ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 5 აგვისტო 2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების მიზნით, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. კანდიდატთა სიაში ირიცხებიან ზურაბ აზნაურაშვილი და ლევან თევზაძე, რომლებთანაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საბჭოს წევრებს თამარ ონიანსა და ირაკლი შენგელიას ახლო კავშირი აქვთ. კერძოდ, ზურაბ აზნაურაშვილი თამარ ონიანის ქმრის ძმაა, ხოლო ლევან თევზაძე ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა. მიუხედავად აშკარა ინტერესთა შეუთავსებლობისა, საბჭოს წევრებმა წინასწარ არ განაცხადეს აღნიშნულის შესახებ და მონაწილეობა მიიღეს როგორც ფარულ კენჭისყრაში, ისე გასაუბრების პროცესში. მათი მხრიდან თვითაცილებაზე უარი, განმარტებულ იქნა ისე, რომ ხსენებულ კანდიდატებთან გასაუბრებაში მონაწილეობა არ ეწინააღმდეგებოდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, ვინაიდან კანონი ინტერესთა კონფლიქტის საკითხს არეგულირებს მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნის და არა ნომინირების პროცესში.


ინტერესთა კონფლიქტისა და შეუთავსებლობის აკრძალვის მიზანი თანამედროვე სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში სუბიექტივიზმისა და მიკერძოების მინიმუმამდე დაყვანაა. იგივე მიდგომაა საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომელიც ერთი მხრივ, პირველი და სააპელაციო ინსტანციის და მეორე მხრივ, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევა/არჩევის განსხვავებულ წესს ითვალისწინებს. ინტერესთა შეუთავსებლობის სულისკვეთება კარგ მმართველობას ემსახურება, რომელიც თავის მხრივ პირთა თანასწორუფლებიანობას და საჯარო სიკეთით თანაბარ სარგებლობას ეფუძნება.[1] მისი მიზანია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ფუნქციონირებისას გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას ისე, რომ გამოირიცხოს სუბიექტური მიდგომები და საჯარო უფლებამოსილებების გამოყენება არ მოხდეს რაიმე სახის სიკეთის მიღებისთვის.[2] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სამართლიანი სასამართლოს კონტექსტში, ხაზს უსვამს კანონის საფუძველზე შექმნილ ისეთ სასამართლოს, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია. [3] გარდა დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობისა, სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა, დამატებით, კეთილსინდისიერების პრინციპს ენიჭება და ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებისადმი სანდოობა და ობიექტურობა.


„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის ახალი წესი, კონსტიტუციაში ცვლილებების ძალაში შესვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამოქმედდა.[4] განხორციელებულ ცვლილებებამდე ვენეციის კომისიის დასკვნაში განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული მოსამართლეთა კანდიდატების ნომინირების პროცესში ინტერესთა შეუთავსებლობის ნაწილზე.[5] ვენეციის კომისიის მითითებით, ორგანულ კანონს უნდა გაეთვალისწინებინა იმგვარი შემთხვევები, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას.[6] კომისია საბჭოს წევრის, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესიდან ჩამოშორებასთან ერთად, ემხრობოდა აგრეთვე კანონით ისეთი შემთხვევების გათვალისწინებას, როდესაც კანდიდატი საბჭოს წევრის მეუღლე, ახლო ნათესავია, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული საზოგადოების მხრიდან ნებისმიერი აღქმა იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს შესაძლოა ჰქონოდა სუბიექტივიზმი და მიკერძოება კანდიდატის შეფასების პროცესში.[7]

 

მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების პროცესში სუბიექტივიზმის შემცირებისთვის, კანონპროექტის გადახედვისკენ კანონმდებელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისიც მოუწოდებდა.[8] დასკვნაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ეპასუხა იმ საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციებისთვის, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს ეხება და ნებისმიერი ინტერესთა შეუთავსებლობის გამომწვევი მიზეზის არსებობისას, როგორიც შეიძლება იყოს კანდიდატის თანამშრომლობა იუსტიციის საბჭოს წევრთან და/ან სხვა საკითხები, საბჭოს წევრის მონაწილეობა ნომინირების პროცედურაში გამორიცხული უნდა ყოფილიყო. [9]


ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნებისა და მოწოდებების მიუხედავად, კანონმდებელმა ინტერესთა კონფლიქტის მხრივ, ცვლილებებში მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კონკურსში მონაწილეობის საკითხი დაარეგულირა.[10] უნდა აღინიშნოს, რომ ორგანული კანონი მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნისას ინტერესთა შეუთავსებლობას გამორიცხავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ევალებათ დააყენონ თვითაცილების საკითხი ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში. [11] კერძოდ, კანონის თანახმად, ისეთი გარემოების არსებობისას, რომელმაც შესაძლოა საბჭოს წევრის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა ან/და მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, საბჭოს წევრი ვალდებულია განაცხადოს აღნიშნულის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს გადაწყვეტილების მიღებაში. [12]


„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურე, რომლის მოვალეობაა კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ამ ორგანოს სხვა წევრებს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს და უარი განაცხადოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე.[13] გარდა ამისა, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე, ასევე მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის ნებისმიერი შემთხვევის დაუშვებლობისთვის. [14] აღნიშნული კანონი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებზეც ვრცელდება.[15] შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების პროცესში პირდაპირ არ შეიცავს იმგვარ ფორმულირებას, რაც მოსამართლეთა დანიშვნისას არის გათვალისწინებული, პირადი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, საბჭოს წევრს თვითაცილების ვალდებულება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის საფუძველზე ეკისრება.


აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესზე არათუ ნაკლები, არამედ უფრო მეტი მნიშვნელობის მქონეა, ვინაიდან უზენაესი სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლეს და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოს, სადაც მოსამართლეები უვადოდ, კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე აირჩევიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია საბჭოს წევრებმა შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას გაითვალისწინონ საზოგადოების მაღალი ინტერესი, საკითხის აქტუალობა, გამოავლინონ კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონის ვიწრო, სიტყვა-სიტყვით განმარტების ფარგლებს სცდება და პროცესში გამორიცხონ ისეთი ფაქტები, რომლებმაც საზოგადოებაში სუბიექტივიზმის და მიკერძოების აღქმა შეიძლება დატოვონ. საბჭოს წევრებსა და კონკურსანტთა შორის ახლო კავშირები საზოგადოებაში უნდობლობის, მიკერძოებისა და საბჭოს წევრთა მხრიდან არაკეთილსინდისიერების განცდას იწვევს, რასაც ადასტურებს ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის ხსენებული დასკვნებიც. საბჭოს წევრთა მხრიდან თვითაცილებაზე უარი უარყოფითად მოქმედებს ნომინირების მთლიან პროცესზე. მოქალაქის შეხედულება და განწყობა სახელმწიფოსადმი, პირველ რიგში, იქმნება საჯარო მმართველობის მიმართ მის დადებით თუ უარყოფით წარმოდგენებში. მოქალაქეთა დადებით და უარყოფით წარმოდგენებს კი ის ცალკეული მოვლენები განაპირობებს, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ფუნქციონირებისას დღის წესრიგში დგება.

 

 

[1] კარგი მმართვალობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულობის პრინციპებს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ეფექტური მექანიზმის შექმნას იმისთვის რომ საჯარო უფლებამოსილები ადმინისტრირება არ განხორციელდეს კეთილსინდისიერების პრინციპის უგულებელყოფით.

 

[2] აღნიშნული წარმოადგენს აგრეთვე „საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კოროფციის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთებას.

 

[3] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 6.

 

[4] 2019 წლის 1-ლ მაისს.

 

[5] ვენეციის კომისიის დასკვნაა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შერჩევა არჩევის პროცესზე ხელმისაწვდომია https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-PI(2019)002-e

 

[6] ვენეციის კომისიის დასკვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შერჩევა არჩევის პროცესზე, 2019 პარაგრაფი 50-51

 

[7] იქვე, პარაგრაფი 52

 

[8] ეუთოს დასკვნა OPINION ON DRAFT AMENDMENTS RELATING TO THE APPOINTMENT OF SUPREME COURT JUDGES OF GEORGIA JUD-GEO/346/2019 [AlC], 17 April 2019 პარაგრაფი 62

 

[9] იქვე, პარაგრაფი 64

 

[10] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-16 მუხლი

 

[11] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საართველოს ორგანული კანონის 353მუხლის მე-2 პუნქტი

 

[12] იქვე

 

[13] მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი

 

[14] მე-134 მუხლის მე-2 პუნქტი

 

[15] მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი და მე21 მუხლის 1-ლი პუნქტი

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024