დამარცხების ფასი:
ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები
2020 წლის აგვისტოში დაწყებული საპროტესტო ტალღა ბელარუსის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მასობრივი დემონსტრაციები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების ბრალდებით დაიწყო, მალევე გადაიზარდა ფართომასშტაბიან პოლიტიკურ და სოციალურ მოძრაობაში, რასაც დემოკრატიული ცვლილებები უნდა მოჰყოლოდა.
აღნიშნული პროტესტი განსაკუთრებული იყო არა მხოლოდ მისი მასშტაბით, არამედ მონაწილეთა მრავალფეროვნებითაც - ქუჩაში გამოვიდნენ სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ქალების წამყვანი როლი საპროტესტო მოძრაობაში, რამაც, პოსტსაბჭოთა სივრცის რეალობათა გათვალისწინებით, პროცესი კიდევ უფრო გამორჩეული გახადა.
პროტესტის მთავარი მოთხოვნები - სამართლიანი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და დემოკრატიული რეფორმები - ასახავდა ბელარუსი საზოგადოების დაგროვილ ღრმა უკმაყოფილებასა და ცვლილებების სურვილს. ხელისუფლების მკაცრმა რეაქციამ კი მოვლენები გლობალური ყურადღების ცენტრში მოაქცია.
მოცემულ სტატიაში განვიხილავთ 2020-2021 წლების ბელარუსის პროტესტების მიზეზებს, მიმდინარეობასა და შედეგებს. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებმაც სახალხო პროტესტის წარუმატებლობა განაპირობა.
პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული ტრანსფორმაციის რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი 2020 წელს ახალ ფაზაში შევიდა, როდესაც ბელარუსში უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო ტალღა აგორდა. 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების ბრალდებებმა ქვეყანა მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიამდე მიიყვანა, რამაც ფუნდამენტურად შეცვალა არა მხოლოდ ბელარუსის შიდაპოლიტიკური დინამიკა, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მთელს რეგიონზე.
ეს მოვლენები განსაკუთრებით საინტერესოა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ბელარუსის პროტესტები წარმოადგენდა უნიკალურ შემთხვევას, სადაც, ტრადიციულად, პოლიტიკურად პასიური საზოგადოება ერთბაშად გააქტიურდა და დაუპირისპირდა ავტორიტარულ რეჟიმს. მეორე მხრივ, საპროტესტო მოძრაობამ გამოავლინა ახალი ფორმები და მეთოდები - დეცენტრალიზებული ორგანიზება, ციფრული ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენება და მშვიდობიანი წინააღმდეგობის კრეატიული ტაქტიკა.
ოპოზიციონერ სვეტლანა ტიხანოვსკაიას ლიდერობით, ბელარუსის საპროტესტო მოძრაობამ დაამსხვრია სტერეოტიპი პოსტსაბჭოთა პოლიტიკაში ქალების მეორეხარისხოვანი როლის შესახებ. "ქალთა მარშებმა" და სამი ქალი ლიდერის - ტიხანოვსკაიას, მარია კოლესნიკოვას და ვერონიკა ცეპკალოს ალიანსმა შექმნა ახალი პოლიტიკური კულტურის პრეცედენტი რეგიონში.
საერთაშორისო კონტექსტი კიდევ უფრო ართულებდა სიტუაციას. რუსეთის ფაქტორი, ევროკავშირის სანქციები და დასავლეთის დემოკრატიების პოზიცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მოვლენების განვითარებაზე. ბელარუსის პროტესტები გადაიქცა არა მხოლოდ შიდაპოლიტიკურ კრიზისად, არამედ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ახალ კერად აღმოსავლეთ ევროპაში.
არსებობდა ბევრი ფუნდამენტური მიზეზი, რის გამოც ქუჩაში პროტესტისთვის ასობით ათასი ადამიანი, ზოგი სტატიის შეფასებით, სხვადასხვა დროს 700,000-მდე ადამიანიც კი გამოვიდა. მათ შორის, სერიოზული სამხილები, რომლებიც ამტკიცებდა, რომ 2020 წლის 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80.1% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10.12%.
