სასამართლომ იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს 10 სსიპ–ს ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 4 ივლისი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის დადგენილებით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი. სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ასევე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.[1]

 

თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საფუძველს მათ მიერ  სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენდა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173მუხლი). ყველა მოცემულმა უწყებამ უპასუხოდ დატოვა სახალხო დამცველის რეკომენდაცია ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და მათი განხილვის შედეგები საქართველოს სახალხო დამცველს წერილობით აცნობოს 20 დღის ვადაში.

 

IDFI-მ სახალხო დამცველს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით 2016 წლის 6 ოქტომბერს მიმართა. მიმართვის საფუძველს წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ IDFI-ის განცხადებები უპასუხოდ დატოვება. ინსტიტუტის მოთხოვნას წარმოადგენდა უწყებათა მიერ ისეთი საჯარო ინფორმაციის გაცემა, როგორიც არის თანამდებობის პირებზე, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომელებზე გაცემული შრომის ანაზღაურება, პრემიები და დანამატები,  დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა, უწყებათა საშტატო ნუსხები, მივლინებებზე, შესყიდულ ქონებასა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები და სხვა.

 

საქმის შესწავლის პროცესში შესაბამისი მოთხოვნის მიუხედავად არც ერთმა უწყებამ არ მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატს განმარტება იმაზეთუ რა იყო IDFI-ის მოთხოვნის უგულებელყოფის საფუძველი. IDFI-ის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის დეტალური შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველმა დაადგინა  IDFI-ის უფლების დარღვევის ფაქტი და 2017 წლის 31 იანვარს რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირთა ხელმძღვანელებს. ამასთან მოცემულ პირებს მიეთითათ მათ ვალდებულებაზე ეცნობებინათ სახალხო დამცველის აპარატისთვის რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიღებული ზომების შესახებ (ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს რეკომენდაციის შესრულების ვალდებულებას). 

 

იუსტიციის მინისტრმა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ხელმძღვანელებმა კვლავაც უპასუხოდ დატოვეს სახალხო დამცველის კორესპონდენცია. გამონაკლისს წარმოადგენდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, რომელმაც სახალხო დამცველს აცნობა რეკომენდაციის განხილვის შედეგები. 

 

იქიდან გამომდინარე, რომ იუსტიციის მინისტრმა ისევე, როგორც სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებმა დაარღვიეს მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება და არ აცნობეს სახალხო დამცველს რეკომენდაციის განხილვის შედეგები, სახალხო დამცველის მიერ თითოეულ თანამდებობის პირზე შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. მოცემული ოქმები განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ და დაადასტურა თეა წულუკიანისა და 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად ყველა პირი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ გაათავისუფლა თანამდებობის პირები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით. 

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ IDFI-ის მიერ მომზადებულ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2016 წლის ანგარიშში სწორედ იუსტიციის სამინისტრო და მის მმართველობის სფეროში შემავალი უწყებები დასახელდა ყველაზე დახურულ სისტემად საქართველოში. ყველა ხსენებულმა დაწესებულებამ უპასუხოდ დატოვა ჩვენი მოთხოვნები (სულ 346 მოთხოვნა). შედეგად, იუსტიციისსამინისტროს სისტემის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხმა 0% შეადგინა. არსებული გარემოებების გათვალისწინებით,  ცხადია, რომ  მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სისტემურ ხარვეზთან. სამწუხაროა ისიც, რომ იუსტიციის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები 2017 წელსაც განაგრძობენ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების დარღვევას, არ ითვალისწინებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციას და უპასუხოდ ტოვებენ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ IDFI-ის განცხადებებს. 

 

უდავოა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული და ღია მმართველობის დანერგვის მიზნებისთვის იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საჯარო დაწესებულებას. აღნიშნულის ფონზე განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც სწორედ მოცემული საჯარო დაწესებულება წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც უგულებელყოფს მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას გასცეს საჯარო ინფორმაცია და არასაკმარის მნიშვნელობას ანიჭებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის როლს ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. 

 

_____

[1] სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი, სსიპ საკანონმდებლო მაცნეს დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოსო გიორგაძე, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შოთა გუნია, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ზაქარაია, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, სსიპ „სმართ ლოჯიქის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მეჟლუმიანი და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024