კოალიცია მოწმეთა დაკითხვის წესის გარშემო მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება

განცხადებები 19 აგვისტო 2015

2015 წლის ივლისში, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ იქნა კანონის პროექტი მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირების შესახებ. იგი ეფუძნება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილ სპეციალური ჯგუფის მოსაზრებებს. ამ ჯგუფის შექმნა დაკავშირებული იყო 2009 წელს მიღებული მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის არაერთ გადავადებასთან და მისი საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისი მოწმეთა დაკითხვის წესის მოდელის იდენტიფიცირება. თუმცაღა, ხელისუფლების მხრიდან არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა იმის დასაბუთება, მოწმის დაკითხვის გადავადებული წესი რა ნაწილში არ შეესაბამება საუკეთესო გამოცდილებას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის შემუშავება არის ხელისუფლების მხრიდან საკითხის გადაწყვეტის პირველი მცდელობა. თუკი აქამდე მოწმეთა დაკითხვის 2009 წელს მიღებული წესის ამოქმედების გადავადება ხდებოდა, ამჯერად ხელისუფლება კომპრომისული ვერსიის შემოთავაზებასცდილობს.

 

მისასალმებელია ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მცდელობები და საკითხის განხილვის პროცედურების დაწყება. მიუხედავად ამისა, კოალიცია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული კანონის პროექტი არ შეესაბამება საქართველოში არსებულ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემას და, ზოგადად, მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესებს. ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული ხედვა სრულად არ ასახავს იმ პრობლემებს, რაც მოწმის დაკითხვის მოქმედ წესს უკავშირდება და რაც მოგვარებას საჭიროებს.

 

კოალიციას სურს გამოყოს რამდენიმე პრობლემური საკითხი:

 

• კანონპროექტი წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სულისკვეთებასთან და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მოქმედ სისტემასთან. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები თვისობრივად შეუთავსებელია მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებულ შეჯიბრებითობის პრინციპთან. ამ პირობებში ჯვარედინი დაკითხვის უფლება ფიქტიურ ხასიათს ატარებს და მხარეთა თანასწორობის მიღწევა შეუძლებელი ხდება. ამასთან, მნიშვნელობას კარგავს საქმის არსებითი განხილვის ეტაპი და ამ ეტაპზე მოწმის სანდოობის შემოწმება (უშუალობის პრინციპი), რამდენადაც მოწმეს სავალდებულო წესით უკვე გაცხადებული აქვს საკუთარი ჩვენება, რომლის შეცვლაც მისთვის კონკრეტულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირდება;


• შეჯიბრებითი სისტემის პირობებში შემოდის ამ სისტემისთვის სრულიად უცხო ინსტიტუტი, რაც წარმოადგენს ინკვიზიციური სისტემისთვის დამახასიათებელ წინასწარი გამოძიების ეტაპზე მოწმის იძულებითი დაკითხვის სახეცვლილ ვერსიას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ქმნის გამონაკლისის ზოგად წესად ქცევის რეალურ შესაძლებლობას;


• შემოთავაზებული კანონის პროექტით მოწმეთა მიერ ჩვენების მიცემა და მათი თანამშრომლობა კვლავ სამართლებრივ ვალდებულებად განისაზღვრება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მხარეთა (რაც განსაკუთრებით აქტუალურია ბრალდების მხარესთან მიმართებით) მიერ მოწმეებთან თანამშრომლობის და მათი დათანხმების აუცილებლობას/საჭიროებას. ამ პირობებში გამოკითხვის პროცედურა არაეფექტური და ნომინალური ხდება, რაც მთლიანად საგამოძიებო მოქმედების საჭიროებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ხელს არ უწყობს მოქალაქეებთან სამართალდამცავი ორგანოების ნორმალური ურთიერთობის უნარებისა და ნების გაზრდას;