ოპოზიციური ჯგუფები და დამოუკიდებელი დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ საარჩევნო პროცესი იყო არაკონკურენტული, სხვადასხვა უბანზე ფიქსირდებოდა საარჩევნო ურნებში ლუკაშენკოს მხარდამჭერი ბიულეტენების შეტანა, მოსყიდვა, დაშინება და შედეგების მიზანმიმართული შეცვლა.
გამოცხადებული შედეგების თანახმად, არჩევნებში ერთპიროვნული გამარჯვება ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა და მანაც თანხმობა განაცხადა მეექვსე ვადით ჩასდგომოდა სათავეში ბელარუსს.
არჩევნების შედეგებთან ერთად, პროგრესულად განწყობილ მოსახლეობას არ უნდოდა ავტორიტარიზმში ცხოვრება - ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავდა. მას გავლენიანი გამოცემები ტირანადაც კი მოიხსენიებენ, რადგან დღემდე მისი 1,400-ზე მეტი პოლიტიკური ოპონენტი გახდა რეპრესიის მსხვერპლი. ისინი ასევე უკმაყოფილონი იყვნენ ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაციით, ავტორიტარული და კორუფციული სისტემა განვითარების საშუალებას არ იძლეოდა, შესაბამისად, ითხოვდნენ პოლიტიკურ და სოციალურ ცვლილებებს. ლუკაშენკოს რეჟიმისადმი გაზრდილი უკმაყოფილების პარალელურად, საკმაოდ პოპულარული გახდა ოპოზიციური შეხედულებები. ტიხანოვსკაიამ, სწორი კამპანიით, მხარდაჭერა განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ქალაქის მოსახლეობაში მოიპოვა. იგი მხარს უჭერდა რეალურ ცვლილებებს და მოითხოვდა დემოკრატიულ რეფორმებს.
ამ ყველაფერს ემატებოდა ლუკაშენკოს ინდეფერენტული დამოკიდებულება COVID-19-ის პანდემიის მიმართ, მათ შორის დაავადების სიმძიმის უარყოფა და უსაფრთხოების ზომების აბუჩად აგდება მის მიმართ მხარდაჭერას კიდევ უფრო ასუსტებდა.
უკმაყოფილების ტალღების მიუხედავად, ლუკაშენკოს რეჟიმი ტრადიციული ავტორიტარული მეთოდებით მოქმედებდა, მაგალითად: არჩევნების წინ ოპოზიციონერ კანდიდატებს თავს ესხმოდნენ, დააკავეს ძირითადი სახეები: ვიქტარ ბაბარიკა, სიარგეი ტიხანოვსკი, მიკალაი სტატკევიჩი და სხვები. რეჟიმი ყველა ფორმით ახშობდა აქტივისტებისა და დამოუკიდებელი ონლაინმედიის (TUT.BY, Nasha Niva, MediaZona და სხვები) ხმას, ახორციელებდა მათზე მიზანმიმართულ ზეწოლას, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდას უშუალოდ არჩევნებამდეც შეუწყო ხელი. არჩევნების შედეგები კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა მასობრივი გამოსვლების დასაორგანიზებლად.
9 აგვისტოს პროტესტი საღამოს დაიწყო, როდესაც ათასობით ადამიანი გამოვიდა მინსკსა და სხვა ქალაქებში. ლუკაშენკომ მათ წინააღმდეგ გამოიყვანა ე.წ. “ომონი”, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ანტი-ტერორისტული დანაყოფი სახელწოდებით “ალმასი”.
10-11 აგვისტოს პროტესტმა ბევრად ფართო ხასიათი შეიძინა. ბელარუსის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. ოპოზიციონერთა ერთგვარი ლიდერი ნადეჟდა ტიხანოვსკაია გახდა, რომელიც დღემდე რჩება სისტემასთან ბრძოლის სიმბოლოდ.
ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოსვლების ჩახშობისთვის რეზინის ტყვიები გამოიყენეს, დაიწყო დემონსტრანტების ცემა და მასობრივი დაკავებები. როგორც შემდგომში დადგინდა, ისინი ცეცხლსასროლ იარაღსაც იყენებდნენ.
