საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლის დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გასცა

კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 9 მარტი 2018

2017 წლის 31 ივლისს, IDFI-მ საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა. კერძოდ, IDFI-მ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ 2015 წლის 6 სექტემბერს დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების საქმეზე მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნის ასლის გადაცემა მოითხოვა. 2017 წლის 25 სექტემბერს, ჩვენმა ორგანიზაციამ, ასევე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა მოსამართლეების მიმართ მიმდინარე დისციპლინური საქმეები, რომლებზეც ჯერ საბოლოო შედეგი არ დამდგარა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევით, 2017 წლის 10 ნოემბერს IDFI-ის უარი უთხრა საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დისციპლინურ საქმეზე მიღებული დასკვნის გაცემა გამოიწვევდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პოზიციების გამჟღავნებას, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომელთან კავშირშიც დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, დაირღვეოდა თათბირის საიდუმლოება. გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა, რომ IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ეთიკისა და დისციპლინური საქმეთა კომისიის დასკვნა დახურულ სხდომაზე განსახილველ საკითხს წარმოადგენს. ხოლო სხდომის დახურვა აზრს დაკარგავს, თუ განხილული ინფორმაცია და დასკვნაში ასახული მოტივაცია ყველასთვის გახდება საჯარო. აღსანიშნავია, რომ სასამართლო მანამდე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2016 წლის 14 დეკემბერს ჩატარებულ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთმა წევრმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლე მერაბ ტურავას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. 

 

რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2017 წლის 25 სექტემბერს გაგზავნილ წერილს, მიმდინარე დისციპლინურ საქმეებთან დაკავშირებით, სასამართლომ იგი უპასუხოდ დატოვა.

 

მიგვაჩნია, რომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საჯაროობის პრინციპი. ვიზიარებთ იმ გარემოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის საიდუმლო, მოსამართლის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულად ხელმიუწვდომლობის საზოგადოებისთვის. ამ მიზნებისათვის, მთავარია, ცნობილი არ გახდეს მოსამართლის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია, თათბირის არსი.

 

მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი იმ საფუძვლით, რომ, მოსამართლე მერაბ ტურავას დისციპლინურ საქმეზე, ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნის მოწოდების შემთხვევაში, გამჟღავნდებოდა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოებები. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ IDFI-ისთვის გამოგზავნილ წერილში დასაბუთებული არ ყოფილა კავშირი ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნასა და გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შორის. გარდა ამისა, აუცილებელია დაცული იქნეს ბალანსი სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობასა და მოსამართლეთა პოზიციის საიდუმლოების დაცვას შორის. შესაბამისად, მაშინაც კი, თუ იარსებებდა რეალური კავშირი ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნასა და კონსტიტუციურ სარჩელზე მოსამართლეთა მიერ გამოთქმულ პოზიციებს შორის, ზემოაღნიშნულ დისბალანსს აღმოფხვრიდა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის შესაბამისი ნაწილების დაშტრიხული სახით გადაცემა.

 

ამ კუთხით ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ განსახილველი სხდომის დახურვის შესაძლებლობა მოცემულია საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში [1], რომელიც არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, არ აქვს კანონის ძალა. თვითონ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ დაადგინა სტანდარტი, რომლის თანახმადაც, საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით. აღნიშნული ფორმალური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, მაშინ როდესაც (1) საკითხი უშუალოდ მოწესრიგებულია კანონით; ან (2) კანონმდებელმა კანონით მოახდინა საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება სხვა კომპეტენტურ ორგანოზე“[2]. განსახილველ შემთხვევაში კანონმდებლის მხრიდან არცერთ ნორმატიულ აქტში არ არის მოცემული, რომ ეთიკის და დისციპლინური კომისიის დასკვნა არის გასაიდუმლოებული, შესაბამისად, საეჭვოა ფორმალური თვალსაზრისით საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის ნორმა, რამდენად აკმაყოფილებს საჯარო ინფორმაციის წვდომაზე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის საფუძვლებს.

 

რაც შეეხება მიმდინარე დისციპლინურ სამართალწარმოებებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ ინფორმაციის არმოწოდებას, როგორც ჩვენი ორგანიზაციისთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე თვის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიმართა ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის მოთხოვნით. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული წარმოება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის წინააღმდეგ და შეეხება მათ მიერ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე გამოთქმული განსხვავებული აზრის მწვავე შინაარსს. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს ამ დრომდე არ მოუწოდებია მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, ჩვენთვის უცნობია, რა სტადიაზეა აღნიშნული საკითხის განხილვა. სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

ეჭვგარეშეა, რომ მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მექანიზმი მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის მიღწევას ემსახურება. ამასთან, დისციპლინური წარმოების წესები და პრაქტიკა არ უნდა იძლეოდეს მისი ბოროტად გამოყენების და ამგვარად კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას.

 

განუსაზღვრელი ან არაგონივრულად ხანგრძლივი ვადით მოსამართლის წინააღმდეგ არსებული დისციპლინური სამართალწარმოება და, შესაბამისად, შესაძლო მძიმე დისციპლინური სანქციის მოლოდინი, საფრთხეს უქმნის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. მითუმეტეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესთან მიმართებით კანონმდებლობა დისციპლინური სანქციის სახით მხოლოდ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა და კანონმდებლობა ემყარებოდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცედურებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ რეკომენდაციით:

 

- მიმდინარე და დასრულებულ დისციპლინურ საქმეებთან დაკავშირებით სრულყოფილად გაასაჯაროვოს ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, საჯაროობის ინტერესის პროპორციული შეზღუდვით.

 

- დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები.

 

- საქართველოს პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყონ მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობის და შიდა აქტების დახვეწა იმდაგვარად, რომ გამოირიცხოს დისციპლინური სამართალწარმოების ბოროტად გამოყენების საფრთხეები. თავის მხრივ, IDFI გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანონმდებლობის დახვეწის პროცესში და ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე წარმოადგენს საკუთარ ინიციატივებს.

 

[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი

[2] საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე 1/4/757  „გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II, პარ.19

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024