხ. https://www.pewresearch.org/internet/2020/02/21/concerns-about-democracy-in-the-digital-age/

[2] იხ https://opengovasia.com/south-korea-looks-to-tech-to-combat-covid-19/

[3] იხ. https://cset.georgetown.edu/article/technology-without-authoritarian-characteristics-an-assessment-of-the-taiwan-model-of-combating-covid-19/

[4] იხ. https://www.iftf.org/fileadmin/user_upload/images/DigIntel/IFTF_State_sponsored_trolling_report.pdf

[5] იხ. https://www.trade.gov/country-commercial-guides/kyrgyz-republic-information-and-communication-technology-ict

[6] ინფოდემია - ონლაინ და ოფლაინ ინფორმაციის მოზღვავება, რომელიც ცრუ ცნობების განზრახ გავრცელების მცდელობებს მოიცავს და მიზნად საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირების შესუსტებას და ცალკეული ჯგუფებისა და ინდივიდების ალტერნატიული დღის წესრიგის ხელშეწყობას ისახავს, იხ. http://mdfgeorgia.ge/uploads/Publication-GEO-with%20hyperlink-web.pdf

[7] იხ. https://www.opengovpartnership.org/wp-content/uploads/2017/11/Latvia_National-Action-Plan_2017-2019_LAT.pdf;https://www.oecd-ilibrary.org/sites/8eec1828-en/1/3/4/index.html?itemId=/content/publication/8eec1828-en&_csp_=392cfdaed9b3f9788a347c7cc0665a97&itemIGO=oecd&itemContentType=book;

[8] იხ. https://acij.org.ar/covid19yderechos/

[9] იხ. https://opengovpart.medium.com/making-trillion-dollar-stimulus-and-safety-nets-work-for-all-the-essential-steps-we-can-take-now-b370a1cfe585

[10] იხ. https://www.coe.int/en/web/portal/28-january-data-protection-day-factsheet

[11] იხ. https://digital-strategy.ec.europa.eu/en/policies/european-digital-media-observatory

[12] იხ. https://webfoundation.org/2021/03/how-online-gender-based-violence-affects-the-safety-of-young-women-and-girls/

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024