დემონსტრაციები გამწვავდა, პროტესტი მოიცავდა ცოცხალ ჯაჭვებსა და მოთხოვნას ლუკაშენკოს გადადგომის შესახებ. უსაფრთხოების მიზნით, ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია გადავიდა ლიეტუვაში, გამომდინარე იმ საფრთხეებიდან, რომელიც მას და მის ოჯახს ემუქრებოდა.
ოპოზიციურად განწყობილმა მოსახლეობამ დაიწყო გაფიცვები, ქალებმა თეთრი სამოსითა და ყვავილებით გამოხატეს მათი მშვიდობიანი ხასიათი. საზოგადოებრივი აღშფოთება გაიზარდა დაკავებულებზე ძალოვანთა მხრიდან ძალადობისა და წამების შესახებ გავრცელებული ინფორმაციების ფონზე. ხელისუფლებამ დაიწყო რიგი დაკავებულების გათავისუფლება, რომელთაც თავიანთი განცდები აღწერეს. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მან განაცხადა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ლეგიტიმაცია მას ეკუთვნის.
16 აგვისტოს მინსკში ბელარუსის ისტორიაში, მინსკში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა შეფასებით 100,000-220,000-მდე ადამიანმა მიიღო. ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა სხვა დიდ ქალაქებშიც. დემონსტრანტები ლუკაშენკოს გადადგომასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ამის მიუხედავად, ლუკაშენკოს რეჟიმს სიტუაციის დასარეგულირებლად არაფერი გაუკეთებია და სასტიკი მეთოდებით დაუპირისპირდა აქციის მონაწილეებს. არარსებული ლეგიტიმაციის ხაზგასასმელად ლუკაშენკომ თავის მომხრეებს მოუწოდა გამოსვლისკენ. აღნიშნულ აქციაზე მან მის წინააღმდეგ გამოსულ მოსახლეობას “ექსტრემისტები” და “უცხოეთისგან მართულები” უწოდა, თავის მომხრეებს კი მოუწოდა - “დაეცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი”.
ლუკაშენკომ დემონსტრანტებს ბრუტალური პოლიციური ძალა დაუპირისპირა. 17 აგვისტოსვე უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აქციის დროს მოკლეს არანაკლებ 4 ადამიანი, 7 კი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, ათასობით ადამიანი კი დააკავეს ან სხვა ფორმით დასჯეს.
პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა, უპირობოდ მშვიდობიან ტაქტიკას ცდიდნენ. მაგალითად, ცენტრალურ მოედანზე ერთად შეკრების ნაცვლად, ისინი გაიყვნენ და მინსკის სხვადასხვა უბნებში დაიწყეს მსვლელობა. მათი ლოზუნგი იყო “გაუმარჯოს ბელარუსს” (Жыве Беларусь!). დემონსტრანტები იყენებდნენ შემოქმედებით მეთოდებს, მაგალითად, თეთრ-წითელი ბუშტების გაშვებას, რაც ბელარუსის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 1918 წელს მიღებული დროშის ფერებია და ოპოზიციის სიმბოლოს წარმოადგენს.
პროტესტი ერთგვარ რუტინად გადაიქცა. სახელმწიფო ქარხნებში დასაქმებული პერსონალის ნაწილი გაიფიცა და დემონსტრაციებს შეუერთდა. ევროკავშირმა და აშშ-მ უფრო მეტი ყურადღება დაუთმო ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას და სანქციები გაამკაცრა. დემონსტრანტები იყენებდნენ პროტესტის კრეატიულ გზებს, მაგალითად ფლეშმობს და სხვა აქტივობებს. ლუკაშენკო საჯაროდ გამოჩნდა იარაღით ხელში, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ იგი დანებებას არ აპირებდა. აგვისტოს ბოლოს საპროტესტო გამოსვლები ერთგვარ სახალხო მოძრაობად გადაიქცა.
სექტემბერში გამოსვლები მაღალი ინტენსივობით გრძელდებოდა. მათ შორის ყველაზე ფართომასშტაბიანი იყო 20 სექტემბერს გამართული “სამართლიანობის” მარში, რომელზეც 100,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა და რომელიც “ომონმა” ძალის გამოყენებით დაშალა, 200-მდე ადამიანი კი დააკავა.