• კანონპროექტის მიხედვით, მოწმეთა დაკითხვა შეიძლება მოხდეს ორივე მხარის მიერ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ცალ-ცალკე. ერთის მხრივ, ჩნდება დამატებითი საპროცესო ეტაპი (მოწმეთა დაკითხვა), რომელიც აღარ იქნება საგამონაკლისო შემთხვევა. ამ დროს მოხდება მოწმეთა დაკითხვა, რაც რეალურად საქმის არსებითი განხილვის საკითხია. ამავდროულად, ამ შემთხვევაში სასამართლო სისტემის რესურსი შეიძლება გაუმართლებლად შეიზღუდოს, რაც დაუშვებელია არსებული რეალობის და სახელმწიფო სახსრების ეფექტურად ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით. შემოთავაზებული კანონპროექტით არათუ იზღუდება, არამედ საერთოდ განსაზღვრული არ არის, თუ რამდენი მოწმე შეიძლება დაკითხონ მხარეებმა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. დაცვის და ბრალდების მხარის მიერ განუსაზღვრელი რაოდენობის მოწმის დაკითხვამ სასამართლო სისტემის პარალიზება შეიძლება გამოიწვიოს. ამასთან, როგორც აღინიშნა, შემოთავაზებული მოდელი სრულიად ამახინჯებს სისტემას, რამდენადაც არსებითი განხილვის ეტაპის ელემენტების შემოტანა ხდება მაგისტრატ მოსამართლესთან მოწმის დაკითხვის ეტაპზე;


• ბოლო მოწვევის პარლამენტმა 2015 წლის ივნისში გამოთქვა მზადყოფნა, აამოქმედოს მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი არასრულწლოვანთა მიმართ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვა უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოში. შესაბამისად, გამოძიებისას მოხდება მათი მხოლოდ ნებაყოფლობითი გამოკითხვა. თუკი, ზოგადად, სახელმწიფოს შესაძლებლად მიაჩნია მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედება არასრუწლოვანთა მიმართ, გაუგებარია რატომ არ არის შესაძლებელი იგივეს გაკეთება სხვა შემთხვევებში;


• ხელისუფლება, განსაკუთრებით კი სამართალდამცავი ორგანოები, ვერ ასაბუთებენ, რა სისტემურ ხარვეზს შეიცავს მოწმის დაკითხვის ის მოდელი, რაც 2009 წელს იქნა კოდექსით გათვალისწინებული. ამ დრომდე შესაბამისი ორგანოების მიერ გაკეთებული ყველა განმარტება მიუთითებს, რომ ისინი ახალი წესის ამოქმედებას მხარს არ უჭერენ „გამოძიების გართულების“ მოტივით, რაც, რა თქმა უნდა, სისტემურ არგუმენტს არ წარმოადგენს. საგამოძიებო ორგანოების მომზადების არასაკმარისი ტემპი, ადამიანური რესურსების თუ გადამზადებული კადრების ნაკლებობა კი არ წარმოადგენს რელევანტურ არგუმენტს სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიების შექმნაზე დისკუსიის დროს.

 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, მხარი დაუჭირონ 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოწმეთა დაკითხვის წესს, როგორც ერთადერთ გამართულ მოდელს საქართველოში მოქმედი სისტემის გათვალისწინებით და დაიწყონ მისი ამოქმედება 2016 წლის 1 იანვრიდან. არსებული რეალობის მხედველობაში მიღებით და ხელისუფლების მხრიდან აუცილებლობის დასაბუთების შემთხვევაში, კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, ხელისუფლებასთან ერთად იმსჯელოს ამ სისტემის ეტაპობრივი ამოქმედების გეგმის საუკეთესო ვარიანტის შემუშავებაზე. ახალ წესზე გადასვლის პარალელურად, უნდა განხორციელდეს სისტემის ეფექტურობის მონიტორინგი/კონტროლი როგორც სახელმწიფო ორგანოების, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოწმის დაკითხვის ახალი რეგულაციის (2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული) ამოქმედებას სრულად უჭერს მხარს. შესაძლო ხარვეზების აბსტრაქტულ დონეზე გამოვლენა და მსჯელობა ფუჭი იქნება პრაქტიკაში საკითხის დანერგვის გარეშე. გასათვალისწინებელია, რომ გადავადებული მოდელი სისტემური თვალსაზრისით გამართულად შეფასდა საერთაშორისო ექსპერტის მხრიდანაც, მაშინ, როცა არსებითად ხარვეზიანად იქნა შეფასებული იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი.

 

საქართველო უპირობოდ უნდა გადავიდეს მოწმის დაკითხვის გამართულ და თანამედროვე წესზე. ეს კი გულისხმობს მოწმესთან თანამშრომლობას, მის დარწმუნებას, მონაწილეობა მიიღოს მართლმსაჯულების პროცესში, მის დაცულობას, პატივისცემას და მხარდაჭერას. პარალელურად, საგამოძიებო ტექნიკის და მეთოდოლოგიის დახვეწა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ იძულების გზით მოწმისგან მიღებული ინფორმაცია არ იყოს ერთადერთი წყარო და იმედი გამოძიებისთვის და მან ალტერნატიული მეთოდებით მოახერხოს პროგრესის მიღწევა დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების პროცესში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023