სექტემბერში მთელმა რიგმა ქვეყნებმა და ევროკავშირმა შემოიღეს დამატებითი სანქციები ქვეყნის, პირადად დიქტატორ ლუკაშენკოს და 100-მზე მეტი სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ.
17 სექტემბერს, ევროპის პარლამენტმა ოპოზიციური “საკოორდინაციო საბჭო” ბელარუსი ხალხის „დროებით წარმომადგენლად“ სცნო. 23 სექტემბერს, ბელარუსის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ გაიმართა ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია, რომელიც მცირერიცხოვანი დამსწრეებით, დახურულ გარემოში ჩატარდა და ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას კიდევ ხუთი წლის ვადით შეუდგა. მეორე დღეს, ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც არჩევნების ლეგიტიმურობა უარყო, რეჟიმს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და რეპრესიები დაგმო.
25 ოქტომბერს ამოიწურა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ გამოაცხადებული „ხალხის ულტიმატუმი,“ რომელშიც ლუკაშენკოს გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და პოლიციის ძალადობის შეწყვეტას ითხოვდა. ამავე დღეს მორიგი 100,000-იანი მარში მოეწყო მინსკის ქუჩებში. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემდეგ, 26 ოქტომბრიდან გამოაცხადეს საყოველთაო გაფიცვა, რამაც ააგორა დამატებითი საპროტესტო ტალღა და გამოიწვია ძალოვნებთან შეტაკებები.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 2020 წლის ნოემბერშიც გრძელდებოდა, მიუხედავად მთავრობის მხრიდან განგრძობადი ძალადობრივი ჩახშობისა. სვეტლანა ტიხანოვსკაია და სხვა ოპოზიციური ლიდერები აგრძელებდნენ საპროტესტო მობილიზებას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ მინსკში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მოითხოვდა ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას და არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას. საპროტესტო აქციებზე ხელისუფლება კვლავ აგრძელებდა ძალადობრივ რეაგირებას. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაიზარდა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ზეწოლა, ევროკავშირი და აშშ დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას, რამაც მათ მიერ დამატებითი სანქციების დაწესება გამოიწვია. ნოემბერში, ლუკაშენკოს რეჟიმმა აქტიურად გააგრძელა ოპოზიციური ლიდერების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნა და დაკავება. სტუდენტებმა ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საპროტესტო აქციებში, ისინი აორგანიზებდნენ მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს და გაფიცვებს, მოითხოვდნენ სამართლიან არჩევნებსა და ლუკაშენკოს გადადგომას. 18 ნოემბერს, ტიხანოვსკაიამ გამოაცხადა, რომ მზად იყო, დაეწყო ეროვნული დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თუმცა ლუკაშენკომ უარი განაცხადა ნებისმიერ დათმობაზე.
ნოემბრის საპროტესტო აქციები კიდევ ერთხელ აჩვენებდა ბელარუსი ხალხის ნებისყოფასა და პოლიტიკური ცვლილებისკენ სწრაფვას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღეს, ლუკაშენკო კვლავ ძალადობით და რეპრესიით ინარჩუნებდა რეჟიმს. აკავებდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის პენსიონრებსაც.
დეკემბერში პროტესტი გაგრძელდა, მიუხედავად მასობრივი პროტესტების შემცირებისა, მცირე ზომის დემონსტრაციები კვლავ გრძელდებოდა. ბელარუსში საპროტესტო აქციები გაგრძელდა 2021 წლის იანვარშიც. მინსკსა და სხვა ქალაქებში, 3 იანვარს, გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები მოითხოვდნენ ლუკაშენკოს გადადგომას და პოლიციის ძალადობის შეწყვეტას. დემონსტრანტები ჯგუფებად იკრიბებოდნენ, თეთრ-წითელ-თეთრი დროშებითა და დემოკრატიის მხარდამჭერი ლოზუნგებით. პოლიციამ რუტინულად გააგრძელა აქციებში მონაწილეთა დაკავება.
დემონსტრანტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეეწყვიტა რეპრესიები და გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები.არსებობს ცნობები დაკავებულების წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა კიდეც. ბელარუსის ოპოზიციის ბევრი ლიდერი დააპატიმრეს ან აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა. ლუკაშენკო, უარს აცხადებდა ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე. გაყალბებული არჩევნებისა და ოპოზიციის დევნის გამო, ალიაქსანდრ ლუკაშენკოს და მის რეჟიმს სანქციები დაუწესეს აშშ-მ და ევროკავშირმა.
2021 წლის მარტში პროტესტის მასშტაბი შემცირდა. 27 მარტს, ოპოზიციამ ახალი საპროტესტო ტალღის დაწყება გამოაცხადა. მინსკში მობილიზებული იყო სპეცტექნიკა, პოლიციისა და წყლის ჭავლის მანქანები. პოლიციამ დაიწყო პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და შემთხვევითი გამვლელების დაკავება. უფლებადამცველი ცენტრის "ვესნას" თანახმად, 28 მარტის მონაცემებით, დაკავებული იყო 245 ადამიანი. დაკავებულთა შორის იყვნენ გამოცემა Tut.by-ის რედაქტორები ანა კალტიგინა და გალინა ულასიკი, ასევე Nasha Niva-ს მთავარი რედაქტორი ეგორ მარტინოვიჩი და ფოტოგრაფი ნადეჟდა ბუჟანი.
2020-2021 წლების ბელარუსის საპროტესტო მოძრაობა ეტაპობრივად დამარცხდა. ლუკაშენკოს რეჟიმმა ჯამში, აქციის 30.000-ზე მეტი მონაწილე დააკავა. ამ დროის განმავლობაში ძალოვანთა მხრიდან არავინ დაღუპულა, ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ დაიჭრა ან დაშავდა 121 სამართალდამცველი. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დაშავებულთა და დაჭრილთა რაოდენობამ (მათ შორის იყვნენ ბავშვებიც) 1,300-ს გადააჭარბა. აწამეს სულ მცირე 450 დაკავებული (სამართალდამცავ ორგანოებში შეტანილია 4,644 განცხადება). ბელარუსის უზენაესი სასამართლოს განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 1,832 ადამიანის წინააღმდეგ, რომელთაგან პატიმრობა მიესაჯა 663-ს (ეს რეჟიმმა “სამართლიან” გადაწყვეტილებად შეაფასა). რეჟიმი დაპატიმრებებსა და რეპრესიულ პოლიტიკას დღემდე განაგრძობს, რათა ბოლომდე დაიმორჩილოს საზოგადოება და არ დაუშვას პროტესტის განმეორება. სხვადასხვა მონაცემით, მოქალაქეთა მხრიდან პროტესტს პოლიციის ძალის გადამეტებისა და სისასტიკის გამო მინიმუმ 4, მაქსიმუმ 11 ადამიანი შეეწირა (6 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება).
მარცხის მიზეზები (ბელარუსი აქტივისტების შეფასება)
ლუკაშენკოს რეჟიმს აღმოაჩნდა სრული კონტროლი ძალოვან სტრუქტურებზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები, “ომონი” და სხვა სამხედრო ჯგუფები რეჟიმისადმი ბოლომდე ლოიალურები დარჩნენ. პოლიცია და სპეცსამსახურები აქტიურად ახორციელებდნენ რეპრესიებს და არ ერიდებოდნენ პენსიონერების დაკავებასაც კი. პროტესტის მიმდინარეობისას რამდენიმე მაღალჩინოსანი გადადგა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი სისტემის ჩამოშლისთვის.
რეჟიმისთვის დამატებითი ბერკეტი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ პუტინმა ღიად დაუჭირა მხარი ლუკაშენკოს. რუსეთმა გამოაცხადა მზადყოფნა სამხედრო-ეკონომიკური დახმარებისთვის (ბელარუსი ეკონომიკურად დიდწილად დამოკიდებულია რუსეთზე) და რეჟიმს პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა. ამ ყველაფერთან ერთად, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ სრული დატვირთვით დაიწყო პროტესტის მონაწილეების მადისკრედიტირებელი ნარატივის გავრცელება, რასაც სინქრონში აყვა ბელარუსული პროსახელისუფლებო საინფორმაციო საშუალებებიც.
პროტესტის განმავლობაში სუსტი აღმოჩნდა ოპოზიციაც. მაგალითად, ტიხანოვსკაია ქვეყნიდან წავიდა, რადგან როგორც მისი, ასევე ოჯახის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ იდგა. ოპოზიციურ სპექტრში შეიმჩნეოდა გამოცდილების ნაკლებობა და კოორდინაციის პრობლემები. მოძრაობა ლიდერების გარეშე დარჩა: ისინი ან დააკავეს, ან იძულებული გახადეს ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ ან საინფორმაციო ველიდან გამქრალიყვნენ. ლიდერების არყოფნისა და მთავრობის მიერ მთავარ იარაღად რეპრესიებისა და ძალადობის გამოყენების გამო, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს და დემონსტრანტებს შორის ნელ-ნელა ძლიერდებოდა შიშები. საბოლოოდ, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დარჩა სახლში და ჩაეხსნა საპროტესტო ტალღას.
საზოგადოების გახლეჩამ თავისი როლი ითამაშა პროტესტის წარუმატებლობაში: მოქალაქეთა ნაწილი ან რეჟიმის ერთგული დარჩა, ანაც სახელმწიფო სექტორში იყო დასაქმებული და ეშშინოდა სამსახურის დაკარგვის, ასევე რეპრესიების.
საერთაშორისო მხარდაჭერაც არასაკმარისი აღმოჩნდა: დასავლეთის სანქციების ეფექტი შეზღუდული. პროტესტის დროს იგრძნობოდა ქარიზმატული ლიდერების დეფიციტი, ახალი სახეების სიმცირე და პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობა.
სახელმწიფომ დაბლოკა ინტერნეტი და დამოუკიდებელი მედია, შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება და დაიწყო დეზინფორმაციის მასობრივი კამპანია.
ბელორუსის წარუმატებელ პროტესტის განხილვისას ისტორიული ფონიც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ახლო წარსულში ლუკაშენკოს მთავრობას ჰქონდა პროტესტის ჩახშობის საკმაო გამოცდილება, მაგალითად, რეჟიმმა გაუძლო მანამდე არსებულ 4 პროტესტს – ადგილობრივი არჩევნების საპროტესტო მოძრაობას (2019), “გაზაფხულის” სახელით ცნობილ გამოსვლებს (2017), საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ დემონსტრაციებს (2010) და ჯინსების რევოლუციას (2006). ყველა ეს საპროტესტო ტალღა გამოწვეული იყო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით.
საზოგადოებრივ აზრში “სტაბილურობა” უფრო მეტად პრიორიტეტული აღმოჩნდა, პოსტსაბჭოთა მენტალობა კი დემოკრატიული ფასეულობებისთვის შეუსაბამო. დროის გასვლასთან ერთად ბევრმა მომიტინგემ დააფიქსირა პესიმისტური მოსაზრებები გამოსვლების შედეგებთან და მიზნებთან დაკავშირებით. რეჟიმის ძალადობა ყველანაირ ფარგლებს სცდებოდა, სამუშაოს დაკარგვის, დაკავების და ოჯახების წინააღმდეგ შესაძლო ძალადობის მუქარის მუდმივი საფრთხე ხალხში შიშს უჩენდა, რაც პროტესტს ხელს უშლიდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - შემოდგომა-ზამთრის პერიოდი აღმოჩნდა. განსაკუთრებით, პროტესტის ბოლო ნაწილში ცივმა ამინდმა შეამცირა აქტივისტების რაოდენობა. ამას თან დაერთო კოვიდ-პანდემიის ფაქტორი, შეიზღუდა საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა, გლობალური სამყარო უფრო მეტად გადაერთო ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მთავრობამ პანდემია მასობრივი შეკრებების შეზღუდვის გასამართლებლად გამოიყენა.
რეჟიმმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სტრატეგიული ობიექტების დაცვას, მკაცრად კონტროლდეოდა სამხედრო და სპეციალური დანიშნულების მქონე ობიექტები.
დედაქალაქის გარეთ პროტესტი ნაკლებად აქტიური იყო, რეგიონებში ხელისუფლებას მეტი მხარდამჭერი ჰყავდა და ადგილობრივი მმართველი რგოლების უმეტესობა რეჟიმისადმი ლოიალური დარჩა.
ამგვარ რთულ სიტუაციაში შეზღუდული იყო ბელარუსული დიასპორის გავლენაც. საზღვარგარეთ მცხოვრებ ბელარუსის მოქალაქეებს მწირი ბერკეტები ჰქონდათ, ფინანსური დახმარების მექანიზმები გართულდა და მათი აქტივობა რეალურ ცვლილებებში ვერ გადიზარდა.
პროტესტების სოციალური ბაზა უნიკალური იყო თავისი მრავალფეროვნებით: ქუჩაში გამოდიოდნენ პენსიონერები და სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლები - ჯგუფები, რომლებიც ტრადიციულად რეჟიმის საყრდენად მიიჩნეოდნენ. ეს მიუთითებდა ღრმა სისტემურ კრიზისზე და საზოგადოების ფართო ფენების მხრიდან ცვლილებების მოთხოვნაზე. მიუხედავად ამისა, პროტესტის სოციალური ბაზა გრძელ ვადაში მაინც შეზღუდული აღმოჩნდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ საშუალო ასაკის და უფროსი თაობაში ნელ-ნელა იკლო აქტიურობამ. სოფლის მოსახლეობა პასიურობდა, მუშათა კლასი კი ნაწილობრივ ჩაერთო პროცესში.
აღსანიშნავია ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის როლი, რომელიც არ დაუპირისპირდა რეჟიმს და შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი. ზოგიერთი სასულიერო პირი სიმპათიებს გამოხატავდა აქციაზე მყოფი ხალხის მიმართ და გმობდა ძალადობას, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მაღალი სასულიერო იერარქები, რომლებიც საკმაოდ დაახლოებულნი არიან რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან და ლუკაშენკოსთანაც, დუმილს ამჯობინებდნენ. რუსეთის პატრიარქმა კირილმა მხარი დაუჭირა რეჟიმს, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა ლუკაშენკოს გამარჯვება, უკრაინის მართლმამდიდებლურმა ეკლესიამ კი პირიქით, ბელარუსებს მოუწოდა ავტოკეფალიისთვის ებრძოლათ.
ბელარუსი ნობელიანტი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის შეფასებით, საპროტესტო აქციების დამარცხება მისმა უფრო მეტად სიმბოლურმა ხასიათმაც გამოიწვია. მონაწილეებმა მშვიდობიანი, ე.წ. “განდიზმის” სტრატეგია აირჩიეს, სიმბოლიზმზე გათვლილი ღონისძიებებით – როგორიცაა დროშების გაკვრა, მშვიდობიანი მარშები, რაც არ იყო მიმართული კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნების ან სტრატეგიების გატარებისკენ. ამ ყველაფერმა დემონსტრანტები ერთ მუშტად შეკრა, თუმცა პოლიტიკური ცვლილებებისთვის ნაბიჯები ვერ გადაიდგა. “ეს ალბათ გულუბრყვილობა, რომანტიკულობა იყო” – ამბობს მოვლენების გახსენებისას ალექსიევიჩი. ამის მიუხედავად, იგი იმედს არ კარგავს და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია რეჟიმმა დროის დამარცხება შეძლოს.
დღეს ბელარუსში სიტუაცია მძიმეა, ავტორიტარული რეჟიმი კლვავაც ძლიერია და ქვეყანა რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია უკრაინასთან დაწყებულ ომში. ლუკაშენკომ გამოსვლების ჩახშობის შემდეგ ერთპიროვნულად გაამკაცრა ზომები და შიდა რეპრესიები წამოიწყო. ოპოზიციურად განწყობილმა უამრავმა ბელარუსმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. “...ჩვენ დავმარცხდით იმის გამო, რომ სწორად ვერ განვსაზღვრეთ, თუ სად ვიმყოფებოდით. აღმოჩნდა, რომ ქვეყანაც, სისტემაც და ხელისუფლებაც ყველანი იყვნენ წარსულიდან და შესაბამისად, შემოგვთავაზეს კიდეც თამაში ძველი წესებით, წარსულის კანონებით… წარსული უფრო დიდი, უფრო მეტი აღმოჩნდა და მან გაიმარჯვა ჩვენზე”. – წერს სვეტლანა ალექსიევიჩი.